ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი

ამ წიგნის გმირი – ვაჟკაცურ საქმეებზე მეოცნებე ბიჭუნა – ერთი საბედისწერო შემთხვევის წყალობით ცხრამთასიქეთში მოხვდა. ეს ბიჭი არც ძალღონით გამოირჩეოდა თავის ტოლებში და ვერც იმას ვიტყვით, მისმა გულმა შიში არ იცოდა, რა იყოო, მაგრამ რა საქმეებიც მან ზღაპრის ფათერაკიან გზებზე გადაიხადა და რა სიკეთეც იქ დათესა, რომელ უშიშარ გმირსაც გინდა ეყოფოდა სახელად.

წაიკითხეთ ეს წიგნი და დარწმუნდებით, რომ უსიკეთოდ სიცოცხლე შეუძლებელია, რომ ბოროტებას უნდა ვებრძოდეთ ყველგან და ყოველთვის, რომ კეთილი საქმის სამსახურში გარჩევა არა აქვს შენსას და სხვისას, ახლომახლო ეზო–ქუჩასა და ცხრამთასიქეთს. ცხრა მთას იქით ნამოქმედარი, ცხრა მთას აქეთ წინ დაგხვდება.

არც დიდი და პატარა არსებობს ავკარგობაში. ჩვენს ბიჭუნას არასდროს გულშიაც კი არ გაუვლია, სახიფათო საქმისათვის ჯერ პატარა ვარ, ბოროტების ამოსაგდებად დიდებმა იზრუნონ, მე არ მომეკითხებაო.

ის ყველაფერს მოითმენდა, ყველაფერს დათმობდა, საკუთარ შიშსაც მოერეოდა, განსაცდელში ჩავარდნილს კი არ მიატოვებდა. სწორედ ეს არის ვაჟკაცის უპირველესი თვისება და არა გოლიათის მკლავი და ამირანის ხმა. ამიტომაც გაიღო პატარა რაინდის წინაშე ზღაპრის სანატრელი კარი.

ჩვენო მკითხველო, განა შენ კი მზად არა ხარ ყველგან და ყოველთვის გამოექომაგო სუსტს, განსაცდელში ჩავარდნილს, უსამართლოდ დაჩაგრულს?

ნეტავ, მთელი ქვეყნის ბავშვებში არავინ გამოჩნდეს ისეთი, რომ გვიპასუხოს, არაო!

უცნაური წიგნი

დიდი ხნის წინ, თვითმფრინავის და ავტომობილის ამქვეყნად, რომ არაფერი იცოდნენ და ჯერ ველოსიპედიც კი არ გამოეგონებინათ, ერთ ზღვისპირა ქალაქში თორმეტიოდე წლის ბიჭი ცხოვრობდა. ბიჭი შენ იქნებ არც ისე პატარა გეჩვენოს, ჩემო მკითხველო, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყო. თორმეტი წლის ბიჭი რა არის… ვინ იცის, რამდენი ისე დაბერებულა, რომ ხეირიანი წყალდიდობაც არ უნახავს, ზოგს მიწისძვრაც კი არ უგრძვნია. ერთი დრო იყო, ნახავდა მთებიდან ბარად ჩამოსული კაცი სანაპიროზე მომდგარ ჩვეულებრივ გემს და პირჯვარს იწერდა, არიქა, ზღვას სახლი გამოურიყავსო.

მახსოვს, ჩვენს უბანში ბევრი დარბაისელი მოხუცი ცხოვრობდა ისეთი, ქალაქიდან ცხვირი რომ არ გაეყო. ჩვენი სახლის პატრონი ძია ვანო, რაც ვერცხლის რიგში ქუდების სამკერვალო დაულუქეს და ის კარტუზიანი ქუდებიც მოსპეს, მთის ძირას მიკუნჭულ ჩვენს მყუდრო უბანს აღარ გასცილებია. – ეჰ! ეს ხალხი უჩემოდაც კარგად გიჟობს, ახლა ერთი ტუტუციც დავემატო, რა შეღავათი ექნება ქვეყანასო. – იჯდა ერთთავად სახლის წინ ქვის კიბეზე და მარცვლავდა კრიალოსანს. დიდი ომის ამბავსაც კი შვილიშვილები უამბობდნენ.

ფათერაკ–თავგადასავალს რაც შეეხება, იქნებ ახლა მთელ ქალაქში არავინ იყოს ისეთი, იმ ბიჭის მსგავსი რამ თავს გადახდენოდეს. ეს კი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს დროში ზღაპრული ამბები ძალზე იშვიათად ხდება. რა ბედი უნდა ჰქონდეს ყმაწვილს, რომ გზაზე შემოაღამდეს და სადმე ხიდის თავში პატარა უსაქმური ეშმაკუნა ან გაზარმაცებული ჭინკა შემოხვდეს. თანაც თუ ზღაპრებში კარგად გაწაფული არ არის და ეშმაკი, ჭინკა და ალი მისთვის სულერთია, არც ეჩვენებიან. ახლა სადაც სადმე ხეირიანი ეშმაკი, ჭინკა, ჯადოქარი, დევი, ფერია, გნომი ან მზეთუნახავია, კინოებში, თეატრებში, ტელევიზიაში მსახურობენ. თითო–ოროლა ცუღლუტი ეშმაკუნა თუ დაწუპაკობს თავისთვის და წვრილმანი ხულიგნობით იქცევს თავს. ხან სარეცხს გაუსვრის გამოუცდელ პატარძალს, ხან ბაზრიდან მომავალ დიასახლისს ფეხს დაუდებს, ხან ვინმე დოყლაპიას მიეპარება, კალამზე ხელს დაჰკრავს და მელნით სუფთა ფურცელს დაუდღაბნის.

მაგრამ ჩვენი ამბავი ხომ დიდი ხნის წინათ მოხდა. მაშინ ჯერ კიდევ ბევრი ეშმაკი და ეშმაკუნა ხვდებოდა ხალხს ყოველ ნაბიჯზე. ძველი ნაციხარები, სარდაფები, მიტოვებული წისქვილები, ხევხუვები სავსე იყო ამ ონავრებით, ტყეებში ხომ იყვნენ და იყვნენ. ვინმეს რომ მათი სახელი წამოსცდენოდა; მაშინვე „ფუი ეშმაკს“ უნდა ეთქვა, რომ ავი სული არ გამოსცხადებოდა; დაამთქნარებდნენ და პირჯვარს გადაიწერდნენ, „ის წყეული“ არ ჩამიძვრეს პირშიო. ნამდვილი ჯადოქრები, ახლა რომ ზღაპარშიაც კი ინატრებ, ეზო–ეზო დახეტიალობდნენ და ბევრი პირმოდღუბნული ბალღი პირადად იცნობდა მათ. თუ სული არ წაგძლევდა და საშობაოდ ნაჩუქარ შაურიანს შაქარყინულსა და თაფლისკვერებში არ დახარჯავდი, ამ ფულად მოხეტიალე კოჭლი ჯადოქარი, ცალი ფეხი ალბათ მეკობრეობისას რომ ჰქონდა დაკარგული, გაჩვენებდათ უჩინმაჩინის ქუდს, გინდა ჯადოსნურ სუფრას და, ვინ იცის, კიდევ რას.

ჰოდა, ის ჩვენი ბიჭი იმ საკვირველ დროს ცხოვრობდა და, რა გასაკვირია, რომ მისი თავგადასავალიც საკვირველია. სახელად კონსტანტინე ერქვა, მაგრამ შინაც და გარეთაც ყველა ჭაბუკას ეძახდა. მამამისი საოკეანო გემის კაპიტანი იყო და ბიჭი შინ იშვიათად ხედავდა. ცხოვრობდა დედასთან და თავის პატარა დაიკოსთან ერთად ზღვის პირას, ქვის ძველ, ხავსმოდებულ სახლში. იმთავითვე სუსტი ბავშვი იყო და მამას გული სწყდებოდა, რომ მეზღვაურის ვაჟკაცური და ხიფათით სავსე საქმისათვის მისი პირმშო ვერ გამოდგებოდა. დღენიადაგ ბობოქარ ზღვას მინდობილი ქმრის მომლოდინე დედას გულის სიღრმეში კიდეც უხაროდა,
რომ შვილი მამის გზას არ გაჰყვებოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი ბიჭუნა სწავლულად გამოეზარდა. დედის ოცნება–ჩანაფიქრს იმთავითვე კარგი პირი უჩანდა: ოთხი წლის ბიჭმა უკვე კითხვა ისწავლა და მალე ისე გაიტაცა სურათებიანი წიგნების ფურცვლა–კითხვამ, რომ ხშირად მათი გულისთვის ტოლებში თამაშსაც კი თმობდა. თუმცა საბოლოოდ იმედგადაწურული არც კაპიტანი იყო. განსაკუთრებით ერთი შემთხვევის შემდეგ. ერთ ზაფხულს, ბიჭი მაშინ შვიდიოდე წლისა იყო, კაპიტნის სახლობა გემით მოგზაურობდა. რომელიღაც უცხო ზღვაში საშინელი ქარიშხალი წამოეწიათ, გააფთრებული ზღვა გემს ნაფოტივით ათამაშებდა, ხან ისე შეისროდა, ქარში მოქანავე ვარსკვლავები დაბლა რჩებოდნენ, ხან კი ზვირთები ვეება მთებად აიმართებოდნენ და გემი შემზარავი სისწრაფით მიექანებოდა უფსკრულისაკენ. მთელი ღამე ბობოქრობდა ზღვა. მეზღვაურები თავგანწირვით ებრძოდნენ სტიქიონს. კაპიტანი დროდადრო ჩაჰხედავდა ხოლმე თავის ოჯახს. რა თქმა უნდა, არც ერთ მგზავრს თვალი არ მოუხუჭავს. ზღვის სენისაგან გასავათებულებს დილით თავის წამოწევის ძალა აღარ ჰქონდათ, თვით მეზღვაურებიც კი ძლივს იდგნენ ფეხზე. ერთადერთი მგზავრი, ვისაც აინუნშიც კი არ ჩაუგდია არც ქარიშხლის ზავთი და არც ის აუტანელი რწევა, გახლდათ ჩვენი კონსტანტინე. ბიჭს უშფოთველად ეძინა მთელი ღამე და დილით ჩიტივით წამოხტა, რომ ამომავალ მზეს გემბანზე შეჰგებებოდა.

ეს გაუგონარი რამ იყო.

– მეზღვაურის კუჭი აქვს! – იძახდა გახარებული კაპიტანი.

– გულიც, გულიც! – აზუსტებდნენ მეზღვაურები.

გაუცინარმა ბოცმანმა ბიჭს ხელი მაგრად ჩამოართვა და კისერზე სასტვენი ჩამოჰკიდა. „ვინ იცის, იქნებ კიდეც ივარგოს“, – გაივლო გულში კაპიტანმა. რა იცოდნენ, რომ ბიჭს კარგა ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მამამისივით უშიშარი კაპიტანი გამხდარიყო.
სწორედ მაშინ შეარქვეს ჭაბუკა მეზღვაურებმა.

– სალამი, ჭაბუკ! – ჩამოსძახებდა ანძიდან მისი მეგობარი იუნგა.

– ჭაბუკ, მეზღვაურული ღვეზელი გასინჯე! – სთავაზობდა კოკი.

– ათი ფუტი კილს ქვეშ ჩვენ ჭაბუკას! – უღიმოდა ბოცმანი.

შეერქვა და შეერქვა, ბოლოს მარტო დედაღა ეძახოდა კონსტანტინეს. კარგახანს ასე ცხოვრობდა კაპიტნის ოჯახი. მეტი წილი დრო მამის ლოდინში გადიოდა და ამას ისე იყვნენ შეჩვეული, რომ სხვაგვარი ცხოვრება ვერც წარმოედგინათ. სამაგიეროდ, მამის ჩამოსვლა ნამდვილი დღესასწაული იყო. კაპიტანს შვილებისათვის ათასნაირი უცნაური რამ ჩამოჰქონდა შორეული ქვეყნებიდან: ქოქოსის ნაჭუჭისაგან გაკეთებული დიპლიპიტო, აფრიკული შიშისმომგვრელი ხის თოჯინები, საკუთარი ხელით მოკლული ფაფრიანი ლომის ტყავი, ვეშაპის ულვაში, სხვადასხვა სნეულების განმკურნებელი პატიოსანი თვლები, ავსტრალიური ბუმერანგები, ინდური მოკასინები, ნამდვილი ტომაგავკი, ქალებისათვის – აღმოსავლური ფარჩა–აბრეშუმი, ინდური სამკაულები, ხმელი ხილი, ანანასი, პაპაია. დაჯდებოდა ბუხართან კაპიტანი, პატარა მატოს მუხლზე დაისვამდა და ყვებოდა უცხო მხარეთა უცნაურ ამბებს. პირისპირ მჯდარი ბიჭი თვალს არ აშორებდა მამას, ყოველი სიტყვა ღრმად ებეჭდებოდა მეხსიერებაში. მატოს კი უფრო მამის ჟილეტიდან ჩამოკიდებული საათის ძეწკვი ან საჩვენებელ თითზე წამოცმული ვეება გემიანი ბეჭედი აინტერესებდა. ერთი–ორი კვირის შემდეგ მამა კვლავ გადიოდა ზღვაში და ისევ იწყებოდა ლოდინის დღეები.

ერთ დღეს ფოსტის დამტარებელმა, ძველ წიგნებში დახატულ რომელიღაც იმპერატორს რომ მიუგავდა ულვაშები, რაღაც დიდი პაკეტი მოიტანა. დედამ პაკეტი გახსნა, წერილი გაშალა და რამდენიმე სტრიქონი რომ ჩაიკითხა, გაშეშდა. დიდხანს იჯდა ერთ წერტილს მიშტერებული, მერე უხმოდ იტირა და მთელი ის დღე ლოგინში იწვა. მხოლოდ მეორე დილას უთხრა პატარებს, ახლა ჩვენი გამკითხავი აღარავინ არის, ქვრივ–ობლები ვართო. მამის გემი წყნარ ოკეანეში დაღუპულიყო. პატარა მატოს ვერაფრით ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა წყ ნარ ოკეანეში დაღუპვა, მაგრამ მისი თავი არავის ჰქონდა, გოგომაც გადაწყვიტა აქ ალბათ რაღაც თამაშიაო, და დამშვიდდა.

მერე ბაბუა ჩამოვიდა და დედა და და–ძმა სოფელში წაიყვანა. უჭირდა ბიჭს ზღვასთან განშორება. დაიხურავდა მამისეულ ქუდს, ჩამოიკიდებდა მძიმე დურბინდს, ბოცმანის ნაჩუქარ სასტვენს მატოს მისცემდა და ფართო ტახტზე შემდგარი გასძახოდა დას: „საჭე მარცხნივ! წინ, მთელი სისწრაფით, ეშმაკსაც წაუღიხარ!“

სოფელში სკოლა არ იყო და ბავშვებს მთელი დღე რა უნდა ეკეთებინათ? დედა ცოტას წაამეცადინებდა, მერე კი ისხდნენ და ათვალიერებდნენ ძველ, საოცარსურათებიან წიგნებს. ბაბუას ზღაპრების მოსმენაც ძალიან უყვარდათ. რაც უფრო საშინელი იყო ზღაპარი, მით უფრო გატაცებით უსმენდა ბიჭი, მატო კი ზოგჯერ ყურებში თითებს დაიცობდა და ბაბუას ევედრებოდა: „ჩქარა, ჩქარა, უშველე!“ ან „არ ჩააყლაპინო, ბაბუა, არ ჩააყლაპინო ურჩხულსო“.

ადრე ბაბუას წიგნის სავაჭრო ჰქონდა ქალაქში. მერე, როცა დაბერდა და შეატყო, რომ საქმეს ვეღარ უძღვებოდა, სავაჭრო თავის უფროს ვაჟს, ჭაბუკას ბიძას, ჩააბარა და თვითონ სოფელში გადასახლდა. სახლი ახლაც სავსე იყო წიგნებით, ჟურნალებით, ძველი გაზეთებით, იაფფასიანი სურათებით. ბაბუა მეტწილად სურათებიან ჟურნალებს ფურცლავდა, წიგნები კი ელაგა დერეფანში მთელი კედლის გასწვრივ თაროებზე, ბაბუას საწოლ ოთახში ორ დიდ კარადაში, ფანჯრის რაფაზე, საწოლქვეშ და ძველ დივანზე, სხვენი ხომ სავსე იყო ძველისძველი წიგნებით. ბიჭს ძალიან უყვარდა იქ ასვლა. სახურავში თაღიანი ფანჯარა იყო გაჭრილი, ფანჯრის ქვეშ კი ჟურნალ–გაზეთებით სავსე სკივრი იდგა. ბიჭი ამ სკივრზე მოიკალათებდა ხოლმე მყუდროდ.

რა წიგნს არ ნახავდით აქ! მოგზაურის ჩანაწერებიო, სააქიმო რჩევა–დარიგებაო, ომების აღწერაო, სანადირო ძაღლების და ქორ–მიმინოს მოვლა–დაგეშვაო. წიგნებს გრძელ–გრძელი სათაურები ჰქონდა. ერთს, მაგალითად, ასე ეწერა თავფურცელზე: „ამბავი ცალხელა აბუ–ლ–მასლაათ ად–დინისა, ფეხს რომ ხელივით ხმარობდა და ცხვირსაც კი იწმენდდა“. ამაზე და–ძმამ ბევრი იცინა.

მაგრამ ის წიგნი სულ სხვა იყო. ყდაზე ასე ეწერა: „ამბავი მისი უდიდებულესობის, ორივე სიცილიისა და ნეაპოლის ხელმწიფის ალბერტო
სულგრძელის ყოფილი ფორეიტორის არქანჯელო გვარნელის მიერ მისი უმაღლესობა პრინცესა კლოტილდას ავაზაკთა ხელთაგან დახსნისა, თქმული არქანჯელო გვარნელის ძმის სანდრელო გვარნელისაგან სიბერის ჟამს, ოსმალთა ტყვეობიდან ოდეს დაბრუნდა“. ეს დიდი წიგნი იყო. ჭაბუკა
ძლივს გადმოიღებდა ხოლმე თაროდან. შიგ ბლომად სურათები იყო და ავაზაკებზეც კარგად იყო მოთხრობილი. ბიჭი მალიმალ მოაკითხავდა ხოლმე
წიგნს. ამ ცოტ–ცოტაობაში ბარე ნახევარი წიგნი ჩაათავა. ერთ დღეს, დაიკოსთან ჩვეულებრივი გაბუტვის შემდეგ, ბიჭი კვლავ ავიდა სხვენზე, გადმოიღო წიგნი და განაგრძო ფორეიტორის ამბის კითხვა. ამასობაში ფორეიტორმა მოახერხა ავაზაკების დათრობა და დაძინება. პრინცესა გააღვიძა და ცხენზე შემოისვა. საბრალო კლოტილდამ მაგრად მოხვია თავის მხსნელს ნაზი ხელები… ნაბეჭდ, პატარა ოთხკუთხედს ირგვლივ დიდი მინდვრები ჰქონდა. გვერდი გვერდს სწრაფად მისდევდა და ბიჭმა ვერც შეამჩნია, როგორ გადავიდა სულ სხვა ზომის ოთხკუთხედზე. აქ არშიები უფრო ვიწრო იყო და, მიუხედავად გადამწერის დიდი გულმოდგინებისა, აშკარად გამოიცნობდით, რომ ხელნაწერი იყო. თავი და თავი კი ეს იყო, რომ ამბავი ამბავს აღარ ებმოდა. წინა ნაბეჭდი გვერდი ასე მთავრდებოდა: „ – თქვენო უმაღლესობავ, მაგრად მომხვიეთ ხელი. წმინდა ავგუსტინეა ჩვენი მფარველი,– უთხრა მამაჩემმა პრინცესას და…“ ახალ ფურცელზე იყო: „… მნათობთა რიგის მიხედვით. იშთარი 7, ზუალი – 3, ოტარიდი – 1, მარიხი – 4, მთუარე – 9, მზე – 6“. შემდეგ ეწერა; „მოგვთა ხელოვნება და მეცნიერება კაცთა შორის რჩეულთა ხვედრია და ვისაც გული უმეტეს აღევსოს წადილით და ყოველთა მაგიისა საიდუმლოს შეცნობის სურვილითა აღენთოს, მას მიხვდეს საწადელი“.

ეს ნაწყვეტი აშკარად არ იყო ფორეიტორისა და პრინცესის ამბის გაგრძელება. ხელნაწერის ფურცლები სიძველისაგან მთლად გაყვითლებულიყო და თითის შეხებისაგან იცრიცებოდა. ორი ასეთი ფურცლის შემდეგ კვლავ მიჰქროდნენ ტრიალ მინდორზე პრინცესა და მისი მხსნელი. ჭაბუკამ სამიოდ დღეში ჩაიკითხა ბოლომდე წიგნი, მაგრამ ახლა იმ უცნაური ჩანართის ამბავი აღარ ასვენებდა.

– ბაბუა, რა არის მაგია? – ჰკითხა ერთხელ თავის ყველაფრისმცოდნე ბაბუას.

ბაბუამ სათვალის ზემოდან გაოცებით გადმოხედა ბიჭს:

– შენ მაგიასთან რა გესაქმება?

– მინდა ვიცოდე.

ბაბუამ სათვალე მოიხსნა, ლამფას აუწია და დიდხანს უყვებოდა ჭაბუკას ბუნების შეუცნობელ საიდუმლოებებზე, იმაზე, რომ სწავლულები ხშირად უძლურნი არიან ამოიცნონ და ახსნან, რისგან წარმოდგება ესა თუ ის მოვლენა, რომ ძველთაგანვე ცნობილი იყვნენ მოგვები, მათ ბევრი რამ იცოდნენ, მაგრამ თავის ცოდნას საიდუმლოდ ინახავდნენ, რომ ისინი ხშირად ავსულებთანაც იყვნენ დაკავშირებული, რომ მათ იცოდნენ მაგიური სიტყვა.

– ფოკუსის ჩვენებაც შეეძლოთ?

– შეეძლოთ, მაგრამ სხვა უფრო საინტერესო საქმეც ბევრი ჰქონდათ. მათ შეეძლოთ ხელოვნური ადამიანის შექმნა – ჰომუნკულუს! გამიგონია, ჩინეთში, თუ ეგვიპტეში შავი მაგიის ქურუმებმა უფლისწული მოიტაცეს, დააძინეს, ათასი რამ ჩააგონეს და ისევ დააბრუნეს სასახლეში. უფლისწული გაიზარდა, მერე ტახტზეც ავიდა. ხალხს ეგონა, მეფე თავისი ნებით მართავდა ქვეყანას, სინამდვილეში კი რასაც მოგვები ჩააგონებდნენ, იმას აკეთებდა.

იმ საღამოს ბევრი საკვირველი რამ მოყვა ბაბუამ. ღამის პეპლები ეხლებოდნენ ლამფას და უცნაური ჩრდილები დაჰქროდნენ ოთახში. ჭაბუკას უნდოდა ეთქვა ბაბუასთვის იმ ჩანართის შესახებ, მაგრამ თავი შეიკავა. იფიქრა, შეეშინდება, ბიჭი ხიფათს არ გადაეკიდოსო, და გადამიმალავსო, ისე კი ბაბუასთან საუბრის შემდეგ სულ იმ წიგნს ჩაჰკირკიტებდა. ბევრი ვერაფერი გაიგო. ორი გაშლილი გვერდი მთლიანად ვარსკვლავიანი ცის რუკას ეკავა, ზედ გამოსახული იყო ლომი, თევზი, თმაგაშლილი ქალი, ღრიანკალი, ორი ტანტალა ბიჭი, შემდეგ გვერდზე რაღაც ციფრები ეწერა და მათ პირდაპირ უცნაური სიტყვები ჰქონდა მიწერილი. ერთგან პატარა ლექსიც იყო:

ციმციმ გველის კანს ჩავიცვამ,
ღრიანკალის ცრემლს წავისვამ,
შემოვაღებ შავ კარსა,
შემოვუშვებ ავ ქარსა.
მე ვარ შენი ბატონი,
შენ ხარ ჩემი მსახური.
მოდი და მემსახურე,
მოვალ, გებატონები.

ქვევით მიწერილი ჰქონდა: „ვინც თეთრ ქვაზე შედგება და ამ ლექსს სამ–ჯერ წარმოთქვამს, მას ინკუბუსის მსახური გამოეცხადება“.

ბიჭმა ვერაფერი გაიგო ამ წიგნისა, მაგრამ ციფრები და მთელი თაბახი კი დაისწავლა ზეპირად. დადიოდა და დაბუტბუტებდა უცნაურ ლექსს. მატოს უთხრა ერთხელ, თუ ჭკუით არ იქნები, შემიძლია ინკუბუსის ერთი მსახური გამოვიძახო და ის გაჩვენებს სეირსო, მაგრამ გოგონას სასაცილოდაც არ ეყო ეს ამბავი.

ამის შემდეგ მალე შემოდგომის მოსაწყენი წვიმები დაიწყო. შემოდგომას ზამთარი მოჰყვა და და–ძმას სხვა საზრუნავი და გასართობი გაუჩნდა. ბოლოს ახალმა წიგნებმა თითქოს გადაავიწყეს ბიჭს უცნაური ჩანართი. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ერთ შემთხვევას, უფრო კი გაუფრთხილებლობას, სულ სხვანაირად არ დაეტრიალებინა საქმე.

საბედისწერო ქვა

ბაბუას სახლი სოფლის განაპირას იდგა. პატარა მინდორს გადაივლიდი და იქვე ტყე იწყებოდა. როცა გამოზაფხულდა და არემარე მწვანით შეიმოსა, ბიჭს შინ გული აღარ უდგებოდა და ხშირად მიდიოდა ხოლმე ტყის პირას სათამაშოდ. იმ დღესაც იქ იყო. ტირიფის ჩქოლი მოეჭრა და სალამურს აკეთებდა. ვერა და ვერ ამოეჭრა ღერო იმრიგად, რომ სასტვენს ხმა გამოეცა. ჯიუტი სალამური ჯიბეში ჩაიდო და ახალი, უკეთესი ღეროს მოსაძებნად რუს პირას ატეხილ ტირიფის ჭალას დაუყვა. უკეთესზე უკეთესი ღერო უნდოდა, ნამდვილი სასალამურე. რუ ერთ ადგილას უხვევდა, ბიჭის წინ სალი კლდე აღიმართა. გაღმა ნაპირზე ტირიფის ვერცხლისფრად მოელვარე ბუჩქნარი ჩანდა. ჭაბუკამ ფეხთ გაიხადა და რუზე გავიდა. პირველად იყო აქ. აღარც სახლი ჩანდა და აღარც ტყე. სიჩუმეს
მხოლოდ რუს დუდუნი არღვევდა. უცნაური იყო, მაგრამ ბიჭს ჯერ რატომღაც შეეშინდა, თითქოსდა უკან გაბრუნებაც უნდოდა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ გულში შიში შეჰპარვოდა, მაშინვე სტვენა წამოიწყო. რატომღაც თავი ზღაპრულ გმირად წარმოიდგინა და ფათერაკის მოლოდინში გზა განაგრძო, თან თავისთვის ბუტბუტებდა: „იყო ერთი ობოლი ბიჭი. მთელს ქვეყანაზე იმაზე გულადი მის ტოლებში არავინ იყო. ბიჭის მამა დიდი ხნის წინ დევებთან საბრძოლველად წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დედა ღამეებს ტირილში ათენებდა.

– დედი, მომეცი მამაჩემის ხმალი, უკვე დროა მის საძებნად წავიდეო, – უთხრა ერთხელ ბიჭმა დედას.

გამოუტანა დედამ ხმალი, დაეჭიდა ბიჭი, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. კარგი, დავიცდი კიდევო, რას იზამდა? აიყარა და აიყარა ტანი იმ წელიწადს ბიჭმა, მთელს კლასში მისი სიმაღლე აღარავინ იყო. არდადეგებზე ისევ მივიდა დედასთან.
– აბა, გადმოიღე ხმალიო.

ასწია ის ხმალი ბიჭმა, ასწია და წელზეც შემოირტყა.

– დედი, საგზალი გამიმზადე, ხვალ დილაადრიან გზას უნდა გავუდგეო, – უთხრა დედას, – მეყო, რაც ვიარე სკოლაში. ახლა ნამდვილად დროა მამაჩემის კვალი ვეძიოო.

განთიადზე დაემშვიდობა ბიჭი დედას და გზას გაუდგა. ცოტა იარა, თუ ბევრი იარა, მიადგა ერთ მწვანე მინდორს…“

მინდორზე შუა ადგილას წისქვილის ქვისოდენა თეთრი ქვა ეგდო. ჭაბუკას თითქოს ვიღაცამ წაუბიძგაო, მიირბინა ქვასთან, ზედ შეხტა და სულმოუთქმელად წარმოთქვა:

ციმციმ გველის კანს ჩავიცვამ,
ღრიანკალის ცრემლს წავისვამ,
შემოვაღებ შავ კარსა,
შემოვუშვებ ავ ქარსა.
მე ვარ შენი ბატონი,
შენ ხარ ჩემი მსახური.
მოდი და მემსახურე,
მოვალ, გებატონები.


ახლა გაიმეორა, დააყურადა, ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა, რუც გალურსულიყო. ბიჭმა მესამედ ჩაამთავრა ეს უცნაური ლექსი და უცებ ქვა შეტორტმანდა. ბიჭი ძირს გადმოხტა, შეხედა თეთრ ქვას, ზედ ვიღაც შავი გაბანჯგვლული კაცი წამოსკუპულიყო.

– მოველ და გემსახურები, მოდი და მებატონე! – ძლივს ამოღერღა უცნობმა და მთქნარება აუტყდა. მერე სასაცილო ცეკვა–ხტუნვას მოჰყვა. თან გაძვალტყავებულ იდაყვებსა და მუხლის თავებზე ხელებს ისვამდა, ეტყობოდა სციოდა.

ბიჭმა ერთი კი გაიფიქრა, მოვკურცხლავო, მაგრამ მყისვე მიხვდა, რომ ეს პირველი ნამდვილი განსაცდელი იყო მის ცხოვრებაში, ვაჟკაცობა მოიკრიბა და უცნობს შესძახა:

– აბა, ერთი გაბედე და ხელი მახლე!..

უცნობმა გადაიკისკისა, ზედ ქვაზე ერთიორჯერ მალაყს გადავიდა და გაქრა, მერე ისევ გაჩნდა, გაქრა და გაჩნდა, გაქრა და გაჩნდა.

– გეყო მაიმუნობა! – დაუყვირა ჭაბუკამ, – დიდი რამე გგონია, ეგეთები მინახავს!

უცნობმა წარბები უკმაყოფილოდ შეჭმუხნა. მერე ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, აიქნია ხელი და ცხვირსახოცის მაგივრად მტრედი აფრინდა, მერე ყურიდან ფერადი ბაფთები გამოიძვრინა.
– სულ ძველი ფოკუსებია, – ჩაიქნია ჭაბუკამ ხელი და შეტრიალდა, ვითომ წასვლას აპირებდა.
– რაო, რაო! – იყვირა თვალთმაქცმა, – როგორ მიბედავ?! შენოდენა მე შვილიშვილიშვილის შვილიშვილის შვილიშვილის შვილიშვილის შვილი უნდა მყავდეს. იცი, რამდენი წლისა ვარ? სამას ოცდაცამეტისა. დაიმახსოვრე ეს, ჩემო კარგო. სიმონ მეფე გაგიგონია? წელს გაივლით? მაშ, კარგად ისწავლე, მაგისთანა მამაცი მეფე საქართველოში იშვიათად ჰყოფილა. ჰოდა, იმ სიმონ მეფის უსაყვარლესი ეშმაკი ვიყავი. გამომიძახებდა და გიყვარდეს, გავწევდით ცხრა მთას იქით.

– მერე? – ახლა უკვე გაფაციცებით უსმენდა.

– მერე და მოკვდა ოსმალთა ტყვეობაში ის კარგი კაცი და მისი შემდეგ აღარავის გამოვუძახივარ. თითქმის ორასი წელია ვზივარ და ველოდები ბატონს.

– მერე ბატონი რად გინდა, თავად ვერ ინავარდებდი? – პკითხა ჭაბუკამ.

– ვერა, ჩემი წერა ეს არის, ადამიანს უნდა ვემსახურო. ჩემს მამა–პაპას ოდესღაც რაღაც შეუცოდავს და ამის გამოსასყიდად ვემსახურები თქვენს მოდგმას. საერთოდ ჩვენ მოჯადოებული ადამიანები ვართ და თუ ოდესმე დიდი სიკეთისათვის თავი გავწირეთ, ისევ ადამიანებად ვიქცევით.

– განა შენ ეშმაკი ხარ? – ჰკითხა ბიჭმა.

– მაშ, აბა მომისვი ხელი.

საბრალოს აბურძგნული თმის ქვეშ, ზედ დაბალ და დაჭმუჭნულ
შუბლს ზემოდან ორი სულ პატარა, მაგრამ კარგა მაგარი რქა ჰქონდა.

– კუდიცა გაქვს?

ეშმაკმა უხმოდ დაუქნია თავი.

ახლა ბიჭს ცოტა კიდეც შეეცოდა.

– რა გქვია?

– ტინიტო.

– გინდა კანფეტს მოგცემ, გეჭმევა?

– მეჭმევა, მაგრამ არ მინდა. აი ერთი რამე კი ძალიან მენატრება. ჩემი ბატონი სიმონი ტობაკოს ეძახდა. რაღაცნაირი საამო სუნი აქვს, ამერიკიდან შემოიტანეს. მაშინ ის ოხერი მღვდლები ებრძოდნენ ტობაკოს. მე და ჩემი მეფე ჩუმ–ჩუმად გეახლებოდით ხოლმე. ეხ, სუნიც კი დამავიწყდა!

– პაპაჩემს ერთი დიდი ყუთი აქვს, მამამ ჩამოუტანა თურქეთიდან, – უთხრა ჭაბუკამ.

– მაშ ჯერ კიდევ არ გაუნებებიათ თავი ტობაკოს წევისათვის? – გაუბრწყინდა თვალები ეშმაკს, – ერთხელ კიდევ მომაწევინა და მერე თუნდა მომკლა!

– შენ ხომ ასეთი მოხერხებული ხარ, შეიპარე პაპაჩემთან და დაიტენე ჯიბეები.

– მიბრძანე და….

– აბა, მიდი!

ეშმაკმა ხელი აიქნია და იმ მხრიდან, საითაც ჭაბუკას სახლი ეგულებოდა, ჰაერში, ტირიფებისა და თხმელების თავზე გამოჩნდა თამბაქოს ქისა, პაპას ჩიბუხი, ტალ–კვესი. წამიც და ყველაფერი თეთრ ქვაზე ელაგა. უნდა გენახათ, როგორ მივარდა ეშმაკი ჩიბუხს. მალე იგი კვამლში იყო გახვეული და ნეტარებით ახველებდა. თამბაქოს წევით რომ გული იჯერა, ბიჭს მადლობა გადაუხადა და ქვაზე წამოწვა გაბრუებული.

– ეს კი კარგი რამე მოიგონეთ ადამიანებმა… პაპაჩემის რქებსა გფიცავ!

– აბა, ახლა გეყოფა ნებივრობა, მაჩვენე კიდევ რამე, რისი ეშმაკი
ხარ, გაინძერი ცოტა!

– დიდი სიამოვნებით. აბა, მათხოვე შენი სალამური.

ეშმაკმა გამოართვა ის უხეირო სასტვენი, ჭაბუკამ ვერაფრით ხმა რომ ვერ გამოაცემინა, და ნელა ჩაჰბერა. ბიჭს თავისთავად აუთამაშდა ფეხები. ეშმაკმა მოუჩქარა და ბიჭმაც უფრო სწრაფად გაუსვა ფეხი. ბოლოს ისე ჩამოუარა, ფეხს მიწაზე თითქოს აღარც აკარებდა.

– კარგია, გეყოფა! – გახვითქული ჭაბუკა ქვაზე ჩამოჯდა და სული
მოიბრუნა. – ასეთი ოინების გარდა თუ იცი რამე?

– მთხოვე, რაც გინდა.

– მაშ ცხრა მთას იქით გადამაფრინე, საოცარი ქვეყნები მინდა ვნახო.

– ნეტა ერთი შენ, არ გეზარება ტანტალი? საჭმელი მთხოვე, რა ტკბილეულიც გინდა, გასართობი, სათამაშო. გინდა ნამდვილ დამბაჩას გიშოვი, ახლავე რაშს მოგგვრი, უჩინმაჩინის ქუდს გაგიჩენ.

– არა, არა, ცხრა მთას იქით უცხო ქვეყნები მინდა ვნახო! – დაიჩემა ბიჯმა.

– გინდა და ეგრე იყოს, – უთხრა ეშმაკმა და ზმორებით წამოდგა ზეზე. – სახსრებს სულ ტკაცატკუცი გაუდის, იმ ოხერში სინესტე იყო. აბა როგორია ორასი წელი სინესტეში ჯდომა?! მაშ შენსას არ იშლი, არა? გავწიოთ ცხრა მთას იქით?

– გავწიოთ!

ეშმაკს თვალები აულაპლაპდა, სულ ერთთავად რაღაცნაირად ფერი იცვალა, მეორე წამს ბიჭის წინ ეშმაკის მაგივრად ფრთოსანი შავი რაში იდგა და ტორებს მოუთმენლად სცემდა მიწას. ჭაბუკას თვალწინ დედის, პაპის, მატოს სახეებმა გაიელვეს, მაგრამ სანამ რამეს მოიფიქრებდა, უკვე რაშის ზურგზ აღმოჩნდა.

– მაგრად მომეკარ და თვალები დახუჭე! – უთხრა რაშმა და გამაყრუებლად დაიჭიხვინა.

ცხრა მთას იქით

– აი, მოვედიც კიდეც. აბა, თვალი გაახილე, – უთხრა ტინიტომ მძინარე ჭაბუკას, როცა მიწაზე დაეშვა და ისევ ეშმაკად იქცა, ბიჭს ისე მაგრად ეძინა, რომ ვერაფრით გონს ვერ მოეგო. გასაღვიძებელი შელოცვა კი ამ ორას წელიწადში კიდეც დავიწყებოდა ტინიტოს და კარგა ხანს ბუტბუტებდა, სანამ სიტყვას სიტყვას მიაბამდა, ბოლოს, როგორც იქნა, გაიხსენა:

ცისკარი შემოვაღეთ,
ცისარტყელა შემოვირტყით,
მთამ გამოგვიშვა
და ზღვამ გამოგვიშვა.
მზეო, დაგვიბრუნე ცა!
ცაო, დაგვიბრუნე მიწა!
მიწავ, დაგვიბრუნე სუნთქვა!

ჭაბუკამ თვალი გაახილა.

– უჰ, რა გემოზე მეძინა! ძია ტინიტო, შენც ჩემთან ხარ?

– ახლა ბიძიაც გამხადა. მაშ სად ვიქნები?!. სიტყვა სიტყვაა. შეგპირდი, ცხრა მთას იქით წაგიყვან–მეთქი, და აჰა, მოგიყვანე.

ტინიტომ ჩიბუხი გამართა, კუნძზე ჩამოჯდა და გააბოლა, ქვის მაღალი გალავნის ძირას აღმოჩნდნენ. დილის ბინდბუნდში იქვე ვეება ჭიშკარიც ჩანდა.გალავნის ქონგურებიდან გუშაგის გადაძახილი ისმოდა:

– იფხიზლე!

– დაიცავი სამართლიანი და გულმოწყალე მეფე ჩიგიდის ქვეყანა!

– ქვრივ–ობლების სამოთხე!

– დაჩაგრულთა წალკოტი!

– ეს რა ქალაქია, ტინიტო? – იკითხა ბიჭმა.

– აქაურები რაღაც სიკეთის ქალაქს ეძახიან, ხან ტირიან და ხან
იცინიან. რა ატირებთ, ან რა აცინებთ – ვერაფერს გეტყვი. ადამიანებისას
რას გაიგებ? დღეს რომ სიმღერა და ყიჟინა აქვთ და საყვირ–წინწილებით
ზეცას ფხრეწენ, ხვალ მთელი ქალაქი გაყუჩებულია, თითქოს ამოწყდაო.

– ხელმწიფე ვინა ჰყავთ?

– მეფე ჩიგიდი.

ტინიტო სასაცილოდ ხტოდა და ცახცახებდა.

– როგორ გავითოშე, ერთი ცხელ ბუხარში ჩამაძვრინა! აბა, ჩვენი განშორების ჟამიც დადგა. ჭკუით იყავი, ჭაბუკ!

ტინიტომ ბიჭს მხარზე ხელი დაჰკრა, მერე დიდხანს იქექებოდა თავის ტომსიკაში, ბოლოს თითის სიგრძე სალამური ამოიღო და ბიჭს გაუწოდა.

– ჯანდაბას ჩემი თავი, რაღაც ძალიან მომეწონე, – უთხრა ჭაბუკას, – პაპაჩემის ნაქონია. გაუფრთხილდი. გამოგადგება, აქედან თუ ჩაჰბერე, გაგამხიარულებს შენცა და შენს მსმენელსაც. მეორე მხრიდან კი ძალიან რომ გაგიჭირდება, მაშინ ჩაჰბერე. ამბობენ, ახლოსმყოფი თუ ვინმე კეთილი კაცია, გული მყისვე ამ ხმისკენ გამოუწევსო, ჩვენ მანდედან არ ვუკრავდით, ერთხელ ვცადე და აკი მოხვედი კიდეც. ეს სალამური ვიღაც გმირისა ყოფილა. ხალხის ბედნიერებისათვის იბრძოდა, ნეტა იმას, სხვა საქმე არა ჰქონდა! (აქ ერთი მაგრად დაამთქნარა ტინიტომ). მერე პაპაჩემს დაუღუპავს ის გმირი და სალამურიც მას დარჩენია. ისე კი იცოდე, თუ გაგიჭირდა ან შეგეშინდა, შეგიძლია მყისვე შინ დაბრუნდე. საკმარისია თვალები დახუჭო და წარმოთქვა:

მე სეირი აღარ მინდა,
ვაჟკაცობა გამიფრინდა,
დამიქროლე, ჯადო ქარო,
დამიბრუნე მყუდრო ხარო!

და ისევ შენს დედიკოსთან გაჩნდები, აბა, მაშ, მშვიდობით!

ჭაბუკამ ხელი გაუწოდა გამოსამშვიდობებლად, მაგრამ ეშმაკებმა ესენი არ იცოდნენ და ტინიტომაც ხელი აღარ ჩამოართვა.

– კარგად იყავი, ძია ჯადოქარო, გმადლობ!

ბიჭს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ტინიტო გაქრა,

ნიერი ქალაქის ართან


ბიჭი ვეება რკინის კარს მიადგა და დააბრახუნა, დააყურა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ახლა უფრო მაგრად დაუშინა კარს მუშტები.

– ეი ძილისგუდებო! ხელები მეტკინა, არ გესმით?

პასუხს არავინ სცემდა. მერე ისევ გაისმა გუშაგების გადაძახილი:

– ხალხო, გახსოვდეთ, ბედნიერი ქვეყნის მკვიდრნი ხართ, დაჩაგრულთა წალკოტში ცხოვრობთ!

– გიხაროდეთ, გიხაროდეთ, მოწყალე მეფე ჩიგიდის ქვეშევრდომები ხართ!

– ეტყობა, აქ ძალით ვერაფერს გახდები, ისევ დაცდა ჯობიაო, თქვა თავისთვის ბიჭმა და კარს გაეცალა. იქვე ახლოს ბუჩქნარი მოჩანდა და იქით გაემართა. ათიოდე ნაბიჯი გადადგა და უცებ რაღაცას წამოკრა ფეხი. გამორკვევა ვერ მოასწრო, რომ მის წინაშე ეს რაღაცა წამოიჭიმა.

– შენ აქ რას დაეხეტები ამ უთენია, საქმე არაფერი გაქვს? – დასჭყივლა ჭაბუკას და დოინჯი შემოირტყა, თან პატარა თვალები სასაცილოდ დააბრიალა.

– შენ თვითონ რას დაეხეტები? – კითხვითვე გასცა პასუხი ჭაბუკამ და თვალი თვალში გაუყარა.

– მე დავეხეტები?

– დიახ, შენ.

– მე ჩემთვის მეძინა, შენ მობრძანდი და გამაღვიძე.

– თქვენში ასეა, კურდღელივით ბუჩქის ძირას გძინავთ?

– სადაც გვესიამოვნება, იქ გვძინავს და ვინც ხელს გვიშლის, სხვანაირად ვესაუბრებით.

– უჰ, როგორ შემაშინე, სულ მუხლები მიკანკალებს.

– აგიკანკალდება, – შეჰპირდა აქაური.

– ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა მათი პაექრობა, ჭაბუკას რომ არ გასცინებოდა. ჰო, ჭაბუკას უცბად გაეცინა.

– რა გაცინებს, ჭკუის კოლოფო? – ჰკითხა გაოცებულმა უცნობმა.

– ისა, რომ შენ ბიჭი არა ხარ.

– როგორ არა. მოგართმევენ.

– არა ხარ ბიჯი, – ახლა უკვე გადაწყვეტილად თქვა ჭაბუკამ.

– მაშ ვინა ვარ?

– გოგო.

უცნობმა თვალები მოწკურა და წარბები მრისხანედ შეჰყარა.

– მაშ მოდი ერთი, დამეჭიდე, თუ გოგო ვარ!

– მე გოგოებს არ ვეჭიდავები.

ჭაბუკამ განძრევა ვერ მოასწრო, რომ უცნობი წელში შეუვარდა, მკერდზე ნიკაპი დააჭირა და ზურგზე ზღართანი მოადენინა.

– ესეც შენი გოგო! – დააყოლა გამარჯვებულმა და ახლა შეჯდომაც მოუნდომა, მაგრამ ჭაბუკამ იმარჯვა, ამოუტრიალდა, თვითონ მოექცა ზემოდან, მოექცა და ისე მიაჭედა უცნობი მიწაზე, რომ განძრევის საშუალება არ მისცა. ის იყო ზავის პირობების წაყენებას უპირებდა, რომ საშინელი ტკივილი იგრძნო და ზეზე წამოხტა.

– ხომ გითხარი, გოგო ხარ–მეთქი, კბენის მეტი რა შეგიძლიათ!

მარცხენა მკლავს კარგა მაგრად ეტყობოდა ბასრი კბილების კვალი.

ორივე ნარბენი ლეკვივით ქელავდა. ჭიდაობის ხალისი აღარ ჰქონდათ. სასწორი მშვიდობისაკენ გადაიხარა, ტანსაცმელი გაიბერტყეს და მოლზე დასხდნენ.

– მე ჭაბუკა მქვია, შენ?

– მე ინი, ხაზს ქვევით.

– რატომ ინი და რატომ ხაზს ქვევით?

– იმიტომ, რომ დიდი ინი, ხაზს ზევით, მამაჩემია.

– თქვენ რა, ასოები ხართ?

– ჩვენს ქალაქში ასეთი წესი შემოიღეს – ღარიბებსა და უგვაროებს ასოების სახელი ჰქვიათ – ან, ბან, გან, დონ, ენ, ვინ, ზენ, თან… ან, ბან, განები ბედნიერი ხალხია, საკუთარი სახლიცა აქვთ და გაძღომაც შეუძლიათ ყოველდღე. დინ, ენ, ვინ, ზენები დღეგამოშვებით ძღებიან. თან, ინ, კანები სანახევროდ მშივრები ვყრივართ. ჩვენზე უარეს დღეში ლას, მან, ნარები არიან, ჭარ, ყარ, ძილ, წილებზე ხომ ლაპარაკიც არა ღირს. ჰაებ ბუზებივით იხოცებოდნენ და ეს ასო სულ ამოიღეს ანბანიდან.

ჭაბუკა გაოცებისაგან ზეზე წამოდგა.

–მდიდრებსა და დიდგვაროვნებს რაღა ჰქვიათ?

– იმათ ჩვეულებრივი სახელები აქვთ. რაც უფრო მეტი დამსახურება აქვს მეფის წინაშე დიდებულს, მით უფრო გრძელი სახელის დარქმევის უფლება ეძლევა. წინათ ყველას ადამიანური სახელი ერქვა.

ჭაბუკას ძალიან შეეცოდა გოგონა.

– შენ სახლი არა გაქვს?

– მაქვს.

– მაშ ღამეს აქ რატომ ათევ?

ინმა ამოიოხოა.

– განთიადისას ყოველ ხუთშაბათს აქ პირველი მინისტრი გამოდის ხოლმე სასეირნოდ და იმას უნდა დავხვდე, მამაჩემზე უნდა ვთხოვო. ღაე აქ თუ არ დარჩი, დილით 9 საათამდე კარს არ აღებენ.

– მამაშენს რა გაუჭირდა?

– მე ახალდაბადებული ვიყავი, რომ დაიჭირეს და მას აქეთ ოქროს გალიაში ზის. ჯერ დედაჩემი დადიოდა სავედრებლად. ეს ორი წელიწადია მე დავდივარ.

– ოქროს გალია რაღაა?

– ციხე.

– რა დააშავა მამაშენმა?
– არაფერი. ამბობენ, რაღაც სიმღერისთვის დაიჭირესო.

– ნუ გეშინია, გამოუშვებენ, სიმღერისთვის კაცის დასჯა გაგონილა?

– ეხ, ჩვენთან ეგეთებს გაიგონებ. ახლა მთავარია ფორმულებმა გამიმართლოს.

ჭაბუკამ თვალები დააჭყიტა: კიდევ ერთი გამოცანა!

– ჰო, პირველი მინისტრი სულ მათემატიკურად გამოთვლის ხოლმე ყველაფერს და რასაც ფორმულები იტყვიან, საბოლოო პასუხიც ის იქნება. აი, მალე ნახავ, როგორც არის.

არა, მართლაც საოცარი რამე ჩანდა ეს ბედნიერი ქალაქი. ბიჭს ძალიან მოუნდა რითიმე დახმარებოდა გოგოს. თავისი ამბავიც უამბო, მაგრამ ის, რაც ჯადოსნურ წიგნსა და ტინიტოს შეეხებოდა, დაუმალა, ბოლოს პირობა მისცა, შენი ერთგული მეგობარი ვიქნებიო.

ამასობაში კიდევ ორი ნამძინარევი ბიჭი გაჩნდა საიდანღაც და ჩვენს ნაცნობებს მიუახლოვდა.

– გაიცანი, მანი და ლასი. ესენიც სათხოვნელად არიან გამოსული.

მანი ასე ჭაბუკას ტოლი იქნებოდა, ლასი კი 7–8 წლის გამხდარი, დიდთვალება ბიჭი იყო. პატარას შესცივნოდა და კანკალებდა, უფროსმა მოსასხამი მოიხადა და თავის მეგობარს ფუთნა დაუწყო.

– მანის მამა სასახლის მებაღე იყო, – აუხსნა ინმა ჭაბუკას, – ერთი თვეა, რაც დაიჭირეს, სასახლეში ყვავილები დაჭკნა ყველგან, რა მაგის ბრალი იყო. უკვე ხუთი მებაღე დაიჭირეს, რატომ გიჭკნებათ ყვავილებიო.

– გუშინ მეშაქარლამეც დაიჭირეს, – თქვა მანმა, – ტორტი აღარ უცხვებათ. ბისკვიტი ვერ ამოიყვანეს. ამოვა და ისევ ჩავარდება, პრინცესას კი უყვავილოდ და უტორტოდ არ შეუძლია გაძლება.

ჭაბუკას ვერაფერი გაეგო. ყოველ წუთს რაღაც უცნაური რამ ესმოდა.

– განა ასეთი რა დიდი ხელოვნებაა ტორტის გამოცხობა ან ყვავილის გახარება?!

– არც არაფერი, მაგრამ რატომღაც სასახლეში ვერც ყვავილი ხარობს ამ ბოლო დროს და ვერც ტორტი ცხვება.

– პროფესორი კომპოტინი ამბობს, სიკეთის ბრალიაო, – ჩაურთო სიტყვა პატარა ლასმა.

– სიკეთის კი არა, უსიკეთობისაო, – გაიცინა ინმ.

– ჰო, სიკეთე არ ჰყოფნის თურმე სასახლის ჰაერს, – დააზუსტა მანმა.

– ასეთი რამ გაგიგონია? – ჰკითხა ინმა ჭაბუკას.

– პირველად მესმის, მაგრამ თქვენში ხომ ყველაფერი უცნაურია, შენ რაღაზე ხარ გამოსული? – ჰკითხა ჭაბუკამ პატარა ლასს.

– მამაჩემიც დაიჭირეს.

– რაზე, რა დააშავა?

– მეფის სასახლეს რომ ჩაუვლი, ქუდი უნდა მოიხადო, მამაჩემი უქუდოდ, იყო გამოსული და დაიჭირეს, განზრახ დადიხარ უქუდოდ, რომ მოხდა არ დაგჭირდესო.

– ეს ხომ უსამართლობაა! – აღშფოთდა ჭაბუკა, – მე დარწმუნებული ვარ, პირველი მინისტრი მოგისმენს და აუცილებლად გამოუშვებს მამაშენს. თქვენს მამებსაც, ისინიც ხომ უდანაშაულონი არიან!

ამასობაში მზეც ამოიწვერა. ალაყაფის კარი აჭრიალდა და ქალაქიდან ათიოდე ცხენოსანი გამოვიდა. ეს პირველი მინისტრი და მისი ამალა იყო. ყოველ ხუთშაბათს მზის ამოსვლისას გამოდიოდა პირველი მინისტრი სასეირნოდ თავისი ამალით, რათა ძალა მოეკრიბა და სახელმწიფო საქმეებს მეტი ხალისით გასძღოლოდა. ცხენოსანთა შორის ერთს ზურგზე შავი დაფა ჰქონდა აკიდებული და უნაგირზე ცარცით სავსე ტომსიკაც ეკიდა. მთავრობის მეთაურს გზადაგზა ზოგჯერ რაღაც აზრი მოუვიდოდა, ტაშს შემოჰკრავდა და მაშინვე ცხენ–დაფა მის წინ აიმართებოდა. დიდი მათემატიკოსი იყო პირველი მინისტრი და ცდილობდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და რაც არ შეიძლებოდა, მათემატიკის კანონებზე დაეყვანა, ფორმულებში მოექცია. კაცის დაწინაურებას ახარისხებას ეძახდა, დამცრობას – ფესვის ამოღებას. ხან, თუ ვინმეს მეტისმეტად შეავიწროებდა,
იტყოდა, შევკვეცეო. ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლეც ეწირებოდა ხოლმე
სახელმწიფოს ინტერესებს და მაშინ მთავრობის მეთაური ნაღვლიანად დაასკვნიდა, ნულამდე დავიყვანეო. მის ცოლს, მეფის დისშვილს, მარცხენა ფეხზე ექვსი თითი ჰქონდა. ხალხი ხუმრობდა, მრიცხველში ათი აქვს, მნიშვნელში თერთმეტიო. ზოგი ამბობდა, უნაშთოდ ღმერთმა ვერ გაყო და მათემატიკის მინისტრს გადმოულოცაო. ასე იყო თუ ისე, პირველ მინისტრს უყვარდა მათემატიკა. ერთადერთი ადგილი, სადაც მათემატიკური და საერთოდ ყოველგვარი კანონის გარეშე იქცეოდა, როგორც ამბობენ, სახელმწიფო სალარო, ხაზინა იყო.

გალავანს გარეთ მინდორზე გამოვიდნენ თუ არა ცხენოსნები, ინი, მანი და ლასი გაიქცნენ და მინისტრის წინ მტვერში მიწას გაერთხნენ. ცხენოსნები შეჩერდნენ. უფროსმა ანიშნა და ახალგაზრდა მხლებელი დაწინაურდა, ცხენიდან გადმოიხარა, მათრახის ტარი ბეჭზე დაჰკრა ინს და უბრძანა:

– თქვი!

არც მოწყალების მომღებისათვის და არც მოაჯე–მთხოვნელებისათვის ეს არ იყო მოულოდნელი სცენა, ამიტომ ყველაფერი აწყობილად და დადგენილი წესის მიხედვით წარიმართა. ინმა ცალ მუხლზე დაიჩოქა, ხელები პირველი მინისტრისაკენ აღაპყრო და გულმოდგინედ გაზეპირებული თხოვნა მოახსენა.

– ო, მბრძანებელო, დიდო მეცნიერო და მიუდგომელი ჭეშმარიტების მსახურო, სვებედნიერი მეფე ჩიგიდის ერთადერთო იმედო! მოიღე მოწყალება და გაათავისუფლე ციხიდან მამაჩემი სილვიო, ამჟამად უკვე დიდ ინად, ხაზს ზევით, წოდებული, რომელიც ოცდახუთი წელია პატიმრად არის! გევედრებით მისი შვილი პატარა ინა, ხაზს ქვემოთ.

მოწყალე მეცნიერმა ცხენ–დაფა იხმო, ცარცი მოიმარჯვა და ფორმულების წერას შეუდგა.

– რამდენი წლისაა მამაშენი?

– სამოცდახუთის.

– შენ?

– თორმეტის.

– დღეს რა დღეა?

– ხუთშაბათი.

– რომელი საათია?

პირველ მინისტრს, როგორც ნამდვილ მეცნიერს შეჰფერის, პედაგოგის ჩვევებიც ჰქონდა და უყვარდა დამსწრეთათვის ფორმულების ახსნა–განმარტება:

– თუ მამაშენის წლოვანებას აღვნიშნავთ n–ით, შენსას n – 1, რადგან შენ მისი ნაწილი ხარ, მაშინ მრიცხველში გვექნება n + (n – 1) გამრავლებული m – მუდმივ რიცხვზე…

ინი უსმენდა, მაგრამ , რა თქმა უნდა, არაფერი გაეგებოდა. პირველი მინისტრი კი მიაგელვებდა თავის მათემატიკურ მერანს:

– მივიღებთ განტოლებას, სადაც მარცხენა და მარჯვენა მხარეები
ტოლია. თითქოს ყველაფერი კარგად არის, ჩემო პატარა მეგობარო! – გაუღიმა მეცნიერმა ინს.

ინი ზეზე წამოხტა, ცხენები აცეკვდნენ, მაგრამ… მაგრამ პრემიერმა უბიდან პატარა წიგნაკი ამოიღო და დიდხანს ეძებდა შიგ გაღაცას.

– არის! – თქვა ბოლოს და შვებით ამოისუნთქა, – არსებობს, ჩემო გოგონა, ს ა რ გ ე ბ ლ ი ა ნ ო ბ ი ს კ ო ე ფ ი ც ი ე ნ ტ ი, რომელზედაც უნდა გავამრავლოთ მიღებული შედეგი.

„სარგებლიანობის კოეფიციენტი“ პირველი მინისტრის შემოღებული ცნება იყო მათემატიკაში, თუმცა მათემატიკასთან მას არაფერი ჰქონდა საერთო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ექიმმა წამლებით მკურნალობის შემდეგ უკვე გამომჯობინებულ ავადმყოფს ჩვეულებრივი ურო გამოუწეროს თავში სათხლეშად? ეს იყო „სარგებლიანობის კოეფიციენტი“. იგი ისევე შორს იყო მათემატიკისაგან, როგორც ურო წამლებისაგან, მაგრამ მთელს სამეფოში აღიარებული იყო როგორც საოცარი, გენიალური აღმოჩენა. ორიოდე წლის წინ რომელიღაც სოფლის სკოლის მასწავლებელმა გაბედა და ეჭვი შეიტანა ამ ცნების მეცნიერულ სისუსტეში, მაგრამ პირველი მინისტრის დავალებით გაესაუბრნენ მიამიტ ჭეშმარიტების მაძიებელს, სადაც ჯერ არს, და ახლა დაბრძენებული მასწავლებელი კაჭკაჭივით გაიძახოდა, „სარგებლიანობის კოეფიციენტი“ გენიალური აღმოჩენააო.

ალბათ უკვე ხვდებით, რა მოჰყვებოდა ამ კოეფიციენტზე გამრავლებას. დიახ, შედეგი არ იყო საბრალო ინისათვის სახარბიელო. მიუდგომელ მეცნიერს სახეზე მწუხარება გამოეხატა. ხელები გაშალა, რა ვქნათო.

– სამწუხაროდ, კოეფიციენტზე გამრავლებამ მიღებული სიდიდე მუდმივ რიცხვად აქცია.

– მაშ ისევ ციხეში უნდა იყოს მამაჩემი? – იკითხა ინმა.

–ასეთია მათემატიკურად განსაზღვრული პასუხი, ჩემო გოგონა. მათემატიკა კი არასდროს არ ცდება.

ინი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ პირველი მინისტრის მცველი ცხენიდან გადმოიხარა, საბრალო გოგონას საყელოში ხელი წაავლო და თხრილისაკენ მოისროლა. ამალა გამხიარულდა. მანთან და ლასთან საუბარი და ფორმულების გამოთვლა უფრო ხალისიანად წავიდა. „სარგებლიანობის კოეფიციენტი“ პირველ მინისტრს არც დასჭირვებია, ისე მიიღო სულ სხვა, თითქმის ასევე გენიალური ხერხით მუდმივი სიდიდე, რაც ჩვენი მეგობრების თხოვნაზე უარის თქმას ნიშნავდა.

პრემიერი და მისი ამალა ჭენებით გაემართნენ სასეირნოდ, დამწუხრებული ბავშვები კი თხრილის კიდზე ჩამოსხდნენ.

– ჩვენ უბანში ერთ ბიჭს მეხუთე თხოვნის შემდეგ გამოუყვანა თავისუფლება და გამოუშვეს მამამისი, – თქვა გულგაუტეხელმა ინმა.

სხვებს არაფერი უპასუხიათ, ისხდნენ თავჩაქინდრულები.

მალე გალავნის კარიც გაიღო და მეგობრები ქალაქში შევიდნენ, პატარა ლასი ტიროდა, მანსაც ცრემლით ჰქონდა თვალები სავსე.

– ნუთუ სამართალი აღარ არის ამ ქალაქში! – თქვა ჭაბუკამ.

– აღარაფერი აღარ არის, – აქვითინდა ლასი.

– ნუ გეშინიათ, ახლა სალამურს დავუკრავ და, თუ ახლომახლო ვინმე კეთილი გულის კაცია, თავისი ფეხით გამოგვეცხადება, – თქვა ჭაბუკამ და უბიდან ტინიტოს სალამური ამოიღო.

გაისმა სევდიანი ჰანგი და ყმაწვილებს თავად შეეკუმშათ გული ერთმანეთის სიბრალულით. კიდევ ჩაჰბერა ჭაბუკამ და ქუჩის მოპირდაპირე მხარეზე ფანჯარა გაიღო. ხნიერმა ქალმა ფრთხილად თავი გამოყო, ბავშვები მოიხმო, მიიხედ–მოიხედა, მერე თითო ნატეხი პური გადმოაწოდა და ისევ მიკეტა ფანჯარა. სხვა არავინ ჩანდა.

–ჰო, მართლაც ცუდად ყოფილა ამ ქალაქის საქმე, – დაასკვნა ჭაბუკამ. ბავშვები მოედნისკენ წასვლას აპირებდნენ, რომ ძველი ორსართულიანი სახლის ეზოდან ჯოხზე დაყრდნობილი თეთრწვერა მოხუცი გამოლასლასდა.

– ვინ იყო, ვინ მიხმობდა? – მოიჩრდილა ხელი მოხუცმა, – მე მეტი აღარ შემიძლია, მომასვენეთ.

– გამარჯობა, კეთილო მოხუცო!

– გაგიმარჯოს. შენ იყავი? ტყუილად რაზე მაწუხებ? აღარ ვვარგივარ. მეყო, რაც სიკეთისათვის ვიტანჯე. ხალხი ისე შეეჩვია ბოროტების წყვდიადში ჯდომას, რომ სიკეთის შუქს მისი თვალი ვეღარ უძლებს.

– კეთილო მოხუცო, კეთილო მოხუცო!

– არა, არა, ახლა სხვა გაისარჯოს,
– კეთილო მოხუცო, ჩემთვის კი არაფერსა გთხოვ… აი, ეს პატარა ობოლი ბიჭი შეიფარე, სანამ მამამისი გამოჩნდებოდეს.

მოხუცს გული აუჩუყდა და აქვითინდა.

– ძალა რომ აღარ მომდევს, როგორ მოვუარო?

– მე მოგივლი, პაპა! მე რეცხვა ვიცი, ფაფის მოხარშვაც შემიძლია.

მოხუცმა თავზე ხელი გადაუსვა პატარას.

– ჩვენ მოგაკითხავთ, კეთილო პაპა, აუცილებლად მოგაკითხავთ!

ყმაწვილები დაემშვიდობნენ ლასსა და მოხუცს და მოედნისაკენ გაემართნენ. გზად ისევ დაუკრა ჭაბუკამ სალამური და ცოტა ხნის შემდეგ კარგად ჩაცმული სათვალიანი, მხარზე ჩანთაგადაკიდებული კაცი გამოჩნდა.

– პროფესორი კომპოტინი, – თქვა ინმა.

სწავლული მიუახლოვდა ყმაწვილებს.

– რა გაგჭირვებიათ, ბატონებო?

– დაგვეხმარეთ, სენიორ პროფესორო, აი ამ ბიჭის მამას სიკვდით დასჯას უპირებენ, – უთხრა ინმა სწავლულს, – განა შეიძლება უდანაშაულოს სიკვდილით დასჯა?!

სწავლულმა მხრიდან ჩანთა ჩამოიხსნა.

– ახლავე, ჩემო კარგებო, მთავარია, სიმხნე შეინარჩუნოთ. მოიშორეთ ფიქრი და საზრუნავი.

ჩანთიდან პროფესორმა წამლის შუშა და ჭიქა ამოიღო. ჯერ მანს მიაწოდა წვეთები, შემდეგ ინს და ბოლოს ჭაბუკას.

– აბა, ჩამოვსხდეთ. ახლა ღრმად ისუნთქეთ.

ბავშვები გზის პირას ჩამოსხდნენ და შეწყობილად ღრმად სუნთქვა დაიწყეს.

– თვალები დახუჭეთ და ყველაფერი დაივიწყეთ.

პროფესორმა ჩანთიდან პატარა ყუთი ამოიღო, სახელური მოარგო და დაატრიალა. ყუთიდან რაღაც ხმები მოისმა.

– გისმით შრიალი? თქვენ ახლა ტყეში ხართ. ეს ქარი არხევს ხის ტოტებს, ჩიტები ჟღურტულებენ.

ახლა მუსიკის ჰანგიც გაისმა და პროფესორმა თავისი ყრუ ხმით სიმღერა წამოიწყო. ხმაც უწყდებოდა, ცოტა სმენაც ღალატობდა, მაგრამ დიდი მონდომებით კი მღეროდა.

სიზმარშია სინამდვილე, ცხადი,
ყველაფერი სიზმარია მხოლოდ,
გაჭირვებას აქვს თავისი ბოლო,
ეკლებიდან გაგვიღიმებს ვარდი.

– კარგი სიმღერაა, ტყეც კარგად შრიალებდა, – თქვა ინმა, როცა სწავლულმა დაამთავრა სიმღერა.

პროფესორს ბავშვივით გაუხარდა, რომ შეაქეს.

– ხომ მოგეშვათ გულზე?

– დიახ, მაგრამ მამაჩემს რა ეშველება? დაგვეხმარეთ, სენიორ პროფესორო, გადაგვარჩენინეთ სიკვდილს. მთელი ჩემი ცხოვრება გემსახურებით, – შეევედრა მანი.

– დაეხმარეთ, სენიორ, თქვენ გიცნობენ სასახლეში! – სთხოვა ინმა.

– ჩემო კარგებო, სამწუხაროდ, მე იქ ყურს არავინ მათხოვებს. რაც გაგიკეთეთ, ამის მეტი არაფერი შემიძლია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად დამთავრდება. მომაკითხეთ ხოლმე, სანამ ცოცხალი ვარ, წამალს არ მოგაკლებთ. ახლა კი მშვიდობით. აი, ჩემი მისამართი, – სწავლულმა ჭაბუკას სავიზიტო ბარათი გადასცა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და წავიდა.

სამივეს ისევ დაუმძიმდა გული.

– ნუ გეშინია, მან, რამეს მოვისაზრებთ, – დაამშვიდა ახალშეძენილი მეგობარი ჭაბუკამ.

– ჯერჯერობით კი მოედნისაკენ გავწიოთ. ბარემ მეფესაც შევევედროთ. ცდა ბედის მონახევრეა,– ხალისიანად დაიძახა ინმა და ბედის მაძიებლები გზას გაუდგნენ.



ამინდი საჩუქრად

სასახლის მოედანზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. სეირის საყურებლად გამოსულნი მარცხნივ, სამეფო გვარდიის ყაზარმასთან იდგნენ, მთხოვნელები – მარჯვნივ, საგანგებოდ გამართულ კვარცხლბეკთან. ჩვენი ყმაწვილებიც შეუერთდნენ მთხოვნელებს. მალე სასახლის კოშკის ქონგურიდან საყვირის ხმა გაისმა და დაჯავშნული ალაყაფის კარიც გაიღო. ყველამ დაიჩოქა, გამოჩნდა ცისფერ მანტიამოსხმული მეფე ჩიგიდ XVI კარისკაცთა და მცველების თანხლებით.

– დღეგრძელი იყოს მეფე ჩიგიდი!

– ვაშა ჩვენს მეფეს! – გაისმა შეძახილები.

მეფე კვარცხლბეკზე ავიდა და ცისფერ სავარძელში ჩაჯდა. ორმა მსახურმა ჯალამბრით მოიტანა ორი ვეებერთელა წიგნი და პირველი მინისტრის წინ ქვის საწიგნეზე დაასვენა, ამ წიგნებში ბედნიერი ქვეყნის კანონები იყო.

ვაშა და ყიჟინა რომ დამთავრდა, მეფე წამოიწია. ამალა და დამსწრენი სმენად გადაიქცნენ.

– აბა, ვინ მეტყვის, რატომ მაცვია ცისფერი მანტია და რატომ ვზივარ ცისფერ სავარძელზე? – იკითხა მბრძანებელმა მოულოდნელად.

მეფეს უყვარდა მოულოდნელი კითხვების დასმა და კარისკაცებიც ყოველთვის მოელოდნენ რაღაც მოულოდნელს, მაგრამ მოულოდნელი მაინც მოულოდნელი იყო და მოულოდნელის მოლოდინი საქმეს ვერ შველოდა. ამჯერადაც მოულოდნელი იყო კითხვა. მეფე ათეული წლების შემდეგ იმეორებდა თავის მოულოდნელ კითხვებს და, რაკი ბებერი შტალმაისტერი უკვე რამდენიმე ათეული წელი იყო მეფის კარზე, რათქმა უნდა,მან იცოდა ამ კითხვის პასუხიც, მაგრამ წესი არ იყო ასეთ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა და მანაც დუმილი არჩია.

– ვარსკვლავთმრიცხველო, აბა შენ გვითხარი!

ვარსკვლავთმრიცხველმა თვალები ზეცად აღაპყრო და ბრძანა:

– ცისფერი ცის ფერია, ცა კი ყველაფერზე მაღლაა, თქვენო უდიდებულესობავ!

– ახლა ამას ვარსკვლავები უნდა ებაროს?! – გაიცინა მეფემ და მთელი მოედანი ახარხარდა, – რას უნდა გახდე ამდენი ბედოვლათის ხელში?! თქვენ წიგნებს კითხულობთ? – მიმართა თავის ამალას,

– ვკითხულობთ, თქვენო უდიდებულესობავ! – უპასუხეს ერთხმად,

– რას კითხულობთ? ალბათ ზღაპრებს.

– ჩვენ ვკითხულობთ თქვენი კურთხეული, ნეტარხსენებული პაპის–
პაპის, თქვენი პაპის მამის, პაპის, თქვენი მამისა და თქვენს დიდებულ ქმნილებებს, – ჩაუბულბულა ობერცერემონმაისტერმა სულმოუთქმელად.

– რათა ჭეშმარიტად მეცნიერულად ვმართოთ ქვეყანა თქვენი ხელმძღვანელობით, – დააგვირგვინა პირველმა მინისტრმა.

– კარგი. კარგი. ტყუით, თქვე თაღლითებო, – გაიცინა ნასიამოვნებმა მეფემ, წამოიწია, კვარცხლბეკიდან გადმოიხარა და თითო–ოროლა უთავაზა გრძელი სკიპტრა გვერდებში თავის ერთგულ კარისკაცებს.

– ცისფერი, თქვე ბრიყვებო, სამართლიანობის ფერია, მსაჯული როგორი უნდა იყოს?

– სამართლიანი! – შესძახეს ერთხმად.

– მადლობა ღმერთს, გცოდნიათ! აბა, შევუდგეთ!

პირველმა მინისტრმა ჯოხი ძირს დაჰკრა და გამოაცხადა:

– ღვთის კურთხევით დიდი მეფე ჩიგიდ XVI, მწყალობელი, უძლეველი, ჩაგრულთა და ქვრივ–ობოლთა იმედი, იწყებს საქმეთა და კაცთა განსჯას.

პირველი მთხოვნელი წელში ოთხად მოკაკული, მთლად დამჭკნარი
დედაბერი იყო.

– დიდო მეფეო, – დაიწყო დედაბერმა, – ექვსი შვილი მყავდა, ექვსი ვაჟკაცი, ერთიმეორეზე უკეთესი. ექვსივენი ერთ დღეს დაიხოცნენ მტერთან ბრძოლაში. დავრჩით მე და ჩემი ქმარი სიბერეში მარტოდმარტონი. ახლა, დაილოცა შენი სახელი, შენი კაცები მოგვადგნენ და გადასახადს გვთხოვენ, დაგვიხსენი, შენი სახელის ჭირიმე, რა უნდა გადავიხადოთ, თავად შიმშილით ვიხოცებით!

მეფემ თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.

– ამ ქალმა გული ამიჩუყა, ვაი, ჩემო თავო, ეს ოხერი მეფობა რაღა
ჭირია კაცის თავზე. თან გული მიკვდება, მეც ხომ ადამიანი ვარ, ხალხო,
თან სახელმწიფოს მართვა მაბარია, ფლავის ჭამა ხომ არ არის?!

მოედანმა თანაგრძნობით დაიგუგუნა.

– ჩაიხედე ერთი, პირველო მინისტრო, კანონებში.

– ურღვევ კანონებში ჩავიხედო თუ მეორეში?

– ურღვევში, ურღვევში.

პირველმა მინისტრმა ქვის საწიგნეზე დასვენებული ურღვევი კანო–
ნების წიგნი გადაფურცლა, იპოვა, რასაც ეძებდა და თავი გადააქნია.

– რაო? – ჰკითხა მეფემ.

– ექვს შვილზე უნდა გადახდეს.

– გადახდესო?! – გაიოცა მეფემ.

– აქ ხუთზე არის შეღავათი, მერე შვიდზე წერია განთავისუფლდესო,
ექვსზე კი არაფერი წერია.

– ეჰ, კანონო, კანონო! ახლა, მითხარით, რა ძალა აქვს ჩემს მეფობას? კანონს ვერ გადავალ, არადა, ადამიანი იჩაგრება. ავდგები და სულ გავანებებ თავს ამ ოხერ მეფობას, – წამოხტა მეფე ფეხზე და გვირგვინი მოიხადა.

მხლებლები მყისვე მუხლებზე დაეცნენ და ფორთხვით შემოეხვივნენ.

– დიდო მეფეო! ჩვენო მწყალობელო, ნუ დაგვყრი უპატრონოდ!

– სულ თქვენთვის ვიცხოვრო, კაცო?! ერთი ჩემ გულშიაც ჩაიხედეთ! ეჰ, მირონცხებული არ ვიყო, მე ვიცი, რასაც ვიზამდი, მაგრამ, რა ვქნა?!

რას იზამდა! ადგა და ისევ დაიდგა თავზე გვირგვინი!

– მაშ აღსრულდეს ურღვევი კანონი!

– გაუმარჯოს ურღვევ კანონებს! – იღრიალეს კარისკაცებმა.

მეფემ სკიპტრა ძირს დაჰკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ განაჩენი საბოლოო იყო. მერე დედაკაცს მიუბრუნდა:

– ეგრეა, ექვს შვილზე უნდა გადაიხადო.

– მაშ, ერთიც უნდა გაგვეჩინა, არა?

– ერთიც, მაშ.

დედაბერმა თაყვანი სცა მეფეს და ძლივს წალასლასდა.

– მიეცა იმ დალოცვილ ღმერთს ერთი შვილიც, რა იქნებოდა, ხომ მაინც უნდა წაერთმია! – დანაღვლიანდა მეფე.

შემდეგ ბავშვიანი ქალი მოადგა კვარცხლბეკს.

– დიდო მეფეო, დამეხმარე ქვრივ–ობოლს!

– ქვრივ–ობლების მფარველი ვარ, მაშ რისთვისა ვზივარ ამ ოხერ ტახტზე! – გაამხნევა მეფემ.

– ქმარი სახადისაგან მომიკვდა, მე დილიდან საღამომდე მინდორში
ვმუშაობდი, გუშინ გამომაგდეს, სამუშაო კაცებისთვისაც კი არ გვაქვსო.
ძუძუ გამიშრა, მწყალობელო, ბალღი მიკვდება!

მეფემ ამალიდან ქალს მოუხმო.
– გრაფინია, გასინჯეთ ერთი აქვე, მართლა გამშრალი აქვს? სიკვდილო, დაიქცა შენი მომგონი, ჰყოლოდა ამ ქალს თავისი ქმარი, რა იქნებოდა!

ცოტა ხნის შემდეგ განზე გასული გრაფინია და ბავშვიანი ქალი დაბრუნდნენ.

– რაო, გამშრალი აქვს? – ჰკითხა მეფემ.

– გამშრალი ეთქმის, თქვენო უდიდებულესობავ!

მეფეს სიზუსტე უყვარდა და გაცხარდა.

– „ეთქმის“ რაღაა, „ეთქმის“ რომელ ერთ კანონში გიწერიათ ნეტა? „ეთქმისო“, ხალხო! რძე ძუძუში აქვს?

– ძალიან რომ მოვუჭირე, წამოუვიდა! მორცხვად თქვა გრაფინიამ.

– აბა მაშ, თქვე დალოცვილებო, როგორო გინდათ?! მიეჩვივნენ იოლ ცხოვრებას! წადი, წადი, ჩემო დაო, და ბალღს ღონივრად მოაწოვინე ეგ ძუძუ, აქედანვე ნუ მიაჩვევ მზამზარეულზე ცხოვრებას.

ქალი სასწრაფოდ მოაცილეს იქაურობას.

– აბა, ჩემო ძმაო, რა გაგჭირვებია, – მიუბრუნდა მეფე კვარცხლბეკთან მომდგარ ვეება ყავარჯნიან კაცს.

– რაღა რა, დიდო მეფეო, ფეხი დავკარგე ომში, შემწეობას გთხოვთ, მცირეოდენი დახმარება მეკუთვნის.

– ო, მეომარი ხარ, – გამოცოცხლდა მეფე, – რომელ ომში დაკარგე?

– რა ვიცი,შენი ჭირიმე?! ამ ხუთიოდე წლის წინ იყო, გზირმა ჩამოგვიარა, მერე თოფ–იარაღი დაგვირიგეს და აი იქით წაგვასხეს, – აყლაყუდამ ხელი სამხრეთისაკენ გაიშვირა.

– ვის ეომებოდით?

– იმათ. მტერს, – მიუგო უფეხომ.

– ვის „იმათ“?

– რაღაცნაირად ეცვათ, აღარ მახსოვს, შენი ჭირიმე!

– რა ომში იყავ, რისთვის წირავდი სიცოცხლეს, აღარ გახსოვს?

კარისკაცები გამხიარულდნენ. ცალფეხას თვალები დაეჭყიტა, სიმწრის ოფლი ჩამოსდიოდა, ცდილობდა გაეხსენებინა, რა ომში იყო და ვის ეომებოდნენ.

– წაგვასხეს და… ლურჯი მუნდირები ეცვათ, წითელი შარვლები… – ლუღლუღებდა საბრალო.

– ლურჯი მუნდირები? – მოიღუშა მეფე. – შენ, ჩემო ძმაო, უსამართლო ომში მიგიღია მონაწილეობა.

ცალფეხამ გაოცებისაგან პირი დააღო.

– ყველაფერი სამართლიანი იყო, შენი ჭირიმე, ვესროდით და გვესროდნენ. გვხოცავდნენ და ვხოცავდით.

– ჰოდა, უსამართლოდ ხოცავდით. აბა, წაუკითხეთ, რა წერია 1707 წლის ომზე კანონებში.

– ურღვევში? – ჰკითხა პირველმა მინისტრმა.

– არა, მეორეში.

პირველმა მინისტრმა წაიკითხა:

– „ეს ომი უსამართლოდ გამოცხადდეს, დახოცილებს უარი ეთქვათ ომში დახოცილების წოდებაზე, დახოცილების ცოლ–შვილი ქვრივ–ობლებად არ ჩაითვალონ.

– გაიგე? – ჰკითხა ცალფეხას მეფემ.

– გავიგე, შენი ჭირიმე!

– აი კაცი, გაიგო, – მოუწონა მეფემ საქციელი. ნაომრის წოდებააყრილი გაეცალა კვარცხლბეკს, მაგრამ უცბად ისევ შემობრუნდა.

– მაშ მე ფეხი არ დამიკარგავს, შენი ჭირიმე?

– კანონით არა.

– ცალფეხას რომ მეძახიან?

– წადი და, ვინც ამიერიდან ცალფეხა დაგიძახოს, ემგ ჯოხი თავზე გადაამტვრიე.

მეფე მხლებლებს მიუბრუნდა და ხმადაბლა იკითხა:

– იქნებ რაიმე დახმარება შეიძლებოდეს?

პირველმა მინისტრმა მხრები აიჩეჩა:

– უსამართლო ომში უომია და…

– აფსუს! – ეწყინა მეფეს, – რამე სიგელი მაინც მიეცით, რომ ცალფეხა არ არის.

სიგელი იქვე გაამზადა მდივანმა, პირველმა მინისტრმა ხელი მოაწერა, ბეჭდის მცველმა ბეჭედი დაუსვა და გადასცეს ცალფეხას, რომელიც ამიერიდან ყველგან, ბედნიერი სამეფოს ტერიტორიაზე, უმაღლესი კანონის ძალით, უკვე ორფეხა იყო.

გალავნის ორივე კოშკიდან საყვირების ხმა გაისმა, მეფე წამოდგა.

– დღეისთვის კმარა!

პირველმა მინისტრმა თავის ჯოხი ისევ დაკრა მიწას და მოედანს
გადასძახა:

– ღვთის კურთხევით ბედნიერი ქვეყნის დიდმა მეფემ ჩიგიდ XVI მწყალობელმა, უძლეველმა, ჩაგრულთა და ქვრიგ–ობოლთა იმედმა დაამთავრა საქმეთა და კაცთა განსჯა.

32


მცველებმა კვარცხლბეკის ირგვლივ შემოჯარული უამრავი მთხოვნელი, კაცი თუ ქალი, დიდი თუ პატარა, დავრდომილები, ქვრივ–ობლები, უპოვარები მიყარ–მოყარეს მათრახის ცემით და მეფეს და მის ამალას გხა მისცეს. „დღეგრძელი იყოს მეფე! მეფე ჩიგიდს გაუმარჯოს!“ გაისმა შეძახილები. ჭაბუკამ შეამჩნია, რომ ბრბოში ხელკეტებით შეიარაღებული ჯანიანი ყმაწვილები დაძრწოდნენ და ხან ერთს უთავაზებდნენ გვერდებში, ხან – მეორეს. ხალხიც უფრო მონდომებით ღრიალებდა მეფის სადიდებლად.

მეფე და დიდებულები სასახლეში შევიდნენ, ალაყაფის კარები ჩაკეტეს, მაგრამ ხალხი მაინც არ იშლებოდა.

– ახლა გამოგვიცხადებენ, დღეს რა დღეა, – აუხსნა ინმა ჭაბუკას.

– როგორ?!

– ჩვეულებრივად, ახლავე ნახავ.

ისევ გაისმა საყვირის ხმა და კიბეზე მაცნე გადმოდგა.

– ბედნიერი ქალაქის მკვიდრნო, მისი უდიდესებულობა ჩიგიდ XVI ის წყალობა განუზომელია. მან ინება და უმაღლესმა სამეფო საბჭომ დაადგინა, რომ ადრე განზრახული მაისის ორშაბათის ნაცვლად დღეს განმეორებით შედგეს გასული წლის დეკემბრის ხუთშაბათი, რომელიც გამოირჩეოდა უხვი თოვლითა და ზომიერი ყინვით. ხეები, სახლები, ქუჩები ჩაითვალოს დათოვლილად, მშობლებს, რომელთაც ჰყავთ სამიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვები, წინადადება ეძლევათ გამოიყვანონ ისინი საგუნდაოდ. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სახლის პატრონებს ევალებათ დილიდანვე შეუდგნენ სახურავების გადმოთოვლას. ქალაქის მთავარ მოედანზე საღამოს მოეწყოს საჯარო საზეიმო ციგურაობა. მოედნის მოწყობა ევალება ქალაქის თავს.

მაცნემ დაამთავრა და ისევ გაისმა საყვირის ხმა. ჯანიანმა ხელკეტიანებმა ისევ დაუარეს ხალხს და გაისმა მეფის სადიდებელი შეძახილები.

ჭაბუკა გაოცებისაგან პირდაღებული შეჰყურებდა ინს.

– შენც იყვირე, – უჩურჩულა ინმა და გვერდზე გახტა, მისთვის მოქნეული კეტი ვიღაც ბერიკაცს მოხვდა თავში.

– გაუმარჯოს! – წამოიყვირა საბრალომ და იქვე ჩაიკეცა.

– გაუმარჯოს! – დაიყვირეს ჩვენმა მეგობრებმაც, სხვა რა გზა იყო! ისევ გაისმა საყვირის ხმა და კოშკზე ისევ გადმოდგა მაცნე.

– ქვეყნის მტრები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენს კეთილდღეობას და ათასნაირ სივერაგეს თესავენ ჩვენს ხალხში. მტრების ჩაგონებით ზოგიერთი მონურად მისდევს ყოვლად უაზრო ბუნებას. იმის მაგივრად, რომ ყური მიაპყრონ და დაემორჩილონ სიკეთით სავსე ჩვენი მეფის, ხალხის პირველი მოჭირნახულის სიტყვას, ცასა და ვარსკვლავებს შეჰყურებენ, ძველ კალენდრებში იხედებიან, ითვლიან, ანგარიშობენ, ზოგს, როგორც ჩვენმა სახელოვანმას საიდუმლო პოლიციამ შეიტყო, საათებიც აქვს გადამალული. კიდევ ერთხელ გეძლევათ წინადადება 24 საათის განმავლობაში ჩააბაროთ ყველა საათი და კალენდარი. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვისაც აღმოაჩნდება ასეთები, დაისჯება კანონის მთელი
სიმკაცრით, როგორც ქვეყნის მტერი.

პასუხად ამჯერადაც გაისმა ტაში და შეძახილები: „მეფეს გაუმარჯოს!“, „ზამთარს გაუმარჯოს!“, „ძირს საათი!“

ერთი ნახევარი საათის შემდეგ ბუხრებში ცეცხლი დაანთეს, გაზაფხულის ჩახჩახა მზით განათებულ ქუჩებში თბილად, ქურქებში გამოწყობილი ხალხი გამოჩნდა, გოგო–ბიჭები სიცილ–კისკისით მოედვნენ ქუჩებს, ციგურებით „სრიალებდნენ“, „გუნდაობდნენ“, ერთმანეთს და გამვლელებს კისერში „თოვლს აყრიდნენ“, „ფაფუკ თოვლში“ გორაობდნენ. ყველაფერი როგორც საჭირო იყო, ისე ხდებოდა: ყმაწვილები იხრებოდნენ, ხელებით „თოვლს“ იღებდნენ, ამ რაღაცას გუნდად კრავდნენ, მოიქნევდნენ და ისროდნენ, ხეებს არხევდნენ და ეს „თოვლი“ გამვლელებს აცვივოდა. მეეზოვეები ფილაქნებიდან ნიჩბით იღებდნენ და გროვებად დგამდნენ, ზოგან დიასახლისები თავისი სახლის წინ ნაცარს ყრიდნენ, რომ გამვლელებს ფეხი არ დასცურებოდათ. მამაკაცები სახურავებზე ასულიყვნენ და გულმოდგინედ ჰყრიდნენ ძირს ნიჩბით „თოვლს“. ერთგან ქვრივი ქალი ჭიშკარზე მომდგარიყო და გამვლელ–გამოვლელს ეხვეწებოდა, მიშველეთ, სახლი გადმომითოვლეთ, თავზე დამენგრევა და ობლები მომესრისებიანო. ამბობდნენ, რომელიღაც უბანში სახურავიდან ყინულის ლოლუა მოწყდა, მეფის ერთგულებით გამორჩეულ გამვლელ ქალს დაეცა და იქვე გაათავაო, მეფემ ამ ქალის სახელმწიფოს ხარჯზე დასაფლავება ბრძანაო.

ხელმწიფის კაცები დადიოდნენ და ხალხს გარეთ ერეკებოდნენ თოვლის საგველად, თან ყური დაცქვეტილი ჰქონდათ, ვინ რას ამბობს, ეჭვი ხომ არავის ეპარება, რომ ქუჩებში დეკემბრის თოვლი დევსო. მთელი ქალაქი გულმოდგინედ ცდილობდა ეჭვი არაფერში შეეტანა. ვინც განსაკუთრებით გამოიჩენდა თავს ამ „საზამთრო“ საქმიანობაში, იმას მეფისა და პრინცესის სახელით უხვად ასაჩუქრებდნენ. ერთმა შარახვეტია მეეტლემ, მთელი ღამე რომ მისი ღრიალისაგან ქალაქს მოსვენება არ ჰქონდა, ყველას აჯობა, როგორღაც მოახერხა და ცალი ხელი მოიყინა. უბნის პოლიციამ და ექიმბაშმა ფაქტი დაადასტურეს და მეეტლე სათანადო ცხობით ხელში სასახლეში მიიყვანეს. აქ მას II ხარისხის სანიმუშო მოქალაქის ორდენი მისცეს და კარგადაც აქეიფეს. ბედნიერებისაგან გაოგნებულმა იმდენი სვა, რომ ბოლოს ყველაფერი დაფქვა სასახლის მსახურებთან: განგებ მდუღარე გადავისხი ხელზეო. მეფეს მოახსენეს, ყალთაბანდი ყოფილა ის მეეტლეო, მაგრამ ხელმწიფემ ყველას აუკრძალა ამ ამბის გარეთ გატანა. მოლაყბე მეეტლეს მაგრად სცემეს, გამოაძინეს და დილით ორდენიან–საჩუქრებიანად გაისტუმრეს. თან დაემუქრნენ, როგორც კი ვინმესთან
კრინტს დაძრავ მდუღარეზე, მაშინვე ოქროს გალიაში გიკრავთ თავსო.

ბოლოს კოშკებიდან საყვირების ხმა გაისმა, ალაყაფის კარი გაიღო და საზეიმოდ მოკაზმულმა ოთხმა ცხენმა სამეფო მარხილი მოედანზე გამოაქროლა, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა „გამოათრიაო“. აბა რა იცოდნენ ცხენებმა და მით უმეტეს მარხილის კავებმა, რომ მისი უდიდებულესობის ბრძანებით ქალაქში ნამდვილი ზამთარი იდგა! მარხილში სიასამურის თბილ ქურქში გამოწყობილი პრინცესა იდგა, ცალ ხელში სადავეები ეჭირა მაგრად, მეორეში – მათრახი.

ბრბო აღტაცებული ყიჟინით შეხვდა მეფის ასულს. მიცვივდნენ, ცხენები გამოუხსნეს მარხილიდან, თვითონ შეებნენ შიგ და ისე „დააქროლებდნენ“ ქალაქის ქუჩებში.

– პრინცესას გაუმარჯოს!

– თოვლის დედოფალს გაუმარჯოს! – გაისმოდა შეძახილები.

მთელი ქალაქი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო მეტად მოიგიჟიანებს თავსო. აქა–იქ, ჩაბნელებულ საზლებში, ჩარაზული კარების იქით, მიხურული დარაბის ჭუჭრუტანებიდან ბევრის მომსწრე დროული ხალხი ამ სიგიჟეს უყურებდა და თავებს მწარედ აქნევდა.

პროფესორი კომპოტინიც ასე ჩაკეტილიყო თავის სახლში, ჭრაქი აენთო და დღიურში წერდა:

” რაც უფრო მეტ უაზრობას სთხოვენ ხალხს, მით უფრო მეტი ხალისით და გატაცებით ასრულებს ყველა მოძალადეების სურვილს“.

ერთ უბანში, მიტოვებულ ძველ ფარდულში სახელდახელოდ საპატიმრო გაემართათ და იქ ამწყვდევდნენ ყველას, ვისაც კი რამე ურჩობას შეამჩნევდნენ. უკვე ოციოდე კაცი და ქალი, რამდენიმე ბავშვიც კი მოეყვანათ ხელმწიფის კაცებს. ზოგს საკუთარი სახლის გადმოთოვლაზე ეთქვა უარი, ზოგს თბილად არ ჩაეცვა, ზოგს რაღაც დასცდენოდა ასეთი ზამთრის სააუგო. პატიმართა შორის იყვნენ ჩვენი ნაცნობი კეთილი მოხუცი და პატარა ლასი. მოხუცი მეხზობელს დაესმინა, მეფის ბრძანებას არ ასრულებს, შინ არის ჩაკეტილი და თანაც ვიღაც ობოლი ბიჭი შეიკედლაო.

ეს ამბები რომ ხდებოდა, ჩვენი ყმაწვილები ქალაქის ქუჩებში დაეხეტებოდნენ. ინი ასეთ ამბებს მიჩვეული იყო და არაფერი უკვირდა, ჭაბუკა კი გაოგნებული იყო. შესჩერებოდა ქუჩებში გამოფენილ ხალხს და ცდილობდა გაეგო, რა დაემართათ, მართლა შეიშალნენ, თუ თვითონ არ იყო სრულ ჭკუაზე და იმიტომ ვერ ამჩნევდა ვერც ყინვასა და ვერც თოვლს. ერთი–ორჯერ დაიხარა, ფილაქანს ხელი მოუსვა, მაგრამ თოვლი ნამდვილად არსად იყო. ამ ხეტიალში იმ ძველ ფარდულს მიადგნენ. კარებთან შეიარაღებული მცველი იდგა, შიგნიდან ხალხის ხმაური ისმოდა. ჭაბუკამ და ინმა ფარდულს შემოუარეს. ფარღალალა ფიცრულ კედლებში ყველაფერი ჩანდა. ყმაწვილებმა შეიხედეს და ერთ კუთხეში ლასს მოჰკრეს თვალი.

– ლას! – ჩურჩულით მოუხმო ინმა ბიჭს.

გახარებული ლასი მყისვე კედელთან მიიჭრა.

– ინ, ჭაბუკ! დაგვიჭირეს მეცა და მოხუციც.

– ნუ გეშინია, – უთხრა გოგონამ, – გადაეცი ყველას, რომ მზად იყვნენ. ახლავე რამეს ვიღონებთ. თქვენც მოგვეხმარეთ და აი, ეს ფიცარი მოვაგლიჯოთ.

შიგნით ალაპარაკდნენ. ზოგი უარს. ამბობდა, კანონს ვერ დავარღვევო, ზოგს ეშინოდა, უარესია, სად უნდა გაიქცე, მაინც გიპოვიან და ოქროს გალია არ აგცდებაო. ამასობაში ჩვენმა ყმაწვილებმა სადღაც მოზრდილი კეტი იშოვეს და იმ ფიცრის ცალი მხარე მოგლიჯეს. ლასისათვის ესეც კმაროდა, გამოძვრა და ახლა მეორე თავის აძრობას შეუდგნენ. ბოლოს ისიც მოაგლიჯეს, მაგრამ ვიღაც ოხერმა ლაჩრულად ყვირილი ატეხა:

– გუშაგო, არიქა გვიშველეთ, ყაჩაღები დაგვესხნენ თავს და ძალად გვათავისუფლებენ!

– გუშაგმა კარი გააღო და განგრეული კედელი და წამოყრილი ხალხი
რომ დაინახა, ცხელ გულზე ერთი მაგარი კონდახი სწორედ იმას ჩააზილა, ვინც შველას ითხოვდა. ამასობაში ბევრმა თავს უშველა. დარჩა ხუთიოდე დავრდომილი, მათ შორის ჩვენი კეთილი მოხუციც. ის კეთილგონიერების მქადაგებელი თავგატეხილი ეგდო კარებთან და ლუღლუღებდა:

– მე არ გავქცეულვარ, მე არ გავქცეულვარ… დიდება მეფე ჩიგიდს

ყმაწვილებმა მოუსვეს, რაც ძალა და ღონე ჰქონდათ. მოედანზე გამოსულებს წინ პოლიციელები გადაუდგნენ, მაშინ ვიწრო შესახვევში შეუხვიეს და გეზი კატის ნახტომისაკენ აიღეს. პოლიცია მაინც მოსდევდათ. პოლიციას ქუჩის ბრბოც შეერთებოდა. მანი სადღაც მიიმალა, მოხუცის სახლს რომ მიუახლოვდნენ, ლასი გაჩერდა.

– მე შევირბენ და რამე საჭმელს მივუტან მოხუცს, – თქვა მან. ინს უნდოდა შეეჩერებინა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ მოასწრო, რომ ბიჭი გაიქცა. ისევ მოისმა ბრბოს ყიჟინა:

– დაიჭით, არ გაუშვათ!

იმ საღამოს საზეიმოდ მორთულ ქალაქში რომ ფარნები აინთო, მეფის ბრძანებისამებრ, ხალხმა ქალაქის მთავარ მოედანზე მოიყარა თავი მოციგურავეთა საყურებლად. გალავნის ქონგურებზე მეფე–დიდებულები გადმოდგნენ, პრინცესა თავისი კოშკიდან იცქირებოდა. მოედანზე ადრევე მოესხათ წყალი. ორი საათის შემდეგ მოციგურავეთა მთავარმა მწვრთნელმა გასინჯა სველი ფილაქანი და თქვა, მზად არისო.

„ყინულზე“ ათიოდე წყვილი გამოვიდა. გაისმა სამეფო ორკესტრის ხმა და ვალსის ხმაზე მოციგურავეებიც დატრიალდნენ, „დატრიალდნენო“, მეორე დღეს გაზეთებში ეწერა, თორემ, ვაი ამ დატრიალებას! თქვენც მიხვდებით, როგორ დატრიალდებოდნენ ჩვეულებრივ სველ ფილაქანზე რკინის ციგურებიანი წყვილები. ბაჯბაჯებდნენ, ფორხილობდნენ, ეცემოდნენ, ფეხზე ძლივს იდგნენ, განსაკუთრებით ქალები, მაგრამ ხალხში ისევ ის ჯანიანი ბიჭები დაძრწოდნენ და, აბა, გაცინებას ვინ გაბედავდა?

– ვაშა ჩვენს მოციგურავეებს!

– ვაშა დიდ მეფე ჩიგიდს!

– ვაშა მეფის ასულს!

გაისმოდა შეძახილები და ტაშისცემა. იღიმებოდა მხოლოდ მეფე ჩიგიდი. ამ საცოდაობაში რომ იყო ხალხი და ოფლში გაწურული მოციგურავეები ძლივს დალასლასებდნენ, შორიდან სტვენის ხმა გაისმა. ორკესტრი გაჩუმდა. სტვენა თანდათან ახლოვდებოდა და უცებ წრეში ყვითელბერეტიანი მოციგურავე შემოიჭრა. ჯერ ერთი წრე შემოუარა ნელა, მაგრამ ისე მსუბუქად, თითქოს ყინულის სარკე ჰქონდა ფეხქვეშ, მერე სიჩქარეს უმატა, ბოლოს ისე დატრიალდა, რომ ირგვლივ მდგომთ თვალი აუჭრელდათ, და უცბად ადგილზე გაქვავდა.

– ბრავო! – იქუხა მოედანმა.

– ბრავო! – გადმოსძახა კოშკიდან პრინცესამაც.

უცნობმა ახლა მოციგურავე ქალიშვილი გაიწვია და ისიც ისე აცეკვდა, თითქოს მართლა ყინულზე დგასო. მერე სხვა წყვილებიც გამოიხმო ამ უცნაურმა უცნობმა და ახლა მთელი მოედანი ლაღად დასრიალებდა. ბოლოს პრინცესამაც ვერ მოითმინა და ბრძანა ციგურებიანი ფეხსაცმელები მოერთმიათ. მაშინვე მოართვეს. პირველი წრე უცნობთან ხელიხელჩაკიდებულმა შემოუარა. მერე უცნობმა ცალი ხელი აუწია და დააბზრიალა, უცებ გააჩერა, ჰაერში შეისროლა და ისევ დაიჭირა, ახლა მკერდზე მიიკრა და მასთან ერთად დატრიალდა. პრინცესას აღტაცელისაგან თავბრუ ესხმოდა, არასდროს არცერთ ყინულის მოედანზე ასე არ უსრიალია, ასეთი სიმსუბუქე არ უგრძვნია.

– ბრავო! – კვლავ აბღავლდა ბრბო.

ახლა ხელმწიფეც გაოცებული იყო. ყოველი შემთხვევისათვის საიდუმლო ბრძანება გასცა, ციგურაობის დამთავრებისთანავე ის უცნობი შეიპყარით და მომგვარეთო.

პრინცესა გრძნობდა, რომ მისი პარტნიორი არ იყო უბრალო მოციგურავე, მანერებზე ატყობდა, რომ კეთილშობილი უნდა ყოფილიყო. „ნამდვილად ჩრდილოელი ხელმწიფის შვილია“, – გაუელვა თავში.

ორი ცეკვის შემდეგ უცნობი პრინცესას ხელზე ეამბორა, მერე ბეჭედი წაიძრო და მეფის ასულს თითზე წამოაცვა.

– აი, თქვენო უმაღლესობავ, გქონდეთ სახსოვრად. ეს ჯადოსნური ბეჭედი დედაჩემს აჩუქა ინდოეთის დედოფალმა. თუ რამე გაგიჭირდეთ ან ჩემთან საუბარი მოგენატროთ, ეს ზურმუხტის თვალი მოატრიალეთ.

„სწორედ ის პრინცია, ძიძა რომ მიყვებოდა ხოლმე“, – ახლა უკვე დარწმუნდა მეფის ასული. ძვირფას კაბაზე მსხვილი მარგალიტის საკინძი მოიგლიჯა და „ სღაპრულ პრინცს“ გაუწოდა. უცნობმა მარგალიტი უბეში ჩაიდო და მდაბალი რევერანსი გაუკეთა პრინცესას. საჩუქრების გაცვლა–გამოცვლა არავის შეუმჩნევია და პრინცესამ გადაწყვიტა არავისთვის გაენდო საიდუმლო, სანამ ბედი მათ საბოლოოდ არ დააკავშირებდა. საბოლოოდ რომ აუცილებლად ერთად იქნებოდნენ, ამაში ეჭვიც კი არ ეპარებოდა. კიდევ ერთხელ ჩამოუარეს ვალსი მოციგურავეებმა, უცნობმა მადლობა მოახსენა მეფის ასულს, თავი დაუკრა და ის იყო შეტრიალდა, რომ ორი ჯანიანი ყმაწვილი მის წინ აღიმართა.

– გთხოვთ გამოგვყვეთ, წინააღმდეგობას აზრი არა აქვს! – უჩურჩულა ერთმა და მკლავში ხელი წაავლო.

– ახლავე! – ხმადაბლა მიუგო უცნობმა და უცებ ეს ორი ახმახი ჩიკორივით დაბზრიალდა, არა, ციგურები მათ არ ეკეთათ, ჩვეულებრივი სალდათური სახაზინო ჩექმები ეცვათ და მაინც ბზრიალებდნენ.

– ბრავო! – დაიქუხა მოედანმა, ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა სიცილისაგან. იცინოდა პრინცესაც. არ იცინოდა მხოლოდ მეფე ჩიგიდი.

როცა ახმახებმა თავიანთი პირუეტი დაამთავრეს და მოცელილებივით ძირს დაეყარნენ, უცნობი აღარსად ჩანდა. ხელმოცარული ახმახები საკაცეებზე დადეს და ისე შეიტანეს პოლიციის შენობაში. ხალხი გამხიარულდა. მოედანზე ისევ გამოვიდნენ მოციგურავეები. იგრიალა ორკესტრმა, მაგრამ ვეღარავინ იძროდა ადგილიდან, პრინცესამ ორიოდე ნაბიჯი გადადგა და ილაჯწართმეული წაიქცა. მაშინ მეფის ასულმა ფეხთ გაიხადა, ფეხშიშველა მიირბინა პოლიციის შენობასთან და აივანზე გადმომდგარ პოლიციის უფროსს ციგურიანი ფეხსაცმელი გაუქანა, მაგრამ ვერ მიაწვდინა და ბრაზისაგან კბილები დააკრაჭუნა. მერე ერთი აყლაყუდა პოლიციელი მოიხმო, თავისი ფეხსაცმელები მიუგდო და უბრძანა:

– ესროლე შენს ბრიყვ უფროსს და, ვაი შენი ტყავის ბრალი, თუ დააცილე!

– თქვენო უმაღლესობავ! – აიწურა ორცეცხლშუა ჩავარდნილი პოლიციელი.

პოლიციის უფროსი ფერწასული იდგა აივანზე და ადგილიდან ვერ დაძრულიყო. მოედანი ხარხარებდა.

– ახლავე უბრძანე, გესროლოს! – შესძახა პრინცესამ.

– თქვენო უმაღლესობავ! – დაიწყო პოლიციის უფროსმა.

– ახლავე! – იკივლა მეფის ასულმა, – თუ არ გინდა, რომ ოქროს გალიაში ამოჰყო თავი!

– მესროლე, სერჟანტო! – გასცა ბრძანება უფროსმა.

სერჟანტმა გაუქანა და ააცილა.

– არ ითვლება, – თქვა პრინცესამ ამჯერად უკვე დინჯად, – გადმოაგდე.

სხვა რა გზა იყო? გადმოაგდო ფეხსაცმელი პოლიციის უფროსმა და სმენაზე დადგა.

მეორე ნასროლი უფრო ზუსტი აღმოჩნდა, საბრალო უფროსს ცხვირი გაუსკდა.

– ერთი! – თქვა პრინცესამ.

– ერთი! – გაიმეორა აღტაცებულმა ბრბომ.

მეორე მუცელში მოხვდა, შეღავათმიცემულმა უფროსმა კიდევაც გაიღიმა.

– აღარ ჩაერევა სხვის საქმეებში, – თქვა მეფის ასულმა.

გამხიარულებულმა ბრბომ ვაშას ძახილით მიაცილა პრინცესა ალაყაფის კარამდე.

კატის ნახტომი

ინმა და ჭაბუკამ ძლივს დააღწიეს თავი გააფრთებულ ბრბოს და ხელოსანთა უბნისაკენ გაექანნენ. წინ გოგონა გარბოდა, მალიმალ მოხედავდა ჭაბუკას, ეშინოდა არ ჩამორჩენოდა სადმე და იმ გიჟებს არ ჩავარდნოდა ხელში. ოდესღაც ფილაქნით მოფენილ, ახლა კი ოღროჩოღრო, დაბრეცილ ქუჩაზე რომ გამოვიდნენ, შეჩერდნენ, გულები ამოვარდნაზე ჰქონდაო.

– ახლა ნუღარაფრისა გეშინია, სამშვიდობოზე ვართ, – უთხრა ინმა
და ანიშნა, მომყევიო.

ქუჩა ისე ვიწრო იყო, რომ გაღმა–გამოღმა სახლებიდან მეზობლები
ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, თუ შემთხვევა მოიტანდა, გაკაპასებული დედაკაცები თმებით ითრევდნენ ერთმანეთს თავ–თავიანთი აივნებიდან. იკრიბოკრო სახლების ზემო სართულები ზოგან საბრძოლოდ შემართული
ვაცებივით გადახრილიყვნენ ერთმანეთისაკენ. ადამის ხნის სხვენებზე უამრავი კატა იყო მომრავლებული. მარცხენა მხრის კატებს მარჯვენა მხრის კატებთან გადასასვლელად ერთი ნახტომი ჰყოფნიდათ. გამვლელს ზევით რომ აეხედა, შეამჩნევდა, როგორ გაიელვებდნენ ხოლმე დროდადრო ცის ფონზე ფუმფულა აკრობატები. ამიტომაც შეარქვეს ამ ქუჩას კატის ნახტომი, ამ უბნელებს კი სულკატიანები. აქაური ქუჩის ბიჭები… თუმცა ამ უბანში ყველა ბიჭი ქუჩის ბიჭი იყო და ყველა გოგო ქუჩის გოგო. არცერთი დედა არ გადმომდგარა ჯერ აქ და არ დაუძახია, შვილო, ამოდი, გაკვეთილები მოამზადე, ან გოგლიმოგლი ჭამე, მუსიკის მასწავლებელთან წასვლის დროაო. ბავშვები არც სკოლაში სწავლობდნენ და არც მუსიკაზე დადიოდნენ, არც გოგლიმოგლის ჭამდნენ და არც მიქსტურებს სვამდნენ. იცოდნენ, დედა თუ უძახოდათ, შეშის ჩეხვა არ ასცდებოდათ ან პურზე გაგზავნიდნენ, მამის დაძახებას კი ქამრის გადაჭირება მოჰყვებოდა. ამიტომ ცდილობდნენ თავიანთი სახლიდან შორს ეთამაშათ, რომ მშობლების თვალი და ყური ვერ მისწვდომოდათ. დიახ, აქაური ბავშვები ქუჩაში იზრდებოდნენ, ქუჩის ბავშვები იყვნენ და რაკი ყველა ბავშვი ქუჩის ბავშვი
იყო, ჩვენც უბრალოდ ბავშვები დავუძახოთ.

აქაური ბავშვები ასე მღეროდნენ:

ცაზე ირმის ნახტომია,
ჩვენს უბანში – კატისა.
პაპას ძილი გასტყდომია,
დამდეგია მარტისა.

აი, ამ კატის ნახტომზე იყვნენ ახლა ჩვენი ყმაწვილები.

– სალამი, ინ! – უძახოდნენ ფანჯრებში გადმომდგარი გოგო–ბიჭები ინს.

– ეგ თოჯინა სად გიშოვია?

– ფრთხილად, არ გაგიტყდეს.

– გამიცვალე, ბაყაყის კვერცხს მოგცემ!

ჭაბუკას უნდოდა პასუხი გაეცა აბეზრებისათვის, მაგრამ ინმა არ დაანება, მოესწრები მაგათთან ჩხუბსო. პატარა ეზოში შევიდნენ, ვიწრო, ბნელი დერეფანი გაიარეს და ერთ კარს მიადგნენ. ოთახიდან ჭუჭრუტანებში სინათლე გამოდიოდა. ინმა კარი შეაღო. ნავთის ლამფით განათებულ პატარა ოთახში თეთრწვერა სათვალიანი მოხუცი იჯდა და სქელ წიგნს კითხულობდა.

– პაპა, აი ბიჭი მოვიყვანე, – უთხრა მოხუცს ინმა.

– ვხედავ, შვილო. რა გქვია?

– ჭაბუკა.

ათიოდ წუთის შემდეგ მოხუცმა უკვე იცოდა, რომ ჭაბუკა ცხრა მთას იქიდან იყო. მოსული.

– მადლობა ღმერთს, ისევ ვნახე ცხრა მთას იქეთის ადამიანი. წინათ, ჩემს ბიჭობაში შევხვედრივარ თქვენებურებს, ჩვენი ხალხიც მოხვედრილა თქვენში…

– პაპა სამოცი წელი მსახურობდა სასახლეში მეფის მეჯინიბედ, – გაანდო ინმა ჭაბუკას, როცა ყმაწვილები ღარიბულ ვახშამს მორჩნენ და მთელი დღის დაღლილები კუთხეში ხის ტახტზე ჩამოსხდნენ.

– ამ მეფის მამასთან? – იკითხა ბიჭმა.

– არა, ამ მეფესთან, მეფე ჩიგიდთან.

– როგორ?! მეფე ჩიგიდი ამ ხნისაა?!

– მეფე ჩიგიდი ას წელზე მეტისაა, შვილო, – უპასუხა პაპამ, – მაგრამ ხანი არ ემატება.

ეს კიდევ ერთი საოცრება იყო ამ საოცარ ქვეყანაში.

– განა თქვენს მეფეს უკვდავების წყალი აქვს დალეული?

– მეფემ სამოციოდე წლის წინ, მაშინ მე ახალი მოსული ვიყავ სასახლეში და უმცროს მეჯინიბედ ვმსახურობდი, რაღაც მანქანებით ხელში ჩაიგდო ერთი სწავლული ჩინელი მოგვი სენ–სენ–ვეი და იმას დასტყუა უბერებლობის საიდუმლო. ამბობენ, იმ მოგვმა მეფეს ჯადოსნური საათი გაუკეთაო. საათი წიკწიკებს, მუშაობს, მაგრამ ისრები არ იძვრიან. სანამ ის საათი გაჩერებულია, მეფეს ხანი არ ემატება. უკვე დაბერდნენ და დაიხოცნენ ტახტის მემკვიდრე სინგური და ტახტის მემკვიდრე სარანგი, დარჩა ერთადერთი მემკვიდრე პრინცესა ელსარა.

– აი საოცრება თუ გინდა, ეს არის!

– ის მოგვი ახლა მეფეს ჰყავს დატყვევებული, ჯადოსნურ საათსა სთხოვს პრინცესისათვის, მაგრამ არაფერი გამოსდით. მოხუცმა საათი ააწყო, მაგრამ სწორედ ის სიტყვა დაავიწყდა, ადამიანის საგანთან დასაკავშირებლად რომ არის საჭირო. უკვე ოცი წელია ზის საბრალო მოგვი ციხეში გამოკეტილი, უდევს წინ ის საათი და ბუტბუტებს. ოცდათორმეტი ენა იცის. ოცი ენის სიტყვები უპვე ჩამოათავა. დარჩენილი თორმეტი ენიდან რომელიმე ენაში მაინც გამოერევა ის სიტყვა და მაშინ ჯადოც ამოქმედდება.

– მერე სადა აქვს მეფე ჩიგიდს თავისი საათი?

– მუდამ თან ატარებს, მაგრამ ჯერ არავის უნახავს, როგორია. ღამეც ზედა აქვს. მოგვისაგან რომ ვერაფერს გამოდნა, ჩვენს დიდებულ მესაათე ბაზილს გადაეკიდნენ, შენ თუ მოინდომე, ყველაფერს გააკეთებო. ბაზილი მართლაც ჯადოსან ოსტატად ითვლებოდა მთელს სახელმწიფოში. მესაათე დიდი ბუნების კაცი გამოდგა, უარი თქვა – მე ამ საქმისა არაფერი გამეგებაო. მერე ბრალად დასდეს, ხალხს ჭკუას უმღვრევს, მეფის წინააღმდეგ ამხედრებსო, და დაიჭირეს. ამბობენ, მართლაც ჰკრებდა გარეუბნებში მეზღვაურებს, მტვირთავებს, ხელოსნებს და სამართლიანობაზე ელაპარაკებოდაო. ვიღაც ოხერს გაუცია. მეორე დღესვე საჯაროდ კოცონზე დაწვა უნდოდათ. უკვე ყველაფერი მზად იყო საამისოდ. მთავარ მოედანზე ზღვა ხალხს მოეყარა თავი. შუაგულში ამართული ბოძის გარშემო ფიჩხი და ხმელი შეშა დაეხვავებინათ. ვიწრო კიბე ადიოდა ბოძამდე, რომელზედაც მისჯილი უნდა მიეკრათ თოკით. ირგვლივ სამ წყებად მეფის გვარდიელები იდგნენ ხიშტმომარჯვებულნი, ეშაფოტის პირდაპირ ამაღლებულ ფიცარნაგზე მეფე და დიდებულები ისხდნენ. მისჯილი შავი ეტლიდან გადმოიყვანეს. ხალხში შერეულმა პოლიციის ჯაშუშებმა ატეხეს ყვირილი:
„სიკვდილი ხალხის მტერს!“, „დღეგრძელი იყოს მეფე ჩიგიდი“! – ხალხიც აჰყვა – სხვა რა გზა იყო?! ვინც მონდომებით არ ყვიროდა, იქვე იჭერდნენ. გვარდიელების წრე გაიხსნა და ერთ წუთში გაშიშვლებული ხმლების დერეფანი მზად იყო გაეტარებინა მისჯილი, სწორედ ამ დროს მოხდა გაუგონარი რამ. დღემდე არავინ იცის დანამდვილებით მომხდარი ამბის მიზეზი. ეშაფოტისაკენ მიმავალი უკან ხელებშეკრული მესაათე უცებ შემოტრიალდა და ხმალშემართულ ოფიცერს რაღაც უთხრა. ოფიცერი შეცბა. თვალების ცეცება დაიწყო, მერე მეფის დაცვის უფროსს გადასძახა რაღაც. მეორე წუთში ფიცარნაგიდან გაოცებული დიდებულები ჩამოვიდნენ. მეფე მარტო დატოვეს. მაშინ მესაათე მშვიდად ავიდა ფიცარნაგზე და რაღაც უთხრა მეფეს. მეფემ იმ ადგილას იტაცა ხელი, სადაც პერანგის ქვეშ საიდუმლო ჯიბეში ის ჯადოსნური საათი ედო და შეჰყვირა. მესაათემ ხელათ ანიშნა, დამშვიდდიო, კიდევ უთხრა რაღაც და გამობრუნდა. მეფე წამოდგა და პოლიციის უფროსს მოუხმო. მესაათე ისევ ჩასვეს შავ ეტლში და გააქროლეს. მის შემდეგ ხუთი წელი გავიდა. მესაათე ისევ ისე უზხზით კოშკში.
დიდ პატივში ჰყავთ, არაფერს აკლებენ, მაგრამ გარეთ არ უშვებენ. ხალხში ხმა დადის, ბაზილი რაღაც განსაკუთრებულ საათს აკეთებს თავის კოშკში და, როცა დაასრულებს, მაშინ გვეშველებაო.

ბაზილის ამბავი მართლაც ასე იყო. ერთ დროს მარტო თავის ქალაქში კი არა, მთელს სამეფოში გაისმოდა მისი ქება. ბაზილის ჯიბის საათი, ბაზილის მაჯის საათი, კედლის საათი, მაგიდისა, საათი–გულსაკინძი, საათი–ბეჭედი, ქალის, კაცის, ბავშვის, სანეფედედოფლო, – რა არ გამოდიოდა მისი ჯადოსნური ხელიდან. ხშირად გაიგონებდით მესაათებისა და ანტიკვარებისგან; „ნამდვილი ბაზილია“, „ციფერბლატი აქვს ბაზილის“, „ბაზილის მოწაფისაა“, „ადრეული ბაზილია“, „მოწიფული ბაზილია“, „ბაზილის აწყობილი კურანტები აქვს“. ყველა ქალაქში მუშაობდა მისი თითო შეგირდი მაინც. ბაზილის მადლი სცხიაო, – ატყოდნენ ხოლმე, თუ კარგი ოსტატი იყო. შეგირდებს საკუთარი სახელოსნოს აბრაზე ბაზილის ემბლემა, ოქროს მამალი ჰქონდათ გამოსახული. საოცარი კურანტების აწყობა იცოდა. ყველა საათს განსაკუთრებულ საგანგებო ჰანგს შეუწყობდა ხოლმე. „ბაზილ, შენ მუსიკოსი უნდა იყო, სამეფო ორკესტრისათვის უნდა თხზავდე მუსიკას. შენ კი სულ საათებს ჩაჰკირკიტებო“, – ეუბნებოდნენ მისი ჰანგებით მოხიბლული კარისკაცები. ბაზილს კი თავისი ხელობა ყველაფერს ერჩია. „დროზე დიდი სასწაული ამქვეყნად არ არსებობს. მეორე სასწაული კი ის არის, რომ ადამიანმა დროის წყვა ისწავლა. მე დროის საწყაოს ვაკეთებ და თუ დრო სასწაულია, მისი საწყაო ისეთი უნდა იყოს, რომ ღამეს უხაროდეს გათენება, დილა კი მხიარულად მიბაკუნობდეს წყნარი საღამოსკენ“.

ამბობენ, ერთხელ მეფის მთავარსარდალს ბედმა უმტყუნაო. სამი თვე გარს ერტყა მისი ჯარი აჯანყებულ ქალაქს, მაგრამ ვერაფერი გააწყო. შინ გამობრუნებულს მოწინააღმდეგე თავს დაესხა და მთელი მისი ჯარისაგან
გადარჩნენ თვითონ გენერალი და მისი შტაბის უფროსი. გენერალმა შტაბის უფროსი მეფესთან საპატაკოდ გაგზავნა, თვითონ კი როგორც დამარცხებულ სარდალს შეჰფერის, გადაწყვიტა თავი მოეკლა. ამოიღო დამბაჩა, მიიდო საფეთქელზე და გამოკრა ჩახმახი, მაგრამ დამბაჩა არ გავარდა. საქმე ის იყო, რომ გენერალი გატენილი, გამზადებული დამბაჩის მორთმევას იყო დაჩვეული და ფალიაზე წამლის მოყრა დავიწყებოდა. რის გაივაგლახით გამოუცვალა ფალია და ის იყო ისევ უნდა შეემართა დამბაჩა, რომ უბის ჯიბეში საათმა დაიწკრიალა, ამას ხუთი უნაზესი წკარუნი მოჰყვა და ცოტა ხნის შემდეგ გაისმა საოცარი ჰანგი, ახლად შობილი დღის სადიდებელი. შეუძლებელი იყო ამ ჰანგის გულგრილად მოსმენა, გენერალს მთელი თავისი ცხოვრება დაუდგა თვალწინ. გაახსენდა ბავშვობა, სამხედრო სასწავლებელი, მხიარული პარადები, მამისეულ სახლში გატარებული არდადეგები, მაშინდელი გემრიელი ღვეზელი, ნამცხვრები… ბოლოს გული აუჩუყდა და ტირილი დაიწყო. იმდენი ცრემლი დასდინდა, რომ ფალიაზე
წამალი მთლად ‘დაუსველდა, გამოკრა ჩახმახს და, რა თქმა უნდა, არც ახ–
ლა გავარდა დამბაჩა. სანამ გენერალი ამ ყოფაში იყო, აჯანყებული ქალაქის მესვეურებმა გადაწყვიტეს, ჯობია ისევ მეფეს ჩავაბაროთ ქალაქი, თორემ შეიარაღებული ხალხი მერე ჩვენც მოგვდგებაო. ეახლნენ გენერალს და თაყვანი სცეს. მტრის დასალაშქრად გამოსული აჯანყებულთა რაზმი რომ დაბრუნდა, ქალაქში უკვე მეფის ჯარი იდგა. ამის შემდეგ გენერალი საათს აღარ იშორებდა. თუმცა მალე გადააყენეს, მაგრამ უკვე სულ სხვა რამისთვის.

თვით მეფემაც კი უარი თქვა უცხოურ საათებზე და სასახლეში ყველგან ბაზილის საათები დაკიდა. ქალაქის მთავარი კოშკის საათს სამ წელიწადს მოუნდა ბაზილი, კიდევ ორი წელი კურანტების აწყობას დასჭირდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ მისი ჰანგების მოსასმენად. ეს ოცდაოთხი ჰანგი ოცდაოთხი მოულოდნელი საოცრება იყო. პირველ ხანებში ხალხი მოედანს ვეღარ სცილდებოდა. ხელოსნები, ვაჭრები, მოსწავლეები, მათხოვრები, მღვდლებიც კი იდგნენ მთელი დღეები მოედანზე და ერთი საათის სადიდებელს რომ მოისმენდნენ, ახლა მეორე საათის დადგომამდე იმ საოცარ ჰანგს მღეროდნენ. ოჯახებში სადილი აღარ კეთდებოდა, წინსაფრიანი დიასახლისები თავიანთი სახლების წინ იდგნენ სმენად გადაქცეულხი, შინ მოშივებული ძუძუთა ბავშვები ტიროდნენ. სასახლის აივანზე იყვნენ გამოფენილნი მეფე–დედოფალი, უფლისწულები, დიდებულები. მინისტრები. ერთი კვირა თითქმის აღარაფერი ახსოვდა მთელს ქალაქს; „ბაზილ! ბაზილ!“ – გაისმოდა აღტაცებული ხმები. ბოლოს, როგორც იქნა, გამოერკვნენ ქვეყნის მესვეურები, ხელოსნობა დაეცა, ვაჭრობამ მიიძინა, წირვა–ლოცვა შეწყდა, ხაზინა დაიცალა. მაშინ მეფემ ბრძანა და ბაზილმა დაადუმა კურანტები. ახლა საათი დილა–საღამოს უკრავდა მხოლოდ. ამას ქალაქში მღელვარება მოჰყვა, ხალხი არ ნებდებოდა. მეფემ მოიღო მოწყალება და ამიერიდან ყოველ კვირა დღეს ხალხს შეეძლო ოცდაოთხი საოცრების მოსმენა. მაშინ იყო, რომ თქვეს, ამ ქალაქის მცხოვრებნი ორშაბათიდან კვირამდე ვერ გააწევდნენ, კვირას ბაზილის საათი რომ არ ჰქონდეთ მოსასმენიო.

საათი ისეთი ზუსტი იყო და ხალხი ისე ენდობოდა მას, რომ ახლთომახლო სოფლებშიაც კი მისი რეკვა კანონი იყო, გლეხებმა მალე გადაივიწყეს, რას ნიშნავდა „ერთი შუბისტარი“, „ორი შუბისტარი“. ლამის იმასაც ფიქრობდნენ, მზე ბაზილის საათზე ამოდის და ჩადისო. ერთხელ საათის მექანიზმში მოხეტიალე კატა შემძვრალიყო და გაეჩერებინა. მზის ჩასვლისას მოცვივდნენ შეშფოთებული მთიბავები, რა ამბავია, სადილობის ჟამს რატომ არ რეკავს, დავწყდით ხელების ქნევითა და შიმშილითო.

მაშინვე, როგორც კი ჩიგიდმა ჯადოსნური საათი და მასთან ერთად უბერებლობის ჯადოც კი იგდო ხელთ, თავის ქვეყანაში ყოველგვარი საათი
აკრძალა. გააჩერეს და დაადუმეს ქვეყნის პირველი საათიც.

დიდებული ოსტატი კი დაუნდობელ მეფე ჩიგიდს საპატიმრო კოშკში
ეჯდა. დიდხანს იგლოვა ხალხმა ეს ამბავი, მაგრამ რას იზამდა? ძალა აღმართს ხნავს. ჯერ მოითმინა, მერე შეეჩვია და ბოლოს, სხვა ათასი ჭირისაგან შეწუხებულმა, კიდეც დაივიწყა. იქნებ ახსოვდა კიდეც, მაგრამ ხსენებას ვერავინ ბედავდა.

გვიან ღამემდე ილაპარაკეს ამ საოცარი ქალაქის ამბებზე პაპა პიეტრომ, ინმა და ჭაბუკამ. ბიჭს საშინლად შეეცოდა კეთილი პაპაც, ინიცა და მათი მეგობრებიც. მეგობრები კი ჰყავდათ პაპა–შვილიშვილს. მართალია, მათი მეგობრებიც მათსავით დაჩაგრულები იყვნენ, მაგრამ ერთგულება არ აკლდათ. მთელი კატის ნახტომი მზად იყო დაეცვა საყვარელი პაპა პიეტრო და სახელგანთქმული სილვიოს ერთადერთი ქალიშვილი. განსაკუთრებით ახლობელი პრინცესის წამლის ჭაშნაგირი აბუსალათინი იყო, რომელსაც ყველა მენაცვალეს ეძახდა. მენაცვალე 14–15 წლის ბიჭი იყო, მაგრამ ჭკუა და მოხერხება ბევრ ვაჟკაცზე მეტი ჰქონდა. ის იყო სილვიოსა და სხვა კატისნახტომელი პატიმრებისა და მათი ოჯახების დამაკავშირებელი შიკრიკი. მისი წყალობით კატის ნახტომმა ბევრ დიდებულზე ადრე იცოდა, რას აპირებდა მეფე, პრინცესა თუ სახელმწიფო საბჭო.

ჭაბუკამ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, დახმარებოდა ინს მამის გათავისუფლებაში. თან იმასაც გრძნობდა, რომ ეს ძნელზე ძნელი საქმე იყო. სადღაც გულის სიღრმეში იმედი უღვიოდა, გაჭირვებაში ისევ ტინიტო დამეხმარებაო, ერთი გაფიქრება გადაწყვიტა, გამოეძახა და დახმარება ეთხოვა მისთვის, მაგრამ მაინც უარი თქვა ამაზე: ჯერ მე თავად ვიღონებ რამეს და ვნახავ, რა გამომივა, თუ ძლიერ გამიჭირდა, მაშინ ვთხოვ ტინიტოს დახმარებასო.

ნაშუაღამევს ყმაწვილებმა ერთმანეთს და–ძმობა შეჰფიცეს, სახვალიოდ გეგმები დააწყვეს და დაღლილ–დაქანცულებმა დაიძინეს.

ჭა სასახლეში


მეორე დღეს დილაადრიან გამოვიდნენ ჭაბუკა და ინი ქალაქში, ქუჩებში არავინ ჩანდა, აქა–იქ ფანჯრიდან თუ გამოიხედავდა ვინმე და წამსვე მიიხურავდა დარაბას.

– არ იციან, რა ამინდს გამოაცხადებს მეფე, – აუხსნა მეგობარს ინმა, – თბილად ჩაიცვან, ვაითუ ზაფხული ინებოს, საზაფხულოდ გამოეწყონ და – იქნებ წუხანდელი ზამთრის გაგრძელება ბრძანოს. ხომ ხედავ, მეეზოვეებს თოვლის ასაღები ნიჩბებიც გამოუტანიათ და ნაგვის ასახვეტი აქანდაზებიც.

ქუჩის ბოლოში ორი ზორბა პოლიციელი გამოჩნდა.

– საკბილოს ეძებენ! – თქვა ინმა და მეგობარს ხელი უბიძგა. გზისპირა თხრილში ჩაწვნენ და სუნთქვაშეკრულნი გაინაბნენ.

უცებ სულ ახლოს სიმღერა გაისმა:

ზაფხულში გვაქვს ზამთარი,
მზე აცხუნებს – გვყინავს,
მსუქანი ვართ გამხდარი,
ფხიზლადა ვართ – გვძინავს.
მაძღარნი ვართ – გვშია,
მხიარულნი – ვტირით,
კაცისა გვაქვს იერი,
ნამდვილად ვართ ვირი.
დღეგრძელობა მეფე ჩიგიდს!
მუდამ ამას ვყვირით.

ეს იყო მთელს ქალაქში განთქმული მოხეტიალე ჯამბაზი, მასხარა და მომღერალი, ყველასათვის საყვარელი ვინი. ვინს ხანდახან სასახლეშიც კი იწვევდნენ ნადიმებზე და იქაც მღეროდა თავის დაურიდებელ სიმღერებს. როგორც ყოველთვის, ახლაც თან ახლდა თავისი ტოპი, პატრონზე არანაკლებ სახელგანთქმული და მასავით ყველასათვის საყვარელი, საოცრად ჭკვიანი ძაღლი იყო ტოპი. შეეძლო ოცამდე თვლა, მიმატება–გამოკლება, სიმღერა – სევდიანიც და მხიარულიც. მალაყებსა და სხვა ოინბაზობაში ხომ ტოლი არ ჰყავდა. „სიღარიბეს რა ვუთხარ, თორემ ამას რომ ესწავლა, სულ ცოტა პოლიციის უფროსი მაინც იქნებოდაო”, – ამბობდა ვინი.

ხალხს იმიტომ უფრო უყვარდა ტოპი, რომ ჩამომავლობით ჩვეულებრივი ეზოს ძაღლი იყო და მის სისხლს ერთი წვეთიც არ ერია გადაპრანჭული არისტოკრატი დოგებისა, ტერიერებისა, დობერმან–პანჩერებისა ან იმ ქარაქუცა ბოლონებისა და პუდელებისა, უკანა თათებზე დგომის მეტი რომ არაფერი იციან.

პოლიციელები წინ გადაუდგნენ ვინს.

– გამატარეთ, თორემ მზისაგან მოსიპულ გზაზე ფეხი დამიცდება და ამ შუა ზამთარში ზაფხულის მტვერში ამოვისვრებით მეცა და ტოპიც, თუ ამის ნებას მისი უდიდებულესობა დაგვრთავს.

– ვინ, ვინ! გვიმღერე კიდევ რამე საოხუნჯო! – იღრიჯებოდნენ სეირს დანატრებული პოლიციელები, მაგრამ ვინი სასაცილო ხტუნვა–ცეკვით გაეცალა მათ და მოედნისაკენ წავიდა, უკან მხიარული ყეფით ტოპი მისდევდა. პოლიციელებმაც ჩაიარეს. ყმაწვილები წამოდგნენ.

– ამბობენ, სულაც არ არის ლოთი ეგ ვინი, თავსაც ტყუილად იგიჟიანებსო, – უჩურჩულა მეგობარს ინმა.

– ხალხო, გამოდით! – ყვიროდა ვინი, – ჩაიცვით გრილი ქურქები, მიირთვით ცხელი ნაყინი, დაუკარით ტაში და იტირეთ გემრიელად.

ტოპი ხან მწუხარედ ყმუოდა და თავში თათს იცემდა, ხან მხიარულად მალაყებს გადადიოდა.

ხალხი ფანჯრებიდან ეხმიანებოდა ვინს, გარეთ გამოსვლას კი ვერავინ ბედავდა.

უკაცრიელი ქუჩა რომ ჩაათავეს, მაცნეთა საყვირების ხმა მოესმათ. სასახლის გალავანთან აღმოჩნდნენ. საყვირის ხმაზე შეკრებილ ხალხს გამოუცხადეს, დღეს მაისის 15 იქნება, სითბო და მზეო, და რაკი მზე მართლაც ანათებდა და კიდევაც თბილოდა სასეირო აღარაფერი იყო და ხალხიც მალე დაიშალა.

ერთ ქუჩაზე ჭაბუკამ ეკლიანი მავთულით შემოღობილ ეზოს მოჰკრა თვალი. ეზოში უამრავი ხალხი ფუსფუსებდა. გვერდით უფრო დიდი ეზო იყო და შიგ სიმაღლეზე ოთხრიგად დაწყობილი რუხტანსაცმლიანი ხალხი ფეხაწყობილი დააბოტებდა და მღეროდა.

– აქ ურჩი ხალხი ჰყავთ დამწყვდეული, – აუხსნა ჭაბუკას ინმა, – ჯერ პატარა ეზოში ამწყვდევენ, თუ კარგად მოიქცევიან, დიდში გაიყვანენ.

– მერე ალბათ ამუშავებენ?

– არა, დილიდან საღამომდე მეფე ჩიგიდის სადიდებელ სიმღერებს ამღერებენ.

ყმაწვილებმა უცებ იმ კეთილ მოხუცს მოჰკრეს თვალი. ალბათ მეზობლის დასმენით შეეპყროთ. იგი მწყობრის ბოლოში სხვა მოხუცებთან ერთად მოჩანჩალებდა. ჭაბუკას უნდოდა დაეძახნა, მისალმებოდა, გაემხნევებინა, მაგრამ ინმა არ დაანება, ჩვენ დაგვიჭერენ, მოხუცს კი ისევ პატარა ეზოში გადაიყვანენო.

იქვე ახლოს სხვა ასეთივე მავთულხლართიანი ეზო იყო, სადაც მშობელჩამორთმეული ბავშვები ჰყავდათ დამწყვდეული, სხვა ეზოში დედობაჩამორთმეული დედები ისხდნენ.

– განა რა დააშავეს ასეთი? – იკითხა ჭჯაბუკამ, რომელსაც გული ეკუმშებოდა მათი საცოდაობით.

– არაფერი. ვინ იცის! რომელიმე დიდებულს მოეჩვენა რამე, სტაცებს ხელს ჩვენსავით საბრალო სახელწართმეულ ადამიანს და გაისტუმრებს ეკლიან ეზოში ერთი თვით.

ერთი შესახვევიდან ტვირთაკიდებული, გაძვალტყავებული ხნიერი კაცი გამოვიდა. ოთხად მოკაკულს ზურგზე ვეება ყუთი გაედო და ხვნეშით მოჰქონდა. უკან აბრეშუმ–მაქმანებში გამოწყობილი უწვერული ბატონი მოჰყვებოდა ღიღინით და დროდადრო თავის მსახურს გრძელ შოლტს ფეხებში უტყლაშუნებდა.

არა, ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა! ჭაბუკა გაექანა და პირდაპირ მუცელში ატაკა თავი ამპარტავან ბატონს. ბატონმა ერთი დაიჭყვირა და წაიქცა. ჭაბუკას ინიც მიეხმარა, შოლტი წაართვეს და ერთი და ორი უთავაზეს იმ დაუთოებულ თოჯინას. ამასობაში მსახურმა ტვირთი ჩამოიღო და გულმოწყალე ქომაგებს შეუტია. ყმაწვილებს დროზე თავისთვის რომ არ ეშველათ, ცუდად იქნებოდა მათი საქმე: სახელიანი მოქალაქის ცემისათვის ულაპარაკოდ სიკვდილით დასჯიდნენ ორივეს.

მსახურის უმადურობამ გუნება გაუფუჭა ჭაბუკას.

– არავის აღარ სჯერა სიკეთისა. რა ქნას საბრალო მსახურმა: ხვალაც ხომ ჩვენ არ ვეყოლებით გვერდით, ბატონი კი მაგაზე იყრის ჯავრს.

ჭაბუკას აღარ უნდოდა ეცქირა ამ ქალაქისათვის. ან რა უნდა ენახა სასეირო ამ საშინელ ქვეყანაში, საიდანაც ჩიტებიც კი გადაიკარგნენ და სადაც, როგორც ამბობენ, ყვავილებმაც კი იწყეს ჭკნობა.

მაგრამ ყველაზე საშინელი, რაც იმ დღეს ყმაწვილებმა ნახეს, ერთი ამბავი იყო, რამაც პირდაპირ შეზარა ჭაბუკა.

ერთ კვარტალში პოლიციელებს სახლებიდან ხალხი გამოეყარათ და ერთად მოეგროვებინათ. რაღაცის მოლოდინში ყველა გარინდულიყო, ბავშვებიც კი მიყუჩებულიყვნენ. ცხვირა პოლიციელმა ჭაბუკას და ინსაც სტაცა ხელი და წრეში შეაგდო. ამასობაში სამმა პოლიციელმა იქვე სახლიდან ვიღაც მთლად გაფითრებული კაცი გამოიყვანა. მას უკან მოხუცი ქალი მოსდევდა ვიშვიშით, ბოლოს ახალგაზრდა ქალიც გამოჩნდა. ქალს წინ ორი ბავშვი მოუძღოდა, მესამე, ძუძუთა კი ხელში აეყვანა. საცოდავები ერთად დააყენეს და ირგვლივ ხალხს წრე შეაკვრევინეს. მოზვერივით სქელკისერა სერჟანტმა უბიდან გერბიანი ქაღალდი ამოიღო და რიხიანად დაიწყო:

– ამა წლის თორმეტ აპრილს სამეფო პოლიციაში შემოვიდა საჩივარი სასიქადულო მამულიშვილებისა იმაზედ, რომ მოქალაქე უმცროსი დონი მალულად იხედება აკრძალულ კალენდარში და ავრცელებს ქვეყნისა და მეფის სამტრო ხმებს იმის შესახებ, რომ ვითომ ამინდი, წელიწადის დრო და თარიღი მეფის სურვილზე არ არის დამოკიდებული, რომ მზე და ვარსკვლავები საკუთარი კანონებით მოძრაობენ. მასვე გაჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ძველი საათის ციფერბლატი, რომელიც უნდა ჩაებარებინა ხელისუფალთათვის არაუგვიანეს ათი აპრილისა. მისი უდიდებულესობის უცთომელი და კაცთმოყვარე სასამართლოს დადგენილებით ბრალდებულ დონს ასეთი მძიმე დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სიკვდილით დასჯა ეცვლება სამუდამო პატიმრობით, მისი ცოლი ცხადდება გაუთხოვრად, ხოლო შვილები გადაეცემა სახელმწიფოს. ასევე დედობა ჩამოერთმევა ბრალდებულის დედას დიდ დონს.

ამას ის მოჰყვა, რომ დედასა და მეუღლეს საჯაროდ უარი ათქმევინეს შვილსა და ქმარზე. ეს არ იყო რთული საქმე, საკმარისი იყო ქალებს მარჯვენა ხელი ზევით აეწიათ და სამჯერ გაემეორებინათ: „ქვეყნის მოღალატე ჩემი მოღალატეა!“.

ცოლმა როგორღაც მოახერხა და გაიმეორა სამჯერ ეს საშინელი სიტქვები, დედამ ხელი შემართა, მაგრამ უხმოდ ჩაიკეცა გულწასული. ქალები და ბავშვები მეზობლებმა სწრაფად გაიყვანეს წრიდან. შემდეგ პოლიციელებმა ნიშანი მისცეს და ხალხმა ერთხმად დაიღრიალა; „სირცხვილი მეფის მოღალატეს, ქვეყნის მტერს! სირცხვილი, სირცხვილი!“ ვისაც რამე უხალისობას შეატყობდნენ, ლაზათიანად ჩაჰკრავდნენ თავში ხელკეტს, ურჩებს კი ცალკე დავთარში იწერდნენ, რომ შემდეგ განსაკუთრებულად ეთვალთვალათ მათთვის.

ყველაფერი რომ დამთავრდა და პატიმარი წაიყვანეს, ხალხი კიდევ დიდხანს ყვიროდა: „დღეგრძელი იყოს მეფე ჩიგიდი, დაჩაგრულთა მფარველი, ობოლთა გამკითხავი, სამართლიანი!“

როგორც იყო გაეცალნენ იქაურობას ჩვენი ყმაწვილები და მთავარი მოედნისაკენ წამოვიდნენ. სასახლის გალავნის ჭიშკარი ღია დახვდათ, სასახლიდან უამრავი გამხმარი ხე და ბუჩქი გამოჰქონდათ ურმებით. გაყვითლებულიყვნენ ტანადი კვიპაროსები, გამიშვლებულიყვნენ და ტოტები
ჩამოეყარათ მშვენიერ მაგნოლიებს, ალბიციებს, ჩინურ ვარდებს, კამელიებს; იასამნებსა და ჰორტენზიებს ხომ ვეღარ იცნობდით, ნაზამთრალ ქაცვს და ბარდს დამსგავსებოდნენ. ცალკე ურმით პრინცესის ზამთრის ბაღის დამჭკნარი ყვავილები მოჰქონდათ. ზოგიერთი განსაკუთრებით საყვარელი ყვავილი პრინცესამ თავის სარკმელთან ბაღში დაამარხვინა ძვირფას ქოთანში ჩასვენებული. სასახლის ორკესტრი მოიყვანა, დიდებულებს უხმო და ნამდვილი პანაშვიდი გადაიხადა. თვითონაც ძაძით შეიმოსა, სეფე ქალებს თმები გააშლევინა და ხმით დაატირებინა ძვირფას ტახტრევანზე დასვენებული ტიტები, მიხაკები, ნარგიზები, გიაცინტები. ახლა კი მწუხარე პროცესიას უკან მოსდევდა შავ კაბაში გამოწყობილი და თმაგაშლილი. მოედანზე რომ გამოვიდნენ, პროცესია შეჩერდა. ქოთან–კუბოებში ჩასვენებული ყვავილები ურმიდან ჩამოიღეს და საგანგებოდ გამართულ სამგლოვიარო კვარცხლბეკზე დაასვენეს. წინ სასახლის პოეტი წამოდგა, გრაგნილი გაშალა და გამოსათხოვარი სიტყვა დაიწყო

ბოლო დროს პრინცესას ერთი რამ დასჩემდა, წამდაუწუმ იმ უცნობი
მოციგურავის ნაჩუქარ ბეჭედს უსვამდა ხელს, მერე ყურზე მიიდებდა და რაღაცას უსმენდა. ბეჭდის თვალი დროდადრო წითლად აკიაფდებოდა ხოლმე და უცნაურ ჰანგებს გამოსცემდა, ზოგჯერ თითქოს მთელი გუნდის გალობა ისმოდა, ხან გიღაც ჩურჩულებდა და სადღაც უხმობდა პრინცესას. პრინცესა დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი საბედო იყო. ამჯერად ბეჭედი თავისთავად აკიაფდა.

– მისმინე, მისმინე, ჩემო პრინცესა! – წრიპინებდა ნაცნობი ხმა, – შენი ყვავილების მკურნალი შენს წინაშეა.

იმავე წუთში ჭაბუკას თითქოს ვიღაცამ უბიძგა და ზედ ყვავილების
კვარცხლბეკზე მიაგდო. არა, ეს ბიძგი კი არ იყო, რაღაცა ძალამ ბიჭი ასწია და ასიოდ ნაბიჯზე გადაიტანა.

– ეს არის, ეს არის, ეს არის! – აფორიაქდა ხმა.

პრინცესამ ბიჭისკენ ნაბიჯი გადადგა. უცბად შემოჯარულმა სეფექალებმა კივილი ატეხეს, უკან დაიხიეს, თან სამგლოვიარო კვარცხლბეკს მონუსხულივით თვალს ვეღარ აშორებდნენ. მიიხედა პრინცესამ და რას ხედავს? ქოთნებიდან უსიცოცხლოდ გადმოკიდებული ყვავილები წელში გასწორებულიყვნენ, დამღრალი ფოთოლ–ღეროები სიცოცხლის მწვანე ფერ–წვენით ავსებოდათ. წუთიც და იელვეს წითელმა მიხაკებმა, ტიტებმა. ზამბახი ერთი შეირხა, თითქოს ძილიდან გამოერკვაო, და იისფერი ნაზი შუქი მოჰფინა თანამოძმეებს. ზამბახს ქრიზანთემა მიჰყვა, ქრიზანთემას – გიაცინტი და სამგლოვიარო კვარცხლბეკი დიდებულ წალკოტად გადაიქცა.

პრინცესა ბედნიერებისაგან ჭკუაზე აღარ იყო. გულში იკრავდა, ზედ ეხუტებოდა ყვავილებს.

ჭაბუკა გაოგნებული იდგა. ვერ მიმხვდარიყო, რა ამბავი იყო მის თავს. პრინცესამ თავის ამალას გადახედა და თითი უცხო ყმაწვილისაკენ გაიშვირა:

– აი, ჩემი ახალი მეყვავილე. მიგვინიჭებია მისთვის ობერფლორ.მაისტერის წოდება! – ბრძანა და სწრაფად შეტრიალდა.

გაცოცხლებული ყვავილები ისევ ურემზე დაალაგეს და სასახლეში შეაბრუნეს. ჭაბუკას ობერჰოფმაისტერი წარუდგა და სთხოვა სასახლეში წამობრძანდითო. ჭაბუკას ამის არავითარი სურვილი არ ჰქონდა და შეეცადა ხალხს შერეოდა. მაგრამ ობერჰოფმაისტერის ნიშანზე საიდანღაც ორი ზორბა ყმაწვილი გაჩნდა და ჩვენი ჭაბუკა გალავანში ისე შეარბენინეს, ფეხი მიწაზე არც დააკარებინეს. რაკი ბიჭი წინააღმდეგობას უწევდათ, ყოველი შემთხვევისათვის პრინცესის ფლიგელში ცალკე ოთახში ჩაკეტეს. ხუთიოდე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ოთახში სამმა მსახურმა – მზარეულმა, ხაბაზმა და მეშაქარლამემ ქვაბებით, ხონჩებით, ლარნაკებით, შამფურებზე აცმული, ქათქათა ტილოში შეხვეული, ნაირ–ნაირი მოხარშული, მოშუშული, ჩათქვეფილი, შემწვარი, დაბრაწული, გამომცხვარი, ჩამცხვარი, ამოლესილი, შედედებული, ცხელ–ცხელი, თბილი, ჩაციებული სასმელ–საჭმელი შემოიტანეს. ყველაფერი დიდ მაგიდაზე დააწყვეს და უხმოდ გავიდნენ. ბიჭს შიმშილისაგან გული ელეოდა, მაგრამ ეშინოდა, რამე არ დამმართონო, და არაფერს ეკარებოდა. მსახურები ახალგასულები იყვნენ, რომ კუთხეში მდგარი ვეება კარადის უკანიდან სახლის მსახურის ლივრეიანი პატარა ბიჭი გამოვიდა და ჭაბუკას ეშმაკური ღიმილით რევერანი გაუკეთა.

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, სენიორ ობერფლორმაისტერო! ხომ რაფერს ინებებთ? – მასხარას მანჭვა–გრეხით წარმოთქვა მან და პასუხს აღარ დალოდებია, გაწყობილ მაგიდას მიუჯდა. წყვილი ღვეზელი ერთად გაიქანა პირში. ყბის ორი მოქნევა და ღვეზელს ნახევარი ვარიაც მიაყოლა. ახლა ბურვაკის ბარკალი დაითრია.

– დაჯექ, დაჯექ, ცხრამთასიქითელო, ჭამე, რა გენაღვლება მეფის ქონება!

– შენ საიდან მიცნობ?

– გიცნობთ, გიცნობთ, ბატონო ჭაბუკ! – გაიცინა უცნობმა ბიჭმა. მერე წამოდგა და ჭაბუკასთან მივიდა, ხელი გაუწოდა.

– მე აბუსალათინი ვარ, ინის მეგობარი.

– მენაცვალე! – წამოიძახა სახეგაბრწყინებულმა ჭაბუკამ და სტუმარს გადაეხვია.

– ჭაბუკ, ახლა შენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ჯერჯერობით უნდა ჩაიბარო შემოთავაზებული თანამდებობა და პრინცესის ყვავილებს მიხედო. შენ ისეთი ჯადო გქონია!

– რა ჯადო, რის ჯადო?!

– როგორ?! უკვე მთელი ქალაქი შენზე ლაპარაკობს. მკვდარი ყვავილები გაგიცოცხლებია.

– მე არაფერ შუაში ვარ.

– პროფესორ კომპოტინის უთქვამს, მაგ ყმაწვილს ჩვენს ქვეყანაში დაბუდებული ბოროტება ჯერ არ შეჰხებია და ეს სასწაულიც იმის გამო მოხდაო.

ჭაბუკამ გაიხსენა, როგორ უბიძგა წეღან რაღაც ძალამ, თითქოს ვიღაცამ ასწია, გადააფრინა მთელ მოედანზე, გაიხსენა, როგორ ანათებდა ნაჩუქარი ბეჭედი პრინცესის თითზე და მიხვდა, ვისი ოინებიც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ არაფერი უთქვამს აბუსალათინისათვის.

კარებში გასაღებმა გაიჩხაცუნა და აბუსალათინი ისევ კარადას ამოეფარა. ცერემონმაისტერის მსახურებმა კარისკაცის ძვირფასი ტანსაცმელი შემოიტანეს, სკამზე გადადეს, ჭაბუკას თავი დაუკრეს და უხმოდ გავიდნენ. ჭაბუკა მენაცვალეს დახმარებით კარგად გამოეწყო და ცოტა დანაყრდა. აბუსალათინიც მიიწვია, მაგრამ საბრალოს უამრავი წამალი ჰქონდა ჩასაყლაპ–დასალევ–შესასხურებელი პრინცესის მაგივრად და უარი თქვა, ორიოდე ღვეზელი, რამდენიმე ნამცხვარი და ინდაურის ბარკალი ცალ–ცალკე შეახვია და უბე–ჯიბეებში ჩაილაგა.

ამასობაში ისევ გაიჩხაკუნა გასაღებმა.
– მაშ, ნახვამდის, გნახავ მალე, – უჩურჩულა ჭაბუკას მენაცვალემ და კარადის უკან გაუჩინარდა.

კარი გაიღო და ჭაბუკას თვით ობერცერემონმაისტერი გამოეცხადა. იმავე დღეს ჭაბუკამ სასახლის მთელი ბაღ –ყვავილნარი ჩაიბარა. პირველად არ იყო, რომ ახალი მებაღე მოჰყავდათ და მის ხელში პირველ ხანებში ყვავილები ხარობდნენ და ყვაოდნენ სულჩადგმულები, ამიტომ ბევრს არც გაჰკვირვებია ნორჩი მეყვავილის პირველი წარმატება.

– ახალი ცოცხი კარგად გვის, – ამბობდნენ ერთნი.

– ჯერ ყმაწვილია და ამქვეყნის ბოღმა არ გაჰკარებია მაგის გულს, ალალმართალი გული კი მეყვავილის პირველი ღირსებაა, – მსჯელობდნენ მეორენი.

– გაუცივდება მაგასაც გული და მერე გნახოთ, – კვერს უკრავდნენ სხვანი.

ხმა გავრცელდა, პროფესორმა კომპოტინიმ თქვა, მაგ ბიჭს ულევი სიკეთე აქვს და, თუ გაუფრთხილდებიან და სასახლის სიავით სავსე ცხოვრებას მოარიდებენ, დიდხანს გაჰყვება თავისი ნიჭიო.

ასე იყო თუ ისე, ყველა მაინც იმას ფიქრობდა, ერთ ხანს ივარგებს ეს ყმაწვილი და მერე ესეც სხვა მეყვავილეთა ბედს გაიზიარებსო. მაგრამ ერთმა ამბავმა განსაკუთრებით გამოარჩია ბიჭი თავის წინამორბედთაგან და ბევრ ურწმუნოსაც კი აფიქრებინა, საქმე ასე ადვილად გადასაწყვეტი არ არისო.

დილით ჭაბუკას მოახსენეს, რომ სამეფო სამზარეულოში ყვავილები მის შველას ითხოვდნენ. მართლაც საშინელ დღეში დახვდნენ ფლორმაისტერს ოდესღაც ტურფად გაფურჩქნული სპარსული ვარდები, ჰოლანდიური
ტიტები, იაპონური ქრიზანთემები. ჭაბუკამ ყვავილებს წყალი დაუსხა,
ალერსიანად ხელი გადაუსვა და მზარეულთა და მრეცხავ–დამლაგებელთა
თვალწინ ყვლავ აელვარდა ნაირფერი წალკოტი.

ის იყო დაემშვიდობა ჭაბუკა მზარეულებს და დერეფანში გამოვიდა, რომ საშაქარლამოს საცხობიდან ყვირილი გაისმა:

– ამოვიდა, ამოვიდა, ამოვიდა!

რა მოხდა? რა ამბავია?! თურმე მთავარი მეშაქარლამე ყვიროდა გახარებული, ტორტის ბისკვიტი ამოვიდაო. ეს კიდევ ერთი სასწაული იყო. დიდი ხანია სამეფო საშაქარლამოში ჩავარდნილი ტორტი ცხვებოდა, აღარ ამოდიოდა ბისკვიტი. მეშაქარლამეებმა ხაბაზებს დააბრალეს, ცუდ ფქვილს გვაძლევენო, ხაბაზებმა მეფის მეწისქვილეს დასდეს ბრალი, ქერის ნაფქვავზე ფქვავსო, მეწისქვილეს რაღა ექნა, ადგა და გლეხებს გადააბრალა, ხორბალში ჭვავს ურევენო. მოყვნენ და დაიჭირეს მეშაქარლამეებიც, ხაბაზებიც, მეწისქვილეც და მთელი ერთი სოფელი გლეხებიც. შეარჩიეს საგანგებო მიწები, საგანგებო თესლი და გლეხებს რომ აღარ ენდობოდნენ, ერთგულ პოლიციელებს დაავალეს ხვნა–თესვა და მკა–ლეწვა. წისქვილში გვარდიელები დააყენეს, ხაბაზებად გრაფები და ბარონები გაამწესეს, მეშაქარლამეობა იმათ ქალბატონებს დააკისრეს, მაგრამ ტორტის ბისკვიტი კიდევ უფრო დაბალი გამოცხვა. „გამოცხვაო“ ვამბობთ, თორემ რა გამოცხობა, რის გამოცხობა?! ფაფასავით იყო, ყალიბს ძლივს აშორებდნენ. მაგრამ სამეფო სუფრა უტორტოდ არ შეიძლებოდა და მტრის თვალის დასავსებად ამ ჩაცომებულ ბისკვიტს კრემითა და ცუკატებით მორთავდნენ და ისე მიართმევდნენ ხოლმე მათს უდიდებულესობებს. ეს უდიდებულესობებიც ჭამდნენ, რა ექნათ, უცხოელებსა და უბრალო ხალხს ხომ არ ათქმევინებდნენ, მეფე ჩიგიდს თავის ბედნიერ ქვეყანაში ტორტი ვერ გამოუცხვიაო.

ჰოდა, ახლა რა გასაკვირია, რომ მთავარ მეშაქარლამე ბარონესა ცუკერტორტს სიხარულისაგან თავისი კეთილშობილური ამპარტავნობა დაავიწყდა და გოჭივით აჭყვირდა. შევიდნენ საცხობში, შეიხედეს ღუმელში და რას ხედავენ? სატორტე ბისკვიტი ვეებერთელა ყალიბში რომ ვეღარ ჩატეულიყო, გოლიათი სოკოს ქუდივით ზემოდან იყო გადმოსული.

გაიხარეს ბარონესა–გრაფინიებმა. ქალბატონი ცუკერტორტი სიამაყისაგან ისე გაიფხორა, საცხობში ვეღარ ეტეოდა. ყველა მას ულოცავდა. პრინცესასთან კაცი აფრინეს. მაცნე უმალვე დაბრუნდა და ყველას ახარა, მთავარ მეშაქარლამეს მარკიზა ბისკვიტის ტიტული მიანიჭესო. ამიერიდან იგი იქნებოდა ბარონესა ცუკერტორტი და მარკიზა ბისკვიტი, რომ…

რომ ბისკვიტი არ ჩავარდნილიყო, თანაც მაშინვე, როგორც კი ჩვენი ჭაბუკა საშაქარლამოდან გავიდა.

ყველა ყველაფერს მიხვდა.

– დააბრუნეთ! – იწივლა ცუკერტორტმა, კინაღამ რომ მარკიზა ბისკვიტიც გახდა.

– დააბრუნეთ, დააბრუნეთ! – დაიწივლეს სხვა მეშაქარლამეებმაც. ჭაბუკა დერეფნის ბოლოში იყო მისული, როცა დაეწივნენ. კეთილშობილმა მეშაქარლამეებმა ატატებული შემოიყვანეს ბიჭი. გულში იკრავდნენ, ჰკოცნიდნენ, ევედრებოდნენ. ღუმელს მიუახლოვდა თუ არა ჭაბუკა, ბისკვიტი
გაფუვდა, ამოვიდა, ამოვიდა და ისევ სოკოს ქუდად დაედგა ყალიბს.

ახლა კი ყველამ ირწმუნა, რომ პატარა ცხრამთასიქითელი ნამდვილად არ იყო ხელწამოსაკრავი.

ამიერიდან მეფის სუფრას დიდებული სამეფო ტორტი ამშვენებდა.

ყველა ჭაბუკას მზეს ფიცულობდა. მეფემ და მეფის ასულმა წყალობით აავსეს. ობერფლორმაისტერი ხომ იყო, ახლა ობერშეფკონდიტერმაი–
სტერობაც უბოძეს. საბრალო ბარონესა რომ მარკიზა ბისკვიტობას ვერ ეწია, ესეც არ აკმარა ბედმა, ის ცუკერტორტობაც ჩამოართვეს, მის პაპის პაპას რომ მიეღო მეფის სამსახურში, და ამის ნაცვლად ბარონესა ბუტერბროდი გახადეს. ადგნენ და ეს ცუკერტორტიცა და ბისკვიტიც ჭაბუკას მიაწებეს. ასე რომ, ახლა ჭაბუკა გახლდათ ობერფლორმაისტერი და ობერშეფკონდიტერმაისტერი, ბარონი ცუკერტორტი და მარკიზ ბისკვიტი. რა თქმა უნდა, ყოველგვარი პატივიც თავისი წოდებისათვის შესაფერი ჰქონდა.

ჭაბუკას სასწაულების ამბავი იმ დღესვე მიიტანა მენაცვალემ კატის ნახტომში. ახლა ჭაბუკა იყო ერთადერთი იმედი. მხოლოდ მას შეეძლო შეეღწია მეფე ჩიგიდთან და ხელთ ეგდო ჯადოსნური საათი.

იმ სართულზე, სადაც მეფე–პრინცესის საწოლი ოთახები იყო, ღამე არავის აჭაჭანებდნენ. ახლა კი პრინცესამ ინება და მეფისა და პრინცესის საწოლი ოთახის შუა, ზამთრის ბაღში, საგანგებოდ გამართულ ტახტზე ეძინა ობერფლორმაისტერს და ობერშეფკონდიტერმაისტერს. გული საგულეს ჰქონდა მეფის ასულს. ნორჩი ობერფლორმაისტერის სიახლოვე საოცრად მოქმედებდა ყვავილებზე – ღვივოდნენ და გიზგიზებდნენ, სურნელებას აფრქვევდნენ. პრინცესა და მისი ძიძა ირწმუნებოდნენ, სურნელებისაგან ხომ ნეტარებაში ვართ, მთელი ღამე რაღაც ნაზი ჰანგიც გვესმის ზამთრის ბაღიდანო. მეფეც კვერს უკრავდა. თუმცა გამოტეხილად რომ გითხრათ, მეფე ჩიგიდს არც სურნელი სცემდა და არც ჰანგი ესმოდა. კარგა ხანია, ზუსტად მას შემდეგ, რაც ჯადოქრობის წყალობით დრო–ჟამის სვლას მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მეფეს აღარ ესმოდა არც ერთი ჰანგი და არც ერთ ყვავილს აღარ ჰქონდა მისთვის აზრი: ვერც იმათ სილამაზეს ხედავდა და ვერც იმათ სუნს გრძნობდა. მაშინვე შეამჩნია მეფემ ეს ამბავი, ეწყინა, მაგრამ რას იზამდა? იფიქრა, ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს, შავ მიწაში წოლას ისევ უყვავილო და უსიმღერო ქვეყანაზე ყოფნა ჯობიაო. არავისთვის კი არ გაუმხელია, სენ–სენ–ვეისაც არ უთხრა. პირიქით, რაც ეს ჯადოქრული სიყრუვ–სიბრმავე შეეყარა, ყველგან და ყოველთვის ცდილობდა მუსიკის დიდ მოყვარულად მოეჩვენებინა თავი, საგანგებოდ შეისწავლა მუსიკის თეორია და ისტორია და ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა მოსმენილი კონცერტის თაობაზე, სპეციალისტებიც გაოცებული იყვნენ, ეგ რომ მეფედ არ იყოს დაბადებული, გენიოსი კომპოზიტორი იქნებოდაო. ყვავილებზეც უყვარდა საუბარი და სეფექალები მოხიბლული იყვნენ მისი ნატიფი გემოვნებითა და ორიგინალური, ყველასაგან განსხვავებული ყნოსვით.

გაისმოდა ხოლმე:

– მისმა უდიდებულესობამ ბრძანა, მიხაკს ნივრის სუნი აქვსო.

– რა თავისებური შეგრძნებაა!

– რა დიდებული შედარებაა!

– მისი უდიდებულესობა მიიჩნევს, რომ ტერცია დისონანსია.

– რა თავისებური სმენაა!

– რა დახვეწილი გემოგნებაა!

ასე რომ, სილამაზის შესაცნობად მეფეს არ ჰქონდა არც სმენა, არც ყნოსვა და არც მხედველობა. სხვა ყველაფერში არც სმენა აკლდა, არც ყნოსვა და არც თვალის ჩინი.

ერთი სიტყვით, პრინცესის მოთხოვნით და მეფის დასტურით საოცარი ყმაწვილი ზამთრის ბაღში დაამკვიდრეს. მეფე იმასაც ფიქრობდა, კარგია, რომ ეს ბიჭი ჩვენ გვერდით არის, ვაგლახად ვერავინ შეეხებაო, და გული მშვიდად ჰქონდა. ჭაბუკა კი თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა. პირველ ყოვლისა, პრინცესას ურჩია, მეფის საძილე ოთახში რაც შეიძლება მეტი ყვავილი შეეტანა. მათი სურნელება და ნაზი ჰანგი აუცილებელია მეფისთვისო. მეფეს არაფრად ეპიტნავებოდა ეს ქოთნები და ჭრელა–ჭრელა ყვავილებიც, ამას ყველაფერს ძილის წინ ერთი ჭიქა არაყი და ფეხისგულების დაფხანა ერჩია, მაგრამ საყვარელი ქალიშვილის ნებას ხომ ვერ გადავიდოდა, ან იმას ხომ ვერ იტყოდა, ამ ყვავილებისა არც სუნი მცემს და არც რაიმე ჰანგი მესმისო, და მამაპაპეული საწოლი ტახტრევანის ირგვლივ ქოთნებით რამდენიმე მიხაკი და გიაცინტი დაადგმევინა.

პირველ ღამეს ყველაფერი თითქოს რიგზე იყო, დილით ყვავილები მშვენივრად გამოიყურებოდნენ. იმ დღეს მეფემ სამეფო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, ასე კარგა ხანია არ მიძინია, თითქოს სამოთხეში ვიყავი და სირინოზები მიმღეროდნენო. სასახლეში ყველა გახარებული იყო, ყოველ შემთხვევაში ყველა გაიძახოდა, ძალიან მიხარიაო.

მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლე გამოდგა. გათენდა მეორე დილა და
ყვავილებმა მოიწყინეს. ჭაბუკას უხმეს, ობერფლორმაისტერმა ყვავილები
მორწყა, თავისებურად ხელი გადაუსვა და ისინიც მოცოცხლდნენ, მაგრამ
დილით ისევ მოიწყინეს. მაშინ ობერფლორმაისტერმა განაცხადა, თუ გნებავთ, მეფის საწოლ ოთახში ყვავილები ხარობდნენ, ღამეც უნდა შევიდე ერთი–ორჯერ და დავხედო, მოვეფეროო. მეფემ ნება დართო, მაგრამ უბრძანა, ქეჩის ჩუსტები ჩაიცვი და ისე შემოდი არ გამომეღვიძოსო. ასე გაიღო ჭაბუკას წინაშე მეფე ჩიგიდის საწოლი ოთახის კარი.

რა თქმა უნდა, ამის შესახებ ჭაბუკამ მენაცვალეს აცნობა, მენაცვალემ კი პაპა პიეტროს და ინს ახარა.

მეგობრებმა ყველაფერი მოამზადეს. ჭაბუკა ღამით, როგორც კი მოიტაცებდა საათს, ქვედა სართულზე ჩავიდოდა და მენაცვალეს გადასცემდა. ამიტომ მენაცვალე საღამოსვე დაიმალებოდა მესამე სართულზე. საათს მენაცვალე გრძელ თოკს მოაბამდა და ფანჯრიდან ძირს ჩაუშვებდა. იქ, მდინარის პირას, პაპა პიეტრო და ინი ჩამოხსნიდნენ მას და ნავით მდინარეს დაუყვებოდნენ. ხუთიოდე წუთში კატის ნახტომში მივიდოდნენ.

მაგრამ საქმე სულ სხვანაირად დატრიალდა. გვიან საღამოს, სტუმრები რომ წავიდ–წამოვიდნენ და მეორე სართულზე მცხოვრებნი – მეფის დეიდაშვილ–მამიდაშვილები დასაძინებლად დაწვნენ, მენაცვალე ყველასაგან შეუმჩნევლად ნიშაში შეძვრა და იქ მდგარი მეფე ჩიგიდის ქანდაკებას ამოეფარა.

რას არ იტანდა აბუსალათინის მუცელი, რაც ბიჭი სასახლეში იყო, მაგრამ არასოდეს უღალატნია. მაგრამ ცხვირი?! აქამდე არც გახსენებია, რომ ცხვირი ჰქონდა. ხომ უამრავ მყრალ წამალს სვამდა, მაგრამ სუნი არც უგრძნია, ახლა კი ეს გამობრძმედილი ბიჭი უბრალო მტვერმა დაღუპა.

ძილის წინ, ყოველ საღამოს ცერემონმაისტერი ჩამოივლიდა ხოლმე ორი გვარდიელის თანხლებით დერეფანში. ახლაც გაისმა მათი ფეხის ხმა და მენაცვალე ზედ მიეკრა ქანდაკების ზურგს. სწორედ იმ ადგილას მოუხდა ცხვირის მიჭყლეტა, სადაც მარცხენა ხელით დოინჯშემოყრილ ჩიგიდს მარმარილოს ცერი მიეჭირა თეძოზე, იქ ცერსა და მისი უდიდებულესობის სხეულს შორის არამზადა მსახურებს ჩვრის ჩამოსმა დავიწყებოდათ და კარგა ბლომად მტვერი დაგროვილიყო. მაინც რა ღიტინა მტვერი იყო! რამდენი ბურნუთი და თამბაქო ჩაეყლაპა აბუსალათინს, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. შეიძლება ტირილი შეიკავო, წყურვილი, შიმშილი, ხველაც კი, მაგრამ ცხვირის ცემინებას ვერ შეიკავებ.

– აფშხიი! – დაიქუხა მენაცვალემ.

მოხუცი ობერცერემონმაისტერი შეხტა და ულვაშა გვარდიელს
გალაპლაპებულ ჩექმებზე დაახტა. გვარდიელებმა ხმლებზე გაივლეს ხელი
და ნიშისაკენ გაექანნენ.

გამოათრიეს საბრალო აბუსალათინი, ერთი–ორი იქვე წაუთაქეს.

– იქ რას აკეთებდი? – ჰკითხა ობერცერემონმაისტერმა.

– მაპატიეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, მე ყოველღამე ასე ვიმალები, მერე გამოვდივარ და მათი უდიდებულესობათა ნასუფრალსა ვჭამ, – სასაცილოდ დაიღმიჭა აბუსალათინი.

იქვე, დიდ დარბაზში მართლაც სუფრა იყო გაშლილი და ზედ ვახშამს გადარჩენილი უამრავი სასმელ–საჭმელი ელაგა. სუფრას დილამდე ხელუხლებლად ტოვებდნენ – უდიდებულებსობებს დიდებული მადა ჰქონდათ და ღამეც უყვარდათ აქეთ გამოსეირნება და ყელის ჩაკოკლოზინება.

– მე შენ გიჩვენებ ნასუფრალს! – უყვირა ობერცერემონმაისტერმა და ერთ–ერთ გვარდიელს უბრძანა, ყურით მიათრიე სასახლის კარიბჭემდე და მერე კინწისკვრით გააგდე, რომ მაგისი სინსილა აღარ იყოს აქაო.

გოლიათმა გვარდიელმა ყურებში ხელები ჩაავლო და ასწია საბრალო
ბიჭი. მენაცვალე არც ყურთაგლეჯის ხამი იყო და ქალამნებივით მოქნილი
ყურები სულაც არ სტკიოდა, მაგრამ მაინც ხმამაღლა წიოდა, იქნება ჭაბუკამ გაიგონოსო.

გვარდიელს შუა გზაზე მობეზრდა ბიჭის ყვირილი, თან მენაცვალე ფეხებს ასხმარტალებდა და გვარდიელს ახალ მუნდირს უსვრიდა. დაუშვა და ახლა ცალი ყურით მიათრევდა. მენაცვალემ სასახლის გრძელი ტალანები და მერე ეზოც სულ ღრიალით ჩაათავა. ჭიშკართან მაგარი პანღური ამოსცხეს და გააგდეს.

აბუსალათინი თავქუდმოგლეჯილი გავარდა სანაპიროსაკენ, სადაც პა–
პა პიეტრო და ინი ეგულებოდა.

ხუთიოდე წუთის შემდეგ შეთქმულთა ნავი სწრაფად შეცურდა მდინარეში და კატის ნახტომისაკენ აიღო გეზი. უკვე სამშვიდობოს იყვნენ სამივენი, როცა სასახლის მხრიდან ყვირილი მოისმა და ცოტა ხნის შემდეგ ყველა სართულის ფანჯრები განათდა.

– დაიღუპა ყველაფერი! – თქვა ინმა და ატირდა.

– მოხერხებული ბიჭია, რამეს მოიგონებს, – ამშვიდებდა პაპა გოგონას, მაგრამ თავად დანა პირს არ უხსნიდა.

– რამე უნდა ვიღონოთ! – წამოიძახა მენაცვალემ და გაიწია. იგი მზად იყო ახლავე შეპარულიყო სასახლეში და რითიმე დახმარებოდა მეგობარს.
– გაგიჟდი? – შეაჩერა პაპამ, – დაგიჭერენ. ახლა ვეღარავის დაარწმუნებ, რომ ჭაბუკას თანამონაწილე არა ხარ.

რაღას იზამდნენ? გამოსწიეს ფრთხილად კატის ნახტომისაკენ.

ჭაბუკას საქმე კი უფრო ცუდად შეტრიალდა.

ჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მეფემ დაიძინა. ჭაბუკაც დაწვა, მაგრამ განრიგისამებრ ერთი საათის შემდეგ წამოდგა, ქეჩის ჩუსტები ჩაიცვა და მეფის საწოლ ოთახში შევიდა. ვეება, მამაპაპეულ ოქროსჩარდახიან ლოგინზე ხვრინავდა მეფე ჩიგიდი. ეტყობოდა, იმ წამალს ემოქმედა, ტორტს რომ უყო ჭაბუკამ. მიუახლოვდა. მძინარეს ფართო მაქმანებიანი ღამის პერანგი ეცვა „ნუთუ გაიხადა ჟილეტი?! ან იქნებ ჟილეტში არა აქვს?!“ – გაუელვა თავში ბიჭს. გული ბაგაბუგით უცემდა. მუხლებიც ღალატობდა, მაგრამ უკან დახევა აღარ შეიძლებოდა, კიდევ წაიწია, დაიხარა და „წიკ–წიკ–წიკ–წიკ“ მოესმა იმ ადგილიდან, სადაც მეფეს ჩვეულებრივ მოკვდავთა მსგავსად ღვიძლი უნდა ჰქონოდა. აშკარად ღამის პერანგის ქვეშ იყო საათი. ჭაბუკამ მეფეს პერანგი გადაუწია, შიშველ ტანზე, აბრეშუმის ვიწრო ჟილეტი ეცვა. საათის წიკწიკი ჩაქუჩივით სცემდა ჭაბუკას თავში. ბიჭი დაიხარა ჟილეტისაკენ, ის იყო ხელი უნდა ჩაეყო ჯიბეში, რომ ხელზე თითქოს რკინის სალტე შემოეჭირა. ბიჭმა შეჰყვირა და შეეცადა განთავისუფლებულიყო, მაგრამ ამაოდ. მოიხედა და ყველაფერს მიხვდა. თავზე ახმახი პოლიციის უფროსი დასდგომოდა.

როგორც კი პრინცესამ ის ნორჩი ობერფლორმაისტერი სასახლეში მოიყვანა და მისი ჯადო ხელოვნებით მოხიბლულმა ისეთი ნდობა გამოუცხადა, რომ სამეფო სართულზე ცხოვრების ნება მისცა, მაშინვე შეეჭვდა ასეთ საქმეში გამოცდილი პოლიციის უფროსი. მაშინვე ის უცნაური მოცაგურავე გაახსენდა, ვისი წყალობითაც ცხვირი ახლაც გახეთქილი ჰქონდა. გაახსენდა და ერთი ჯადოქარი მეორეს დაუკავშირა. დაუკავშირა და გადაწყვიტა, ათი ყური და ათი თვალი გამოესხა. ასეთ რამეში ვერავის ენდობოდა, თავად უნდა ეთვალთვალა ბიჭისთვის, ერთი კვირა მეფის საწოლ ოთახში ღამე ქურდივით იპარებოდა და დიდი მამაპაპეული სამეფო კარადის უკან იყო ატუზული.

ბოლოს გაუმართლა ბედმა და აი ბოროტგანმზრახველი ხელთ იგდო.

– ჩავარდი, ყვავილების წამალო! – გესლიანად გაიცინა პოლიციის უფროსმა და მეფეს გახედა.

მეფე ჩიგიდი ისევ ისე ხვრინავდა, გვერდიც არ უცვლია.

– დააძინეთ, არა?! მე თქვენ გიჩვენებთ, როგორ უნდა ყვავილების მოვლა და ტორტის გამოცხობა! – ღრიალებდა პოლიციის უფროსი, მაგრამ რაკი დარწმუნდა, მეფეს არ ეღვიძებაო, ჭაბუკა დერეფანში გამოიყვანა, ორ გვარდიელს ჩააბარა და უბრძანა, ციხეში წაეყვანათ.

ჯადოქარი ხოჭო


ჭაბუკას საქმე გადაწყვეტილი იყო. სიკვდილი არ ასცდებოდა. ბიჭს ხელბორკილი დაადეს და ცალკე საკანში შეაგდეს. ჩხრეკის დროს აღმოჩენილი სალამური პოლიციის უფროსმა საქმეს დაურთო და დილაადოიან პირველ მინისტრს წარუდგა. დაწვრილებით მოახსენა საქმის გარემოება და ჭაბუკას საქმე სალამურითურთ წინ დაუდო.

– კეთილი. მე მოვახსენებ მის უდიდებულესობას, – თქვა დიგიჩმა, – თვალი კარგად გეჭიროთ, არ გაგექცეთ. ორ–სამ დღეში გადაწყდება მაგისი საქმე, მიიღებს, რაც ეკადრება.

პირველ მინისტრს საშინელი გულის ძმარვა ჰქონდა და ადრე გაისტუმრა პოლიციის უფროსი. დაკვირვებული იყო, დილით თუ ბატის ღვიძლის პაშტეტს შეჭამდა, საკმარისი იყო პოლიციის უფროსი დაენახა, რომ ეს ოხერი ძმარვა ეწყებოდა. პოლიციის პირველი უფროსი შავი, ვეება გოლიათი იყო. პრემიერმა იფიქრა, ყველაფერი ამ ახმახის ბრალიაო, ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა და ციხეში უკრა თავი. მერე უფროსად წითური ჩია კაცი დააყენა, მაგრამ ძმარვა არ მოეშვა, ხუთი პოლიციის უფროსი გამოცვალა; საშველი მაინც არ ჩანდა. ბატის ბაშტეტს ხომ არ გაანებებდა თავს! ბატის ღვიძლის პაშტეტს ჭამდნენ საუზმედ მეფე, მეფის ასული და სამეფო სახლის წევრები. საგანგებოდ აშენებდნენ საპაშტეტე ბატებს, საგანგებო ტბის პირას საგანგებო მინდორზე საგანგებო მებატეები. პირველი მინისტრიც მეფის საგანგებო ბრძანებით ჭამდა ამ საგანგებო პაშტეტს, რომლის ჭამა სხვას ყველას ეკრძალებოდა.

და აი, პირველი მინისტრი სენიორ დიგიჩი ის იყო, ადგა და საგანგებო სოდის გამოსაღებად საგანგებო კარადასთან მივიდა, რომ პოლიციის უფროსის მოტანილ საქმეზე დადებულ სალამურს მოჰკრა თვალი. აიღო და კარგად დაათვალიერა, მერე ფრთხილად ჩაჰბერა და ფეხის გულებში რაღაც ღიტინი იგრძნო. უფრო ძლიერ ჩაჰბერა და ფეხები სასაცილოდ აუთამაშდა. ორმოცი წელიწადი იყო, არ ეცეკვა და არც ახლა აპირებდა, ამიტომ სალამური სასწრაფოდ მაგიდაზე დადო. მერე ისევ წასძლია სულმა და მთელი ძალით ჩაჰბერა. ჩაჰბერა და კიდეც ჩამოუარა, ერთიც დაუკრა და ბუქნასაც მოჰყვა, ისეთი ბაკაბუკი ააყენა, რომ მსახურები კართან მიცვივდნენ, რიგრიგობით ჭუჭრუტანაში იცქირებოდნენ, თან სიცილით ერთმანეთს აწყდებოდნენ და თვითონაც ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ. ბოლოს ღონემიხდილი პირველი მინისტრი სავარძელში ჩაესვენა და დარეტიანებული მსახურებიც გაეცალნენ კარს.

– დიდება შენდა, ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო! – ბუტბუტებდა სენიორ დიგიჩი. გულის ძმარვა აღარც ახსოვდა.

უეცრად თითქოს რაღაცამ უბიძგა, მაგიდასთან მივიდა, ისევ აიღო ხელში საოცარი სალამური, შემოაბრუნა და მეორე მხარეს ჩაჰხერა. ამ მხრიდანაც სატუჩე ჰქონდა.

– ღმერთო, ეს რაღაა ნეტა?! – ჩაილაპარაკა სენიორ დიგიჩმა, მაგრამ ჩაბერვა ვერ გაბედა და სალამური მაგიდაზე დადო. ისევ კარადასთან მივიდა, ძმარვას გადაეარნა. იმ პატარა მეამბოხის საქმე გადაშალა, გადაფურცლა, მაგრამ გული ვერ დაუდო. ის ოხერი სალამური მოსვენებას არ აძლევდა. რა მოხდა ბოლოს და ბოლოს, თუ რამე გაუჭირდა, მცველებს გამოიძახებს! უცბად წაავლო ხელი სალამურს და ჩაჰბერა, საოცარი ნაღვლიანი ხმა გაისმა, ოთახში ღია სარკმლიდან რაღაც შავი ხოჭო შემოიჭრა ბზუილით და საწერ მაგიდაზე წითელ და შავ სამელნეს შუა მარმარილოს თეთრ დაფაზე დაეშვა. ხოჭომ თხელი ფრთები ფრთხილად დაკეცა და ზემოდან შავი მბზინვარე ბაკანები გადააფარა, მერე ერთი მაგრად დაბზრიალდა და, როცა გაჩერდა, ხოჭოს მაგივრად გაოცებული სენიორ დიგიჩის. წინაშე პაწაწკინტელა ადამიანი იდგა.

– რა გაგჭირვებია, პირველო მინისტრო? – დაილაპარაკა კაცუნამ და თავზე ხელის სმა დაიწყო. რამდენს გადაისვამდა, იმდენი ტანი ემატებოდა. ბოლოს ჩვეულებრივი ადამიანის ოდენა რომ შეიქნა, გაოგნებულ სენიორ დიგიჩს თავაზიანად თავი დაუკრა და მის პირდაპირ მაგიდის გადაღმა მდგარ სავარძელში ჩაჯდა. მის გარეგნობას აღარ აგიწერ, ჩემო მკითხველო, რადგან ეს ხომ ჩვენი ძველი ნაცნობი ტინიტო იყო.

აქაური ტანსაცმელი ჩაეცვა, აქაური ფართო ბერეტი შუბლზე ისე, ჩამოეფხატა, რქები არ უჩანდა.

– აბა, გისმენთ, ბატონო პირველო მინისტრო, – გაიმეორა ტინიტომ.

– შენ… შენ ვინა ხარ? – ძლივს ამოიღო ხმა სენიორ დიგიჩმა.

– მოგვი და ჯადოქარი, ეშმაკის ბიძაშვილი, – უპასუხა ტინიტომ და მარჯვენა ყურიდან კარგა მოზრდილი მწყერი გამოაფრინა. მერე, სამელნე აიღო და მაგიდაზე წამოაპირქვავა. მწვანე მაუდზე ვეება ლაქა გაჩნდა. ტინიტომ თავისი პატარა ბანჯგვლიანი ხელი გადაუსვა და მაუდი ისევ მწვანედ ახასხასდა.

სენიორ დიგიჩი მიხვდა, ვინც იჯდა მის წინაშე. სტუმარმა პირველი მინისტრის ხელში სალამურს მოჰკრა თვალი და, რა თქმა უნდა, ყველა ფერს მიხვდა. წუთიც და სენიორ დიგიჩს ხელიდან გამოეცალა ჯადოსნური სალამური, ახლა იგი საიმედო ადგილას იყო – ტინიტოს უბის ჯიბეში. გაოგნებული მასპინძელი არ იძროდა, თითქოს სავარძელს მიაკრესო.

– ბატონო პირველო მინისტრო, ვინ იცის, იქნებ სხვა შემთხვევა აღარც მოგეცეთ თქვენს სიცოცხლეში. მთხოვეთ, რაც გსურთ და შეგისრულებთ.

სენიორ დიგიჩს შიშისაგან სლოკინი აუტყდა და იგრძნო, როგორ სწვდა ყელში კუჭიდან ამოვარდნილი სიმჟავე.

– თუ შეგიძლიათ, მომაშორეთ ეს საშინელი გულის ძმარვა! – შევვედრა ტინიტოს.

ტინიტო მიუახლოვდა, სერთუკი შეუხსნა, დიდ მუცელზე ხელი დაადო და თავი გააქნია.

– საკვირველია, რომ აქამდე ცოცხალი ხართ.

– როგორ? – ფერი დაკარგა პირველმა მინისტრმა.

– ზღარბი გყავთ მუცელში.

– მუცელში? ზღარბი?

– დიახ, ალბათ ძილის დროს პირი ღია გქონდათ და ჩაგიძვრათ, აი, თუ არა გჯერათ.

ტინიტომ პრემიერს პირი დააღებინა და ორი თითით ხახიდან პატარა ზღარბი ამოუძვრინა. პირველ მინისტრს მოეჩვენა, რომ ზღარბმა თვალი ჩაუკრა. ტინიტომ ფანჯარა გამოაღო და საბრალო ცხოველი ბაღში მოისროლა.

დიგიჩმა ჩაახველა, ნერწყვი გადაყლაპა და იგრძნო, რომ ძმარვა აღარ აწუხებდა.

– კმაყოფილი ხართ ჩემი მკურნალობით?

რა ეთქმოდა პრემიერს? დამცხრალი კუჭი მყუდროდ უკრუტუნებდა სერთუკის ქვეშ.

– ესეც ასე, – თქვა ტინიტომ და სიამოვნების ნიშნად ხელები მოიფშვნიტა. – ახლა, რაკი ერთმანეთს შევხვდით, ბარემ საქმეზეც ვილაპარაკოთ. თუმცა მოიცათ. არ მოგბეზრდათ მელოტობა? არ გინდათ, ერთი ისეთი ზომიერად ხუჭუჭი თმა, თუნდაც წაბლისფერი?

როგორ არ უნდოდა!

ტინიტომ სრიალა თავზე ხელი გადაუსვა და აბუტბუტდა:

ხუჭუჭი და მაგარი
დათვო, მოგვე ჯაგარი.
ვაჩეჩინებ ქარსაო,
ვატრუსინებ ალსაო!

სენიორ დიგიჩს საშინელი თავის ქავილი აუტყდა და ცოტა ხნის შემდეგ მისი მოტვლეპილი თავი მშვენიერი წაბლისფერი ქოჩრით შეიმოსა. სენიორ დიგიჩი მოხასიათდა, სარკესთან მივიდა, ასე იოლად ნაშოვნი ქოჩორი გადაივარცხნა და საოცრად შეცვლილ თავის ორეულს თვალიც ჩაუკრა.

– დიდხანს ძლებს ასეთი ქოჩორი? – ჰკითხა ტინიტოს.

– პრაქტიკულად სამუდამოა, მაგრამ…

– რა მაგრამ?

– თქვენ მხოლოდ ექვსი კვირა გექნებათ. არა, მერეც ზედ გექნებათ, მაგრამ თქვენ ეს აღარ გეცოდინებათ.

– როგორ? – შეშფოთდა დიგიჩი და მიხვდა, რომ ახლა იწყებოდა თავი და თავი ფათერაკი.

– ექვსი კვირის შემდეგ მეფე ბრძანებს და თქვენ თავს მოგკვეთენ ქვეყნის ღალატისათვის.

– არა, ეგ შეუძლებელია, მე სხვებს ვკვეთ თავს და… მე… არა თქვენ რაღაც გეშლებათ!

– სამწუხაროდ, ეს ასეა, – ნაღვლიანად, მაგრამ დაჯერებულად თქვა ულმობელმა ტინიტომ.

– არა! არა! ეგ შეუძლებელია!

– თავს მოგკვეთენ თქვენ და მთავარ ხაზინადარს სახაზინო ოქროს მითვისებისათვის. და ეს მოხდება პოლიციის უფროსის დასმენით.

– ო, შე გველო, შე გველო, მადლობის მაგიერია?! ბატონო ეშმაკო, ნაძირალებიდან გამოვარჩიე და კაცად ვაქციე, აი, თურმე რითი უნდა გადამიხადოს! ვგრძნობდი, ვგრძნობდი, აი ამ კუჭით ვგრძნობდი!

პირველი მინისტრი ადგილს ვეღარ პოულობდა, თითებს იმტვრევდა, ოხრავდა. ოქრო მართლაც ბლომად ჰქონდათ მოპარული სამეფო სალაროდან მასა და მთავარ ხაზინადარს. როგორ მოუნდა დიდხანს ეცოცხლა და ეტარებინა ეს ლამაზი ქოჩორი!

– ნუთუ არაფერი მეშველება? – დაიკვნესა საბრალომ და ბავშვივით აზლუქუნდა.

– არის ერთი გზა!
– თქვი, თქვი! – იყვირა იმედმიცემულმა სენიორ დიგიჩმა.

– პირველ ყოვლისა, უნდა გადააყენოთ პოლიციის უფროსი.
– მოვსპობ, გავანადგურებ! – გაიმართა დიგიჩი წელში.
– ციხიდან უნდა გაათავისუფლოთ ის პატარა უცხო ბიჭი, ეს სალამური რომ ჩამოართვეს.

– ის ბიჭი ქვეყნის მტერია.

– შეიძლება, მაგრამ ქვეყანაც რომ დაანგრიოს, თქვენ მაინც ვერაფერს გაიგებთ ექვსი კვირის შემდეგ.

– კარგი, კარგი! – საჩქაროდ დასძინა დიგიჩმა, – ჯანდაბას მაგათი თავი. ოღონდ ქალაქში აღარ გამოჩნდეს. მეორედ ვეღარ ვაპატიებ.

ტინიტო წამოდგა. დიგიჩის თვალწინ იგი თანდათან ილეოდა. ისევ მაგიდაზე, მარმარილოს თეთრ დაფაზე ჩამოჯდა.

– ოღონდ იცოდე, პირველო მინისტრო, როგორც კი სიტყვას გატეხავ, ცუდად წავა შენი საქმე. ჯერ თმა გაგცვივა, მერე გულის ძმარვა დაგეწყება და ბოლოს თავსაც წააგებ.

წუთიც და ისევ ხოჭოდ ქცეული უცნაური სტუმარი სარკმელში გა ფრინდა და გაუჩინარდა.

პირველმა მინისტრმა სარკმელი მაგრად ჩაკეტა, მერე გერბიანი ქაღალდი გადმოიღო, დაჯდა და პოლიციის უფროსის მოხსნის ბრძანების წერას შეუდგა. რაღაც მიზეზი იყო საჭირო, უამისოდ არ ივარგებდა, უბრალდებოდ ჩიგიდის სამეფოში კაცს ხელს არ ახლებდნენ. ბრალდების შეთხზვა კი თავად პოლიციის უფროსის საქმე იყო. დიდხანს იჯდა ერთ წერტილს მიშტერებული, მაგრამ ვერაფერი მოიგონა. ადგა და გამოაძახებინა პოლიციის უფროსი. სანამ გამოძახებული მოვიდოდა, პირველმა მინისტრმა სასწრაფოდ თავი წაიკრა, ჯადო–ქოჩორი არავინ დაინახოსო.

ათი წუთის შემდეგ პოლიციის უფროსი მის წინ დაერჭო.

– გისმენთ, თქვენო აღმატებულებავ!

„საბრალო, – გაიფიქრა პირველმა მინისტრმა, – ორიოდე საათის შემდეგ ციხეში ამოყოფს თავს“. ის იყო სიბრალული გაივლო გულში, რომ იგრძნო, როგორ მოაწვა სიმჟავე ყელში, „აჰ, ასე არა?! – ბოღმა მოერია პირველ მინისტრს, – მაშ მაცალე, მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა ძმარვა!“

– ერთი ჩვენი კარგი ნაცნობი უნდა მოვათავსოთ ოქროს გალიაში, ჩემო კარგო, რას მირჩევდი, რა ბრალდებით გაგვეფორმებინა?

– სახელმწიფო სამსახურშია, თქვენო აღმატებულებავ?

– ჰო.

– სახელმწიფო საიდუმლოს გათქმა და ქვეყნის მტრებთან ფარული ურთიერთობა, რაც არსებული წყობილების წინააღმდეგ იყო მიმართული, – სხაპასხუპით მიაყოლა პოლიციის უფროსმა.

– იქნებ სახელმწიფო საიდუმლოს გათქმა ეყოს? – ბოლომდე ვერ გაწირა პირველმა მინისტრმა ერთგული მსახური.

– არა, თქვენო აღმატებულებავ, რაზე უნდა აწვალოთ? ჯობს ერთბაშად წავიდეს ფსკერზე.

– კეთილი, ჩემო კარგო, მაშ, სიტყვასიტყვით ვწერ, რაც მირჩიე, მერე პრეტენზიები რომ არ გქონდეს!

– როგორ გეკადრებათ, თქვენო აღმატებულებავ! – მხნედ მისცხო ფეხი ფეხს საბრალო უფროსმა.

პირველმა მინისტრმა პოლიციის უფროსი დაითხოვა და ბრძანება გააფორმა.

ახლა ქოჩრის საზრუნავი აწვა, როგორ ეჩვენებოდა ხალხს სასახლეში ამ ახალშეძენილი ჭაბუკური ქოჩრით? რა ჯანდაბად უნდოდა! რა სისულელე დაემართა! რა ქნას, რა უთხრას მეფეს, დიდებულებს, თუნდაც საკუთარ ცოლ–შვილს? ზარი ჩამოკრა და შემოსულ მსახურს საპარსი მოწყობილობა სთხოვა, დალაქი არ მჭირდება, მე თავად მინდა გავიწაფო ამ საქმეშიო. „ალბათ, დალაქს აღარ ენდობაო“, – გაიფიქრა მსახურმა და უფროსს ვერცხლის ლანგრით მოართვა წყალი, სურნელოვანი საპონი, ფუნჯი და სამართებელი.

რის ვაი–ვაგლახით დიდი სარკის წინ თავი გაისაპნა პირველმა მინისტრმა და პარსვას შეუდგა. საკუთარი სხეულის მოვლას გადაჩვეულს, განებივრებულს საშინლად უჭირდა, ოფლი სდიოდა, ხელი დაეღალა, თითქოს მკლავში მარწუხი მოუჭირესო. შორიდან რაღაც იდუმალი კულტის ქურუმს ჰგავდა, უცნაური მოძრაობით რომ ესაუბრება თავის ღვთაებას.

ბოლოს, როგორც იქნა, გადაიპარსა თავი, დაიპუდრა და ისევ წაიკრა, კიდევ კარგი, რომ უფლება ჰქონდა ქუდმოუხდელად ხლებოდა მეფეს. საქაღალდეში მოსახსენებელი საქმეებისათვის საჭირო ქაღალდები “გადაათვალიერა და წამოდგა. უცებ საშინელი თავის ქავილი აუტყდა. სარკესთან მივარდა და თავსაკრავი მოიგლიჯა. თვალს არ უჯერებდა: ისევ ნაზად ბიბინებდა ის წყეული ქოჩორი. გამწარებულმა ხელი იტაცა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა მოქაჩა. საშინელი ტკივილი იგრძნო. ყოველი ღერი მაგრად იჯდა თავის ბუდეში, აღარ იცოდა, გახარებოდა თუ წყენოდა ეს ამბავი. „ვნახოთ“, გადაწყვიტა თავისთვის პირველმა მინისტრმა, ქუდი ღრმად ჩამოიფხატა თავზე და მეფის კაბინეტისაკენ გაემართა.

ორიოდე საათის შემდეგ ჩვენი ჭაბუკა ციხიდან გამოუშვეს და მის მაგივრად საკანში დაფეთებულ ვირთხასავით შეაგდეს პოლიციის უფროსი.

სიკეთის ბეგრის დასაწყისი

პროფესორი კომპოტინი მოხსენებას მოხსენებაზე უგზავნიდა მეფეს და სახელმწიფო საბჭოს. დაწვრილებით აღწერდა ქვეყნის მდგომარეობას, ამტკიცებდა, გადაგვარების გზაზე ვართ დამდგარი და სულ მოკლე ხანში უეჭველი დაღუპვა გველისო. მეფეს სთავაზობდა ხალხის სულიერი გაჯანსაღების მეცნიერულ გეგმას. პირველი მოხსენებითი ბარათის შემდეგ პროფესორი დააპატიმრეს, მაგრამ მალე ისევ გამოუშვეს, გიჟად ჩათვალეს. მერე ბარათი თვით მეფემ წაიკითხა და მიხვდა, რომ კომპოტინი ყველა მის მინისტრზე ჭკვიანი იყო და სწორედ ამიტომ ბრძანა გიჟად გამოაცხადეთო. პროფესორი ამის შემდეგაც არ იშლიდა თავისას, მაგრამ მის ბარათებს უკვე წაუკითხავად აგზავნიდა მეფის კანცელარია პირდაპირ არქივში. ეს კი იყო, მეფემ განკარგულება გასცა კომპოტინისათვის სასახლეშივე გაეხსნათ სიკეთოლოგიის ლაბორატორია და პენსიაც დაენიშნათ.

ამის შემდეგ პროფესორი თეორიულმა კვლევამ გაიტაცა და რამდენიმე ნაშრომიც გამოაქვეყნა სიკეთოლოგიაში.

ხომ სულერთი იყო მეფე ჩიგიდისათვის ყვავილიცა და ფრინველთა
გალობაც, მაგრამ ძალიან აწუხებდა, რომ ქვეყანა ალაპარაკდა, სასახლეში ფრინველებიც დაიხოცნენ და ყვავილებიც დაჭკნა. რა თქმა უნდა, ჩაცომებული ტორტის ჭამაც არ იყო ადვილი საქმე. ყველაზე უფრო კი იმისი ეშინოდა, ამ ფრინველ–ყვავილების ურჩობას ხალხის ურჩობა არ მოჰყვესო.

გაზაფხულზე, როცა ყველა მერცხლებს მოელოდა, ქალაქს საიდანღაც უამრავი ღამურა მოაწყდა. საღამოობით იმათი წივილი იკლებდა ყველაფერს, ბოლოს ისე გათავხედდნენ მზის სინათლესაც აღარ ერიდებოდნენ. განსაკუთრებით სასახლის ეზო–დარბაზებს ეტანებოდნენ. თითქმის მთელი გვარდია იმათ დასდევდა, მაგრამ გუნდს გუნდი მოყვებო.და და ბოლოს რეგულარული ჯარიც ჩარიეს საქმეში. პეპლებიც სადღაც გადაიკარგნენ და იმათ მაგივრად ათასნაირი ლორწოიანი ლოკოკინა, მუხლუხი და საზიზღარი მუმლი გაჩნდა.

ერთ დღეს, როცა კიდევ ერთმა მეყვავილემ ვეღარ გაამართლა იმედები და პრინცესამ საბრალო პირდაპირ ოქროს გალიაში გაისტუმრა, მეფემ სახელმწიფო საბჭო მოიწვია და პროფესორს უხმო.

– რა ემართება, პროფესორო, სასახლის ყვავილებს? – მიმართა ჩიგიდმა სწავლულს.

– ყვავილი სიხარულის და სიკეთის ნაყოფია, დიდო მეფეო.

– მერე?

– მე გამოვიკვლიე კარისკაცთა უმრავლესობა. სასახლეში სიკეთის დონე კატასტროფულად დაბალია, – მოახსენა პროფესორმა და პორტფელიდან კვლევის მასალები ამოალაგა.

– აქ თითოეული დიდებულის, კარის მოხელის, ფარეშის პირადი ბარათებია. თუ დაკვირვებით გასინჯავთ, ნახავთ, რომ ის მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ, სიკეთოლოგები ჰუმან–ინდექსს ვეძახით, თითქმის ყველას ძალზე დაბალი აქვს. აი, შეადარეთ ნორმალური ადამიანის დონეს. ეს კი მტაცებელი ცხოველების მაჩვენებლებია. ჯერჯერობით კარისკაცთ ჰუმან–ინდექსი ამათზე რამდენადმე უფრო მაღალია, მაგრამ ჩამორჩებ შინაური ცხოველების დონეს

– ხალხში რა მდგომარეობაა?! – იკითხა ცოტა არ იყოს შემცბარმ მეფემ.

– საბედნიეროდ ხალხში აქა–იქ კიდევ გვხვდება სიკეთე ნორმალურ დონეზე. მაგრამ ეს მეტწილად პასიური სიკეთეა. ეს თითქმის იგივეა, რაც უბოროტობა. აქტიური სიკეთე კი ძალზე იშვიათია. სულ რამდენიმე კაციღაა მთელს სამეფოში ისეთი, სხვისთვის სიკეთის ქმნა რომ სიამოვნებას ანიჭებდეს.

პროფესორი თანდათან გათამამდა, გადაწყვიტა ბოლომდე ეთქვა ყველაფერი.

– სასახლეში, თქვენო უდიდებულესობავ, უსიკეთობის ისეთი ჰავაა შექმნილი, რომ ვინც არ უნდა მოიყვანოთ, რა სიკეთეც არ უნდა ჰქონდეს, ორიოდ დღეში გული გაუცივდება. ბოროტება მოედო მთელს სასახლეს, დიდო მეფეო! გავრცელდა წვრილმანი, თითქმის უანგარო ბოროტება – უსაქმურობისაგან, გასართობად ჩადენილი ავი საქმე. კარისკაცები ერთმანეთს ძაღლებს უხოცავენ, სეფე–ქალები თავიანთ მეტოქეებს ახალ კაბაზე მალულად მელანს ასხამენ, მათი შვილები კატებს კუდებს აჭრიან, მთვლემარე ბებიებსა და ბაბუებს მიეპარებიან და ყურთან სათამაშო დამბაჩას უცლიან. ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს ყველანი ბოროტების სენითა ვართ დაავადებული.

– როგორ თუ ყველანი?! – წარბები შეყარა მბრძანებელმა.

– რა თქმა უნდა, თქვენი გამოკლებით, დიდო მეფეო!

კიდევ ერთხელ რომ ეჩვენებინა ყველასათვის სიკეთის ძალა, პრო–ფესორმა თავის თანაშემწეს დამჭკნარი მიხაკები შემოატანინა, ყვავილებს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ, გარედან გადმოკიდებოდნენ თიხის ქოთნებს.

– ახლა მე ერთ ობოლ ბიჭუნას შემოვიყვან, – თქვა სწავლულმა.

– კარებში ჩვენი ნაცნობი პატარა ლასი გამოჩნდა. ახლა იგი კეთილ პროფესორს ჰყავდა შეკედლებული.

– აბა, ლას, მიუახლოვდი ყვავილებს და მოეფერე! – უთხრა კომპოტინიმ.

ლასი მეფის ტახტის წინ მდგარ ქოთნებს მიუახლოვდა და დამჭკნარ მიხაკებს ხელი გადაუსვა. საბჭოს წევრები ფეხზე წამოდგნენ. თვით მეფემაც წამოიწია, მცენარეები ერთმანეთის მიყოლებით წელში გაიმართნენ, ფოთოლ–ღეროები გაუმწვანდათ, წუთიც და მზესავით იფეთქეს წითელმა ყვავილებმა.

– ახლა კი ვთხოვ რომელიმე მინისტრს მიუახლოვდეს ყვავილებს. უბრძანეთ, თქვენო უდიდებულესობავ!

ყველა შეცბა. მინისტრებს ცივმა ოფლმა დაასხა.

– მიუახლოვდით, შინაგან საქმეთა მინისტრო! – ბრძანა მეფემ.

სამარისებურ სიჩუმეში გაფითრებული შინაგან საქმეთა მინისტრი წამოდგა და ქოთნებთან მივიდა. მიხაკებმა თავები ჩაკიდეს.

– ეს შარლატანობაა! – იყვირა მინისტრმა, მაგრამ მეფემ სკიპტრა შემართა:

– ახლა თქვენ მიბრძანდით, ფოსტა–ტელეგრაფის მინისტრო!

საბრალო ყვავილები სულმთლად გადმოეკიდნენ ქოთნებიდან. ისევ მიიყვანა პროფესორმა ლასი ქოთნებთან და ისევ გაცოცხლდნენ მიხაკები.

– ახლა ყვავილების გულისათვის ხალხს ხელახლა ხომ ვერ მოვნათლავ! – წამოიძახა მეფემ.

პროფესორმა გულზე ხელი მიიდო და დაიჩოქა.

– დიდო მეფეო, ყვავილთა ხილვის სიხარული წაგვერთვა, იადონები დადუმდნენ შენს ბაღებში, აგერ მერცხალიც აღარ მოფრინდა ამ გაზაფხულზე. ვინ იცის, ისეთი დროც დადგეს, მზემაც აღარ ჩამოიხედოს თქვენს ქვეყანაში!

– ხმა! ხმა გაკმინდე! როგორ ბედავ?! – განრისხდა მეფე, – ციხეში ამოგალპობ!

პროფესორი წამოდგა და ზურგს უკან დაიწყო ხელები.

– მე მზადა ვარ, თქვენო უდიდებულესობავ!

მეფემ აღარ იცოდა, რა ექნა, პროფესორის ციხეში გასტუმრება საქქმეს არ უშველიდა. ფიქრისაგან თავი ასტკივდა. მერე უცბად სკიპტრას ხელი სტაცა, ტახტიდან გადმოხტა და ერთი და ორი უთავაზა თავის მინისტრებს.

– რა მოგივიდათ, რა ბოროტება აგიტყდათ, თქვე ოხრებო?! წუპაკებო, ტურტლიანებო! სიკეთეს მოეკიდეთ, თორემ მე ვიცი თქვენი, ციხეში ამოგალპობთ!

ცოტა გული რომ იჯერა, რისხვამ გადაუარა.

– ახლა ეს მითხარი, რა ეშველება წამხდარ საქმეს, პროფესორო?

– დიდო მეფეო, მე შედგენილი მაქვს გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა მთელი სისტემა, რომელიც სამწლიან პროგრამას მოიცავს. პირველ რიგში აუცილებელია ჩავატაროთ სავალდებულო სწავლება სიკეთემცოდნეობის კურსებზე.

– თანახმა ვარ! – ბრძანა მეფემ, ყველაფერი შენთვის მომინდვია.

ეს იყო სიკეთის ბეგრის დასაწყისი.

სიკეთის ბეგარა

ორშაბათ დილიო ქალაქის მთავარ მოედანზე უცნაური განცხადება გამოაკრეს:

ყველას! ყველას! ყველას!
მისი უ
იდებულესობის ბრძანებით გევალებათ გაიაროთ სიკეთემცოდეობის კურსები. ამისთვის ყველა სრულასოანი მოქალაქე 6 დან 70 წლამდე უნდა გამოცხადდეს პროფესორ ომპოტინისთან აღრიცხვაზე ასაყვანად. სიკეთის საოველთაო–სავალდებულო სამსახურისათვის თავის არიდება მიჩნეული იქნება ქვეყნის ა მეფის ღალაად. მისი უიდებულესობის ბედნიერი ქვეყნის სვებედნიერი მეფე ჩიგიდ XVI.

აწრიალდა ქალაქი. მიაშურეს პროფესორს. ბევრმა გავლენიანმა დიდებულმა სცადა თავი დაეღწია ამ დავიდარაბისათვის, მაგრამ ამაოდ: პროფესორის ცნობის გარეშე სასახლეში ფეხს არავის ადგმევინებდნენ. ზოგ–
ზოგებმა სცადეს ყალბი ცნობებით გასულიყვნენ ფონს, მაგრამ ამ საქმემ ხუთი კაცის სიცოცხლე, სახელი და ქონება რომ შეიწირა, მაშინ საბოლოოდ დაჰყარეს ფარ–ხმალი იოლი ცხოვრების მოსურნეებმა. წარჩინებულები და მდიდრები წუხდნენ, თორემ ღარიბ–ღატაკებს რა ენაღვლებოდათ? ერთი მათლაფა წვნისათვის დილიდან საღამომდე მეფის ქვის სატეხებში შრომას ან ქუჩა–ქუჩა ხეტიალს იმის მოლოდინში, იქნებ ვისმე ერთი გროში დავცინცლოო, იმ კურსებზე სიარული არ ჯობდა?

პროფესორს უკვე შეედგინა წესდება და ახლა მთელს ქალაქში ათასნაირი ხმები დადიოდა. ღარიბებისათვის უფასო საჭმელ–სასმელი იქნებაო, თითო ხელი ტანსაცმელი დაურიგდება ყველასო, ავადმყოფებს – უფასო წამალიო, ბალღებს – ტკბილეულიო, პატარძლებს – ჭრელი ჩითი და დარაია, ვაჟკაცებს – თითო წყვილი ჩექმა, დედაბრებს – თავშალი და თბილი წინდა, ბერიკაცებს – ცხვრის ქურქი და ბურნუთიო, ასე იყო თუ ისე, მიადგნენ პროფესორს: დასაკარგი რა გააჩნდათ? მიდგომით კი მიადგნენ, მაგრამ საქმე არც ისე ადვილი გამოდგა. ის ოხერი პროფესორი დაადებდა გულზე რაღაც ბრჭყვიალა რკინას და აინთებოდა პატარა ყუთის კედელზე მწვანე თვალი. რაც უფრო განათდებოდა თვალი, მით უფრო მეტი სიკეთე ჰქონდა კაცს შერჩენილი და უნდა კიდეც გამოთხოვებოდა იოლ ცხოვრებაზე ოცნებას.

– წადი, ჩემო კარგო! შენი სიკეთით ას წელიწადს იცოცხლებ, ეუბნებოდა პროფესორი იმედგაცრუებულ კეთილ ღატაკს და ალერსიანად უთათუნებდა ხელს. იქვე ცნობასაც აძლევდნენ:

ეამ ცნობის წარმომდგენმა მავანმა და მავანმა ნამდვილად გაიარა სიკეთემცოდნეობის სამეფო კომისია და საყოველთაო–სავალდებულ სამსახურისაგან განთავისუფლებულია საპატიო მიზეზით.

კომისიის თავ–რე პროფ. კომპოტინო კომპოტინი.

ერთი რამ იყო საოცარი, იმ ღარიბ–ღატაკებში, ადამიანად რომ არავინ თვლიდა და საკუთარი სახელის ღირსადაც კი არ იყვნენ მიჩნეულნი, იშვიათზე იშვიათად თუ გამოერეოდა უსიკეთო, ისიც მეტწილად სასახლის ფარეშ–მსახურები, წარჩინებულებს კი სულ დალეოდათ სიკეთე. ერთადერთი სრულსიკეთიანი კარისკაცთაგან სამსახურიდან გადამდგარი შტალმაისტერი გამოდგა, ისიც ხანდაზმულობისაგან თავის ჭკუაზე აღარ იყო, ყველას უღიმოდა და არწმუნებდა, ეს იმიტომ არის, რომ მე ყოველ დილით შვრიის ფაფას ვჭამ და კვირაში ერთხელ კუჭს ვიწმენდო. ორ კვირას მოუნდნენ პროფესორი და მისი თანაშემწენი ხალხის შემოწმებას. ორი კვირის შემდეგ დაიწყო მეცადინეობა კურსებზე. მთელ ქალაქში ფერად–ფერადი ნახატები გააკრეს: ერთზე ეხატა, როგორ იხდიდა პერანგს ულვაშა ზორბა მამაკაცი, რათა იქვე ხელებგაწვდილი უულვაშო ჩია ყმაწვილისათვის მიეცა. იქვე ჩამოკონკილ, უსინათსლო მათხოვარს თაყვანს სცემდა აბრეშუმ–მაქმანებში გამოწყობილი დიდებული და სპილენძის სოლდოს უწვდიდა. სოლდო მხატვარს წისქვილის ქვის ოდენა დაეხატა. სხვა პლაკატზე ლოყაღაჟღაჟა მდიდრები ფერმიხდილ ღარიბებს საჭმელს ურიგებდნენ. ზოგს უკვე მიეღო თავისი წილი ინდაურის ბარკალი და გემრიელად შეექცეოდა. უამრავ ასეთ ნახატს შეხვდებოდით სახლების კედლებზე. ფერადსავე ვიწრო ნაჭრებზე მოწოდებეი იყო.

ჯერ სხვაო და სხვაო, მერე თავო და თავო. იცი თუ არა, რომ ღარიბიც ადამიანია?
რა გააკეთე დღეს შენი ღარიბი ძმისათვის? სიკეთე სასარგებლოა, კეთილი ადამიანი საშუალოდ 10 წლით მეტს ცოცხლობს. ამოვირეცხოთ გულიდან სიავე! სამეფოს კეთილი ადამიანები სჭირდება!

პროფესორ კომპოტინის კურსებზე განსაკუთრებული პროგრამით მეცადინეობდნენ. აი რა საგნები უნდა შეესწავლათ: ს ი კ ე თ ო ლ ო გ ი ა, ო ბ ო ლ თ მ ც ო დ ნ ე ო ბ ა, ქ ვ რ ი ვ თ მ ც ო დ ნ ე ო ბ ა, მ ო წ ყ ა ლ ე ბ ა თ მ ც ო ნ ე ო ბ ი ს ს ა ფ უ ძ ვ ლ ე ბ ი, თ ე ო რ ი უ ლ ი გ უ ლ მ ო წ ყ ა ლ ე ბ ა, ფ ი ზ ი ო ს ი კ ე თ ე ლ ო გ ი ა, ს ი კ ე თ ე თ ე რ ა პ ი ა.

აქ ანაბანიდან უხდებოდათ ყველაფრის დაწყება. პროგრამის პირველ ნაწილს – რა არის სიკეთე? – ერთ კვირას მოუნდნენ. კეთილშობილ კურსანტებს ვერაფრით ვერ გაეგოთ, როგორ შეიძლებოდა, სხვისთვის სიკეთე გექნა და შენი სიკეთეც ყოფილიყო, ან რატომ უნდა მიეცათ სხვისთვის თავისი რამე და როგორ მოემატებოდათ ამითი სიკეთე. პროფესორი მალე მიხვდა, რომ შეგნებით მათ ვერაფერს შეაგნებინებდა და გადაწყვიტა, კეთილ ჩვევებს განვუვითარებ, პირველ ხანებში ესეც ეყოფათო. მოწყალების გაღებისათვის რომ მიეჩვია, ადგა და პაციენტები ჯგუფებად დაყო. ჯგუფის უფროსი ქისიდან იღებდა საკუთარ სოლდოს და აძლევდა მეზობელს. მეზობელი მადლობას უხდიდა, ჯიბეში იდებდა და ახლა შემდეგ კურსანტს გადასცემდა. ის კიდევ თავის მეზობელს და საბოლოოდ ფული ისევ ჯგუფის უფროსს უბრუნდებოდა. „დიდი მადლობა, შეგეწიოთ ღმერთი, ჩემი წვრილშვილის გაკითხვისათვისო,“ – ამბობდა უფროსი, ფულს ქისაში იდებდა და ვარჯიშიც მთავრდებოდა.

თანდათან უფრო რთულ ვარჯიშებს აწვდიდა მოსწავლეებს პროფესორი, ბოლოს პრაქტიკული მეცადინეობის ჩასატარებლად ღარიბთა უბნებშიც კი წაიყვანა. პირველ ხანებში ამ საქმისათვის საგანგებოდ გამოწერილ სახაზინო ფულს არიგებინებდა ქვრივგ–ობლებისათვის. აქ რამდენიმე დიდებულმა ვერ მოითმინა და რამდენიმე სოლდო აწაპნა, მაგრამ მყისვე დაასმინეს მისივე ჯგუფის მეგობრებმა და საბრალო ღორმუცელებმა ოქროს გალიაში ამოყვეს თავი.

ციხეს ყოველდღე ემატებოდა „სიკეთის ბარტყი“. ასე ეძახდნენ ძველი პატიმრები ყველას, ვინც სიკეთის ბეგარასთან დაკავშირებით მოხვდა ოქროს გალიაში. ბევრი ურჩი შეიარაღებულ მცველს დაჰყავდა პროფესორთან პირდაპირ ციხიდან. დამალვა შეუძლებელი იყო. ღამე პროფესორის ინდიკატორით დადიოდნენ მეფის კაცები. მიადგებოდნენ საეჭვო სახლს, მიადებდნენ აპარატს და, თუ ვინმე გადამალული იყო, აკიაფდებოდა მწვანე თვალი. მიწიდან ამოიღებდნენ ურჩს, კინწისკვრით მიაჩინჩილებდნენ .სიკეთის კარამდე.

ქალაქის ყველა კუთხეში გამოკრული იყო მეფის ბრძანება:

ა ი რ ძ ა ლ ო ს: კაცის კვლა, ბავშვებისა და ცხოველების წამება, დედმამიშვილებსა და მობლებს შორის ჯაუშობა, მოხუცების ცემა, ცრუმოწმეობა, ღალატი, ყოველგვარი უზნეობა. ე მ ო ღ ე ბ უ ლ ი ი ნ ე ს: მოყვასის სიყვარული, ერთმანეთის გაანა, რთგულება, გულმართლობა, პატიოსნება, სინდის–ნამუსი.

ზრდილობიან და თავაზიან სიტყვა–პასუხს ამკვიდრებდნენ ყველგან და ყველაფერში. ხალხი ერთმანეთს უნდა მისალმებოდა ქუჩაში. მოხუცებმა გაიხსენეს ძველებური „გამარჯობა–გაგიმარჯოს, მშვიდობით და ნახვამდის“. თუ ვინმეს შეამჩნევდნენ, რომ არ ესალმებოდა შემხვედრებს, აჯარიმებდნენ, თუ ფული არ ჰქონდა, სამეფო ყანებში ამუშავებდნენ დილიდან საღამომდე.

კატის ნახტომში ახალ შაირებს მღეროდნენ:

ეს სიკეთის ბეგარა
მოვიხადე ვეღარა,
ამას მიჩიჩინებენ:
ეს ქენიო, ეგ – არა.
კომპოტონის კომპოტი
მასვლეპინეს ძალადა;
კაცი ვიყავ, ახლა კი
ვარ სიკეთის კარადა.

კურსანტებს კი თავად უთხზავდა სამკურნალო სიმღერებს ბრძენი პროფესორი. ერთი სიმღერა, მაგალითად, ასეთი იყო:

სიკეთეზე დიდი რამ არ არსებოას ქვეყანაზე.

ამოვიწმინდოთ გულიდან სიავე,

ეს ძალზე გვარგებს ჩვენ.

ამ სიმღერებში არ იყო არც რითმა, არც რიტმი, არც მელოდია.

– ეს იმისათვის, ჩემო მეგობრებო, – ამბობდა პროფესორი, – რომ შიგ ჩადებული დიადი აზრი უფრო თვალსაჩინო გახდეს თქვენთვის. რომელი რითმა ან რომელი მელოდია შეედრება სიკეთის სილამაზეს?!

თითქმის ყველა უბანში პატარ–პატარა კერძო სამკურნალოები გახსნეს. ათასნაირი წარწერა ჰქონდა აბრებს:

მხოლოდ აქ შეგიძლიათ აღიდგინოთ სინდისი. სირცხვილ–ნამუსის რესტავრაცია პროფესორ კომპოინის მეთოდით.

ხუთი სეანსი საკმარისია აუცილებელი ზრდილობის შესაძენად.

ვაწარმოებთ თავხედობის ამბედაობად გადაკეთებას. მეცადინეობის ემდეგ უფასო ვახშამი, გარდა ამისა, მოისმენთ ბუნებრივი ტყის რიალს და ნამდვილი ჩიტების ჭიკჭიკს პროფესორ კომპოინის მეთოდით

პატარ–პატარა კერძო სამკურნალოებში მეტწილად უბრალო ხალხი, ხელოსნები, მეწვრილმანეები, მტვირთავები, მეეზოვეები დადიოდნენ, როგორც პროფესორი კომპოტინი ამბობდა, ზოგიერთი წვრილმანი დეფექტის გამოსასწორებლად.

მათი მთავარი ნაკლი ცოტა უზრდელობა და უფრო მეტად სისხლსა და ხორცში გამჯდარი ბილწსიტყვაობა იყო. ან კი როგორ უნდა ელაპარაკა ამ სიცოცხლით სავსე, ბავშვობიდანვე მარილიან სიტყვას შეჩვეულ მოუხეშავ, მაგრამ გულმართალ ხალხს იმ უძარღვო, დონდლო ენით, პროფესორი და მისი თანაშემწეები რომ სთავაზობდნენ?

– ამიწიეთ, სენიორ ანტონიო, თუ შეიძლება ეს ტომარა! – ხვნეშოდა მტვირთავი დომენიგო.

– ხომ არ ინებებდით ერთ კათხა ლუდს, სენიორ დომენიგო! – ქალის ხმაზე ცდილობდა ელაპარაკა ვეება ზვინივით აყუდებული ანტონიოს. რატომღაც ასე მიაჩნდათ, რაც უფრო ნაზი, ქალური ხმით ვილაპარაკებ, მით უფრო ახლოს ვიქნებით მიზანთანო.

– ინებეთ!

– გეთაყვა!

– დიდი სიამოვნებით!

– როგორ გეკადრებათ!

– დიდ ბოდიშს ვიხდი!

– მაპატიეთ!

– გთხოვთ! –

გაისმოდა, ვიდრე საბრალო პაციენტები მეცადინეობაზე იყვნენ, მაგრამ როგორც კი გარეთ გამოვიდოდნენ და თავს სამშვიდობოზე დაიგულებდნენ, მოგეცათ ლხენა, წამოვიდოდა მაგარ–მაგარი:

– ეშმაკსაც წაუღიხარ!

– ცალტვინა!

– ბებია გიცხონდა!

– ძმარი ხომ არ მოგენატრა ცხვირიდან?

– ისე ჩაგთხლიშო!…

სულ ერთთავად წესიერი ყოფაქცევა და ზრდილობიანი საუბარი ადამიანისათვის ძნელი ასატანიაო, ამბობდა ზოგი. განა შეიძლება ადამიანი ყოველდღე ნამცხვარს ჭამდეს? ზოგჯერ ჭვავის ხმიადიც მოგენატრებაო.

მდიდრებსა და წარჩინებულებს რომ ძლიერ გაუჭირდათ, დაიწყეს თავის შეყრა ხან ერთთან და ხან მეორესთან, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ და ისიც მხოლოდ სანდო ხალხთან. აი აქ კი იჯერებდნენ ხოლმე გულს ერთმანეთის ლანძღვით, სხვების გაჭორვით, ცილისწამებით და, ვინ იცის, კიდევ ბევრი სხვა რამით, რაზეც მიუწვდებოდათ ხელი. იმასაც ამბობდნენ, ზოგიერთმა მოხერხებულმა საგანგებო საიდუმლო სახლები გახსნა და იქ კარგ ფასად ძველებურ თავისუფალ ცხოვრებას მონატრებული დიდებულები რამდენსაც უნდათ ერთობიანო.

ათასნაირი რამე გაჩნდა დროის შესაფერი. მოედანზე ტკბილეულის დამტარებელი ბიჭები გაჰყიოდნენ:

– აბა ნამცხვარი „სიკეთე“, „მეგობრობა“!

– ორცხობილა „სიყვარული“, „ძმობა“, „თანასწორობა“!

– ცხელ–ცხელი ღვეზელი „კეთილი გული“!

– ლიმონათი „გმადლობთ, ბატონო“!

– აბა კარგი ლუდი „დედის ალერსი“!

იყიდებოდა ღვინო „ძმა ძმისთვისაო“, „ნამუსის ელექსირი“, კანფეტები „ერთგულება“, „ზრდილობა“, „ღიმილი“, „სალამი“, კუბოებიც კი – „კეთილი მგზავრობა“, „მშვენიერი სებერე“ და „ერთგული მეგობრები“.

ქალებმა ახალი მოდის კაბები ჩაიცვეს, ღრმა დეკოლტეიანი – „ღია გული“, კაცებმა ფართო ბერეტები – „ნამუსის ქუდი“ – დაიხურეს.

ერთი სამკურნალო ყველაზე მეტად იზიდავდა ხალხს. აქ დილიდან საღამომდე სიმღერა და ცეკვა–თამაში იყო. ათასნაირ ოინებს იგონებდა ამ მხიარული დაწესებულების პატრონი და მუშტარიც არ ელეოდა. სხვაგან თუ საჩუქრებით ძლივს შეიტყუებდნენ პაციენტს, აქ თავად იხდიდნენ ფულს და დიდად ნასიამოვნებიც ბრუნდებოდნენ შინ. აქაც იყიდებოდა ღვინო „სიკეთის ელექსირი“, ღვეზელი „კეთილი გული“ თუ „ალალი გულღვიძლი“, აქაც მღეროდნენ პროფესორის სამკურნალო სიმღერებს, მაგრამ რამ ყველაფერს სხვა ეშხი ჰქონდა. ცოტა რომ შეზარხოშდებოდნენ, ატყდებოდა ყვირილი:

– დაუკარი, მაესტრო კარლო, დაუკარი შენი სალამური!

მაესტრო კარლოც ჩაბერავდა. თანაც ისე, რომ მუშტრებს ფეხები თავისთავად აუთამაშდებოდათ. ცეკვავდნენ და მღეროდნენ თავდავიწყებით:

ჩვენ საყვარელ მაესტროს
ყველაფერი მოესწროს;
ჯადოსნური, საამური
დაელოცოს სალამური!

ქალაქში ამბობდნენ, მაესტრო კარლო ფეხებიდან შეასმენს ხალხს სიკეთესო.

ამ მხიარული დუქნის ფეხმოუცვლელი სტუმრები იყვნენ ვინი და ტოპი და, აბა, წარმოიდგინეთ, რა თვალის სეირიც იმართებოდა.

ახლომახლო მედუქნეებს მუშტარი მოაკლდათ. ადგნენ და არზა დაწერეს, პოლიციას მიართვეს, ეგ ვიღაც მაესტრო კარლოა, სიკეთის მაგივრად ხალხს ლოთობას და უკეთურ სიმღერებს ასწავლისო. პოლიციამ საიდუმლო აგენტი მოავლინა. მიჯდა ეს აგენტი კუთხეში და იწერა და იწერა მოდიოდა, ვინ მიდიოდა, ვინ რას ამბობდა, მაგრამ როგორც კი დრო მოვიდა და მაესტრომ თავის სალამურს ჩაჰბერა, აგენტმა ყველაფერი დაივიწყა და ისე ჩაბუქნა, რომ თქვენი მოწონებული, თან სოლდოებს უყრიდა დახლზე, ერთიც დაუკარი, შენი ჭირიმეო. მივიდა მერე თავის უფროსთან და მოახსენა, ყველაფერი რიგზეაო.

ჰო, ერთი ამბავი მოჰყვა ამ სიკეთის ბეგარას კიდევ. ერთ საღამოს პაპა პიეტროს ბნელ ოთახში, მაგიდაზე ფულით სავსე ქისა გაჩნდა. ვერც პაპამ და ვერც ყმაწვილებმა ვერაფერი გაიგეს ამ ქისის მომტანისა. მეორე, საღამოს მაგიდაზე ისევ გაჩნდა ქისა. თანაც პაპას დაბეჯითებით ახსოვდა, რომ კარი არავის გაუღია. მესამე დღეს საგანგებოდ დაუდარაჯდა პაპა. მაგიდასთან დაჯდა და კარს თვალს არ აშორებდა. ძალიან ცდილობდა მოხუცი ფხიზლად ყოფილიყო, მაგრამ მაინც მოსტაცა ერთი. წუთით ძილმა თვალი და იმწამსვე მოესმა როგორ გაიჩხაკუნა მაგიდაზე დადებულმა მზიმე ქისამ.

– ვინა ხარ? წამოიძახა პაპამ და თვალი დაჭყიტა.

პასუხად სალამურის ხმა მოესმა და უცბად პაპას ფეხები აუთამაშდა. მერე ყველაფერი მიჩუმდა.

შინ დაბრუნებულ ინსა და ბიჭებს პაპამ უამბო უჩინარი სტუმრის შესახებ. ჭაბუკა მაშინვე მიხვდა, ვინც იქნებოდა ის მესალამურე, მაგრამ არაფერი უთქვამს. რა თქმა უნდა, შენც მიხვდი, ჩემო მკითხველო, რომ ტინიტოს ოინები იყო ის მხიარული სამკურნალო–სამიკიტნოცა და ფულით გატენილი ქისის მოგდებაც.

ამ ქისის წყალობით ამიერიდან პური აღარ აკლდათ კატის ნახტომის ობოლ ბავშვებს.

რაკი სიკეთის საქმე სახელმწიფო საქმედ იქცა, ბუნებრივია, მეფეც დაინტერესებული იყო, რომ ამოდენა ხარჯსა და დავიდარაბას რამე ნაყოფი გამოეღო. რა თქმა უნდა, მეფე ჩიგიდი ვერ შეურიგდებოდა სახაზინო ფულის განიავებას. ვინ იცის, რა ხდებოდა იმ თავქარიანი პროფესორის კურსებზე? თხოვნა, საჩივარი და დასმენის ქაღალდი ბევრი შემოდიოდა სამეფო კანცელარიაში. ზოგი კომისიით იყო უკმაყოფილო, სწორად არ შემიმოწმეს სიკეთის პროცენტებიო. ზოგი ამბულატორულ მკურნალობაზე გადაყვანას თხოულობდა, ზოგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ითხოვდა ბეგრისაგან განთავისუფლებას. უმეტესობა კი პროფესორ კომპოტინის უჩიოდა მეტისმეტსა გვთხოვსო.

მრავლისმომსწრე მეფეს არც ქაღალდებისა სჯეროდა, არც თავისი მოხელეების, არც ყალთაბანდი დიდებულებისა და არც იმ გიჟი პროფესორის, ამიტომ გადაწყვიტა თავისი თვალით ენახა ყველაფერი. გადაწყვიტა და იმავე დღეს მიადგა კომპოტინის დაწესებულებას თავისი ამალით.

– აბა, შედის რამე ამათ თავში, პროფესორო? – ჰკითხა მეფემ კომპოტინის, როდესაც შეგირდებმა მისალმება დაამთავრეს, კვლავ მერხებზე დასხდნენ და ყმაწვილებივით გაიტრუნენ.

– თავში შედის, დიდო მეფეო, მაგრამ გულში ნაკლებად. მთავარი კი გულია, – მოახსენა საქმის გარემოება პროფესორმა. მეფემ დამცინავად გადახედა თავის დიდებულებს.

– თქვენ რას იტყვით, ბატონებო?

წინა მერხიდან უცებ ხანშიშესული გრაფი წამოხტა და მეფეს დაუჩოქა:

– გამათავისუფლე, დიდო მეფეო, რაღა დროს ჩემი სწავლაა, სანამ მე ავსა და კარგს გავარჩევ…

– მეც, შენი მუხლების ჭირიმე! – მივარდა კიდევ ერთი კარისკაცი, – მამას ჩემსას არა ჰქონია ეს ოხერი სიკეთე და პაპას, მე ოა დავაშავე?!

– დავწყდით, გული გადაგველია ამდენი სიკეთით!

– გული გვერევა!

– ტურტლიანები შეიყვარეთო!

– ყველა ადამიანი სიცოცხლის ღირსიაო!

– ძმები ვართო!

– ღარიბ–ღატაკს ხელი უნდა გაუმართოთო!

– მეტი აღარ შეგვიძლია!

აჩოჩქოლდნენ, აყაყანდნენ. ბოლოს ერთობლივ დაუჩოქეს მეფეს:

– დიდო მეფეო, როგორც გინდა გვიმსახურე, გინდა ცხოა მთას იქით გაგვაგხავნე!

– ოღონდ აქედან გაგვათავისუფლე!

– ოღონდ ამ კომპოტინის ხელთ ნუ დაგვტოვე!ბ!

მეფე წამოდგა:

– მე თქვენ ისე გაგათავისუფლებთ, პროფესორი სანატრელი გაგიხდებათ!

– დიდო მეფეო! – დაიკნავლეს დიდებულებმა საცოდავად.

მეფემ თავისი სკიპტრა მოიმარჯვა და როგორ მეველე დაერევა ხოლმე ყანაში გადასულ ხარ კამეჩს, ისე დაერია ამ აბრეშუმ–მაქმანებში გამოპრანჭულ კარისკაცებს.

– აი, თქვე მუქთახორებო! ლამის არი, სახელმწიფო დავღუპო თქვენი ოხრობისაგან. ამათ დამიხედეთ! აბა, პროფესორო, მომახსენე, ვინ როგორ იქცევა

პროფესორმა საკლასო ჟურნალი გადაშალა.

– ობოლთმოწყალების გაკვეთილზე გრაფმა სივერელმა ობოლ ბიჭუნას, რომელიც თვალსაჩინოებისთვის გვყავდა მოყვანილი, ყური აახია.

– დღეს დატოვეთ უსადილოდ! – უყოყმანოდ გამოუწერა მეფემ.

– მარკიზმა ჯანდაბინმა გლახაკთა განკითხვის პრაქტიკულზე ბავშვებს მათლაფებში დანაყილი მინა ჩაუყარა.

– მთელი დღე შეშა აჩეხინეთ! – ბრძანა მეფემ.

– გრაფინია დარდუბალმა შენდობა–მოწყალებაში ვარჯიშის დროს ყური მოაკვნიტა ბარონესა პირდინგს.

მეფემ თითით მოიხმო გრაფინია.

– მაპატიეთ, დიდო მეფეო! – შეევედრა გრაფინია.

– გამობრძანდით! ახლოს მობრძანდით, ახლოს! – შემპარავი ხმით იწვევდა მეფე.

გრაფინიას ეტიკეტის თანახმად, ორ–ორი თითით კრინოლინი ოდნავ წამოეწია და ისე უახლოვდებოდა მბრძანებელს.

– გადაიწიეთ თმა, გამოაჩინეთ ყური!

– დიდო მეფეო, – დაიწრიპინა გრაფინიამ, თან გველისაგან მონუსხული ბაყაყივით რაღაც ძალა ეწეოდა მეფისაკენ. ორიოდე ნაბიჯი რომ
უკლდა, მეფე უცბად წამოიწია და კბილებით სწვდა თავის მსხვერპლს. გრაფინიამ იკივლა და უკან ისკუპა.

– არა უშავს, დაგამახსოვრდება: შენი ბედი, რომ კბილები აღარ მივარგ! აბა ახლა მიჩვენეთ, პროფესორო, როგორ ამეცადინებთ ამ ბედოივლათებს.

კომპოტინიმ შეგირდები სავარჯიშოდ დაამწკრივა.

– დავდგეთ გაშლილი მკლავის მანძილზე, ამოისუნთქეთ ღრმად! ყოველ ამოსუნთქვაზე ამოგვაქვს და ვიცილებთ ბოროტებას. ახლა ჩავისუნთქოთ, ღრმად, ჟანგბადთან ერთად ვითვისებთ სიკეთეს! კიდევ ერთხელ ამოისუნთქეთ, ჩაისუნთქეთ! ახლა დავიწყოთ ლექსი. სამი, ოთხი…

შეგირდებმა ერთხმად ჩამომარცვლეს:

გაზაფ–ხუ–ლი მობრძ–ძან–დე–ბა,
ჩი–ტუ–ნე–ბი ჟღურ–ტუ–ლე–ბენ,
ნა–კა–დუ–ლი მო–რაკ–რაკ–ებს,
ნე–ლი სი–ო და–ნა–ვარ–დობს.

პროფესორმა ტაში შემოკრა და ყველანი გაჩუმდნენ.

– თქვენო უდიდებულესობავ, ეს გახლავთ ჩემ მიერ დამუშავებული კომპლექსური გონებრივ–ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ხელს უწყობს პიროვნების მორალურ გარდაქმნას. სამი, ოთხი…

საბრალო კარისკაცებმა ჩაისუნთქეს და განაგრძეს;

ო–ბოლს უნ–და და–ვეხ–მა–როთ,
გლა–ხაკს ხე–ლი გა–ვუ–მარ–თოთ,
ქვრივს მივ–ხე–დოთ, შე–ვე–წი–ოთ,
მო–რა–ლუ–რად განვ–ვი–თარ–დეთ!

ამ ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და მეფეც კმაყოფილი იყო. მეორე ვარჯიშს ცოტა არ იყოს უსიამოვნება მოჰყვა. შეგირდები ორ ჯგუფად გაიყვნენ და ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. პირველმა ნომერმა ყბაში სილა გაარტყა მეორეს, ამან წესისამებრ მეორე ყბაც შეუშვირა. შემდეგ მეორემ გაარტყა და პირველმა შეუშვირა მეორე ყბა და ა. შ. მაგრამ ხუთიოდე გარტყმა–შეშვერის შემდეგ კარისკაცები ნამდვილ მუშტი–კრივზე გადავიდნენ.

– სდექ! – გასცა ბრძანება პროფესორმა.

– აი, თქვე ოხრებო! – ისევ დაერია მეფე დიდებულებს.

ვარჯიშს აკუსტიკურ–თერაპევტული სეანსი მოჰყვა.

– თქვენო უდიდებულესობავ, ჩვენ ყველას გვაკლია ბუნების სიკე–
თე: ზღვის ტალღების ტყლაშუნი, წვიმის წვეთების წკრიალი, ქარის ზუზუნი, ტყის შრიალი, ფრინველთა ჭიკჭიკ–ჟღურტული, – უხსნიდა პროფესორი მეფეს, – ესენი გახლავთ ჩვენი სულის მაცოცხლებელი წამლები.

სენიორ კომპოტინიმ თავისი ყუთი დადგა და გაისმა საამური ჰანგი, ნაკადულის რაკრაკი, ფრინველების ჟრიამული. კარისკაცებს მთქნარება აუტყდათ, პროფესორი კი ცრემლმორეული უსმენდა ათასჯერ მოსმენილ
თავისსავე სასწაულს. დაამთქნარა მეფემაც და ფეხზე წამოდგა.

– ჩვენ კმაყოფილი ვართ, განაგრძეთ პროფესორო!

– მიხვდი რამეს? – გადაულაპარაკა მეფემ პირველ მინისტრს, – ვერაფერი ვერ გავიგე.

– თქვენო უდიდებულესობავ, სიკეთეც და ბოროტებაც თქვენს წინაშე იხრიან ქედს, – მიუგო ცბიერმა დიგიჩმა.

მეფე და მისი ამალა ახალი წასული იყო, რომ კლასში პრინცესა შემოვარდა ყვირილით:

– სად არის მამაჩემი, სად არის მისი შეპირებული ყვავილები?!

პროფესორს მივარდა და წვერში სწვდა:

– შენ გინდა, რომ კეთილი ვიყო, არა, თვინიერი, ლმობიერი? რა უყავი ჩემს მიხაკებს, ჩემს ვარდებს, ჩემს იადონებს?! სულ ამისი ბრალია! – იკივლა მეფის ასულმა და ფეხი ჩასცხო სიკეთის მანქანას, – რას უსმენთ ამ გამოთაყვანებულს, – მიუბრუნდა ახლა კარისკაცებს, – აბა, წაავლეთ ფეხში ხელი!

ამათ კიდევ წაქეზება უნდოდათ?! მიცვივდნენ საწყალ კომპოტინის და წააქციეს. ვინ ფეხში წაავლო ხელი, ვინ – ხელში.

– ხალხო, – ბუტბუტებდა საბრალო პროფესორი, – გაიხსენეთ: სი–კე–თე კარ–გი–ა, სი–ა–ვე არ ვარ–გა!

საქმეში ხართ! პროფესორს უკვე ღია ფანჯარასთან აქანავებდნენ. პრინცესა მერხზე შემხტარი დირიჟორობდა და კარისკაცები ერთხმად შვებით ბღაოდნენ:

ო–ბოლს უნ–და პან–ღუ–რი,
გლა–ხაკს უნ–და პან–ჩუ–რი,
ქვრივ–ო–ხერს დო–ზა–ნა,
ჩვენ ბი–ჭებს ოსანა!

– ერთი, ორი და…

ის იყო „სამი“ უნდა ეთქვა პრინცესას და კომპოტინიც საბოლოოდ დაეხსნებოდა სიკეთე–სიავის საქმეებს, რომ დარბაზში მეფე შემოიჭრა. უკვე ეცნობებიათ, აქ რაც ხდებოდა.

– ეს რა ამბავია, ახლავე ხელი უშვით, – იყვირა მბრძანებელმა და ერთი თუ ორი გადაუჭირა გალაღებულებს, ძლივს გააგდებინა ხელიდან ფერწასული პროფესორი.

– მაშინ ჩემი ყვავილები მომეცი! – იკივლა პრინცესამ. მეფემ ტაში შემოჰკრა და ცოტა ხნის შემდეგ ყვავილებიც შემოიტანეს რამდენიმე ქოთნით. პრინცესა გახარებული მივარდა, თვალები მინაბა და დაყნოსა. მერე ხელით სინჯვა დაუწყო, რაღაცას მიხვდა.

– ვინ მოიტანა, მამაჩემო, ეს ყვავილები?

– პირველმა მინისტრმა, შვილო.

– ეს რა ყვავილებია, სენიორ დიგიჩ?

პირველი მინისტრი გაფითრდა. მაგრამ, რაკი აშკარად წყალს მიჰქონდა, ყოველი შემთხვევისათვის ხავსს მაინც მოეჭიდა.

– მიხაკი, ჩაის ვარდი, ტიტა…

– აჰა, ძალიან კარგი. აბა მოწყვიტეთ რომელიმე, თუნდაც აი ეს ვარდი, ასე, ახლა ჭამეთ.

– ვარდის ჭამა სად გაგონილა, თქვენო უმაღლესობავ!

– ვარდის მურაბას ჭამენ? ჭამენ, თქვენ კი უმად ჭამეთ, უფრო მარგებელია.

სენიორ დიგიჩმა მეფეს გადახედა მუდარით.

– ჭამე, ჭამე, პირველო მინისტრო, მეფის ასული გთხოვს, – მშვიდად უთხრა მეფემ, არც გაჰღიმებია, ვითომ არც იცოდა, რაში იყო საქმე.

სხვა რა გზა იყო, შეჭამა პირველმა მინისტრმა ჩვრის ვარდი. სათქმელად ადვილია, თორემ ზოგი ჩვრის იასაც ვერ შეჭამს.

როგორც კი გადაყლაპა ვარდი სენიორ დიგიჩმა და სიმწრის ცრემლი მოიწმინდა, პრინცესამ ტაში დაუკრა.

– ბრავო, ბრავო! თქვენო უდიდებულესობავ, ბატონებო, ჩვენ ყველანი მოწმე ვიყავით ჭეშმარიტად საგმირო საქმისა, პირველმა მინისტრმა საჯაროდ შეჭამა ჩვრის ვარდი. გთხოვთ, დიდო მეფეო, მიანიჭოთ სენიორ დიგიჩს გრაფ ჩვარიჭამიას ტიტული, გერბად კი დაუმტკიცოთ ღორის დინგში გაჩრილი ვარდი. ესენი კი მოაშორეთ აქედან!

პრინცესამ ყვავილები მიყარ–მოყარა და დაწიხლა.

– ახლა კი წამიყვანეთ ციხეში. და მაჩვენეთ ნამდვილი ყვავილები, ახლავე წამიყვანეთ!

სასოწარკვეთილმა მეფემ აღარ იცოდა, რა ექნა.

– ეს რა უბედურებაა ჩვენს თავს, ვის გაუგონია პრინცესის ციხეში სიარულ

– არ გაუგონიათ და ახლა გაიგონებენ, ახლავე წამიძეხით ციხისაკენ! – გაჰკიოდა პრინცესა და ბრაზისაგან ფეხებს აბაკუნებდა.

– ღმერთო, რა დაგიშავე! – დაიკვნესა მეფემ და ბრძანა, წაგვიძეხით ციხისკენო.

მართლაც, ერთადერთი ადგილი, სადაც ყვავილები ხარობდნენ, თუ კატის ნახტომს არ ჩავთვლით, ოქროს გალია იყო. საკვირველი ისაა, რომ რაც უფრო ღრმად ჩადიოდნენ ციხის ჯურღმულებში, სადაც მზე კი არა, დღის სინათლეც ვერ აღწევდა, მით უფრო ხალისიანად გაშლილ ნაირ–ნაირ ყვავილებს ხვდებოდნენ. საოცარ სურნელებას აფრქვევდნენ ვარდები, მიხაკები, გიაცინტები, მზესავით ანათებდნენ ოქროსფერი ქრიზანთემები, გვირილები, ყაყაჩოები.

ყველაზე დაბლა 05 სართულზე ერთი საკანი იყო, ამ საკნის ბინადარს არა თუ მზის სინათლე, ჭრაქის შუქიც აკრძალული ჰქონდა. აქ იჯდა პატიმარი, რომელსაც მეფის ძმამ ამ ორმოციოდე წლის წინ სამუდამოდ ჯურღმულში ჯდომა მიუსაჯა. ერთი კვირის შემდეგ პრინცი მოკვდა. არავინ იცოდა, რა დაუშავა მეფის ძმას ამ თვინიერმა კაცმა, მაგრამ რაკი ერთხელ მოხვდა სამეფო ჯურღმულში, მისი აქედან გაშვება აღარ შეიძლებოდა. ასეთი იყო წესი და ჩვეულება. ამ პატიმრის სახელი ახლა არავის ახსოვდა, საკნის ნომრის მიხედვით კი N 05–13–ს ეძახდნენ. და აი ამ კაცის საკანში ელოდათ ბრწყინვალე სტუმრებს ნამდვილი სასწაული. დერეფანში გამწკრივებულ დიდებულ ყვავილებს რომ ათვალიერებდნენ, მეფემ თვალი მოკრა, რომ N 13 საკნის კარის ღრეჩოებიდან შუქი გამოდიოდა და წარბი შეკრა.

– ეს რა ამბავია, ვინ გაბედა სინათლის მიცემა? ახლავე ჩააქრეთ და ვინც სინათლე მისცა, ისიც მასთან ჩასვით! – ბრძანა მეფემ.

მაგრამ ციხის უფროსი იღიმებოდა. აი გაუგონარი თავხედობა: ქუსლი ქუსლზე მიედგა, გამოჭიმულიყო თავის მბრძანებლის წინაშე და იღიმებოდა. მეფემ აღარა იცოდა, რა ექნა, სკიპტრის გადაჭირებაც კი დაავიწყდა, მერე ისიც გაიფიქრა, ხომ არაფერს მიწყობენო, და პირველ მინისტრს გადახედა. პირველი მინისტრიც გაოგნებული იდგა.

– თქვენო უდიდებულესობავ, საქმე ის არის, რომ ვინც პატიმარ N 05–13–ს სინათლეს აძლევს, მასთან ერთად ზის საკანში, – მოახსენეს მოკრძალებით.

– რაო?! – იღრიალა მეფემ, – როგორ მიბედავ გამოცანებით ლაპარაკს?! ციხეში ამოგალპობ!

ზედამხედველმა საკნის კარი გამოაღო და მზის შუქმა ერთ წუთს ყველას თვალი მოსჭრა. საკნის ოთხივე კუთხეში ოთხ მზესავით ანათებდა ოთხი ვეება ქრიზანთემა, იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ ოთახში ალბათ ბუხარი იქნებოდა, ყაყაჩოებს ამოეხეთქათ ქვაფენილი, ქვისსავე კედელი და კოცონივით გიზგიზებდნენ, პატიმარი N 05–13 გარინდებული ჩაჰყურებდა სასწაულ ბუხარს, წვერაბურძგნული და თმაგაჩეჩილი.

წუთით ყველა დამუნჯდა. რა იყო ეს? ქვეყნის მტრების მოწყობილი ამბავი? ჩვეულებრივი ჯადოქრობა, მოხეტიალე მეფოკუსეები რომ გვიჩვენებენ ხოლმე? არა, არ ჰგავდა! და ღრმად გულში ცივად ჩაღვრილი უცნაური შიში რომ როგორმე უკუეგდო, მეფემ იყვირა:

– ჯანყია! ახლავე ამოთხარეთ და გადაყარეთ!

– ყოველ დილით ვთხრით, თქვენო უდიდებულესობავ და ისევ ამოდის.

მეფეს უნდოდა ებრძანებინა, ახლა, ჩემ თვალწინ ამოთხარეთო, მაგრამ იმ რაღაც უცნაურმა შიშმა შეაჩერა, თავაწყვეტილი პრინცესაც კი დადუმებულიყო. პირველად სწორედ ის გამოვიდა ამ საოცარი საკნიდან დერეფანში.

მთელი გზა, ვიდრე ჯურღმულიდან ზევით ამოდიოდნენ, მეფე დაფიქრებული იყო. ჩაფიქრებული მოდიოდა მეფის ასულიც. ამ სტუმრობის სამახსოვროდ ციხის უფროსმა ქოთნებში ჩარგული რამდენიმე დიდებული
მიხაკი და ქრიზანთემა მიართვა. პრინცესამ ბრძანა ყვავილები ჩაბნელებულ ოთახში დაედგათ და მცველებიც მიუჩინა.

დილით გაღვიძებისთანავე მიაკითხა ყვავილებს, სინათლე აანთო და
მწარედ ატირდა. უღონოდ წელგაწყვეტილები ქოთნიდან უსიცოცხლოდ
გადმოხრილიყვნენ და ფერწასული ლამაზი ტუჩებით იატაკს მიჰკროდნენ
მისი ყვავილები.

სიკეთის გეგრის დასასრემლი

ჭაბუკას წასვლის შემდეგ პრინცესის ყვავილები ვეღარ ხარობდნენ. რა არ იღონეს, რა არა ქნეს, საიდან არ გამოიწერეს მებაღე–მეყვავილე,მაგრამ ვერაფერი უშველეს. წუხდა პრინცესა, დროდადრო ტიროდა კიდეც. ერთ დილას გაიღვიძა თუ არა, შეამჩნია, რომ აივნიდან საწოლ ოთახში უჩვეულო თეთრი მჭახე სინათლე შემოდიოდა. ვარდისფერი ატლასის საბანს აღარ ეფინებოდა ჩვეული იისფერი შუქი. ძიძამ დაანახა, როგორ ჩამოსცილდა მშვენიერი გლიცინია სასახლის აივანს და პირი გალავნისაკენ იბრუნა. ჰო, პრინცესის საყვარელი, ლამაზი გლიცინია, ასე რომ ამკობდა აივნის მოხარატებულ თაღსა და რიკულებს, დაბლა ბაღში მიწაზე გართხმულიყო, ორი ნაზი მკლავი ქვის გალავნისათვის მოეხვია, თითქოს ზედ
გადავლებას ლამობსო.

– ახლავე, ახლავე დააბრუნე! – შეჰყვირა პრინცესამ, – გევედრები, ძიძაჩემო, დააბრუნე. მცველებს დაუძახე! სად არიან მცველები?!

საგუშაგოს უფროსი პრინცესას გამოეჭიმა.

– რას აკეთებენ ღამე გუშაგები, ჩემო კარგო? – ხამნარევი ალერსით დაუტკბა პრინცესა ახალგაზრდა სერჟანტს და პირი ისე მოკუმა, რომ ლალისფერი ტუჩები გაუთეთრდა, – თქვენ იცით, რომ წუხელ ჩემი აივნიდან ჩამოძვრა და გაიქცა ჩემი საკუთარი გლიცინია?! ის იისფერ შუქს მფენდა, როცა ვიღვიძებდი.

სერჟანტი გაოგნებული იდგა, მარჯვენა ხელი შეემართა და ორი უსიცოცხლო თითი გალაქულ შავ კივერზე ჰქონდა მიტყუპებული.

– მობრძანდი, ნახე, ჩემო რაინდო, თქვენ პრინცესას კი არ უნდა იცავდეთ, ბატებს უნდა მწყემსავდეთ! ხმა–კრინტი არავისთან დაძრათ! ახლავე მოიყვანე შენი უსაქმურები და, სანამ მე ვისაუზმებ, ყვავილი აქ იყოს! – ბრძანა პრინცესამ. აივნის თაღსა და კედლებს შემოავლო ლამაზი თითი და სასადილო ოთახში გავიდა. საუზმეზე არც მეფეს, არც სეფექალებს, არც მუსიკის მასწავლებელს არაფერი უთხრა. გულის სიღრმეში საშინელ შეურაცხყოფას გრძნობდა.

ოდნავ მოსვა ცხელი ყავა, ნამცხვარი მოციცქნა და თავის ოთახში შემობრუნდა. გაშიშვლებული აივანი, შემზარავი შესახედი იყო, ეზოდან ხმები მოისმა. სამ ჯარისკაცს სერჟანტის მეთაურობით სასოებით ჩაეხუტებინა ურჩი ყვავილი და აივნისაკენ ეწეოდა.

– ნელა, ნელა, თქვე არამზადებო, ერთი ტოტიც რომ მოტყდეს, ფეხით ჩამოგკიდებთ! – გადასძახა პრინცესამ.

– ადამიანივით გვიძალიანდება, თქვენო უმაღლესობავ! – ხვნეშოდნენ ჯარისკაცები.

– არა უშავს, მე ვასწავლი მაგას, როგორ უნდა ურჩობა!

ერთი საათის შემდეგ გლიცინია მაგრად იყო თოკებით მიკრული აივანზე. მაგრამ სიცოცხლე აღარ ემჩნეოდა. დამღრალი იისფერი მტევნები უსიცოცხლოდ ეკიდა ღეროზე.

ძიძამ დაამშვიდა პრინცესა, ყველაფერი კარგად ჩაივლის, ყვავილმა ცოტა მოიწყინა, მაგრამ ეგ არაფერიაო.

პრინცესას გუნება გამოუკეთდა. ხუმრობის ხასიათზეც კი დადგა. ახლოს მივიდა ყვავილთან და თავისი ლამაზი ჩინური მარაოთი ხუმრობით დაუწყო ცემა.

– მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა ურჩობა. მე შენ ტოტს მოგაჭრი, ხომ ვაჭრით ხოლმე მონებს ცალ ყურს?!

ძიძას ვერცხლისტარიანი დანა გამოატანინა და საკუთარი ხელით მოაჭრა ტოტი.

– ახლა ჩემი ყურმოჭრილი მონა ხარ, იცოდე, და სისულელეებს აღარ გაპატიებ! – თქვა მეფის ასულმა.

მეორე დილით პრინცესის ოთახიდან კივილი მოისმა. გულგახეთქილი ძიძა ოთახში შევარდა: პრინცესა გულწასული ეგდო აივნის ზღურბლზე. გლიცინია კვლავ გალავნის კედელს მიკვროდა და ზედ გადავლებას ლამობდა. სვეტებზე, თაღზე, რიკულებზე თოკის ნასკვები შეუხსნელი იყო. სადილობამდე ჩაკეტილი იყო პრინცესა. ნასადილევს ბრძანა გლიცინია მოეთხარათ, აეკაფათ და დაეწვათ.

სასჯელის აღსრულებას მთელი სასახლე ესწრებოდა.

პრინცესამ ინება და მეფემ ბრძანა, მთელს ქალაქში, სადაც კი შეხვდებოდნენ, აეჭრათ და კვირას მთავარ მოედანზე დაეწვათ ყველა გლიცინია. მისჯილის დაფარვისათვის სასტიკი სასჯელი დააწესეს. კვირა დღისათვის ემზადებოდა მთელი სასახლე. პრინცესამ თავი მგლოვიარედ გამოაცხადა და ახლა მას მშვენიერ შავ, ჩინური აბრეშუმის მაქმანებიან კაბას უკერავდნენ: მკერდზე მიმობნეულ მარგალიტებს მგლოვიარის ცრემლები უნდა გაეხსენებინა ამალისათვის. სასახლის პოეტმა საგანგებო ლექსი შეთხზა ამ ცერემონიისათვის, კაპელმაისტერმა მუსიკა შეუწყო.

მთელ ქალაქს მოედვნენ მეფის კაცები დალესილი ცულებით, დაუზოგავად აგლეჯდნენ ღობეებს, აივნებს, კედლებს საბრალო გლიცინიებს. ჩეხდნენ, მოედნისკენ მიათრევდნენ. აქა–იქ ზოგი ცდილობდა გადაერჩინა ყვავილი. მაგრამ ჯაშუშები ყველაფერს აკვლევდნენ. რამდენიმე კაცი საჯაროდ გაჯოხეს მოედანზე და შემდეგ ციხეში უკრეს თავი. ტიროდნენ პატარები, ტიროდნენ დიდები.

პროფესორის სიკეთის დეტექტორის ისარი თითქმის ნულს უჩვენებდა. შეშფოთებული კომპოტინი მეფეს ეახლა.

– თქვენო უდიდებულესობავ, ასე შეუძლებელია, დინასტიას ნუ ჩააგდებთ საფრთხეში!

მაშინვე გამოაგდეს გარეთ ათიოდე ქურდბაცაცა. რამდენიმე ობოლი მოიყვანეს სასახლეში და მსახურთა სასადილოში დასვეს, მათლაფებით ფაფა დაუდგეს. შეშინებული ბავშვები პირს არ აკარებდნენ საჭმელს, ალბათ ჩვენი მოწამვლა უნდათო. ძალად აჭამეს და კინწისკვრით გაჰყარეს გარეთ. დეტექტორის ისარმა ცოტა აიწია. პროფესორი ახლა პრინცესას ეწვია და მუხლმოყრილი შეევედრა გლიცინიების ურჩი პატრონები გაეთავისუფლებინა, მაგრამ პრინცესამ უარით გამოისტუმრა. დაემუქრა, თუ ავაზაკთა მფარველობას თავს არ დაანებებ, მაგ ეშმაკის ხელ საწყოსაც დაგიმტვრევ და იმ თქვენს კურსებსაც დავახურვინებო. კარისკაცები ისე იყვნენ გართული ავ საქმეში, ისე დაწაფებოდნენ წუპაკობას, სიავეს, ჯაშუშობას, ცილისწამებას, რომ პროფესორის გახსენებაც გულს ურევდათ. მხოლოდ ბებერი გადამდგარი შტალმაისტერი მოვიდა იმ დღეს მეცადინეობაზე, კუთხეში მიჯდა და ბეჯითად შეუდგა სიავე–სიკეთის ამოცანების ამოხსნას.

მთავარი ამბები საღამოს დაიწყო. რომელიღაც უბანში ქვრივი ქალი გაძალიანდა, ჩემს გლიცინიას არავის მოვაჭრევინებ, ჩემი ომში დაღუპული ქმრის დარგულიაო, ზედ გადაეფოფრა ყვავილს. ძალით გამოათრიეს და ყვავილიც აჩეხეს. შემთხვევით შორიახლოს პროფესორი კომპოტინი აღმოჩნდა და კივილზე მოვარდა. ამასობაში უამრავი ხალხი შეგროვდა, მეტი წილი ჯაშუშები და კარისკაცები. პროფესორმა თავისი კურსანტები შენიშნა და საყვედურით მიმართა:

– როგორ არა გრცხვენიათ, თქვენ ხომ იცით, რომ ქვრივის სახლ–კარი ხელშეუხებელია! აბა გაგიმეოროთ! ქვრივ–ობო–ლი ჩვე–ნი–და–და–დე–და–ა!

დიდებულების ბრბო ამრეზილად დუმდა.

– აბა, ბატონებო, გავიხსენოთ, რა ევალება წესიერ ადამიანს?

პასუხად კიდევ უფრო უსიამო დუმილი ჩამოვარდა. მხოლოდ ქვრივი. კვნესოდა და უალერსებდა დაჩეხილ ყვავილს. უცებ ვიღაცამ ჩახრენწილი ხმით ერთი შეჰკივლა და მერე უხიაგი სიმღერა წამოიწყო:

ქვრივ–ოხერს ჯანდაბა,
ობლებს დოზანა,
ღარიბ–ღატაკს შავი ქვა,
პროფესორს ბრაწი.

არც მეორე კუპლეტი იყო უკეთესი. ახლა უკვე თითქმის ყველა მღეროდა. საბრალო პროფესორი მუდარით და საყვედურით შესცქეროდა თავის გამხეცებულ შეგირდებს. იგი ჰგავდა მომთვინიერებელს, რომლის ყველა ხერხმა ერთბაშად დაკარგა ძალა. ცოტაც და მხეცები ეცემოდნენ თავიანთ მწვრთნელს.

– ბატონებო, მეგობრებო… გაიხსენეთ სიკეთე!…

– გვეყო შენი სიკეთე!

თბილ, სისხლიან ხორცს მონატრებულ მხეცებს პროფესორის „სიკეთე“ ისპანახის სალაფავად ეჩვენათ, გადაჯეგეს ქვრივის სახლ–კარი და მერე მთელ ქალაქს მოედვნენ, დაარბიეს სიკეთის პუნქტები, ჩამოგლიჯეს პლაკატები, შეაგროვეს სიკეთისმცოდნეობის სახელმძღვანელოები, ცეცხლი წაუკიდეს და კოცონის გარშემო ცეკვა გამართეს. თან მღეროდნენ:

არც ყვავილის ეშხი გვინდა,
არც ბულბულის გალობა,
არც სწავლულთა მონაჩმახი,
არც სიკეთის წყალობა.

კომპოტინი სასახლეში მივარდა, მაგრამ არ შეუშვეს. კიბეზე ქალაქში სეირის საყურებლად მიმავალი პრინცესა ჩამოვიდა და ბოროტად გადაიკისკისა.

– სენიორ კომპოტინი, ახლა ქალაქში გავალ და კარგად გავერთობი, ვნახავ, როგორ იწვის თქვენი სიკეთის ნარჩენები.

პროფესორი მიხვდა, რომ აქ ვერაფერს გააწყობდა.

მეფე? რა ქნა მეფემ? რამე იღონა, რომ აელაგმა მოძალადეები?

მეფემ სახელმწიფო საბჭო იხმო. ითათბირეს.

– კომპოტინისა და მისთანათა გზით სიარული ჩვენ არ გვარგებს! – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

– ქვეყნის შიგნით ამ სიკეთის კამპანიამ კიდეც რომ მოიტანოს რამე სარგებელი, საერთაშორისო ასპარეზზე გამოვჩნდებით ცუდად. მეზობელი ქვეყნები ეჭვის თვალით შემოჰყურებენ ჩვენს საქმეებს, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, – სიკეთის ქადაგება უძლურების ნიშნად არის მიჩნეული ყველგან.

– გარდა ამისა, თვით სამეფოშიც სახიფათო მდგომარეობა იქმნება უბრალო, ხალხმა თავი წამოყო.

– კომპოტინიმ ყველა კეთილშობილი არამზადად გამოაცხადა!

– ამის მოთმენა აღარ შეიძლება!

– ღირს ყვავილებს და ფრინველებს შეეწიროს ტახტის ინტერესები?!

– დროა ავლაგმოთ ტურტლიანები! –

ახმაურდნენ მინისტრები.

დაადგინეს:

მცდარად ჩაითვალოს აზრი, რომ სამეფოში სიკეთის დონე დაბალია. სიკეთის დონე სამეფოში განისაზღვროს როგორც მაღალი, სიკეთის უმაღლესი დონე აღინიშნოს კეთილშობილთა შორის. ყოველგვარი ყვავილები ჩაითვალოს უაზრო ნებივრობად და ამოღებული იქნეს ხმარებიდან. რაც შეეხება ღამურებს, ისინი ამიერიდან ცხადდებიან ჩიტებად. მეცნიერული ჭეშმარიტების გაყალბების, ხელმწიფის საწინააღმდეგო მოქმედებისა და პროვოკაციული ხმების გავრცელებისათვის დაპატიმრებული იქნეს ყოფილი პროფესორი – სიკეთემცოდნე კომპოტინი, ჩამოერთვას მას ცრუმეცნიერული სიკეთის დეტექტორი და მოსასპობად გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. განათლების სამინისტრომ სამი დღის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად ღონისძიებანი სამეფოში ჯანსაღი პოლიტიკური და მორალური ჰავის აღსადგენად.

მეფემ ბრძანა, პროფესორისათვის სასარგებლო იქნება ციხეო.

– თავისუფალი დრო ბევრი ექნება და იფიქროს, იმედია, თავად მიაკვლევს ჭეშმარიტებას.

ყოველივე ამის შემდეგ, რაც მოხდა და რისი მოწამეც ამ ბოლო დღეებში გახდა, პროფესორმა ყველაფრისადმი ინტერესი დაკარგა. სახეარეული დაბორიალობდა ქალაქის ქუჩებში და ბუტბუტებდა: „არა, ეს შეუძლებელია, შეუძლებელია, რომ სიკეთე გაქრეს, შეუძლებელია!“

ქუჩები მოფენილი იყო პლაკატთა ნახევებით. დროდადრო ქარი შემოიჭრებოდა და ქაღალდის ნახევებს დამფრთხალი მტრედებივით აფორიაქებდა. სენიორ კომპოტინი თვალცრემლიანი კრეფდა სიკეოის სკოლის ამ ნამუსრევს, სადმე კიბეზე ან ფილაქნის პირას ჩამოჯდებოდა ხოლმე და გულმოდგინედ ასწორებდა მუხლზე, ცდილობდა ნახევები შეეკოწიწებინა, როგორც საკუთარ შვილებს, ისე დასტიროდა.

ამ ყოფაში იყო ჩვენი კეთილი პროფესორი, როცა ჟანდარმებმა მიაკვლიეს, შავ კარეტაში ჩასვეს, აქეთ–იქიდან ორი ვეება ჟანდარმი მოუსვეს და ოქროს გალიისაკენ გააქანეს.

მთელი ღამე ქუჩებში ბრბოს ღრიანცელი ისმოდა. მთვრალი არამზადები უხამს სიმღერებს გაჰყიოდნენ, იმუქრებოდნენ, ყვავილნარებში დათხრილი ყვავილის ღეროებს ატყლაშუნებდნენ. უფროსებს უკან მათი შვილები მოსდევდნენ. მამები რომ ქვრივ–ობლებსა და ღარიბ–ღატაკებს სახლებში უცვივდებოდნენ და აწიოკებდნენ, ნორჩი ავაზაკები ტახტებქვეშ თუ საქვეშაგებლე განჯინებში დაძვრებოდნენ და გადამალული, ქოთნებში ჩარგული რეზედები, ბალბები, მიხაკები, პიონები გამოჰქონდათ, ლამაზ ქოჩორში ხელს წაავლებდნენ, დაატრიალებდნენ და ქოთანს კედელს მიაფშვნიდნენ, ამას „ტვინის მისხმევინება“ ერქვა. ვიგინდარები ამაყად მოაბიჯებდნენ შუა ქუჩაში, ქამრებზე კი დაძენძილი ყვავილის ღეროები ეკიდათ ნანადირევივით.

– ძირს სიკეთე! ძირს ყვავილები! სიკვდილი ჩიტებს! – გაისმოდა შეძახილები.

ბრბო ციხის გალავანსაც მიადგა ბღავილით:

– ძირს მოღალაყეები, სიკვდილი კომპოტინის!

ერთადერთი ადგილი, სადაც ვერ გაბედეს ამ ვიგინდარებმა შესვლა, კატის ნახტომი იყო, აქ ყველაფერი მზად იყო მომხდურთა მოსაგერიებლად. ვისაც რამ ძველი ავეჯი გააჩნდა, გამოეტანათ და ვიწრო გასასვლელები ჩაეხერგათ. ზემო სართულების ფანჯრის რაფებზე, სახურავებზე, აივნებზე აეზიდათ ქვა, აგური, რკინის ნაჭრები, ღორღით სავსე ტომრები, რომ მომხდური მტრისათვის თავზე დაეხვავებინათ. ვეება ქვაბებში მდუღარე წყალი მოეთადარიგებიათ დიასახლისებს, გოგო–ბიჭებს შურდულები გაეწყოთ. საერთო ნიშანსღა ელოდნენ. ავყიებმა იცოდნენ, სულკატიანებთან შებმა არც ისე იოლი იყო, ამიტომ, როგორც კი მათ უბანში ცხვირი შეყვეს და დარწმუნდნენ, ჩვენს დასახვედრად მომზადებულანო, მაშინვე გაეცალნენ იქაურობას.



პაროლია „მშვიდობა და მარტოობა“

კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ შეთქმულები პაპა პიეტროსთან. ახლოვდებოდა განკითხვის დღე. ჯალათი არ დაიცდიდა. რამე უნდა ეღონათ. ყოველ საათს მნიშვნელობა ჰქონდა. მენაცვალეს დაავალეს თვალყური ედევნებინა, რა ხდებოდა სასახლესა და ციხეში, მასაც დრო აღარ დაუკარგავს, მაშინვე გასწია.

– თქვენ კი ყური დამიგდეთ! – უთხრა პაპამ ჭაბუკასა და ინს და ოთახის ბნელ კუთხეში მივიდა. იატაკის ფიცარი ასწია, ხელი ღრმად შეყო და რაღაც ქაღალდი ამოიღო.

– ამ ერთი კვირის წინ, პროფესორის დაჭერის შემდეგ, მე დავუკავშირდი სენიორ კომპოტინის მამას და დახმარება ვთხოვე. თხოვნამ, როგორც ჩანს, გაჭრა. კომპოტინის მამამ წერილი გამოგვიგზავნა, ვერ გაწირა თავისი სისხლი და ხორცი.

აი რას გვწერს: „პატივცემულო სენიორ პიეტრო, გაგიგე ჩემი საბრალო შვილის დაპატიმრების ამბავი. ვიცოდი, რომ ამით დამთავრდებოდა მისი თავგადასავალი. ადამიანებს რჩევა–დარწმუნებით ვერ გამოასწორებ. კარგი იქნებოდა, თუ შევხვდებოდით. პატივისცემით ამადეო კომპოტინი – თავისუფალი ადამიანი“.

– ვაშა, სენიორ კომპოტინი გვიშველის! – შეჰყვირეს პატარებმა.

– ნუ ჩქარობთ. თქვენ არ იცნობთ ბებერ ამადეოს, ძნელია მასთან ლაპარაკი.

– ველაპარაკებით! – წამოდგა ჭაბუკა.

პაპამ გაიღიმა.

– ჯერ ხომ არ იცი, რა უნდა ილაპარაკო?

– ვიცი… დაახლოებით, – თქვა ბიჭმა.

– ყური დამიგდეთ. ამადეოსთან თქვენ წახვალთ. ჩემი აქედან წასვლა არ შეიძლება. მითვალთვალებენ. წერილს გაგატანთ. ოღონდ ფრთხილად. ორივეს ერთნაირ წერილს მოგცემთ. სხვადასხვა გზით წახვალთ. მათხოვრებად უნდა გამოეწყოთ. არავის ენდოთ. წერილი პატარაა და თხელ ქაღალდზეა დაწერილი, ისე რომ გაჭირვება თუ შეგემთხვათ, მისი გადაყლაპვა არ იქნება ძნელი.

ერთი საათის შემდეგ სახლიდან კონკებში გადაცმული ინი გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ჭაბუკაც მიჰყვა. თითოეულს თავისი გზა ჰქონდა. პაპამ დაწვრილებით აუხსნა, როგორ წასულიყვნენ და ადგილზე მისულებს რა ეთქვათ მოხუცისათვის.

ქალაქიდან ფრთხილად გავიდა ჭაბუკა. ჩამოკონკილი, ჩანთაგადაკიდებული ფეხშიშველა ბიჭი გუშაგებმა ისე გაატარეს, ზედაც არ შეუხედავთ. გალავანს გადაღმა, მათხოვარს როგორც შეშვენოდა, ერთ ხანს სანაგვეზე იქექებოდა, რაღაცას იდებდა ჩანთაში, მერე თანდათანობით გასცდა
იქაურობას და ბექობს რომ მიეფარა, სწრაფი ნაბიჯით გასწია ტყისაკენ. შუადღემდე ტყე–ტყე იარა. ქალაქში გადაჩვეულს ფრინველების ჟივჟივ–ჭიკჭიკი ეუცნაურებოდა. წყაროს მიადგა. ცოტა შეისვენა, წყალი დალია და გზა განაგრძო. მალე ის კლდეც გამოჩნდა, პაპა პიეტრომ რომ უთხრა. ბიჭი კლდის ძირისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგა და მალე ადგილზე იყო. საიდუმლო ხვრელის მოძებნა არ გასჭირვებია, შიგ ხელი შეჰყო და თოკი ჩამოსწია რამდენჯერმე.

– და–მე–ნახ–ვე! – მოესმა ცოტა ხნის შემდეგ ზემოდან ყრუ ხმა.

ბიჭმა ისევ აირბინა ფერდობი და კლდეზე შედგა. კლდის თავზე წამომდგარიყო მთლად გათეთრებული მოხუცი და თვალი ხელით მოეჩრდილა.

– სენიორ პიეტრო სად არის? – ჩამოსძახა ზემოდან მოხუცმა.

– ვერ წამოვიდა!

მოხუცი გაბრუნებას აპირებდა, კიდეც შეტრიალდა, მაგრამ ბიჭი უცბად გამოერკვა და პაროლი ასძახა:

– მშვიდობა და მარტოობა!

ზემოდან გრიალით დაეშვა ჯაჭვი.

ჭაბუკა ამ ჯაჭვს აჰყვა. სულ მალე კლდეს თავში მოექცა. მოხუცი კეთილი ღიმილით ადევნებდა თვალს, როგორ მარჯვედ ამოდიოდა ბიჭი, როგორ ამოათავა კლდეში ამოკვეთილი საფეხურები და მერე როგორ იბერტყავდა მოშორებით ტანსაცმელს, რომ მასპინძელს წესიერად წარსდგომოდა.

– კარგია, გეყოფა, ეგრეც კარგი ხარ, – გაუცინა სენიორ ამადეომ.

ბრგე მოხუცი იყო, წელში კარგა მოხრილი მაინც კიდევ ვეება ჩანდა. თეთრი წვერი წელამდე სწვდებოდა. თმა საფეთქლებზეღა ჰქონდა შერჩენილი და ამიტომ ისედაც მაღალი შუბლი საოცრად მაღალი უჩანდა. ფეხშიშველა იყო, ტანზე ზეწარი ჰქონდა შემოხვეული. ჭაბუკას პაპას ჟურნალებში ნანახი ინდოელი განდეგილები გაახსენდა. კრძალვით მიუახლოვდა და მიესალმა. მოხუცმა თავზე ხელი გადაუსვა და თითქოს ოდნავ კიდეც მიიკრა მკერდზე.

– ძალზე იშვიათად ვხედავ ადამიანს! – წამოიყვირა მან და შეტრიალდა. ბიჭს მოეჩვენა, რომ ცრემლი მოიწმინდა.

მოხუცს ერთხანს აღარ მიუხედავს, ბილიკს მიჰყვებოდა. ბიჭი ჩუმად მისდევდა. ასიოდე ნაბიჯი გაიარეს და ერთ გამოქვაბულს მიადგნენ.

– ეს არის ჩემი სახლი, – თქვა სენიორ ამადეომ. გამოქვაბულის წინ მრუდე მუხის ძირას ქვის მაგიდა იდგა. აქეთ–იქიდან ორი ქვისსავე სკამი იყო მიდგმული.

– აი აქ დაჯექი. ეს კომპოტინის სკამია. აქ იჯდა ხოლმე, სანამ ადამიანებთან წავიდოდა.

დაფიქრდა. მერე ხელი აიქნია, თითქოს თავს დახვეული ფიქრები მოიშორაო, და ჭაბუკას თვალებში ჩაჰხედა.

– აბა, მიამბე, რა ხდება ქალაქში.

ბიჭი დაწვრილებით მოუყვა იმ საშინელი დღეებისა და ღამეების შესახებ, რაც თავს დაატყდა ქალაქს. მოხუცი მხოლოდ თავს აქნევდა, თვალები დახუჭული. ჰქონდა. სიკეთისმცოდნის მწარე თავგადასავალს რომ უყვებოდა, სენიორ ამადეოს სახე მთლად გაუქვავდა.

– სულელი! სულელი! ადამიანების გარდაქმნა მოინდომა!

– სენიორ კომპოტინი კეთილშობილი კაცია, სენიორ ამადეო! – გამოექომაგ ბიჭი კეთილ პროფესორს.

– რას არგებს მარტოოდენ სიკეთე, ვის სჭირდება მისი სიკეთე?!

– ხალხს უყვარს სენიორ კომპოტინი!

– ხალხი, ხალხი, – ხელი ჩაიქნია მოხუცმა, – ხალხი სეირის საყურებლად გამოვა, როცა თქვენს პროფესორს კოცონზე აიყვანენ.

– სენიორ, ხალხი მზად არის იარაღს მოჰკიდოს ხელი, მაგრამ მოჯადოებული მეფის წინააღმდეგ რას გახდება! თუ თქვენი წყალობით ეს ჯადო გავაბათილეთ, მერე ნახეთ, რა შეუძლია ხალხს.

– კარგი, კარგი, ჩემო გულადო ბიჭუნა, არც ასე ადვილად არის საქმე, როგორც შენ და იქნებ სენიორ პიეტროსაც წარმოგიდგენიათ. მე არც თეთრი მაგი ვარ და არც შავი, მაგრამ თავის დროზე ერთიც მაინტერესებდა და მეორეც. ზოგ რამეში ვერკვევი. ჩიგიდის გარდა ოდესღაც სხვა ხელმწიფენიც ყოფილან მოჯადოებულნი. არსებობს ამის შესახებ წიგნი, რომელშიც ზუსტად წერია, როგორ უნდა გაბათილდეს ჯადო, მაგრამ ეს წიგნი მე არა მაქვს, ერთადერთი კაცი, ვისაც შეიძლება ის ჰქონდეს, არის ბრძენი სენ–სენ–ვეი.

– სენ–სენ–ვეი ხომ ოქროს გალიაშია!

– დიახ, ციხეში უზის ჩიგიდს. როგორმე უნდა შეაღწიოთ მასთან. მე ვიცი, სენ–სენ–ვეი ახლა ცდილობს მიაკვლიოს ჯადოსნურ სიტყვას, რომელიც დროის ჩარხს უკუღმა დაატრიალებს და მეფეს ახალგაზრდობას დაუბრუნებს, მის ასულს კი უბერებელს გახდის, მაგრამ ამ სიტყვას ვერ მიაკვლევს. ის სიტყვა მხოლოდ მე ვიცი. მოვკვდები და თან ჩავიტან სამარეში ამ საიდუმლოს. ადამიანი წინ უნდა იყურებოდეს, წარსულის დაბრუნება დიდი საცთურია და იგი მხოლოდ ხელს შეუშლის კაცობრიობას. მაშ ასე, შეაღწევთ როგორმე ჩინელთან და მოსთხოვთ იმ წიგნს. ხელნაწერი წიგნია, პირველ გვერდზე სამი რვაქიმიანი ვარსკვლავი ახატია. ამ წიგნში ნახავთ მაგიურ სიტყვებს, მნათობთა და პლანეტათა სახელებს, ზოდიაქოს ნიშნებს, მათი საშუალებით გამოიანგარიშებთ ექვს ციფრს, რომელიც გააბათილებს ჯადოს.

– მერე ვინ გამოიანგარიშებს, სენიორ, ამ ექვს ციფრს?

– თვით სენ–სენ–ვეი.

– როგორ? განა დაგვეთანხმება?

– უთხარით, რომ მზადა ვარ დავუთმო შავი მაგიის ლექსიკონის პირველი ტომი, რომელსაც მთელი სიცოცხლეა დაეძებს და რომელიც აგრეთვე მხოლოდ მე მაქვს. მე მთელი ჩემი სიცოცხლე დავეძებდი და ვაგროვებდი შავი მაგიის წიგნებს. არაფერს არ ვიშურებდი, ოღონდ ხელში ჩამეგდო. ჩემი ქონება თითქმის ამას შევალიე. ახლა მთელს დედამიწაზე არავისა აქვს შავი მაგიის ასეთი ბიბლიოთეკა. ამით ბოროტებას ცოტათი მაინც შევაკვეცე ფრთები. რამდენჯერ ვაპირებდი დამეწვა, მაგრამ რატომღაც მენანებოდა და აი, მგონი, კიდეც გამოგვადგეს.

სანამ სტუმარ–მასპინძელი საუბარში იყო გართული, მათ ირგვლივ უამრავმა ნადირ–ფრინველმა მოიყარა თავი. იდგნენ ყელმოღერებული შვლები და ირმები, დაბაჯბაჯებდნენ დათვები, კოტრიალობდნენ ბელები, დახტოდნენ კურდღლები, მუხის ტოტებში დაჰქროდნენ ციყვები, შმაშვები, შოშიები; ნიბლია ჩიტები მოხუცს მხრებზე ასხდებოდნენ.

მოხუცმა ერთ ფურ–ირემს მოუხმო:

– აბა, ქორბუდას დედავ, არ ვცეთ პატივი სტუმარს?

ირემი მოხუცს მიუახლოვდა და ჯიქანი მიუშვირა მოსაწველად. ორიოდე წუთის შემდეგ ჭაბუკა გემრიელ რძესა და გოლეულ თაფლს შეექცეოდა.

ბიჭი რომ დანაყრდა, მოხუცი წამოდგა, ლამაზ, ლაღად ყელმოღერებულ ირემს მოუხმო:

– აი, ჩემო ვაჟკაცო, ამ ყოჩაღ ყმაწვილს მიიყვან ტყის ბოლომდე.

სანამ მოხუცი ელაპარაკებოდა, ირემი თვალს არ აშორებდა, მერე სენიორ ამადეომ ბიჭს თავზე ხელი დაადო.

– მაშ მშვიდობით. გადაეცით იმ სულელ ბიჭს, რომ ყველაფერი ვაპატიე

„სულელი ბიჭი“ პროფესორი კომპოტინი იყო. მოხუცმა ბიჭი ირემზე შესვა და თვინიერ ნადირს გავაზე ოდნავ შეახო ხელისგული. ირემმა ერთი შემოხედა პატრონს და ტყეში გაუჩინარდა.

მენაცვალე სასახლეში ბრუნდება

– მენაცვალე დაბრუნდა, მენაცვალე დაბრუნდა! – გაიძახოდა გახარებული პრინცესა და საბრალო ძიძას ბალიშებს უშენდა თავში.

მენაცვალეს მოსვლამ მარტო პრინცესა კი არ გაახარა, გახარებული იყო მთელი სასახლე.

– იქნებ გვეშველოს რამე, – ჩურჩულებდნენ კარისკაცები.

– ღმერთო, მგონი გადავრჩით! – შვებით ოხრავდნენ სეფექალები.

– ერთი კვირაა გულაღმა არ მიძინია, ჩიოდა მარკიზა.

– აბებით ისე ვარ გატენილი, საჭმელს ვეღარ ვჭამ, – კვერს უკრავდა ბარონესა.

ზოგი ნემსს შეეწუხებინა, ზოგი მწარე მიქსტურას, ერთს რომ სასაქმებელს ასმევდნენ, მეორეს ნაწლავებს ურეცხავდნენ.

იცოცხლეთ, გული მოიოხა პრინცესამ. ვინც უფრო გამორჩეული იყო გვარიშვილობით და დამსახურებით, პირველ რიგში იმათი წვალება ინება. პრინცესის სიტყვას ვინ გადავიდოდა?!

მენაცვალე დაიკარგა თუ არა, პრინცესამ ინება და შეადგინეს სია და განრიგი, რომელ დიდებულს რა უნდა ეკისრა. პრინცესამ კარის პოეტს გაალექსინა ეს განრიგი და დიდ სააუდიენციო დარბაზში გამოაკვრევინა.

მოუფონეთ მეფის ასულს –
თითეულის ვალია,
ვისაც მისი წყალობა სურს,
კაცია თუ ქალია.
მარკიზას მიქსტურა,
ვიკონტესას ტინქტურა,
ბარონს ცხვირში ნაცარი,
გრაფს კი ცხარე მოცხარი.
გრაფის ასულს ცრემლის მდენი
სასარგებლო მდოგვის წვენი.
ბოლოს სუყველას – შესარგებელი,
ძალზე საამო და მარგებელი
თითო ფინჯანი სასაქმებელი.

კვნესოდნენ დიდებულები, ოხრავდნენ სეფექალები, მაგრამ რას იზამდნენ! სვამდნენ მიქსტურას და ტინქტურას. იყრიდნენ ცხვირში ნაცარს და მოცხარს, აყოლებდნენ ზედ სასაქმებელს.

პრინცესა თავად ესწრებოდა ამ სახალისო საუზმეს.

– ო, თქვენო უმაღლესობავ, რა ბედნიერებაა! – აღტაცებას გამოთქვამდნენ კეთილშობილი მენაცვალეები და თან ცივი ოფლი სდიოდათ, თავბრუ ესხმოდათ, გული ყელში ებჯინებოდათ.

– ბარონო, თქვენ მარცხენა ნესტოში დაგავიწყდათ ნაცრის ჩაყრა! გრაფის ასულო, რატომ მოიტოვეთ მდოგვის წვენი?

– სიამოვნებას ვიხანგრძლივებ, მეფის ასულო.

– ახლა თითო ფინჯანი უმაღლესი ხარისხის აბუსალათინის ზეთი!

ბროლის სურებით შემოჰქონდათ მსახურებს სასაქმებელი ზეთი. ზოგს წინასწარ მისდიოდა გული. მაგრამ ნიშადურის სპირტს ასუნთქებინებდნენ, მოასულიერებდნენ და პირში ზეთს ისე ასხამდნენ.

ცალკე ოთახში ნემსს უკეთებდნენ ნებიერ სეფექალებს და ამპარტავან დიდებულებს. ვინც წამალს თავს აარიდებდა ან დროზე არ გამოცხადდებოდა, პრინცესა იმას ნაწლავების გამოსარეცხად აგზავნიდა სააბაზანოში, სადაც დილაუთენიიდან სადილობამდე საქმე არ ელეოდათ მსახურებს.

რაღა თქმა უნდა, გაუხარდებოდათ მენაცვალეს გამოჩენა განაწამებ დიდებულებს.

მენაცვალე დიდ სააუდიენციო დარბაზში შევიდა. აქ უკვე თავი მოეყარათ კარისკაცებს და ფერმილეულნი ელოდებოდნენ სამკურნალო ოთახში მიწვევას.

– აი, შე საზიზღარო გომბეშო, მაღლისშვილო, გველის წიწილო, ყვავის ბახალა, კამეჩის ტილო, ინდაურის ჭირო! – დააყარეს ყოველის მხრიდან საბრალო ბიჭს. ეცნენ, ზოგი ყურის მოგლეჯას ლამობდა, ზოგი ქოჩორში სწვდა, ზოგს შუაზე გაგლეჯა უნდოდა. მოხუცმა კამერგერმა ძლივს გამოგლიჯა ბიჭი გააფთრებულ დიდებულებს.

– ბატონებო, ბატონებო, გონს მოდით! ამას რომ რამე დაუშავდეს რაღა გეშველებათ?!

დიდებულები უცბად დაშოშმინდნენ. ზოგმა ფერებაც კი დაუწყო ბიჭს. მერე კარი გაიღო და ყველანი დიდ საექიმო ოთახში მიიწვიეს. გრძელ მაგიდაზე უკვე ჩაემწკრივებინათ წამლები.

პრინცესას ისე გაუხარდა მენაცვალეს დაბრუნება, რომ სულ გადაავიწყდა, რა და რა სასჯელი ჰქონდა მისთვის მოგონებული.

– ას ნემსს ერთად გავაკეთებინებ; არა, ერთი კვირა სასაქმებელ ზეთში ჩაფშხვნილ პურს ვაჭმევ! მდოგვის საფენებში შევახვევინებ და მარილწყალსა და ანწლის მეტს არაფერს მივცემ! – ასე ემუქრებოდა თავხედს.

მაგრამ ახლა ყველაფერი დავიწყებოდა და ბიჭს მხიარულად შეეგება:

– აბა, მენაცვალე, აჩვენე ამ უდღეურებს, როგორ უნდა წამლის დალევა!

ბიჭმა თვალის დახამხამებაში გადაკრა ზედიზედ მიქსტურა, ტინქტურა, ნახარში, ნაყენი, წვენი, შეატანა ერთი პეშვი ნაირნაირი აბი, დააყოლა აბუსალათინის ზეთი და ჩვეულებისამებრ მხიარული სიმღერა შემოსძახა:

მეფის ასულს დიდება,
ჩემი თავი სჭირდება,
თავზე უფრო, თავზე უფრო
მუცელი და რაღაც კიდევ…

– აბა, ქალბატონებო და ბატონებო, მიირთვით თქვენ–თქვენი წამლები! რაკი აქა ხართ, დალიეთ უკანასკნელი სადღეგრძელოც! ასე, ასე, არ მოიტოვოთ, ძირამდე!

იმედმიცემული დიდებულები ახლა ცდილობდნენ ხალისიანად დაელიათ გამოსათხოვარი. ბოლოს ხელი ხელს ჩაჰკიდეს და ფერხულიც კი დაუარეს პრინცესის და მენაცვალეს გარშემო.

ასე დაბრუნდა მენაცვალე სასახლეში. მეგობრებს შეატყობინა, ყველაფერი კარგად არისო. მეორე დღეს, წამლები რომ დალია, ნემსი გაიკეთა და ნაწლავები გამოირეცხა, საპატიმროს კარს მიადგა. საპატიმროში შესასვლელი სასახლის სარდაფიდანაც იყო. ციხის უფროსმა გაოცებით შეხედა ბიჭს.

– რაო, აბუსალათინ?

– მეფის ასულმა გამომაგზავნა, მეფისათვის მოცემული სიტყვა გავტეხე და ციხის ღირსი ვარო.

– მერე, საპატიმრო მენაცვალე სად არის?

– დილეგა ოთახში ჰყავთ კენჭებზე დაჩოქებული.

– რა დააშავა?

– პრინცესამ გრამატიკის გაკვეთილი არ მოამზადა…

წესად ჰქონდათ, ახალი პატიმრისათვის ათი ჯოხი უნდა დაეკრათ, ვიდრე საკანში შეუშვებდნენ. ამჯერად ციხის უფროსს თითქოს შეეცოდა პატარა ბიჭი და ჯოხით ცემა აპატია. სამაგიეროდ მენაცვალეს ციხის უფროსისა და ზედამხედველებისათვის უნდა ეჩვენებინა თავისი საოცარი ნიჭი და დაელია რამე. სხვა რომ ვერაფერი იშოვეს, თოფის საწმენდი ზეთი მოიტანეს, ბიჭმა ნირშეუცვლელად დალია ერთი ტოლჩა ზეთი და დასაყოლებლად ერთი თავი საპონი მოითხოვა. უფროსი და ზედამხედველები ერთმანეთს აწყდებოდნენ სიცილისაგან. მერე, როცა მენაცვალემ ორი სამარილე მარილიც მიირთვა და ზედ ერთი ქისა თამბაქოც დააყოლა, ზედამხედველები ცემენტის იატაკზე დაგორდნენ და სიცილისაგან ილაჯწართმეულნი გადაბრუნებული ხოჭოებივით ირწეოდნენ. მათი გული მონადირებული იყო.

– შედი და როცა მოგწყინდეს, გვითხარი, გამოგიშვებთ, – შეჰპირდა უფროსი. ბიჭი ბნელ საკანში შევიდა.

ვის არ ნახავდით აქ. კაცის მკვლელს, ჯიბგირს, ქურდბაცაცას, ლოთს, ჩხუბისთავს, ავყიას, უფრო მეტს კი უდანაშაულოს. აქ კი მათ სახელმწიფო დამნაშავეებს ეძახდნენ. ზოგი იმისთვის იჯდა, რომ მეფის სასახლეს ქუდმოუხდელად ჩაუარა, ზოგი იმისათვის, რომ ბევრს იცინოდა, ზოგი ბევრს ტიროდა. ერთი ათი კაცისთვის აკრძალული კალენდარი ეპოვათ, რამდენიმეს გაებედნა და თავხედურად ქურქი ჩაეცვა ზამთარში, როცა მეფის ბრძანებით გაზაფხული იყო გამოცხადებული. ისხდნენ თვეობით, წლობით; არავინ იცოდა, ვინ რამდენს უნდა მჯდარიყო. ეს არც იმათ იცოდნენ, ვინც ისინი აქ მოიყვანეს. ყველაფერი მეფის გუნებაზე იყო დამოკიდებული. დროდადრო ისე გაივსებოდა ციხე, რომ ხალხი ფეხდგომელა ძლივს ეტეოდა და მაშინ მოწყალე მეფის ბრძანებით ოციოდ ქურდბაცაცას თუ კაცისმკვლელს გამოყრიდნენ გარეთ, პირველ რიგში ზორბა ტანის ხალხს შეარჩევდნენ. პატიმრები მწარედ ხუმრობდნენ, მეფის წყალობა ფუთობით იზომებაო. უდანაშაულო დამნაშავეებს კი გირვანქაც არ შეხვდებოდათ ხოლმე. ისხდნენ საწყლები და ელოდნენ სასწაულს.

სახელმწიფო დამნაშავეთა შორის იყო ინის მამა – სილვიო. ბევრი რამ ენახა ამ ქვეყნად სილვიოს, ბევრი რამ ახსოვდა. ამჯერად მეხუთედ იყო დაპატიმრებული. პირველად რომ დაიჭირეს, არც არავის გაჰკვირვებია. ახალგაზრდა იყო, ღონე ერჩოდა, ერთ ღამეს კარგად გამოთვრა ნავსადგურის სამიკიტნოში და ყელის გასასველებლად შემოხეტებულ ელამ პოლიციელს ჩააცივდა, გინდა თუ არა, „მალე მოვა გაზაფხული“ ვიმღეროთო. პოლიციელი ევედრებოდა, სხვა რამე ვთქვათ, ცოლ–შვილს ნუ დამიღუპავო, მაგრამ სილვიოს ვერაფერი შეასმინა. ეს სიმღერა მაშინ ახალი აკრძალული იყო და დღე არ გავიდოდა, ერთ ათ–თხუთმეტ კაცს მაინც არ დავიწყებოდა მეფის ახალი ბრძანება და ოქროს გალიაში არ ამოეყო თავი. სიმღერა კი ყოვლად უწყინარი იყო:

მალე მოვა გაზაფხული,
აივსება შვებით გული.
სხვა რა მინდა, სხვა რა მინდა,
გვერდით მეჯდე, სხვა რა მინდა?!

რაკი ამიერიდან გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის
დადგომა და გასვლა მეფის ნებაზე იყო დამოკიდებული, ვის შეეძლო სცოდნოდა სამეფოში, მალე მოვიდოდა გაზაფხული თუ დიდხანს დააგვიანდებოდა? როგორ თუ მალეო, როგორ თუ გაზაფხულიო?! მეფემ უკეთ იცოდა, როდის და რამდენი ხნით მიეცა ქვეშევრდომთათვის გაზაფხული. თუ მაინცდამაინც უამსიმღეროდ ვინმეს აღარ გაეძლებოდა, გაძლება კი ძნელი იყო, რადგან ჩვილობიდან სიბერემდე მთელი ცხრამთასიქეთი ამას მღეროდა დიდიან პატარიანად. ჰო, თუ ვეღარ გაძლებდნენ, „მალე მოვა“ კი არ უნდა ემღერათ – „მეფე მოგვცემს გაზაფხულსა“. ამას არა უშავდა, მაგრამ „გვერდით მეჯდე, სხვა რა მინდა“ ნამდვილი მკრეხელობა იყო და ამიტომ პოლიცია აკანონებდა, მხოლოდ ასე იმღერეთო; „მეფე იყოს დღეგრძელი და შენ გვერდით მეჯდე, სხვა რა მინდა“. რა თქმა უნდა, ამ ხორცმეტის გამო სიტყვები სიმღერაში ვეღარ ეტეოდა და ყველაფერი ირღვეოდა.

ელამი პოლიციელი ეშმაკი კაცი იყო. არც მწვადი დაწვა და არც შამფური: დაკანონებული “სიტყვებისათვის რომ თავი აერიდებინა, პირველი ორი ტაეპი ორჯერ იმღერა. სილვიოს მოეწონა პოლიციელის ხერხი, თვით პოლიციელიც, გვერდით მოისვა და თითო ბოთლიც მოითხოვა. შეყვნენ სმასა და სიმღერას და ბოლოს მეფეც დაავიწყდათ, მისი ბრძანებაც და თავისი თავიც. ნაშუაღამევს ქუჩაში გამოვიდნენ.

სხვა რა მინდა, სხვა რა მინდა,
გვერდით მეჯდე, სხვა რა მინდა?!

მთელი ეშხით მღეროდნენ ხელიხელგადახვეულნი და ერთმანეთს ძმობას ეფიცებოდნენ. კატის ნახტომის თავში დაშორდნენ ერთმანეთს. დიდხანს იყიალა ქუჩებში პოლიციელმა. გამთენიას ღვინო გამოუნელდა და თანდათან შიშმა აიტანა. სამეფო საჯინიბოს რომ ჩაუარა, მეფის რაშის ჭიხვინი მოესმა და საბოლოოდ გონს მოვიდა. ყველაფერი თვალწინ წარმოუდგა – სილვიო, ღვინის სმა, სიმღერა. გაახსენდა, რასაც მღეროდა და თავზარდაცემული პოლიციისაკენ გავარდა.

ათი წუთის შემდეგ ელამი გოლიათი სლუკუნით უამბობდა პოლიციის უფროსს ღამის თავგადასავალს. ერთი საათის შემდეგ შავი კარეტით მოიყვანეს ხელფეხშეკრული სილვიო. ხუთი წლის შემდეგ სილვიო გამოუშვეს, მაგრამ მალე ისევ დაიჭირეს. იმხანად იჭერდნენ ყველას, ვინც ადრე იყო ნაჯდომი. ამჯერად ათი წელი მოუწია ჯდომა. შემდეგ შვიდი წელი იყო თავისუფალი. ოჯახს მოეკიდა, პატარა სავაჭრო გახსნა. გაჰქონდათ თავი. მეშვიდე წელიწადს ვიღაც ოხრები შეუჩნდნენ, ასვეს, დაათვრეს, დიდებულად მღეროდნენ, სილვიოც აიყოლიეს. ასეც იმღერეს, ისეც იმღერეს. და ბოლოს ის საბედისწერო სიმღერაც გაიხსენეს. იმღერეს მამაპაპურად, თავანკარად – „გვერდით მეჯდე, სხვა რა მინდაო“. მესამედ რომ წამოიწყეს, თავზე პოლიცია დაადგათ. სილვიოს ბორკილები დაადეს ხელებზე. იმ მხიარულმა ამფსონებმა თვალი ჩაუკრეს პოლიციელებს, თითოც გადაკრეს და თავის გხაზე წავიდნენ. მიხვდა სილვიო, რა მოჭიკჭიკე ჩიტებიც იყვნენ ის ოხრები, მაგრამ გვიან იყო. ჩასვეს და ჩასვეს, მას შემდეგ გარეთ აღარ გამოსულა. ოცდახუთი წელი უკვე ჩამოთავებული ჰქონდა. ამასობაში ცოლი დარდს გადაჰყვა. დარჩა მისი ერთადერთი გოგონა ობლად, მოხუცი პაპის ამარა.

სილვიო იყო ციხის ნამდვილი უფროსი და გამგებელი. მისი სიტყვა
კანონი იყო პატიმრებისათვის. ის იყო მოძმეთა ქომაგი, დაჩაგრულთა ერთგული მეგობარი, მოძალადეთა რისხვა, სასომიხდილთა მანუგეშებელი.

მენაცვალეც სწორედ ამ სილვიოს ეახლა, როგორც წესი და ადათი იყო, და თავისი ვინაობა მოახსენა. აბეზარა პატიმრები რომ ჩამოეცალნენ, მენაცვალემ სილვიოს პაპა პიეტროს სალამი გადასცა და საქმის გარემოებაც მოახსენა. სილვიო გამოცოცხლდა, ბიჭი გააფრთხილა, კრინტი არავისთან დაგცდესო და კედელზე კაკუნი დაიწყო.

– იმ საკანში ჩვენი კაცი ზის, მის გვერდით კი ის მოგვია, საკნიდან საკანში გაძრომა ყოველთვის შეიძლება, ეს ჩემზე იყოს.

აქვე საკანში სენიორ კომპოტინი ბოლთასა სცემდა, დროდადრო შეჩერდებოდა და შეიცხადებდა:

– დაიღუპა, დაიღუპა ქვეყანა! ქრება, იფერფლება სიკეთის ცეცხლი ჩვენს გულებში.

– პროფესორო, ტყუილად გგონია, რომ იქცევა ქვეყანა, კი არ იქცევა შენდება, – ამშვიდებდა მოხუცს სილვიო.

– ხალხს აღარაფერი ეშველება, გული უცივდებათ უსიკეთოდ.

– თქვენ ხალხს სადაც საჭიროა, იქ არ ეძებთ, სენიორ კომპოტინი. დიდებულები და კარისკაცები ნუ გგონიათ ხალხი.

მენაცვალემ პროფესორს სენიორ ამადეოს დანაბარები გადასცა. უნდა გენახათ, როგორ ბავშვივით გაიხარა კეთილმა კომპოტინიმ.

– გმადლობ, გმადლობ, მამაჩემო, გმადლობ, რომ გახსოვარ! – ბუტბუტებდა თავისთვის და ცრემლს სერთუკის კალთით იწმენდდა.

ერთი საათის შემდეგ მოგვის ოთახში. ამოსაძრომი ხვრელიც მზად იყო და ზედამხედველიც მოქრთამული.



დაუპატიჟებელი სტუმრები

საკანში რომ სილვიო და ბიჭი ამოძვრნენ, მოგვი არც განძრეულა. იჯდა მაღალზურგიან დიდ სავარძელში მუჭისოდენა, დამჭკნარი ბერიკაცი და თხელი თეთრი წვერით შემოსილ ვეებერთელა თავს აკანტურებდა. საკანი წიგნებით იყო სავსე. ნაწილი ცალკე კუთხეში იყო დახვავებული. ზოგი წიგნის გადასატანად ურემი იყო საჭირო.
– აუ – მე.

– ეუ – შენ.

– ოუ – ის, – წრიპინებდა ბერიკაცი.

– გამარჯობა, სენიორ მოგვო! – მიესალმა სილვიო და ოდესღაც ლევანტის ქვეყნებში მოგზაურობისას ნასწავლი აღმოსავლური რევერანსი მიუძღვნა. მოგვი მიჩვეული იყო, რომ ზოგჯერ ზედამხედველები შევიდოდნენ, ხოლმე, ამიტომ არც მოუხედავს, განაგრძო:

– აუ – მე.

– ეუ – შენ.

– ოუ – ის, – წრიპინებდა ბერიკაცი.

– სენიორ! – ხმა აიმაღლა სილვიომ.

ამანაც რომ არ უშველა, მიუახლოვდა და უცბად დაუხურა წიგნი. უნდა გენახათ, რა მოხდა! ვეება გლობუსივით თავი უცბად 180 გრადუსით შემოტრიალდა. მერე ქონდარა ბერიკაცი სავარძელზე შეხტა და სილვიოს კისერში სწვდა. სილვიომ მოგვს მშვიდად ჩაავლო საყელოში ხელი და ასწია.

– ვიგინდარა, ყაჩაღო, ქათმის ქურდო, უვიცო, ყეყეჩო! – ყიოდა ბებერი და ჩვრის თოჯინასავით უმწეოდ იქნევდა ხელ–ფეხს.

ბიჭს სიცილისაგან სუნთქვა შეეკრა.

– სწავლულო რწყილო, დამშვიდდი და მოისმინე, თორემ ვერც შავი მაგია გიშველის და ვერც თეთრი, ე მაგ ობობას ხელ–ფეხს დაგაცლი და იგორავე მერე გოგრასავით.

შეგონებამ გაჭრა, ბებერი დამშვიდდა. სილვიომ მომჩვარული თოჯინა ისევ სავარძელში ჩააგდო.

– აბა, სენიორ მოგვო, ეგრე შეიძლება?! ჩვენ რის ვაივაგლახით თხუნელებივით ამოვძვერით თქვენთან, რომ პირადად მოგვეხსენებინა ჩვენი უღრმესი პატივისცემა, თქვენ კი ზედაც არ გვიყურებთ.

– მე… მე… დრო არა მაქვს, – ისევ აწრიპინდა თოჯინა, – დღეს შუადღემდე უნდა მოვათავო მიაუ–მიაუ ენის აუ–აუ დიალექტი. ჩემთვის ყოველ წუთს ოქროს ფასი აქვს. აი ხომ ხედავთ, კიდევ რამდენი წიგნი მაქვს წასაკითხი.

– ორიოდე წუთი, კეთილშობილო მოგვო, – დაუტკბა სილვიო.

– გისმენთ, “ყმაწვილო, მხოლოდ სწრაფად! – ისევ ისე ჭირვეულად დაიწრიპინა ბერიკაცმა.

– ჩემო მოწყალეო სენიორ…

– სენ–სენ–ვეი, – უკარნახა მოგვმა.

– ბედნიერი ვარ თქვენი გაცნობით, სენიორ სენ–სენ–ვეი, მე გახლავართ სილვიო თომაზო პასკუალე არიბერა – ერთ დროს მოგზაური და მეომარი, ამჟამად ოქროს გალიის უცვლელი ხელმწიფე. გაგიგონიათ?

ხომ ყველაფრისაგან გარიყული იყო სენ–სენ–ვეი, მაგრამ სილვიოს ამბავი მის ყურამდეც მისულიყო. ამიტომ ოდნავ წამოიწია და თავი დაუკანტურა.

– გისმენთ, სენიორ სილვიო, – ჩაიჩიფჩიფა და დამჭკნარი ყვითელი ხელი ყვითელსავე ყურთან მიიდო.

– ძალზე სასიამოვნოა, რომ თქვენ ასე გულისყურით ეკიდებით ჩვენს სტუმრობას. ეს ჩემი მეგობარი გახლავთ, აბუსალათინი, პრინცესის პირადი ფარეში, სასახლეში დიდად დაფასებული კაცი, მენაცვალე ხომ გაგიგონიათ?

ბებერ ეშმაკს ეს სახელიც გაეგონა და თავი დაუკანტურა.

– კარგია, რომ ჩემი ახალგაზრდა მეგობარიც გცნობიათ.

– სათხოვარი თუ გაქვთ რამე, მე არავის თხოვნას აღარ ვასრულებ, იმიტომ, რომ უკვე აღარ მახსოვს, როდის მქონდა სურვილი ვისიმე თხოვნის შესრულებისა.

– ო, ეს თხოვნა არ არის, სენიორ სენ–სენ–ვეი. ჩვენ მოვილაპარაკებთ. როგორც შეჰფერის ორ, და თუ სენიორ მენაცვალესაც ჩავთვლით (რატომაც არ უნდა ჩავთვალოთ?), სამ კეთილშობილ ადამიანს.

– მე არ ვიცი, რა არის კეთილშობილი ადამიანი.

სილვიო ცოტათი შეცბა, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა და ისევ ისე რიხიანად განაგრძო:

– სენიორ, თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, რაც არის კეთილშობილი ადამიანი.

– მაინც?

– კეთილშობილია, ვინც მოყვარისათვის მზად არის საკუთარი სიამე დათმოს.

– სენიორ, მე იმათ არ ვეკუთვნი, ვინც რამეს თმობს მოყვარისათვის.

– შეიძლება, შეიძლება, სენიორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა მაინც გწამთ.

– ჰი–ჰი–ჰი! – ჩაიქირქილა ბერიკაცმა და სათვალისაკენ წაიღო ხელი. ამ ხალხთან არ ღირდა საუბარი.

– ერთი წუთით, სენიორ. იცით, რომ თქვენი მიზეზით შეიძლება ადამიანი დაიღუპოს, რამდენიმე კაცი?

– მე მთელი ცხოვრება ამ საქმეში ვარ – ვიღაცას ვშველი ვიღაცის დაღუპვაში.

– დე იყოს ასე, დაეხმარეთ კარგ ხალხს, რათა ავი დაიღუპოს.

– „კარგი“ ჩემთვის ფუჭი სიტყვაა. მე ძლიერთა მხარეზე ვარ. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მე ძლიერებიც მძულს და სუსტებიც, მაგრამ იძულებული ვარ ძლიერებს ვემსახურო სუსტების წინააღმდეგ.

– იმდენ ოქროს მიიღებ, რომ შენს ქვეყანაში სასახლეს აიგებ.

– ოდესღაც მიყვარდა ოქრო, ახლა ოქრო ბევრი მაქვს, მაგრამ ოქრო აღარ მხიბლავს კარგა ხანია.

სილვიოს მოთმინების ფიალა აევსო.

– იცი რა, ჩემო მშვენიერო? – რაღაც ძალზე დაუწია ხმას ყოფილმა მეზღვაურმა და ბებერმა იგრძნო, რომ ქარიშხალი ახლოვდებოდა.

– იცი რა? ახლა ერთს მოგიჭერ ხელს და მთელი შენი სიბრძნე ცხვირიდან წამოგივა, მერე აი იმ წიგნში ჩაგდებ ჰერბარიუმის გვირილასავით და გამოგაშრობ.

სენ–სენ–ვეიმ იგრძნო, როგორ უჭერდა თავზე რკინის სალტე და რაღაცნაირად, გოჭივით დაიჭყვირა. სილვიომ ოდნავ მოუშვა სალტეს.

– მართლა მომკლავთ, თუ არ დაგეხმარეთ? – ჰკითხა თავის ჯალათს ბერიკაცმა.

– შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.

– ასე, ამ საშინელი ხერხით?

– ვწუხვარ, რომ ეს ასეა.

– ააა… იცით… მგონი, რაღაც სურვილი გამიჩნდა შეგისრულოთ თხოვნა, არ მეგონა, თუ რამე იმოქმედებდა ჩემზე. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა სასიამოვნოა შიშის გრძნობა. ასე მეგონა, ყველა გრძნობა დაკარგული მქონდა. ასე–ასე, კარგია, – აფუსფუსდა ბერიკაცი და ხელების ფშვნეტით საკანს შემოუარა.

– ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ არ მომკალით. ესე იგი, რაკი რაღაც მაინც მახარებს, ჯერ კიდევ ღირს სიცოცხლე, გა–უ–მარჯოს სი–ცოც–ხლეს! – მოჩვენებასავით დახტოდა ბერიკაცი საკანში.

– აურია საწყალმა, – უჩურჩულა სილვიოს ბიჭმა.

– ახლავე დავულაგებთ აზრებს.

– ბედნიერი ვარ, რომ გაგახარეთ, სენიორ სენ–სენ–ვეი. ახლა დაბრძანდით და მომისმინეთ.

მოგვი მორჩილად ჩაჯდა სავარძელში და მრუმე თვალები სილვიოს მიაპყრო.

ხომ გამოფიტულ მუმიას ჰგავდა სენ–სენ–ვეი და თითქოს ამ ქვეყნის აღარ იყო, მაგრამ გონების სიმახვილე და მეხსიერება მეცადინი შეგირდისა ჰქონდა: ყველაფერს მიხვდა, ყველაფერი გაიგო და ისე გამოცოცხლდა, თითქოს მართლაც შეგირდობის დროინდელი ხალისი დაუბრუნდაო. ხელებს იფშვნეტდა და საკანში მელიასავით დაცუნცულებდა, თან მშობლიურ ჩინურ სიმღერასაც ღიღინებდა.

– თუ საიდუმლო არ არის, გვითარგმნეთ, რას მღერით, სენიორ სენ–სენ–ვეი.

– სიამოვნებით, მე ვმღერი, რომ ღრუბელს მობეზრდა ქარის ნებაზე აღმა–დაღმა წანწალი, რომ ახლა სადაც მოეწონება, იქ გაიჩენს ბინას ღრუბელი.

– მშვენიერი სიმღერაა. ორიოდე ტონით დაბლა თუ წამოიწყებთ, პირველს გეტყვით, – შესთავაზა სილვიომ მოხუცს.

– არა, ეს სოლოდ სამღერია. ჩვენ შეგვიძლია მეორე ვიმღეროთ. როგორ არის? ჰო,

მოხუცმა სცადა, რაც შეიძლება ნაზად წამოეწყო. სილვიო აჰყვა და ერთი ხანა რომ ჩაათავეს, მერეღა ჰკითხა, ეს რა ვიმღერეთო?

– სალხინო სიმღერაა, ვაჟი უმღერის სატრფოს, ჩემო ძვირფასო, გახსოვს, რა გემრიელი გველის სუფი მაჭამე და ერთი ნაჭერი კატის ხორციც გადმომიღე, საყვარელოო.

– იფ, იფ, იფ! ნერწყვი მომადგა, სენიორ სენ–სენ–ვეი. აქედან რომ გავალთ, ყოველდღე თითო მსუქანი კატა ჩემზე იყოს. ახლა კი ყური დამიგდეთ:

– თქვენა გაქვთ შავი მაგიის წიგნი, რომელსაც პირველ გვერდზე სამი რვაქიმიანი ვარსკვლავი ახატია.

– არავითარი შავი მაგიის წიგნი არა მაქვს.

სილვიომ წამოიწია, ხელები შემართა და ხელისგულები ერთმანეთს. მიუახლოვდა, თითქოს საზამთროს სინჯავდა, მწიფე თუაბო.

– არ მინდა! – ისევ დაიჭყვირა ჩინელმა და მაგიდის ქვეშ შეძვრა.

– როგორ გეკადრებათ, სენ–სენ–ვეი! დამშვიდდით და გამობრძანდით. მანდედან. მე თქვენ დამალობანას არ გეთამაშებით. მაშ ასე, თქვენ გაქვთ პატარა, პატარა შავი მაგიის წიგნი, რომელსაც პირველ გვერდზე სამი. რვაქიმიანი ვარსკვლავი ახატია. – სილვიომ ენა მოუჩლიქა ძლივს მოსულიერებულ მოგვს. თითქოს პატარა ბავშვს უადვილებდა უსიამო წამლის დალევას.

მოგვმა კაუჭა თითი თაროსაკენ გაიშვირა. ამ გოლიათ ფოლიანტებში ადვილი გამოსარჩევი იყო შედარებით მომცრო წიგნი. სილვიომ გადმოიღო სამივე ვარსკვლავი ადგილზე იყო. გადაფურცლა. შიგ რაღაც საოცარი ცხოველები ეხატა, უცნაური სიტყვები ეწერა.

– ეს არის, – თქვა სილვიომ და მოხუცს შეხედა, ხომ არაფერს თაღლითობსო.

სენ–სენ–ვეი არ თაღლითობდა, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველოდა.

სილვიომ წიგნი დაუდო წინ ჩინელს. მოგვმა არც კი ჩაიხედა შიგ, ისევ სილვიოს გაუწოდა და ღიმილის ნიშნად გრძელი, ყძგითელი კბილები დაკრიჭა.

– გადაშალეთ 158–ე გვერდი, გეთაყვა.

სილვიომ გადაშალა.

– ახლა მაჩვენეთ 159–ე.

159–ე გვერდი არ იყო ამ ოხერ წიგნში, არც 160–ე, არც 161–ე, არც 162–ე.

– არ არის. სწორედ ერთი თაბახი აკლია, ეშმაკს ჩემი თავი! – წამოიძახა დაბნეულმა სილვიომ.

– დიახ, ჩემო ჯანღონით სავსე მეგობარო, აკლია. არ არის! – სენ–სენ–ვეის თითქოს კიდეც უხაროდა. – აქ ვეღარ უშველის საქმეს თქვენი რკინის მარწუხი. სამწუხაროდ, ეს ასეა.

– ჯანდაბას შენი თავი. ამოდენა წიგნში ერთი თაბახი რა გახდა?!

– ეჰ, ჩემო სენიორ სილეიო, წაიკითხეთ 158–ე გვერდის ბოლო აბზაცი.

ყვითელ, გაცრეცილ გვერდზე სილვიომ ძლივს ამოიკითხა: „შავი ჯადოთი შეკრულის დახსნა, ჯადოს გაბათილება მთლიანად თქვენ ხელთ იქნება, თუ გულმოდგინედ გამოთვლით ექვსნიშნა რიცხვს, რომლის ყოველი ციფრი მიღებულია მნათობთა…“

შემდეგ 163–ე გვერდი მოდიოდა და იქ სულ სხვა ამბებზე იყო საუბარი.

– როგორ?! – იყვირა სილვიომ და ვეება მუშტი მაგიდას დასცხო. – ეგ ოინები არ გაგივა!

სენ–სენ–ვეი საჩქაროდ შეძვრა მაგიდის ქვეშ და თავზე ხელები დაიფარა.

– სენიორ სილვიო, გარწმუნებთ, მე არ ამომიხევია, – წრიპინებდა ჩინელი, – ჩემს ხელში უკვე ასეთი მოხვდა, გეფიცებით! თუ ჩემს მოკვლას აპირებთ, თავზე ნუ მომიჭერთ, სხვა ხერხებიც გეცოდინებათ.
– ჩემი ხელით გამოგაცლი შიგნეულს, აი ამ ქაღალდებით გამოგტენი და კედელზე ჩამოგკიდებ! – მძვინვარებდა სილვიო.

მართლაც, ყველაფერი იღუპებოდა, უკანასკნელი იმედი ხელიდან ეცლებოდათ.

– ეგ შეიძლება… ეგ შეიძლება… ოღონდ ხელს თავზე ნუ მომიჭერთ, – ლუღლუღებდა ბედს შერიგებული მოგვი.

„ეტყობა, მართლა არ იცის, ვინ ამოხია.“ – გაიფიქრა სილვიომ და ღონეგამოლეული სავარძელში ჩაჯდა. სენ–სენ–ვეიმ იგრძნო, რომ ღრუბელმა გადაიარა და ისევ გამოძვრა მაგიდის ქვეშიდან.

– აი, რას გეტყვით, ყმაწვილებო, მეფემ იცის, რომ ამ წიგნში აღარ არის ის თაბახი და იმიტომაც არის ასე არხეინად. ეს კია, რომ მას ეს თაბახი არ ამოუხევია. იგი შემთხვევითაა დაკარგული, ალბათ საამკინძაოში.

– რომელ საამკინძაოში?! – წამოხტა სილვიო.

– დამშვიდდით, სინიორ სილვიო, წიგნი 120 წლის წინათაა აკინძული სულ სხვა ქვეყანაში. შესაძლოა ეს თაბახი განზრახ ამოიღეს შავი მაგიის მესვეურებმა. დამეთანხმებით, რომ მოჯადოება და ჯადოს ახსნა–გაბათილება უბრალო გასართობი ფოკუსი არ არის, არც შარადაა ან ენის გასატეხი, რომ რაგინდარა წიგნში შეგვეძლოს მთელი მისი საიდუმლოს ამოკითხვა. ალბათ სადმე უდევთ შავ მოგვებს, როგორც იტყვიან, სამსახურებრივი მოხმარებისათვის.

ჩინელმა ისევ ნიშნის მოგებით ჩაიხითხითა, მაგრამ სილვიოს მუგუზლებივით თვალებს წააწყდა და ჩაჩუმდა.

– სხვაგან არსად წერია, რაც ჩვენ გვინდა? ამ მუდრეგ წიგნებში იქნება რამე.

– არა, ამათში არაფერია.

– რა ვქნათ, მენაცვალე?

– წავუღოთ ეს წიგნი სენიორ ამადეოს, – ურჩია ბიჭმა, – სენიორ ამადეო რამეს მოიფიქრებს.

მოგვი ელდანაკრავივით წამოხტა.

– თქვენ იცნობთ ამადეო კომპოტინის?

– ვიცნობთ.

– მას აქვს შავი მაგიის ლექსიკონის I ტომი, რომელსაც მე მთელი სიცოცხლე დავეძებ…
– აი, იმ ლექსიკონს გთავაზობდათ სწორედ სენიორ ამადეო ამ ოხერ წიგნში.

– წაიღეთ, წაიღეთ, ოღონდ ერთხელ მაინც ჩამახედეთ ლექსიკონის I ტომში.

მოხუცი საოცრად გამოცოცხლდა. ხელები დაუკოცნა სილვიოს, ფეხი მოირთხა და შუბლს იატაკზე ურტყამდა.

– კარგით, გეყოფათ. ამ წიგნს წავიღებთ. სამაგიეროდ თქვენ მიიღებთ იმ ლექსიკონს. ოღონდ ჩვენი სტუმრობის შესახებ ხმა–კრინტი არავისთან დაგცდეთ, თორემ ვერ შეგპირდებით, რომ უარს ვიტყვი მარწუხების გამოყენებაზე.

სტუმრები დაემშვიდობნენ დაზაფრულსა და მაინც გახარებულ სენ–სენ–ვეის და ხვრელში გაუჩინარდნენ.

მარტო დარჩენილი მოგვი საკანში მელიასავით ცუნცულებდა ღა ბუტბუტებდა:

– კარგია, კარგია, რაღაც ხდება, კარგია. მეშინია, კარგია… ცოცხალი ვარ… ესეც ჩვენი ლექსიკონი. ვნახავ, გნახავ. რაში სჭირდება იმ გადარეულ კომპოტინის შავი მაგია?!



მოლონელი გაგრძელება

უხალისოდ დაბრუნდა მენაცვალე კატის ნახტომში. ახალმა ამბავმა ყველა დაადარდიანა. სასოწარკვეთილებს დანა პირს არ უხსნიდათ. უსარგებლო წიგნი მიცვალებულივით ესვენა მაგიდაზე. რა არ ეწერა ამ წიგნში. ცაში ვარსკვლავებისა და დედამიწაზე ყველა სულდგმულის საიდუმლო, მეჭეჭის წამალი, ნიკრისის ქარის მალამო, გათვალულის, გაჩხიბულის, მოჟამულის, უჟმურშეყრილის, დათარსულის, მოთილისმებულის, დაბეჩავებულის, წელკავიანის და რა ვიცი, კიდევ რისი გამოსალოცი არ ეწერა შიგ, რა რჩევა–დარიგებას არ იძლეოდა ეს დალოცვილი. ერთგან, მაგალითად, დაწვრილებით იყო ჩამოწერილი, რა თვეში და რა დღეს დაბადებულს კვირის რომელ დღეს უნდა დაებანა თავი, მოეჭრა ფრჩხილი, გაეპარსა წვერი, გაეკრიჭა თმა, მეორეგან ამინდის გამოსაცნობი ნიშნები ეწერა. ასტროლოგიას, ქირომანტიას, ფიზიოგნომიას, გრაფოლოგიას ცალ–ცალკე თავი ჰქონდა დათმობილი. ყველაფერი იყო ამ წიგნში, მაგრამ ჩვენი მეგობრები მთელ ამ ბრძნულ ავლადიდებას იმ ერთ დაკარგულ თაბახში გაცვლიდნენ უყოყმანოდ.

– მთელი თაბახი არც გვჭირდება, ორიოდე სტრიქონი მხოლოდ, – თქვა მენაცვალემ, წამოდგა, წიგნი უხალისოდ აიღო ხელში, კიდევ ერთხელ ჩაიკითხა უცნაური წინადადება და გამწარებულმა ტახტზე მიაგდო.

წიგნი გადაშლილად დაეცა და აქამდე მგლოვიარედ კუთხეში მიმჯდარმა ჭაბუკამ რაღაც ისეთს მოჰკრა თვალი, რომ წამსვე ეს ჩაბნელებული ოთახი საოცარი სინათლით აივსო, თითქოს ვიწრო სარკმელში უცბად მზე შემოგორდაო. ბიჭი წიგნს მივარდა. ყვითელი გაცრეცილი ქაღალდი, მიჯრით ნაწერი უცნაურად გამოყვანილი შავი ასოებით სავსე პატარა ოთხკუთხედი, ფართო არეები.

– პაპა პიეტრო, ინ, მენაცვალე! – შეჰყვირა სიხარულისაგან თავბრუდახვეულმა ბიჭმა და თვალწინ დაუტრიალდა პაპისეული სახლის სხვენი „გვარნერის ამბავი“ და შიგ ჩართული ჯადოსნური თაბახი.

– რა? ნახე?! – მიცვივდნენ ინი და მენაცვალე.

– რა მოხდა, შვილო? – დინჯად ჰკითხა ფიქრებში წასულმა პაპა პიეტრომ.

– ის არის, ის!

– რა დაიჩემე, ბიჭო, რა „ის“? – პაპამაც იკადრა წამოდგომა.

– მე მაქვს ის თაბახი, მე, როგორ ვერ გაიგეთ?!

– ჯერ არაფერი გითქვამს და, აბა რა უნდა გაგვეგო? – ხელები გაშალეს ინმა და მენაცვალემ.

– ის დაკარგული თაბახი მე მაქვს.

– ცხრამთასიქითში? – ჰაითხა პაპა პიეტრომ, – ახლა ხუმრობის დრო არ არის, ბიჭუნა, და არც ამის ხასიათზე ვართ.

– არა, პაპა პიეტრო, ცხრამთასიქეთში კი არა, აქა მაქვს, აქ! – შუბლზე დაირტყა ხელი ჭაბუკამ.

ყველამ ერთმანეთს გადახედა, ხომ არ შეიშალა საბრალო ბიჭიო. რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ჭაბუკამ მეგობრებს დაწვრილებით უამაბო იმ უცნაურად აკინძული წიგნის შესახებ, ახლა რომ მშვიდად იდო მტვრიანი სხვენის თაროზე. მერე ქაღალდი და საწერ–კალამი მოითხოვა, “დაჯდა და სიტყვასიტყვით ჩააწიკწიკა მთელი თაბახი. უფრო სწორად, პირველი და მეოთხე გვერდი, რადგან მეორე და მესამე, ალბათ გახსოვთ, ვარსკვლავიანი ცის რუკას ეკავა.

ცალკე მიტკლის ნაჭერზე ამოწერეს საქმისათვის საჭირო ორი ბწკარი და მენაცვალეს შარვლის უბეში ჩაუკერეს.

თავდაპირველად თითქმის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მენაცვალემ „იოლად გააცურა ზედამხედველები, ბიჭმა ამჯერად ორმაგი ულუფა მიირთვა. თოფის საწმენდ ზეთს, საპონსა და თამბაქოს ჩექმის საწმენდი ვაქსიც მიაყოლა. უსაქმურობისაგან გასავათებული ზედამხედველები მზად იყვნენ, რომელ საკანშიც ისურვებდა, იქ შეეშვათ ეს ჯადოქარი ბიჭი. მენაცვალე შეჰპირდა, ორი საათის შემდეგ, პრინცესის დანიშნულ სასჯელს რომ მოვიხდი, თოფის წამალს შევჭამო.

ოციოდე წუთის შემდეგ სილვიო და მენაცვალე ისევ სენ–სენ–ვეისთან
იყვნენ. ჩინელი მთლად გადაირია საოცნებო ლექსიკონის დანახვაზე. ჩაიხუტა გულში, თვალები მილულა და რაღაც სიმღერაც კი წამოიწყო. სილვიომ ცოტა აცალა მოხუცს და მერე მენაცვალეს მოტანილი მიტკლის ნაჭერი წინ დაუდო.
– შეუძლებელია! – იყვირა განცვიფრებულმა მოგვმა, – საიდან გადმოიწერეთ?
– იქიდან, – მშვიდად უპასუხა სილვიომ.

– იპოვეთ ის თაბახი?

– დიახ, სენიორ სენ–სენ–ვეი. ახლა მაგის გამოკითხვის დრო არ არის. სწრაფად დაჯექით და გამოთვალეთ ის რიცხვი!

მოგვმა ჩამოწერა: იშთარი–7, ზუალი–3, ოტარიდი–1, მარიხი–4, მთუარე–9, მზე–6.

731496

შეაბრუნა და გამოვიდა 694137.

მერე ადგა და უზარმაზარ ცნობარში ჩაიხედა, ამ რიცხვის გასწვრივ ეწერა: „თუ ჯადო სიკეთეს ემსახურება, იგი გაბათილდება, შუაღამეს მთვარის შუქზე თუ წარმოთქვამთ: ჩადექ, ნელო ნიავო, დაცხერ, წითელო ყვავილო. აბრაკადაბრა. ხოლო თუ ჯადო ბოროტებას ემსახურება და მის გაბათილებას სიკეთის მეუფება უნდა მოჰყვეს, იგი თეთრი მაგიის ხელთ არის და უნდა ვეძიოთ ამავე რიცხვზე“.

– ეს რაღაა? – იკითხა სილვიომ.

– ეს ის არის, რომ თეთრი მაგიის ცნობარი არა მაქვს.

– მოგკლავ! – შემართა ხელი გაცოფებულმა სილვიომ.

მოგვი მყისვე მაგიდის ქვეშ შეძვრა. სილვიომ ფეხში წაავლო ხელი და ჩინელი თავდაყირა გამოათრია საფარიდან. მერე შურდულივით დაატრიალა და მზად იყო კედელზე მიეხეთქებინა, რომ მენაცვალემ ხელი სტაცა და გამოაფხიზხზლა. სილვიომ ბებერი სავარძელში მიაგდო და თავზე დაადგა. სენ–სენ–ვეი აღარ სუნთქავდა. წყალი დაასხეს და ძლივს მოასულიერეს.

– მაპატიეთ, სენიორ სენ–სენ–ვეი, – გულწრფელად ბოდიშობდა გოლიათი, – არასოდეს არ ვიყავი ზომაზე მეტად ფაქიზი, მაგრამ ამ ოქროს გალიაში მთლად გავუხეშდი.

– როგორც გითხარით ისეა… ლექსიკონი მომეცით.

მენაცვალემ ლექსიკონი გადასცა მოხუცს. იმასაც ახლა სხვა არაფრის დარდი აღარ ჰქონდა. ჩაიხუტა წიგნი, ისევ მილულა თვალები და აკრუტუნდა.

– მაშ თქვენ ნამდვილად არა გაქვთ ის ცნობარი?

– თეთრი მაგიის ცნობარი ამადეოსა აქვს, – ამოილუღლუღა ჩინელმა, – ჩაიწერეთ ეს რიცხვი და თვითონ მონახავს ყველაფერს.

რას იზამდნენ? მენაცვალემ შარვლის ტოტზე შიგნიდან მიიწერა
694137 და გამობრუნდნენ საერთო საკანში.

შინ დაბრუნდა თუ არა მენაცვალე, ჭაბუკა მაშინვე გაემზადა ამადეოსთან გასამგზავრებლად. ისევ ჩაიცვა მათხოვრულად, გადაიკიდა ჩანთა და ქალაქის კარებისაკენ გაემართა. მენაცვალემ ტანსაცმელი გამოიცვალა, დაიბანა და სასახლისაკენ გასწია, მაგრამ გამოვიდა თუ არა სახლიდან, ორმა მუტრუკმა ხელი სტაცა, პირში ბურთი ჩასჩარა და იქვე მომლოდინე შავ კარეტაში შეაგდო. თითქმის იმავე დროს შეიპყრეს ქალაქის კარებთან ჭაბუკაც.

რა მოხდა? ნუთუ გასცა ვინმემ? იქნებ სენ–სენ ვეიმ?

არა, სენ–სენ–ვეი არაფერ შუაში იყო, აი, რა მოხდა.

ამ მარცხის ამბავი შორიდან უნდა დავიწყო. ჭაბუკა რომ ტინიტოს იძახებდა და აქამდე მისი ერთგული მეგობარი არ ცხადდებოდა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ტინიტოს აღარ შეეძლო თავის ბატონთან გამოცხადება, დიახ, აღარ შეეძლო. გაგიკვირდებათ, მაშ რიღასი ეშმაკი იყოო. საქმეც ის არის, რომ ტინიტო აღარ იყო ეშმაკი. მას შემდეგ, რაც მან ბიჭი და მისი მეგობრები გულით შეიყვარა, თანდათან იგრძნო, რომ გრძნეულ ძალას კარგავდა. ხოლო როცა ჯადოს წყალობით პირველ მინისტრს ჭაბუკა ციხიდან გამოაშვებინა, ეშმაკმა საბოლოოდ დაკარგა ჯადოქრობის უნარი და ჩვეულებრივ ადამიანად იქცა. პირველ ხანებში ერთი–ორჯერ იგრძნო, როგორ ამაოდ უხმობდა ბიჭი, მერე კი აღარც ამას გრძნობდა.

როგორც ეშმაკი ხომ ყველაფრის მცოდნე იყო ტინიტო, ახლა ადამიანად ქცევის შემდეგ საოცარი მიამიტობა დაჰყვა. რატომღაც ეშინოდა ადამიანებისა. დღე მიყრუებულ უბნებში დაეხეტებოდა და ბალღებს იაფფასიან ფოკუსებს აჩვენებდა, მალაყებს გადადიოდა, პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. თითო–ოროლა გროშს აგროვებდა, ზოგი ხმელ პურსაც გამოუტანდა ხოლმე. ღამე შეშის საწყობში ეძინა და ითოშებოდა მცივანა ტინიტო. გულუბრყვილო ტინიტოს ეშინოდა, ჭაბუკა არ მიმიღებს და იქნებ კიდეც უთხრას ყველას, რომ ყოფილი ეშმაკი ვარო.

ტინიტომ რომ საბოლოოდ იგრძნო, გრძნეულება დავკარგეო, სწორედ იმ წუთს პირველი მინისტრი პოლიციის ახალ უფროსს ესაუბრებოდა განზრახული საჯარო დასჯის თადარიგის შესახებ. უცებ საშინელი გულის ძმარვა იგრძნო. ეს იყო პირველი გულისძმარვა მას შემდეგ, რაც იმ ოხერმა ხახიდან ზღარბი ამოუძვრინა და მერე ამ წყეული ქოჩრითაც დააჯილდოვა, პირველმა მინისტრმა სიძულვილით შეხედა პოლიციის უფროსს, მაგრამ, არა… ეტყობა პოლიციის უფროსი ამჯერად უბრალო იყო. ახლა თავის ქავილიც აუტყდა. პოლიციის უფროსი დაითხოვა, ჩაიკეტა და ქუდი მოიხადა. თავზე ხელი გადაისვა და მთელი ქოჩორი შერჩა ხელში, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა. თავი ისევ ისე წესიერად უბზინავდა პირველ მინისტრს. გულისწვა ცეცხლივით უტრიალებდა კუჭში, მაგრამ მაინც საოცარ შვებას გრძნობდა, გათავისუფლდა იმ ტუტუცური ქოჩრისაგან.

ალბათ დამეხსნა ის ეშმაკიო, გაიფიქრა და სცადა შეემოწმებინა, ჰქონდა თუ არა ძალა ძველ ჯადოს.

– ეშმაკო! – წაიჩურჩულა ოდნავ გასაგონად და დააყურა.

არაფერი მოხდა.

– ეშმაკო! – თქვა უფრო ხმამაღლა.

არაფერი შეცვლილა.

– აა, შე ოხერო ეშმაკოოო! – ღვარძლიანად დაიძახა პირველმა მინისტრმა და საწერ მაგიდას მუშტი დასცხო. სწორედ ის სამელნე, იმ დღეს რომ ტინიტო ზედ დასკუპდა, ახტა და გადატრიალდა, მელანი მაუდს გადაესხა. ამან ცოტა შეაფიქრიანა პირველი მინისტრი, მაგრამ რომ ნახა, სხვა აღარაფერი ხდებაო, ისევ გათამამდა.

– ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს! – იფურთხებოდა ერთ ხანს, მერე საფეთქლებზე შერჩენილი ღვიძლი თმა შვებით გადაივარცხნა, პოლიციის უფროსი გამოიძახა და უბრძანა:

– დააპატიმრეთ ის უცხოელი ბიჭი და ყველა მისი მეგობარი!

ასე მოხვდა ჭაბუკა ოქროს გალიაში მეორედ. მენაცვალე კი ამჯერად პირველად ჩაჯდა თავისი თავისათვის.

იმავე დღეს გამოუშვეს ის ძველი პოლიციის უფროსი, ჩინ–მედლებიც დაუბრუნეს და უფლებებიც აღუდგინეს.

ზღაპრიდან გაქცევა

რა უნდა ექნა ჩვენს გულად ჭაბუკას? მთელი ქალაქი შიშით ზარდაცემული განაბულიყო. მეგობრები – ზოგი დაჭერილი იყო, ზოგი სადღაც კატის ნახტომის ჯურღმულებში იმალებოდა, სილვიო ცალკე კოშკში იყო ვეება ჯაჭვით მიბმული. ინისა არაფერი ისმოდა. ხვალ დილით მზის ამოსვლამდე უნდა დაესაჯათ „ქვეყნის მოღალატეები“. არავინ იცოდა, რას უპირებდნენ საბრალო ტყვეებს და ეს კიდევ უფრო უკუმშავდა გულს ბიჭს. შუაღამემდე მხნედ იყო. საკანში ქვის იატაკზე შუაღამისას შედარებით ღია ფერის ფილა შეარჩია, ზედ შედგა და ტინიტოს მოსახმობი ლექსი წარმოთქვა სამჯერ, წესისამებრ, მაგრამ ამაოდ, აშკარა იყო, რაღაც მოხდა. ნუთუ ტინიტომ მიატოვა?! ახლა ზღაპრიდან გასასვლელი სიტყვები წარმოთქვა აცახცახებული ტუჩებით:

მე თამაში აღარ მინდა,
ვაჟკაცობა გამიფრინდა,
დამიბერე, ჯადო ქარო,
დამიბრუნე მყუდრო ხარო!

უცებ ყველაფერი დატრიალდა ჭაბუკას თვალწინ, რაღაცამ დაიწივლა და მეტი ბიჭს აღარაფერი ახსოვდა.

ჭაბუკამ თვალები მოიფშვნიტა. ისევ იმ ტირიფის ჭალაში, ისევ იმ თეთრ ქვასთან იდგა. შორიდან რუს დუდუნი ისმოდა. ქამარში ისევ ის სასალამურე ტირიფის ღეროები ჰქონდა გაჩრილი და ღეროები ისევ ისე ნედლი იყო. ირგვლივ ახალი ნათალი ეყარა. ჭაბუკამ იქვე, გორაკზე აირბინა და ხელი მოიჩრდილა. არც თუ ისე შორს მოჩანდა პაპისეული ორბუხრიანი სახლი. სამზარეულოს საკვამურიდან ლურჯი კვამლი თხელ ზოლად მიიმართებოდა მაღლა. ბიჭი სწრაფად დაეშვა გორაკიდან და შინისაკენ გაემართა. ეზოს რომ მიუახლოვდა, ჩვეულებისამებრ ტანსაცმელ–ფეხსაცმელზე დაიხედა. უკვალოდ ჩაევლო მთელ მის თავგადასავალს, არსად არაფერი გაეხია, ზედ არაფერი გადაევლო და არც ღილი აკლდა სადმე. ყველაფერი ისე უწკრიალებდა, თითქოს ეს არის ახლა გამოაწყო დედამო. ეზოში სარეცხის გრძელ თოკზე ისევ ისე ეფინა ჭრელა–ჭრელა კაბები და ჭაბუკას ლურჯი მეზღვაურული გრძელი შარვალი. ბიჭმა უნებლიეთ ხელით მოსინჯა. ჰოი, საოცრებავ! შარვალი ისევ სველი იყო.

სამზარეულოდან დედის ხმა გაისმა:

– ჭაბუკ, გასვრილი ფეხებით ოთახში არ შეხვიდე, ფეხსაცმელები გაიხადე

– ჭაბუკ, ჭაბუკ! ნახე, როგორი სახლი დავხატე, – კიბეზე შეეგება მატო.

ჭაბუკა მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო ამ საოცარი ამბების მოყოლა, რაც ისე ცოტა ხანში გადახდა თავს, რომ მისმა შარვალმა გაშრობაც კი ვერ მოასწრო. აბა, როგორ დაერწმუნებინა დედა, სანამ შენ აქ კარტოფილს ფცქვნიდი და კომბოსტოს ჭრიდი, მე ცხრა მთას იქით ვიმოგზაურე, ესა და ეს ფათერაკები გადავიხადე და საღ–სალამათი გამოგეცხადეო?

გაიხადა ჭაბუკამ თავისი სუფთა ფეხსაცმელები, სახლში შევიდა და მატოსთან ერთად ხატვას შეუდგა. ეს კი იყო, რომ სულ ცხრამთისიქეთის ამბებს ხატავდა.

– ვაი, რა სასაცილო ეშმაკია! – აღტაცებას ვერ ფარავდა მატო.

– ეს ტინიტოა, ჩემი მსახური და მეგობარი! – უხსნიდა ჭაბუკა დაიკოს. მატოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხუმრობად და თამაშად მიაჩნდა, კისკისებდა და კისკისებდა უდარდელად.

– ეს ინია, სენიორ სილვიოს ქალიშვილი.

ინი რატომღაც არ მოსწონდა მატოს.

– დიდი რამე, მე უფრო გრძელი ნაწნავი მაქვს!

სამაგიეროდ ძალიან მოეწონა გოლიათი სილვიო და სასაცილო სენ–სენ–ვეი. მერ სთხოია ძმას, მეც მაჩვენე წიგნი, სადაც მაგათი ამბები წერიაო. რა აზრი ჰქონდა მატოსთან კამათს?! და ჭაბუკაც შეჰპირდა, სადღაც სხვენზეა ის წიგნი, ვიპოვი და აუცილებლად მოგცემო.

საღამოს, ფეხები რომ დაიბანეს და დაწვნენ, მატომ სთხოვა ძმას, მიამბე კიდევ იმ ცხრამთისიქეთა ქვეყანაზე, თორემ სანამ იმ წიგნს იპოვი, გვიან იქნება, მე უკვე სულ სხვა რამე გამიტაცებსო.

ჭაბუკამ დაიწყო იმ საოცარი ქალაქის უცნაური ამბების მოყოლა, მაგრამ როგორც კი სახიფათო ჟამი დაუდგა „მოთხრობის“ პატარა გმირს, გოგონა შეევედრა, ახლა ნუღა მომიყვები, დავიძინოთ და ხვალ დილით განაგრძეო. დაეთანხმა ჭაბუკა, მატომ მალე დაიძინა, მაგრამ ბიჭს ძილი არ ეკარებოდა. ნაშუაღამევს, როგორც იქნა, ჩაეძინა. ძილში შფოთავდა. რამდენჯერმე დახედა დედამ. გადამძვრალი საბანი გადაახურა, შუბლზე ხელი დაადო, თითქოს სიცხე არ უნდა პქონოდა.

– კითხულობს ათას სისულელეს და მერე სიზმრები აღარ ასვენებს, – ჩაიბუზღუნა პაპამ. – ერთი ეგ სხვენი უნდა ჩავკეტო.

დილით ყველაფერი ძველებურად წარიმართა. და–ძმამ ისაუზმა, მერე მატო ეზოში გამოვიდა და კლასობანას თამაში დაიწყო. ჭაბუკა აივნიდან უყურებდა, როგორ „იჭრებოდა“ მატო და როგორ პატიოსნად უბრუნდებოდა ისევ წინა კლასს. ოქროსფრად მოვარაყებული ამპარტავანი შავი მამალი დარბაისლურად დასეირნობდა მოფუსფუსე ქათამ–იხვებში. ბებერი დუგო მზეზე თვლემდა. პაპა დილაადრიან ქალაქს წასულიყო საყიდლებზე, დედა სახლს ალაგებდა. „ღმერთო, ნუთუ ყველაფერი სიზმარი იყო!“ ბიჭს ვერ წარმოედგინა, რომ იმ საოცარი ამბების შემდეგ აქ ასე ჩვეულებრივად იქნებოდა ყველაფერი. ბოსლიდან ძროხა გამოუშვა,
ღორებს გეჯაში საჭმელი ჩაუყარა, ჭიდან ათიოდე ვედრო წყალი ამოიღო და კასრი შეავსო. „არა. შეუძლებელია, ეს სიზმარი ყოფილიყო“, ბიჭს ისე ცხადად ახსოვდა ყველაფერი. როგორ გარბოდნენ ისა და ინი, როგორ უახლოვდებოდათ აქელებული მდევრების სუნთქვა, როგორ შეაგდო ინმა ერთ ბნელ ეზოში და როგორ იწვნენ გატრუნულნი ნაგვის ყუთს მოფარებულნი, ვიდრე მდევრების ფეხის ხმა მიწყდებოდა. გაახსენდა ციხის საკანი და ისევ ეცა შმორისა და დამპალი კარტოფილის სუნი. გული საოცრად აუტოკდა, მიხვდა, რომ თავის თავს ვერასოდეს აპატიებდა იქედან გამოქცევას. რა თქმა უნდა, ვერავინ გაიგებდა მისი სიმხდალის ამბავს, კიდეც რომ ეამბნა ვინმესთვის, სასაცილოდ აიგდებდნენ, მაგრამ თვითონ ხომ იცოდა, რომ გამოიქცა და მერე როდის? სწორედ განსაცდელის ჟამს. ასე ხომ მატო აწყვეტინებდა პაპის ზღაპარს ყველაზე საშიშ ადგილზე. არა, უნდა დაბრუნდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა დაბრუნდეს!

ასე გადაწყვიტა. მერე დედას სთხოვა, მეზღვაურის შარვალს ჩავიცვამო, ჩაიცვა, საკუჭნაოში შევიდა, პაპას ხელსაწყოების ყუთიდან პატარა ქლიბი ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. სამზარეულოში კარგა დიდი ნაჭერი პური აიღო, შუაზე გაჭრა, შიგ ბლომად კარაქი წაუსვა, ქაღალდში შეახვია და ისიც შარვლის ღრმა ჯიბეში ჩაიდო. „წავალ, იქნებ ტინიტო გამოვიძახო, ამბავს მაინც ვკითხავო“. – გადაწყვიტა ჭაბუკამ. დედას დაეთხოვა, ჭალაში წავალო და, მატო რომ არ აჰკიდებოდა, ბოსლის მხრიდან მოუარა.

რუზე რომ გადავიდა, ისევ დაიწყო ბუტბუტი: „გადავიდა ბიჭი შავ მდინარეზე და მის წინ ვეებერთელა მინდორი გადაიშალა, იარა, იარა ბიჭმა და ისევ იმ თეთრ ქვას მიადგა“, შეხტა ზედ და გული აუფანცქალდა მოლოდინისაგან.

ციმციმ გველის კანს ჩავიცვამ,
ღრიანკალის ცრემლს წავისვამ,
შემოვაღებ შავ კარსა,
შემოვუშვებ ავ ქარსა.
მე ვარ შენი ბატონი,
შენ ხარ ჩემი მსახური.
მოდი და მემსახურე,
მოვალ, გებატონები!

ჭაბუკამ ვერც შეამჩნია, როდის წამოსკუპდა ქვაზე ვიღაცა. ბრესენტის შარვალი და თბილი სვიტრი ეცვა, ნარინჯისფერი ფართო ბერეტი შუბლზე ჩამოეფხატა.

– მოველ და გემსახურები, მოდი და მებატონე! – წარმოთქვა უცნობმა და უხალისოდ მიაჩერდა ჭაბუკას.

– ტინიტო სად არის?

– იმ შენი ტინიტოს ამბავი ცუდად არის. ჩვენი უფროსი ბელზებელი ამბობდა, ჩვენთან გაწყვიტა კავშირიო.

„აი თურმე რაში ყოფილა საქმე. კიდეც იმიტომ არ გამოცხადდა მაშინ ციხეში“, – გაიფიქრა ბიჭმა.

– შენ რა გქვია? – ჰკითხა ახალ ეშმაკს.

– არაფერი. მორიგე ვიყავი და გამომაგზავნეს.

– ვერ მეტყვი, რა ხდება იქ, ცხრა მთას იქით?

– არაფერი.

– როგორ თუ არაფერი?!

– არაფერი. სძინავთ.

– როგორ თუ სძინავთ?! დღეს, მზის ამოსვლამდე სასჯელის აღსრულება იყო დანიშნული.

– კი.

– მერე?!

– მერე, როგორც კი შენ გამოიქეცი ზღაპრიდან, ზღაპარი დამთავრდა. დამთავრდა კი არა, შეჩერდა.

ჭაბუკა გაოცებისაგან იქვე ჩაჯდა.

– ჰო, ჩემო კარგო, შეჩერებულია ზღაპარი. ცხრამთასიქეთი ისვენებს. ქალაქის კარი ღიაა, გუშაგები, მეფე, პრინცესა, კარისკაცები, ციხის უფროსი, ცრუხეიბარი ავაზაკები, ჯალათები, ქონდრისკაცები ახლა გემრიელად ხვრინავენ. დრო მოვა და სულ სხვა ბიჭს ეთამაშებიან ცხრამთასიქეთობანას.

– როგორ თუ სხვას ეთამაშებიან?! ჩემი მეფე, ჩემი პრინცესა, ჩემი ავაზაკები…

– ბიჭმა საშინელი შური იგრძნო იმ სხვა ბიჭის მიმართ, ეჭვიანობამ ფეხზე წამოაყენა.

– ჩემი ინი? – ერთადერთი იმედი ახლა ინი იყო.

– რა თქმა უნდა, ინიც იმ სხვას ეთამაშება, მისთვის სულერთია.

„არა. შეუძლებელია, რომ ინისათვის სულერთი იყოს! მერე რას ნიშნავს „ეთამაშება“? განა ჩვენ ვთამაშობდით? განა ორივენი ერთად ნამდვილად არ ვიგდებდით თავს ხიფათში? ეს უცნობი ეშმაკი, რა თქმა უნდა, ცდება“.

– შენთვის ყველაფერი თამაშია, შენ ხომ ეშმაკი ხარ. ადამიანისა რა გესმის!

– აბა, რა უნდა გითხრა? ახლა შენ ხასიათზე ვერა ხარ. ვისი ბრალია, რომ შენი ზღაპრის გმირები ახლა სხვაგან არიან! შენ თვითონ მიატოვე ისინი და უსაქმოდ დიდხანს ვინ გააჩერებს?

ჭაბუკა ეშმაკის გვერდით ჩამოჯდა და მწარედ ატირდა. ეშმაკი წამოდგა და ბანჯგვლიანი ხელი ალერსით გადაუსვა თავზე ბიჭს.

– ნუ დარდობ, ჭაბუკ! იშვიათია, რომ ვინმე სხვა ბიჭი ასე დიდხანს დარჩენილიყოს საშინელ ზღაპარში. მე შენ ახლა ისეთ ადგილას წაგიყვან, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდება. გასართობ, ფერად ზღაპარში. იქ ერთი ბიჭის ადგილია სწორედ თავისუფალი.

– არა, მე ჩემს ზღაპარში დამაბრუნე!

– რა გენაღვლება, სხვა ქალაქიც ნახე! დამიჯერე, არ ინანებ, შენი ზღაპარი დაიცდის და არც არავის არაფერი დაუშავდება.

სანამ ჭაბუკა კიდევ რამეს იტყოდა, ეშმაკი უცბად რაშად იქცა და საზარლად დაიჭიხვინა.

მშვიდი ქალაქი

– აი, ეს მართლაც ბედნიერი ქალაქია! – უთხრა ტინიტოს შემცვლელმა ბიჭს, როცა ისინი მშვიდად დაეშვნენ ნაირ–ნაირი ყვავილებით გადაქარგულ ბაღში. – ნეტა თავიდანვე აქ მოეყვანე იმ შენს ტინიტოს. აბა, შეუდექი დათვალიერებას. როცა მოგბეზრდეს, გამომიძახე. მე წავალ, ცოტას დავისვენებ. ძალიან მიხდება აქაური ჰავა.

წასვლის წინ ახალმა ეშმაკმა ზუსტად ისეთი სალამური დაუტოვა ჭაბუკას, ადრე ტინიტომ რომ აჩუქა.

მარტო დარჩენილი ჭააუკა ერთხანს ბაღს ათვალიერებდა. რა ფერის ყვავილებს არ ნახავდით აქ! მოხდენილი თამამი ტიტები, სოფლელი პატარძლებივით გამოწყობილი ყაყაჩოები, ნაზი იები და იაჟუჟუნები, ამაყი მიხაკები, მზისფერი ქრიზანთემები და დიდებული გლადიოლუსები მშვენიერი დობილებივით შემოხვეოდნენ მედიდურ ვარდს. ნელი ნიავი ქროდა, მიმოზები და თვალხუჭუნა ალბიციები მოხდენილად არხევდნენ მშვენიერ რტოებს, დაბლა ყვავილებისკენ მიიწევდნენ, ზედ დაკონებას ლამობდნენ; ირგვლივ უამრავი ყვავილი, ბუჩქი და ლამაზი ხე იყო, რომელთა სახელი ჭაბუკამ არ იცოდა. ბუჩქებში და ხის ტოტებში საოცრად ლამაზი ჩიტუნები დაფრინავდნენ და ტკბილად გალობდნენ. ბიჭი ბუჩქის ძირას მიჯდა და აღტაცებით უსმენდა დიდებულ ჰანგს. საოცარი ის იყო, რომ ჩიტები შეწყობილად გალობდნენ, ყველა თავის ხმაზე. ერთი წამოიწყებდა, დაარაკრაკებდა, მეორე მოძახილს ეტყოდა, შემდეგ მთელი გუნდი აიტაცებდა ჰანგს და ისე დაიკვნესებდნენ, რომ ჭაბუკას გული ეკუმშებოდა. იმ წუთში ამ ქვეყანაზე სხვა აღარაფერი უნდოდა, ასე მჯდარიყო და ესმინა ამ ჯადოქრული ჰანგისათვის. ცოტაც და ნეტარებით გაოგნებულს კიდეც მიეძინებოდა. ბიჭმა ყურებში თითები დაიცო, რომ როგორმე თავი დაეღწია აქედან. ბოლოს, როგორც იქნა, გამოერკვა, ბილიკს გამოჰყვა და ერთ მოედანზე გამოვიდა. მოედნის შუაგულში შადრევანი ჩქეფდა. ირგვლივ ლამაზად გამოწყობილი ბიჭუნები დახტოდნენ. ბავშვები ტყუპისცალებივით ჰგვანდნენ ერთმანეთს. ერთნაირად გაკრეჭილები, ერთნაირად დავარცხნილები, ერთნაირად ჩაცმულნი ერთნაირად ხტოდნენ ერთნაირ სახტუნაო თოკებზე. ირგვლივ ისხდნენ ერთნაირი ბებიები, ეკეთათ ერთნაირი სათვალეები და კითხულობდნენ ერთნაირ წიგნებს.

ჭაბუკას დანახვაზე ბიჭუნებმა ხტუნაობა შეწყვიტეს, უცნობისაკენ შემობრუნდნენ და ზრდილობიანად თავი დაუკრეს. ჭაბუკამაც დაუკრა თავი ჯერ ბებიებს და მერე შვილიშვილებს.

ბებიებმა ალერსიანად გაუღიმეს ბიჭს, ამან ჩვენი მოგზაური გაათამამა.

– დიდი ბოდიში, ქალბატონო, მაგრამ ამ ქალაქში მხოლოდ ქერა ბიჭუნები არიან და ყველა ასე თოკზე ხტუნაობს?

– შენ, ჩემო ბიჭუნი, ალბათ, ისიც გინდა მკითხო, ყველა ბებია ასე ზის და კითხულობს შადრევანთანო?

– დიახ, ქალბატონო.

– ჰოდა, შვილო, უნდა იცოდე: ამ ქალაქში არიან სხვა ბავშვებიც. შავგვრემანი ბიჭუნები თავისი შავგვრემანი ბებიების თანდასწრებით სხვა შადრევანთან დახტიან. ასევე ცალ–ცალკე თამაშობენ ქერა და შავგვრემანი გოგონები თავიანთი ბებიების თვალწინ.

– ყველა ასე დახტის თოკზე?

ბებიამ გაოცებით შეხედა ბიჭს.

– განა შენ არ იცი, უცხო ბიჭო, რომ ახლა 11 საათი და 20 წუთია?! ჩვენს ქალაქში 11–დან 12 საათსა და 15 წუთამდე ყველა ბავშვი ხტის.

– რატომ? – გაოცდა ჭაბუკა.

– იმიტომ, რომ თოკზე ხტომა ყველაზე უფრო სასარგებლო თამაშია ბავშვებისათვის ამ დროს. უფრო მეტიც: დღის ამ პერიოდში ხტუნვა აუცილებელია მშვიდი ქალაქის მომავალი მოქალაქის აღსაზრდელად.

– თუ ბავშვს ხტუნვა არ უნდა?

– ეგ შეუძლებელია. ბავშვთა აღხზრდის სამეფო ინსტიტუტის გადაწყვეტილებით, 11–დან 12 საათსა და 15 წუთამდე ხტუნვის სურვილი უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე თანდაყოლილ ინსტინქტად ექცათ
ჩვენს ბავშვებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გვქონდა ამისი სურვილი, ვიცოდით, რომ საჭირო იყო და ვხტუნავდით შეგნებულად.

ამ საოცარ საუბარში იყო გართული ჭაბუკა, რომ თეთრ, ქათქათა ტანსაცმელში გამოწყობილმა თეთრწვერა ლოყებღაჟღაჟა მოხუცმა თეთრი დათვებით მოხატული ცისფერი ურიკა მოაგორა.

ჭაბუკასთან მოსაუბრე ბებიამ წიგნი გადადო, ფეხზე წამოდგა და ორჯერ შემოკრა ტაში. ბიჭუნებმა შეწყვიტეს ხტუნვა და თოკები კისრებზე ჩამოიკიდეს.

– აბა, ვის ტკივა ყელი? ვისაც ნაყინი არ ეჭმევა, ორი ნაბიჯით წინ!

ორი ბიჭუნა გამოეყო ბედნიერთა ჯგუფს. ამ საბრალოებს მწარე აბები ჩააყლაპეს და ცალკე სკამზე დასვეს. სხვებს საოცრად მიმზიდველი, დათრთვილული ესკიმოები ჩამოურიგეს. ერთი ჭაბუკასაც მიაწოდა მენაყინემ. ნაყინი გემოთი კიდევ უკეთესი აღმოჩნდა.

– ახლა, ბავშვებო, სტუმარს ვუმღეროთ! – თქვა ბებიების უფროსმა. ბავშვები სამრიგად დაეწყვნენ ბიჭის წინ, ბებიამ შემართა ხელი და ჭაბუკა დაატყვევა პაწია მგალობლების საოცრად შეწყობილმა სიმღერამ.

სიმღერა რომ მოისმინა, ჭაბუკამ ბებია–შვილიშვილებს მადლობა გაბადაუხადა და წამოდგა. ფერად–ფერადი ხე–ბუჩქნარის გადაღმიდან წუთი წუთ თეთრი ალივით შეიმართებოდა ხოლმე ცაში შადრევნის ენა. ბიჭი იქით გაემართა. მოედანს რომ მიუახლოვდა, სიმღერის ხმა მოესმა. შავგვრემანი ერთნაირად ჩაცმულ–დავარცხნილი ბიჭუნები კისრებზე სახტუნაო თოკებჩამოკიდებული სამ რიგად ჩამწკრივებულნი იდგნენ თავიანთი შავგვრემანი ბებიების წინ და გალობდნენ. მენაყინეს უკვე დაერიგებინა ბავშვებისათვის გემრიელი ნაყინი და თავის ურიკას ახლა სხვა შადრევნისაკენ მიარაკუნებდა.

ჭაბუკა მიესალმა ბებია–შვილიშვილებს და გხა განაგრძო. მესამე შადრევანთან ერთნაირი ქერა გოგონები მღეროდნენ. ბვბიებიც იქვვ იყვნენ. შორიდანაც ისმოდა ბავშვების გალობა. ჭაბუკა წინასწარ გრძნობდა, რომ იქ შავგვრემანი ბებია–შვილიშვილები დახვდებოდნენ და არავითარი “სურვილი აღარ ჰქონდა იმათი ნახვისა. სუყველანი ერთსა და იმავე სიმღერას მღეროდნენ. ძალიან ლამაზად მღეროდნენ, საუცხოოდ შეწყობილად, მაგრამ მეტისმეტად ერთნაირად. ერთმა ქერა გოგონამ ოდნავ ჩაახველა, მეორე ხანის დაწყების წინ, ხმა ჩაიწმინდა, და საბრალო მაშინვე გამოიყვანა მორიგე ბებიამ მწკრივიდან, დატუქსა და განცალკევებით სკამზე დასვა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ იადონებიც, ბიჭუნებიც, გოგონებიც, ქერებიცა და შავგვრემანებიც ერთსა და იმავე ჰანგს გალობდნენ.

მორიგე ბებიამ აუხსნა ჭაბუკას, მუსიკისმცოდნეთა კვლევა–ძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს ჰანგი ყველა შესაძლებელ პანგთა შორის ყველაზე მეტად ლამაზია და ამავე დროს მაქსიმალურად დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზეო.

დაემშეიდობა ჭაბუკა ამ ძალზე წესიერ ბებია–შვილიშვილებს და ქუჩაში გამოვიდა. ლარივით სწორი ქუჩის ორსავე მხარეზე აივნებით დამშვენებული სახლები იყო ჩამორიგებული: მარჯვნივ წითელი სახლები, მარცხნივ – ლურჯი. წითელში შავგვრემანები ცხოვრობდნენ, ლურჯში – ქერები. ქუჩის მარჯვენა მხარეზე წითელი სკოლიდან შავგვრემანები ბრუნდებოდნენ ხელიხელჩაკიდებულები და მოიმღეროდნენ ისევ იმ ჰანგს, მარცხენა მხარეზე ლურჯსკოლელი ქერა ბავშვები ასევე ხელიხელჩაკიდებულები მოდიოდნენ და, რა თქმა უნდა, იმავე ჰანგს მღეროდნენ. რომელიმე მოსწავლის სახლს რომ გაუსწორდებოდნენ, ჯარისკაცებივით ფეხს მიადგამდნენ და პირით შესასვლელისაკენ შებრუნდებოდნენ. სახლიდან აუცილებლად გამოდიოდა იმავე ფერის ბებია და გაფაციცებით შეეკითხებოდა ბავშვებს, რა ნიშნები მიიღო ჩემმა შეილიშვილმაო.

– მშობლიური ენა და ლიტერატურა?

– ხუთი! – შესძახებდნენ ერთხმად.

– არითმეტიკა?

– ხუთი!

– სიმღერა?

– ხუთი!

– ყოფაქცევა?

– ხუთი!

– ყოჩაღ, ჩემო სიბერის იმედო! – აუცილებლად ასე ეტყოდა ბებია, რადგან მხოლოდ ეს სიტყვები იყო აღიარებული ბავშვთა ინსტიტუტის მიერ ამ შემთხვევისათვის საჭიროდ და სასარგებლოდ. შემდეგ თავისი ერთადვრთი სიმღერის ერთ ხანას იმღერებდნენ, ბებია შვილიშვილს გულში ჩაიკრავდა და მოსწავლეთა რაზმი შემდეგი სახლისაკენ გაემართებოდა.

ქუჩის ბოლოში უამრავი ხალხი ირეოდა. აქ ერთმანეთში იყო არეული შავგვრემანი და ქერა, ქალი და კაცი. იცინოდნენ. მოედანზე რომ გამოვიდნენ, ვიცეკვოთო თქვეს. დაწყვილდნენ ქერები და შავგვრემანები და ისევ ის სიმღერა წამოიწყეს, თან შეწყობილად დააბიჯებდნენ, ეს იმათებური ცეკვა იყო. ბიჭი ხალხში შეერია და იკითხა, რა ამბავიაო. თურმე ქორწილი ყოფილა, შავგვრემანი პატარძალი ქერა ნეფეს ეტცეკვებოდა. ძნელი იყო ამ ძუნძულისათვის ცეკვა გეწოდებინათ.

ბევრი რამე გაიგო აქ ბიჭმა მექორწილეთაგან. ამ ქალაქში შავგვრემანი აუცილებლად ქერაზე უნდა დაქორწინებულიყო. მეცნიერებს გამოეთვალათ, რომ ასეთი შერეული წყვილების 95 პროცენტი ბედნიერ ოჯახს ქმნიდა, მაშინ როცა ერთი ფერის წყვილების ბედნიერება მხოლოდ 90 %–ს აღწევდა. განსაკუთრებით დაბალი იქო შავგვრემანთა მაჩვენებელი – 88,5%.

ბავშვები რომ გაუჩნდებოდათ, 7 წლამდე ქერაცა და შავგვრემანი ბავშვებიც ერთად იზრდებოდნენ თავიანთ მშობლებთან, შემდეგ მამისფერ ბავშვებს შინ ტოვებდნენ, დედისფერებს კი სხვა ოჯახს უცვლიდნენ მამისფერებში.

თურმე ის სიმპათიური ბებიები ნამდვილი ბებიები კი არ იყვნენ იმ დავარცხნილ–მოვლილი ბავშვებისა. ბებიებად ამ ქალაქში მხოლოდ ხანშიშესული შინაბერები მსახურობდნენ. ბავშვთა აღზრდის ინსტიტუტის რჩევით და ქალაქის საბჭოს განკარგულებით ნამდვილ ბებიებს ეკრძალებოდათ ბავშვების მოვლა–პატრონობა, რადგან დადგენილი იყო, რომ ბებიები ანებივრებდნენ შვილიშვილებს.

– ნუთუ ყველა ასე წესიერია თქვენთან? არავის უნდა თავისი შვილების საკუთარ ოჯახში აღზრდა, ან თავისი შვილიშვილის მიალერსება? – იკითხა ჭაბუკამ.

ჭაბუკას თანამოსაუბრეები შეცბნენ, ერთმანეთს გადახედეს.

– იშვიათად, მაგრამ არის ხოლმე, რომ ვინმე გადავა ჩვენი ქალაქის წესსა და რიგს: ან თავისივე ფერის მეუღლე მოუნდება, ან ორივე ფერის ბავშვების ერთად აღზრდა, ან ძველებური სიმღერების მღერა, მაგრამ ასეთებს ადვილად აჭკვიანებენ.

– როგორ?

– საერთოდ აუკრძალავენ დაქორწინებას.

– ბავშვებს ჩამოართმევენ.

– თუ თავისას არ დაიშლის, ქალაქიდან გააძევებენ.

– განა თქვენ კი არ მოგინდებათ სხვა სიმღერები, განა თქვენ არ მოგბეზრდებაო ხოლმე ყოველდღე ერთი და იგივე წესი და რიგი?

ქალაქელები აჩოჩქოლდნენ:

– ჩვენი წესი და რიგი სანიმუშოა ყველა ქვეყნისათვის. ადამიანს ჩვენთან ყველა პირობა აქვს შექმნილი ბედნიერი ცხოვოებისათვის.

– ჩვენი ცხოვრების წესი მეცნიერულად არის გამართლებული.

– ჩვენი სიმღერა უმშვენიერესია მთელ ქვეყანაზე.

მექორწილეებმა ერთხმად წამოიწყეს თავიანთი სიმღერა, მაშინ ბიჯმა უბიდან ამოიღო თავისი სალამური და ჩაჰბერა. უნდა გენახათ რა მოხდა! ერთ წუთში როგორ გადაიქცა ეს თოჯინებივით აწყობილი ხალხი თავაწყვეტილ მოლხინეებად! ჯადოსნურმა ჰანგმა ქარიშხალივით აიტაცა ყველა და დაატრიალა. სახლებიდან გამორბოდნენ მოვლილი ბავშვები, იმათი ქერა თუ შავგვრემანი დედები და მამები, დაქირავებული და ნამდვილი ბებიები, ბაბუები, დეიდები, მამიდები და, ვინ იცის, კიდევ ვინ. ცეკვავდა მთელი უბანი და თანაც ისეთი გატაცებით, რომ სულ დაეშალათ საგანგებოდ დავარცხნილი ქოჩრები, ქალებს საკინძები უწყდებოდათ, მძივები ეფანტებოდათ, მაგრამ ამაზე ვინ ფიქრობდა?!

ჭაბუკამ კარგად აჯერებინა გული ამ უბედურებს და სალამური ისევ უბეში ჩაიდო, აქოშინებული და მისავათებული ქალაქელები ერთმანვთს აწყდებოდნენ, ზოგი მიწაზე ეცემოდა. ბოლოს გამოერკვნენ.

– უწესო! – იყვირა ერთმა.

– უწესო! – იგრიალა ბრბომ და ბიჭს გამოენთნენ. კადევ კარგი, რომ ცეკვისაგან ძალა აღარ ჰქონდათ შერჩენილი, თორემ, ვინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი! ჭაბუკა მარჯვედ დაუსხლტდა გაშმაგებულ წესრიგიანებს, რომელიღაც ეზოში შევარდა, მერე ღობეზე გადახტა და მოულოდნელად ტყეში ამოჰყო თავი.

აქ უამრავი ფრინველ–ნადირი ირეოდა. ერთი ვეებერთელა კაკადუ მაშინვე შეახტა ბიჭს მხარზე და თავისი ჭრიალა ხმით დასძახა:

– მშვიდობით მოხვედ, ყმაწვილო!

– გაგიმარჯოს, ჭკვიანო! – მიუგო ჭაბუკამ, – რა ლამაზი კაბა გაცვია!

ფრინველმა ისკუპა და იქვე კუნძზე წამოჯდა, ეტყობა ბიჭის ქათინაური არაფრად ეპიტნავა, გაიფხორა, მერე ერთი კიდეც ჩაახველა ბუზღუნა ბერიკაცივით და ცალი თვალი ჭაბუკას ლურსმანივით დაასო, ბოლოს თითქოს გამოერკვაო, უცებ შემოტრიალდა, ფრთა–ბუმბული გადაიტკიცა და ძალზე მკაცრად, მაგრამ თავაზიანად მოახსენა სტუმარს:

– ცეცხლი არ დაანთოთ! ტოტები არ დაამტვრიოთ! ნადირ–ფრინველს ტკბილეული არ აჭამოთ! მდელო არ დაანაგვიანოთ!

მოახსენა, ფრთა ფრთას შემოკრა და გაუჩინარდა. სამაგიეროდ ხეივნის ბოლოში ლომების მთელი რაზმი გამოჩნდა. დიახ, ნამდვილი ლომები იყვნენ. ის–ის იყო ბუჩქნარში უნდა გადასულიყვნენ, რომ უცხოს მოჰკრეს თვალი და მყისვე მისკენ გამოექანენ. დატკეპნილ ბილიკზე მათი ვეება ტორების ბარტყუნი ჭაბუკას თავში ჩაქუჩების ცემად ეჩვენა, შიშმა აიტანა. იქვე რაღაც ხისკენ ისკუპა და წამში კენწეროში მოექცა. ლომები ხის ქვეშ დაეყარნენ და თვლემა დაიწყეს. დროდადრო უხალისოდ ამოჰხედავდნენ ხოლმე ბიჭს. ჭაბუკამ საიმედო ტოტი შეარჩია და მაგრად ჩაეჭიდა. ნუთუ მათი ლუკმა უნდა გამხდარიყო?! რას გამოექცა და სად იღუპებოდა!

ამ უსიხარულო ფიქრებში იყო გართული, რომ ხეივნის ბოლოში ვიღაც გამოჩნდა.

– ჰეი! – დაიძახა ბიჭმა, – მიშველეთ!

საშინლად ეთაკილებოდა, მაგრამ რა ექნა, მტაცებლებთან უიარაღოდ რას გახდებოდა?!

კაცი სწრაფი ნაბიჯით გამოეშურა ლომებისაკენ. ლომებმა დაინახეს თუ არა იგი, ზეზე წამოცვივდნენ, გზის პირას სალდათურად გამწკრივდნენ
და მორჩილი ფინიებივით უკანა თათებზე შედგნენ.

– ჰოპ! – შესძახა მოსულმა და მტაცებლები ისევ დაოთხდნენ.

– მანდ რამ აეგიყვანა, უცხო ბიჭო? ამათი შეგეშინდა? ნუ გეშინია, ესენი ხომ საგანგებოდ გაწვრთნილი ლომები არიან, კბილებიც დამძვრალი აქვთ, ხორცს აღარც ჭამენ, ბალახს ძოვენ.

– აბა, ლეონარდო, გააღე პირი!

ფაფარაყრილმა მტაცებელმა დააღო ვეება ხახა. საბრალო ვეგეტარიანელს წინა კბილები აღარ ჰქონდა, უკანა კბილებით კი მხოლოდ ცოხნა შეეძლო.

თითქოს ბიჭის დამშვიდება უნდათო, ლომების ოჯახი გზის პირას ამობუჩქულ მწვანე ბალახს მიადგა და კარგი მოზვერივით დაუწყო ძოვა.

ჭაბუკა ძირს ჩამოვიდა.

მალე ვეფხვებიც გამოჩნდნენ. მათთვის ვირთხებზე ნადირობა ესწავლებინათ და ახლა იმათ სხვა აღარაფერი აინტერესებდათ, წარმოიდგინეთ,
უკვე კატებივით კნაოდნენ, პირს თათებით იბანდნენ და ლამის სხვენებზე და სარდაფებში კრუტუნი და ძილი ერჩივნათ ბუჩქ –შამბნარში ნავარდა.

ათასნაირი ოინები ესწავლებინათ საბრალო მხეცებისათვის: ხელის ჩამორთმევა, თავის დაკვრა, რგოლში გახტომა, მიწაზე გართხმა, თავის
მომკვდარუნება, მერე ბრძანებისამებრ – „გაცოცხლება“ და წამოხტომა.

ბოლოს სპილოსთანაც მიიყვანა ჭაბუკა მეტყევე –მენადირემ. მთასავით სპილო იდგა, დახერხილ შეშას ხორთუმით იღებდა და თავ–თავის ზომაზე ალაგებდა. თავ–პირი ჩამოსტიროდა გოლიათს, ეტყობოდა, ყელში ჰქონდა შეუფერებელი საქმე ამოსული, მაგრამ ადამიანების დანახვაზე ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და ვეება თავი მორჩილად დახარა.

ჭაბუკას გული დაეთუთქა ოთახის ფინიებივით გაწვრთნილი ამ ამაყი ცხოველების საცოდაობით.

ბოლოს მეტყევემ გალავანშემოვლებულ ეზოში შეიყვანა ბიჭი. აქ ცხოველთა საწვრთნელი სკოლა იყო გამართული. უკვე გაუვნებლებული და საკმაოდ ნავარჯიშევი მხეცები გარეთ დასეირნობდნენ, ახალმოყვანილნ და ზოგი ისეთი, ჯერჯერობით რომ ვერც კბილების დაძრობამ და ვერც წვრთნამ ვერაფერი დააკლო, რკინის გალიებში ჰყავდათ დამწყვდეული. ზოგი ახლადგამოყვანილი მრისხანედ ბრდღვინავდა და გალიის კედლებს აწყდებოდა, ზოგი თითქოს ბედს შერიგებული იწვა, მაგრამ თვალებში საშინელი მძულვარება უკიაფებდა.

ციყვები და კურდღლებიც კი თურმე მოსამზადებელ წვრთნას გადიოდნენ, ვიდრე მთავრობის კომისია შეამოწმებდა და საცდელ–საჩვენებელ ტყეში ან ქალაქის ბაღში გაშვებაზე დასტურს მისცემდა.

ათასნაირი მეცნიერული ხერხებით და ეშმაკური ხრიკებით ბოლოს და ბოლოს ნადირს თანდაყოლილ ზნეს ავიწყებდნენ.

– ასე თანდათანობით ნადირთა სამყაროში ადამიანური წესრიგი შეგვაქვს. – აუხსნა მეტყევემ ჭაბუკას, დადგება დრო და ამათი შთამომავლები დაბადებიდანვე დაიწყებენ ბალახის ძოვას.

– თქვენ კი არა ჭამთ ხორცს? – ჰკითხა ჭაბუკამ.

– როგორ არა, გჭამთ.

– ლომებს იონჯა და თქვენ კატლეტი? – გაიცინა ბიჭმა.

– ადამიანი ბუნების გვირგვინია, – თქვა ამაყად მეტყევემ, – ადამიანი კარნახობს ბუნებას კანონებს. ამას მივაღწიეთ ჩვენ, მშვიდი ქვეყნის შვილებმა.

ჭაბუკა მიხვდა, რომ ამ კაცთან დავა არ ღირდა, დაემშვიდობა და წამოვიდა.

– სხვათა შორის, ბიჭუნი, შენ თუ დიდხანს აპირებ ჩვენს ქალაქში გაჩერებას, აუცილებლად უნდა გაიარო ყოფაქცევის ერთკვირიანი კურსები!

– მოაძახა მეტყევემ.

„ეგღა მაკლიაო“, – გაიფიქრა ბიჭმა და სასწრაფოდ გაეცალა ამ ცოდვის ადგილს, არა, არც ასეთი მშვიდი ცხოვრება უნდოდა და არც ასეთი საცდელ–საჩვენებელი ტყე.

საწვრთნელ ეზოს რომ გამოსცდა, ჯგუფად ხალხი დაინახა. ვეებერთელა ფურგონს შვიდიოდე კაცი შემოხვეოდა. ფურგონზე დიდი რკინის გალია იდგა, შიგ უზარმაზარი ლომი ღმუოდა და სიმწრისაგან გისოსებს კბილებით ღრღნიდა. წინა ფეხი ნადირს მთლად დასისხლიანებული და ძვლამდე გადაყვლეფილი ჰქონდა, ეტყობოდა, ხაფანგს დაეშავებინა.

– ამისი ეზოში შეყვანა არ შეიძლება, – თქვა უფროსმა მენადირემ, – სხვები ერთ ამბავს ატეხავენ. ჩამოვდგათ გალია და ამაღამ აქ იდგეს.

მუშებმა გალია დიდი სიფრთხილით ჩამოდგეს, ლომს კარგა მოზრდილი ნაჭერი ხორცი შეუგდეს და წავიდნენ. ნადირს ხორცისათვის არ დაუხედავს, ტკივილისაგან გაწამებულ ვეება თავს აქეთ–იქით იქნევდა და კვნესოდა.

მუშები ეზოში შევიდნენ თუ არა, ბიჭი გალიის სახურავზე აცოცდა, ზედ გაწვა, მარჯვენა ხელით კარის ურდულს ჩამოსწვდა და რაც ძალა და
ღონე ჰქონდა მოსწია. კარმა დაიჭრიალა და ნელ–ნელა დაჰყვა ძალას. ბიჭმა ახლა მეორე ხელიც მოიშველია. ცოტაც და კარი ღია იყო.

– გაიქეცი, გაიქეცი, ლომო! – უჩურჩულა ჭაბუკამ ადამიანის ახალი სიმუხთლის მომლოდინე მრისხანედ ატოტებულ ნადირს. ლომს გაღებული კარიდან თითქოს თავისუფლების ნიავმა დაკრაო, მიიხედა, დაიბუხუნა და გალიიდან ისკუპა. ისკუპა ბიჭმაც. გაშვებულმა კარმა მაგრად გაიჟღრიალა. ეზოდან მენადირეები გარეთ გამოცვივდნენ, მაგრამ გვიან იყო. ლომმაც და მისმა მხსნელმაც მოასწრეს მიმალვა.

ო, როგორი განგაში ატყდა! ხუთიოდე წუთის შემდეგ მთელი ქალაქი სახლებში ჩაიკეტა, ქუჩებში მხოლოდ შეიარაღებული მენადირეები გუშაგობდნენ. დიდი ეჭვი ჰქონდათ, რომ ამ საქმეშიც იმ მესალამურე პატარა
ბიჭის ხელი ერია, დარბაისელი მშვიდობისქალაქელები ასე რომ ააცუნდრუკა მოედანზე. ერთი საათის შემდეგ მზვერავებმა ამბავი მოიტანეს, ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ დატოვა ლომმა ქალაქის გარეუბანი და ტყეს მიაშურაო. ახლა მთელმა ქალაქმა „უწესო ბიჭს“ დაუწყო ძებნა.

ამასობაში ჭაბუკა ისევ იმ ადგილს მიადგა, სადაც თავის ჯადოქარს დაშორდა. რაღას დალოდებოდა, ამ ქალაქში აღარაფერი ესაქმებოდა.

სალამურს ჩაპბერა და წამსვე გამოეცხადა ტინიტოს შემცვლელი.

– ახლავე წამიყვანე ჩემს ზღაპარში! – მიაყვირა გამოჩენისთანავე ჭაბუკამ.

– რაო, არ მოგეწონა მშვიდი ქალაქი?

– არა, ასეთი სიმშვიდე შენთვის დამილოცნია.

– ამ ადამიანებისას ვერაფერს გაიგებ, ყველა თავისებურად არის შერეკილი! მაინცდამაინც გინდა, რომ ცეცხლზე შეგბრაწონ?

– იქ მეგობრები მელოდებიან. ნამდვილი ადამიანი ის არის, ვინც სიკეთისათვის იბრძვის, ასე მასწავლა მამაჩემმა.

– ბატონი ბრძანდები, მე რა მენაღვლება?! – გულგრილად აიჩეჩა მხრები ეშმაკმა და დაიჭიხვინა.

ბიჭმა თვალი რომ გაახილა, ისევ თავის საკანში იჯდა. გარიჟრაჟს მაღლა, ზედ ჭერთან გაჭრილი ვიწრო სარკმელი იისფრად შეეღება. მოედნიდან უკვე ისმოდა ხალხის ხმაური.

აშვებელი დრო

ნაშუაღამევს უზენაევსმა სამეფო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. განაჩენი წინასწარ იყო შედგენილი და დამტკიცებული ვისგანაც ჯერ არს. არავითარი სასამართლო არ გამართულა. საბრალდებო დასკვნა, მტკიცება, მოწმე, თავის მართლება, ბრალმდებელი, დამცველი ამ ქვეყანაში კარგა ხანია ზედმეტ ცერემონიად იყო მიჩნეული. ბრალდებულები სხვადასხვა საკნებიდან ციხის ბნელ სარდაფში ჩაიყვანეს და იქ წაუკითხეს განაჩენი. ჭაბუკასა და მენაცვალეს ერთმანეთის ხელები ჩაებღუჯათ და ცდილობდნენ მხნედ შეხვედროდნენ განსაცდელს. სილვიო მშვიდად იყო. სენიორ კომპოტინი გაფითრებული ჩანდა. ღირსეულად ეჭირათ თავი ვინსა და ტოპსაც. ბედნიერი ქვეყნის სახელით უზენაეს სამეფო სასამართლოს ექვსივე ბრალდებულისთვის მეფისა და ქვეყნის ღალატისათვის სიკვდილი მიესაჯა ცეცხლზე დაწვით. პრინცესის მოთხოვნით განაჩენში საგანგებოდ იყო აღნიშნული რომ სიკვდილი ცეცხლზე დაწვით მიესაჯა აგრეთვე მეფის ასულის აივნის გლიცინიას და მასთან ერთად ყველა მის ნათესავს მთელს ქალაქში.

განაჩენს ერთვოდა პატარა ცნობა, რომ მეფემ უარყო მისჯილთა თხოვნა შეწყალების შესახებ და ძალაში დატოვა განაჩენი. მისჯილებმა ერთმანეთს გადახედეს: არც ერთ მათგანს არ უთხოვია შეწყალება და არც შეეძლო ეთხოვა, რადგან აქამდე არავინ არაფერი იცოდა განაჩენის თაობაზე. სენიორ კომპოტინიმ იკითხა, რაიმე შეცდომა ხომ არ არის დაშვებული სასამართლო პროცესში, ჩვენ ჯერ არაფერი გვითხოვიაო.

– ალბათ ტოპმა ითხოვა, – თქვა ვინმა.

– ავ–ავ! – გაავებით გაიყეფა ტოპმა.

– მაგას როგორ ვიკადრებდიო, – გადათარგმნა ვინმა.

მეციხოვნეები დუმდნენ.

ბოლოს პროფესორი დაამშვიდეს, ჩვენ არასოდეს არაფერი გვეშლება, უბრალოდ ასეთია წესიო.

განაჩენი იმავე დილით, მზის ამოსვლისას უნდა მოეყვანათ სისრულეში ქალაქის მოედანზე.

მთელი ღამე ესმოდათ პატიმრებს ჩაქუჩისა და ნაჯახის ხმა. მთელმა ციხემ იცოდა, რომ ექვსი უდანაშაულო პატიმრისათვის ექვს სვეტს აგებდნენ. გუგუნებდა ოქროს გალია და რაც უფრო ახლოვდებოდა განთიადი, მით უფრო ემატებოდა ძალა მის მრისხანებას.

დილაუთენია ქალაქის უბნებიდან მოვარდნილ ხალხის ნიაღვარს წინ მეფის გვარდიელები გადაეღობნენ. ისინი ხუთმაგ ალყად შემორტყმოდნენ ამართულ სვეტებს და მათ ირგვლივ დახვავებულ ფიჩხსა და შეშას. ხიშტები ხალხისაკენ ჰქონდათ მიშვერილი, სამეფო სახლი და დიდებულები ცალკე ფიცარნაგზე ისხდნენ.

ხალხში სმენაგამახვილებული მეფის ჯაშუშები დაძრწოდნენ. ცდილობდნენ ვინმე გაებრიყვებინათ, მაგრამ ამჯერად არავის სურდა ეყვირა „სიკვდილი მოღალატეებსო“. იქ, სადაც კატის ნახტომის ხალხი დედაბუდიანად მოზღვავებულიყო, ჯაშუშები გატრუნულნი იდგნენ და მხოლოდ იმას უთვალთვალებდნენ, იარაღი არ ჰქონდეთ მოტანილიო. სულკატიანების გაცურება არ იყო ადვილი. თავისიანებში უცხოები ისე გამოარჩიეს, როგორც ხორბალში გამოარჩევს ხოლმე დიასახლისი ასლსა და ღვარძლს. გამოარჩიეს და კარგებისაც უთავაზეს, მერე ერთმანეთს თოკებით გადააბეს და საიმედო დარაჯებიც მიუყენეს.

კარგად რომ გათენდა, დოლების ბრაგუნი გაისმა და მისჯილები გამოჩნდნენ. თითო–თითოდ აიყვანეს დასანთებად გამზადებულ ფიჩხის გროვაზე და ბოძებზე თოკებით მიაბეს. კიდევ ერთხელ წაიკითხეს განაჩენია. კომპოტინიმ სიტყვა ითხოვა, მაგრამ დასჯის ცერემონიის ხელმძღვანელმა გენერალმა უარი უთხრა.

– ათქმევინეთ, ათქმევინეთ! – აგუგუნდნენ სულკატიანები.

გვარდიელებმა თოფები შემართეს, მაგრამ ახლა სხვაუბნელებმაც იქუხეს:

– ათქმევინეთ, ათქმევინეთ!

– აააა! უუუ! – გადაუარა მოედანს მრისხანე ტალღამ.

მეფემ თავი დაუქნია გენერალს. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

– ხალხო, გაისმა პროფესორის ყრუ ხმა, – ყვავილებისა და ბავშვების დაწვა არ შეიძლება. როგორ უნდა იცოცხლოთ ამის შემსწრეებმა?! ტოპის დასჯა ხომ თვით ერთგულების დასჯა იქნება! ძაღლი ადამიანის მეგობარია, ხალხო…

კომპოტინის ხმა ჩაუწყდა და მთელმა მოედანმა დაინახა, როგორ ჩამოსდიოდა მოხუცს ცრემლი ღვარად.

– აააა! კიდევ ერთხელ გადაუარა მოედანს რისხვის ჟრუანტელმა. ახლა მთელი მოედანი, ხალხიც, ნირშეუცვლელი გვარდიელებიცა და ლამის ფიცარნაგზე მსხდომი დიდებულებიც ერთი ბობოქარი ზღვის ტალღებად ქცეულიყვნენ და მრისხანედ აწყდებოდნენ ერთმანეთს. ხომ ყველა ეცოდებოდათ, მაგრამ ახლა ტოპის გულისთვის მზად იყვნენ თავი გაეწირათ.

– ტოპ, ტოპ! თავისუფლება ტოპს! – გრიალებდა მოედანი.

– ავ–ავ! – მხიარულად ესალმებოდა ძაღლი ხალხს.

მაყურებელს მიჩვეულ ტოპს ყველაფერი ეს ატრაქციონის გაგრძელება ეგონა.

– ძაღლს რაღას ერჩით, ჯალათებო?! – გაისმა ყვირილი.

– აააა! – აგორდა რისხვის ტალღა.

გაფითრებული პირველი მინისტრი წამოდგა და ნიშანი მისცა, დაიწყეთო. მედოლეებმა სეტყვასავით დაუშინეს მოედანს ჟრუანტელის მომგვრელი „ტრახ–ტა–ტა–ტა–ტა“. ჯალათმა აანთო ჩირაღდანი და ის იყო ცეცხლი უნდა წაეკიდებინა ნავთგადასხმული ფიჩხისათვის, რომ ხალხში რაღაც შეძახილები გაისმა. თანდათან ყველა მდუმარე კოშკისაკენ მიბრუნდა. წამოდგნენ დიდებულებიც. კოშკის თავზე აღმართული შპილიდან თოკი ეშვებოდა დაბლა, გაჩერებულ საათამდე. თოკს ვიღაც ჩასჭიდებოდა და მოჰყვებოდა.

– მაესტრო კარლო, მაესტრო კარლო! – აჩოჩქოლდა ხალხი.

რამდენიმე გვარდიელმა თოფი შემართა.

– არ ესროლოთ, არ ესროლოთ! – იფეთქა ხალხმა, – ჩვენი მაესტრო კარლოა.

გვარდიელთა მეთაურმა მაინც ესროლა, ააცილა.

– ესროლეთ! – უღრიალა გვარდიელებს, მაგრამ გვარდიელები მოჯადოებულივით გაშეშებულიყვნენ.

პოლიციის უფროსმა ახალგაზრდა გვარდიელს თოფი გამოგლიჯა და დიდხანს უმიზნებდა, ბოლოს ისროლა, ყველამ დაინახა, როგორ იტაცა
მკერდზე ხელი მაესტრომ.

– ტინიტო, ტინიტო! – დაიძახა ცრემლნარევი ხმით ჭაბუკამ.

ტინიტო ზედ საათის ციფერბლატის წინ გამოშვერილ ვიწრო ბაქანზე დაეცა, მაგრამ მაშინვე წამოიწია და გასისხლიანებული ცალი ხელით ორივე ისარს მოეჭიდა, გადასწია, მერე ისევ დაეცა და აღარ განძრეულა.

ვიდრე პოლიციელები გამოერკვეოდნენ და კოშკისაკენ გავარდებოდნენ, ერთი წამით კვლავ სიჩუმე გამეფდა. ყველას თგალი საათისაკენ იყო მიპყრობილი. და ამ სიჩუმეში უცბად გაისმა საოცარი შრიალი, თითქოს ქარმა დაურბინა ხის ფოთლებსო, შემდეგ ყველამ გაიგონა ოდესღაც ყველასათვის ასე ნაცნობი და საყვარელი ხმა – „წიკ–წიკ–წიკ–წიკ“. ერთი წუთის შემდეგ საათის ისრები ისე სწრაფად დატრიალდა, რომ თვალს ვერ გაუსწორებდი.

პირველი საათი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი!..

– შეაჩერეთ! – იწივლეს დიდებულებმა.

– შეაჩერეთ! – აკივლდა მეფის ასული.

მეფეს მკერდზე მიედო ხელი და მკვდრის ფერი დასდებოდა: დადუმებულიყო მისი ჯადოსნური უბის საათი.

მერე რაც მოხდა, ეს უკვე ნამდვილი სასწაული იყო. დღე და ღამე ისე ენაცვლებოდა ერთმანეთს, რომ ხალხს თავბრუ დაესხა; წამით გაიელვებდა მზე, მერე შემობრუნებასაც ვერ ასწრებდა, ახლა მთვარე წამოშლიდა თავის ვარსკვლავებს, ჩამოცვივდებოდნენ პანტაპუნტით ვარსკვლავები და ისევ აცურდებოდა ოქროს მნათობი. ხალხი რომ გაოგნებული იდგა და შეჰყურებდა ხან საათსა და ხან ცას, ცხოველებმა შიშისა და გაკვირვებისაგან არ იცოდნენ, რა ექნათ. ძაღლები ძლივს ასწრებდნენ შეყმუვლებას მთვარის გამოჩენაზე, რომ ახლა მზისთვის უნდა ექნიათ კუდი, მამლები ფეხის წვერებზე შემდგარნი და კისერგაწვდილნი იდგნენ: „ყიი,..“ დაიწყებდნენ მათი ვარაუდით ნაშუაღამევს და სანამ „ლიყოოს“ იტყოდნენ, უკვე მზე ამოსვლასაც და ჩასვლასაც ასწრებდა და ხელმეორედ „ყიიის“ დროც დგებოდა.

კარგა ხანს იდგნენ ასე ბედნიერი ქალაქის მკვიდრნი; დღეები და ღამეები, მზე, მთვარე და ვარსკვლავები სეტყვად აცვივოდათ თავზე.

მერე უცებ შეწყდა ეს საშინელი სრბოლა. საათის ისრებმა ჩვეულებრივად იწყეს სვლა, დინჯად ამოცურდა დაფერილი სპილენძისფერი მზე, მოფარფატდნენ ვარდისფერი ღრუბლები და ამოუდგნენ გვერდში დიდ ბატონს, ბაზილის კურანტებმა ყველასათვის სანატრელი დღის სადიდებელი ჰიმნი წამოიწყო. ეს ამოდენა ხალხი მუხლებზე დაეშვა, თვალში ბედნიერების ცრემლი უბრწყინავდათ.

– ბაზილ! ბაზილ! თავისუფლება ბაზილს! – დაიგრგვინა მოედანმა, როცა სადიდებელი დასრულდა; ხალხს ოქროს გალიის ფანჯრებზე მომდგარმა პატიმრებმა მისცეს ბანი.

რამდენიმე პოლიციელმა სცადა იარაღი მოეღერებინა ხალხისთვის, ერთმა ისროლა და კიდეც დაჭრა ვიღაც, მაგრამ ხალხის შეკავება შეუძლებელი იყო. ხალხს გვარდიელებიც მიემხრნენ.

– გაუმარჯოს გვარდიას! – ყვიროდა ხალხი. გოგონებმა სადღაც ყვავილები გააჩინეს და გვარდიელებს თოფის ლულებში უდებდნენ.

სიკვდილმისჯილები უპვე აეხსნათ, ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ჰაერში ისროდნენ.

– ვაშა, კომპოტინს!

– გაუმარჯოს, სილვიოს!

– გაუმარჯოს, პავა პიეტროს!

– ვაშა, აბუსალათინს!

– ვაშა, ჭაბუკას!

– გაუმარჯოს, ბაზილს!

– ვაშა, ვინს!

– ვაშა, ტოპს!

ბოლოს მეფე–დიდებულებიც გაახსენდათ, ხაფანგში მომწყვდეულ ტურებს დამსგავსებოდნენ გრაფები, ჰერცოგები, მარკიზები, ბარონები და მათი ამაყი მეუღლეები. პირველი მინისტრი მოკრუნჩხული ჩამჯდარიყო მეფის სავარძელს უკან, ირწეოდა და კვნესოდა:

– მე ავადმყოფი კაცი ვარ, ავადმყოფი კაცი, მე ზღარბი მყავს მუცელში!

– ხალხო, ხომ არ გადმოვუბრუნოთ კუჭი საბრალო ავადმყოფს? – დაიკაპიწა ხელი სილვიომ, რომელიც უკვე ჩასდგომოდა სათავეში ხალხს და განკარგულებებს იძლეოდა. გოლიათმა წვერში წაავლო ხელი პირველ მინისტრს და წამოაყენა.

– აბა, გააღე პირი. კუჭზღარბიანო, მე ვარ შენი ექიმი! – რაღაც საეჭვოდ დაუყვავა სილვიომ, და, როცა გაოგნებულმა პირველმა მინისტრმა პირი დააღო, ენაში სწვდა, ალბათ ყრონტიან–კუჭიანად ამოაცლიდა და ზედ შიგნეულსაც მიაყოლებდა, რომ კომპოტინის არ შეეჩერებინა.

– სენიორ სილვიო, ამიერიდან ჩვენს ქვეყანაში სისხლი არ უნდა დაიღვაროს. ჩვენ უნდა დაგვიბრუნდნენ ფრინველები, ჩვენთან კვლავ უნდა აყვავდნენ ყვავილები! – თქვა პროფესორმა და მისი ნათქვამი წამსვე მთელ მოედანს მოედო.

მეფე? რა იქნა მეფე? მეფეზე რატომ არაფერს ვამბობთ? თუმცა რა ძალა აქვს მეფეს, როცა ხალხს ერთი პირი აქვს? გინდ იყოს და გინდ არა მეფე, რომელსაც განუდგნენ ქვეშევრდომები, ჯარი, პოლიცია. ამიტომ პირველ წუთებში, სანამ ხალხი თავისუფლების ნექტარით იყო გაბრუებული, მეფე არც გახსენებიათ და იქნებ კიდევ დიდხანს არც გახსენდებოდათ, რომ ერთ პატარა გოგონას არ დაეძახა:

– ვაიმე, როგორი სასაცილო თოჯინაა!

გოგონას ხელში ეჭირა სამეფო სამოსელში გამოწყობილი დამჭკნარი, მთლად გათეთრებული თავდაყირა თოჯინა. თუ სავარძლის საზურგეს მიაყრდნობდით და აქეთ–იქით ბალიშებს ამოუდებდით, თოჯინას შეეძლო ჯდომა, ფეხზე კი, რა თქმა უნდა, ვერ დგებოდა, დროდადრო რაღაცას წრიპინებდა და წვრილ თვალებს აპარპალებდა.

ეს გახლდათ სულ რამდენიმე წუთის წინ უძლეველი და შიშის ზარის დამცემი მეფე ჩიგიდი. მათ თვალწინ მომხდარი სასწაულისაგან გაოგნებულ ხალხს არც შეუმჩნევია, როგორ იცვლებოდა მეფე საათის ისრის ყოველ შემოვლაზე, ვიდრე მიხრწნილ ბერიკაცად არ იქცა. ახლა მას ბერიკაცი და საერთოდ კაციც კი არ ეთქმოდა, ამიტომ მართალი იყო ის გოგონა, სასაცილო თოჯინაო, რომ წამოიძახა. ბარემ აქვე დავძენთ, რომ მეფე–თოჯინა ამიერიდან მუზეუმში ჰყავდათ საგანგებო ტახტზე წამოსკუპებული და ბავშვებს ძალიან უყვარდათ სასაცილო ჩიგინო.

ამასობაში ჭაბუკას მოესწრო და საათის კოშკში ავარდნილიყო ტინიტოსთან. ტინიტო წყნარად იწვა და საბრალოდ კვნესოდა. მთლად სისხლში იყო მოსვრილი. თვალი გაახილა და გაუღიმა მეგობარს. ფრთხილად ჩამოიყვანეს, ფიცარნაგზე დააწვინეს, მოასულიერეს.

– ტინიტო, ტინიტო, განა შეიძლება შენი დაჭრა?

ტინიტომ სევდიანად გაიღიმა:

– როგორ?!

– მე აღარა ვარ ეშმაკი, ჭაბუკ, მე ადამიანი ვარ უპვე – მიუგო ტინიტომ, ჭაბუკას ხელი აიღო და შუბლზე მიიდო. რქები აღარ ჰქონდა.

– აღარც კუდი? – ჰკითხა ბიჭმა.

– არა.

– მერე შენ იცოდი, რომ აღარ გქონდა ჯადოსნური ძალა?

– ვიცოდი… მაგრამ სხვა გზა არ იყო.

– ტინიტო, ტინიტო, რატომ ჰქენი ეს, რატომ, რატომ ჩაიგდე თავი საფრთხეში?!

– არ შეიძლებოდა, რომ სიკეთე დაღუპულიყო, – მიუგო ტინიტომ და თვალები დახუჭა.

როგორ მოხვდა ტინიტო საათის კოშკზე? ან რა სასწაული დატრიალდა უსიკეთო ქალაქის თავზე? ამის გასაგებად ცოტა ხნით დავტოვოთ დაჭრილი ტინიტო და მისი მეგობრები იმ აბობოქრებულ მოედანზე და წინა დღის ამბებს დავუბრუნდეთ.

რახან ტინიტოს თავის ყოფილ ბატონთან ახლა გრძნეული ძალა აღარ აკავშირებდა, ბიჭის კვალდაკვალ უხდებოდა სირბილი და თვალთვალი, რამე ხიფათს არ გადაეკიდოსო. იკითხავთ, რა ძალა ადგა, რაღას ზრუნავდა სხვაზე, ვინ სჯიდაო, ამდგარიყო და გასცლოდა ამ ცოდვიან ქალაქს, თავისი საქმისთვის მიეხედაო. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ჩვენს კეთილ ტინიტოს აღარ შეეძლო ჭაბუკას გასაჭირში მიტოვება, რადგან ის ახალი და მისთვის უცნობი ძალა – ადამიანური ერთგული მეგობრობა გულად ბიჭთან აკავშირებდა გაადამიანებულ ტინიტოს. ეს გრძნობა ჭაბუკას ახალ მეგობრებზედაც ვრცელდებოდა და ტინიტო მზად იყო მათ მხარდამხარ ყოფილიყო ჭირშიაც და ლხინშიაც, მაგრამ, რა ექნა?! ეს ოხერი ეჭვი არ ასვენებდა, რატომღაც ეგონა, ყოფილ ეშმაკს ახლო აღარავინ გაიკარებსო. სულით და გულით კი უნდოდა იმ კარგ ხალხსაც სცოდნოდა, რომ ეშმაკობის ვალმოხდილი და ამჟამად ჩვეულებრივი ადამიანი – ტინიტო – მათი ერთგული მეგობარი იყო.

ჯადოქრული ძალა დაკარგა თუ არა, მაშინვე, ცხელ გულზე უნდოდა მისულიყო ჭაბუკასთან და ყველაფერი ეთქვა, თავისი ერთგულება შეეთავაზებინა, მაგრამ რაკი ერთხელ ვერ გაბედა, მერე და მერე უფრო მეტი ეჭვი და შიში შეეპარა გულში. ბოლოს გადაწყვიტა, საქმით დაემტკიცებინა თავისი მეგობრობა და ამის შემთხვევაც მალე მიეცა.

უნდა გითხრათ, რომ ძველებური ჭკუა–მოსაზრება ტინიტოს როდი დაუკარგავს! ჯადოქრული ძალა გამოეცალა, თორემ ათასნაირი ეშმაკური ფანდების ცოდნა ისევ ჰქონდა. რა თქმა უნდა, თვალთვალი, ზვერვა და გეშის აღება მისთვის გაცილებით უფრო ადვილი იყო, ვიდრე მეფის მსტოვრებისათვის. ტინიტოს ჩვენი მეგობრების არც ერთი ნაბიჯი არ გამოპარვია და, როცა ჭაბუკაც და მენაცვალეც ასე მუხანათურად შეიპყრეს, პირველი მივარდა კატის ნახტომში და ყველაფერი უამბო პაპას. მოხუცი და ინი მაშინვე საიმედო ადგილას გაიხიზნენ. ათიოდე წუთის შემდეგ პაპა პიეტროს ბინას პოლიციამ შემოარტყა ალყა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი იპოვეს. ბოღმამორეულებმა იქაურობა დალეწეს და გააოხრეს.

მანამდე პაპა ეჭვის თვალით უყურებდა ტინიტოს: თუ ჩვენ მეგობრობას ფიქრობდა, აქამდე სად იყოო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ უცხო კაცმა თვითონაც და მისი შვილიშვილიც განსაცდელს გადაარჩინა, რაღა ეთქმოდა?!

პაპაც და ინიც რომ უფრო გულახდილები ყოფილიყვნენ მასთან, ტინიტომ გადაწყვიტა გაემხილა, რომ ის ფულით სავსე ქისა მისი წყალობა იყო.

– მქონდა, ბევრი მქონდა და რა მენაღვლებოდა?! – თქვა თავმდაბალმა ტინიტომ. იმაზე კი კრინტი არ დაუძრავს, იმ ფულის გულისთვის რომ ათას ვიგინდარას ხასიათს უწყობდა და ემაიმუნებოდა.

რაკი ტინიტო მეგობრად დაიგულეს, პაპა–შვილიშვილს გული მოეცა; თავი ხომ გადაირჩინეს, ახლა ოქროს გალიაში სასიკვდილოდ განწირულებზე დაიწყეს ზრუნვა.

ერთადერთი იმედი სენიორ ამადეოს თეთრი მაგიის ცნობარი იყო. სასწაულის მეტი საბრალო ტყვეებს ვერაფერი იხსნიდა. მაგრამ ვინ წავიდოდა სენიორ ამადეოსთან?

ინი იფიცებოდა, მოვკვდები და მივაღწევ მოხუცამდეო, მაგრამ მისი გარეთ გამოჩენა არ შეიძლებოდა. ქალაქის ირგვლივ ჩიგიდს გუშაგები ეყენა და კაციშვილს არ უშვებდნენ გალავანს იქით. გარდა ამისა, ინზე ხომ ძებნა იყო გამოცხადებული და, რა თქმა უნდა, იცნობდნენ და მაშინვე დაიჭერდნენ.

– ეგ საქმე მე მომანდეთ, – დინჯად თქვა ტინიტომ.

სხვა რა გზა ჰქონდათ?! ის მაგიური რიცხვი რამდენიმე ადგილას დააწერეს შარვალზე, პერანგზე, ტანზე და დაემშვიდობნენ.

გალავანს რომ მიუახლოვდა, ტინიტო შეჩერდა, გაიფიქრა, იქნებ კიდევ შემრჩა ცოტაოდენი ეშმაკეული ძალა, რომ ავფრინდე და გალავანს მაინც გადავევლოო, დაიძახა, შეხტა, კიდეც დაიჭიხვინა დაბალ ხმაზე, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ, ფეხებზე თითქოს წისქვილის ქვები ჰქონდა მიბმული. ტინიტო მიხვდა, რომ ამიერიდან ადამიანური ძალის ამარა ყოფნა ეწერა.

შეფიქრიანებული გალავანს გაეცალა. რაღაც უნდა ეღონა. ისევ კატის ნახტომისაკენ გამოემართა. მთავარ მოედანს რომ გამოსცდა, ვიღაცამ მხარზე ხელი დაჰკრა. ტინიტო მოულოდნელობისაგან შეხტა: მის წინ მოღიმარი ვინი იდგა და დიდი ხნის უნახავი მეგობრის გულში ჩასაკრავად ხელები გაეშალა. იქვე მისი ერთგული ტოპი ჩაცუცქულიყო.

– მაესტრო კარლო! ძვირფასო! როგორ მიხარია შენი ნახვა! ეჰ! რა დრო გვიტარებია შენს დუქანში! რა სახე ჩამოგტირის? ტოპ, მიესალმე მეგობარს.

ტოპი უკანა ფეხებზე შედგა და სამჯერ მხიარულად შეჰყეფა ტინიტოს.

ტინიტოს დიდად არაფრად ეპიტნავებოდა ახლა ეს მასლაათი, მაგრამ რას იზამდა, ძველი მეგობარი მაინც ძველი მეგობარი იყო. მეგობრობა კი არაერთხელ ჰქონდათ შეფიცული ერთმანეთისათვის იმ მხიარულ დღეებში.

– ვერა ვარ ხასიათზე, ჩემო ვინ; ძალიან კარგ ხალხს სჭირდება ჩემი დახმარება და ვერ ვეხმარები, – უცბად მისდა უნებლიეთ გული გადაუხსნა ტინიტომ ვინს.

– მერე, აქ არა ვარ?! შენი და ჩემი დარდი ვინ გაყო?!

ტინიტომ თვალი თვალში გაუყარა ძველ ნაცნობს. ვინი სულ მთლად ფხიზელი ჩანდა, ყოფილმა ეშმაკმა იგრძნო, რომ თუ ვისმეს ნდობა შეიძლებოდა ამ წაბილწულ ქალაქში, ეს ვინი იყო.

– „ქვეყნის მტრებზე“ რა აზრისა ხარ, ვინ? პირდაპირ მითხარ!

– ისეთი კარგი აზრის, რომ მეტი აღარ შეიძლება, „ქვეყნის მტრები“ ჩემი მეგობრები არიან, ყოველ შემთხვევაში, მე მინდა, რომ მათი მეგობარი ვიყო.

– მეფე ჩიგიდი?

– ღმერთმა შენც შეგარცხვინოს და შენი ჩიგიდიც! რა გამიჭირე საქმე! ამოალაგე, თუ რამის თქმა გინდა! – გაცხარდა ვინი.

ჩიგიდის ხსენებაზე ტოპმა ყმუილი ატეხა.

– რა იყო, ტოპ, რა გატირებს? ჯერ არ მომკვდარა მეფე ჩიგიდი. აბა, გვაჩვენე, როგორ წყვეტს სამართალს მეფე.

ტოპი უკანა ფეხებზე დადგა, ზედა დრუნჩი ჩამოუშვა და სასაცილოდ დაიწყო თვალების პარპალი.

– ახლა – როგორ უჯავრდება პოლიციის უფროსი ვინს!

ძაღლმა წარბები შეჭმუხნა, თავის პატრონს წინ გადაუდგა და ხმამაღლა დაუწყო ყეფა.

– რას შვება მერე შეშინებული ვინი?

ტოპი გაიქცა და იქვე კედელთან ცალი ფეხი ასწია.

– ყოჩაღ, ტოპ, – შეაქო პატრონმა ჭკვიანი ცხოველი, – ამ მუნჯების ქალაქში შენ ერთადერთი ვაჟკაციღა გადარჩი. ტოპმა მადლობის ნიშნად თავი ღირსეულად დაუკრა და შორიახლო ჩაცუცქდა. ახლა მას ვერავინ გამოარჩევდა სხვა ჩვეულებრივი ეზოს ძაღლისაგან.

– წარმოშობა არ უწყობს ხელს, თორემ ეგ ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი მაინც იქნებოდა, – თქვა ვინმა.

– აბა, მოყევ, რა გაგჭირვებია! – მიუბრუნდა ტინიტოს.

ტინიტომ გაანდო თავისი გასაჭირი. ბოდიში მოუხადა, ყველაფერს
ვერ გეტყვი, დაწვრილებით არც მე ვიცი ზოგი რამეო.

– მე იმდენი ამბავი მსმენია ჩემს სიცოცხლეში, რომ გული არ დამწყდება. საქმე ის არის, იმ კარგ ხალხს ვუშველოთ რამე. როგორმე უნდა დავუძვრეთ ამ ძაღლებს. – ძაღლების ხსენება იყო და ვიწრო შესახვევიდან ჟანდარმები გამოჩნდნენ. სერჟანტს ცვლა მოჰყავდა რომელიღაც საგუშაგოზე. იმათ დანახვაზე ვინმა თავი მოიმთვრალიანა, სიმღერა წამოიწყო და ტინიტოს თვალი უყო, ამყევიო.

მოდიოდა ორი ძია –
ჟანდარმი და პოლიცია.
ორი ძია, ორი ძია –
ჟანდარმი და პოლიცია.

ტინიტომ ბუქნით ჩამოუარა, თან პირიდან ცეცხლსა ყრიდა. ცეკვავდა ტოპიც. ჟანდარმები გაჩერდნენ და პირდაღებულნი შეცქეროდნენ მსახიობებს.

– შენ შენსას მაინც არ იშლი არა, შე ლოთო?! – ჰკითხა სერჟანემტმა ვინს. ისე, წესრიგისათვის ჰკითხა, თორემ რა მისი შემშინებელი ან ჭკუის მასწავლებელი იყო, ვინისთვის ხომ სულერთი იყო სერჟანტი და გენერალი.

– ეჰ! უფროსო, მე რომ პატრონი მყოლოდა, ახლა სერჟანტი თუ არა, რიგითი ჟანდარმი მაინც ვიქნებოდი.

– მოდი, მინისტრთან მიგყვები, აუცილებლად მიგიღებს.

– მივიდოდი, მაგრამ ცუდი ჩვეულება მაქვს, უფროსების დანახვაზე ბოყინი ამიტყდება ხოლმე, თუ ნაღვინევი ვარ, უარესიც მემართება.

ჟანდარმები გამხიარულდნენ.

– აი, სტუმრად, თუ გინდათ, მოვალთ მე, ტოპი და მაესტრო კარლო. თითო ბოთლსაც წამოვიღებთ. დავსხდეთ მდელოზე და შევუბეროთ მამა–პაპურად, სიმღერები და სხვა გართობა ჩვენზე იყოს.

ჟანდარმებს ჭკუაში დაუჯდათ. ასეთ ხალხთან ქეიფზე ვინ იტყოდა უარს?!

– აქვე ვართ, ხევის პირას, – დაიბარა სერჟანტმა, – შეღამდება თუ არა, გელოდებით, ერთი–ორი ბოთლი ჩვენცა გვაქვს, ძეხვიც მოგვეძევა.

– ესეც ასე, – შემოკრა ტაში ვინმა, როცა მეგობრები მარტო დარჩნენ, – ის შენი საზრუნავიც მოვაკვარახჭინეთ.

მოსაღამოვდა თუ არა, ტინიტომ ვინს ყველაფერი აუხსნა, შიგნიდან ტანსაცმელზე და რამდენიმე ადგილას ტანზეც ის ჯადოსნური რიცხვი მასაც დააწერა და სასმელ–საჭმელებით დატვირთულნი საგუშაგოსკენ გაემართნენ. ასე მოილაპარაკეს: ერთმანეთს როგორმე ხელს შეუწყობდნენ და შემდეგ, რომელსაც უფრო ხელსაყრელი მომენტი დაუდგებოდა, ის გაიპარებოდა.

გუშაგებმა ჯერ შორს დაიჭირეს, აბა, გალავანს გადაღმა დაჯდომა როგორ შეიძლება, სუყველას ოქროს გალიაში გვიკრავენ თავსო, მაგრამ თითო ბოთლის შემდეგ, ვინმა რომ თავისი სიმღერები დასცხო და მერე სათითაოდ თითო მინისტრზე თითო შაირი შეთხზა ექსპრომტად, გალაღებულმა ჟანდარმებმა თვითონ ამჯობინეს გალავანს მოფარება, დროულიც იყო, რადგან მინისტრების თავისებურად შემკობას ვინმა მეფის ხსენებაც მოაყოლა, თანაც ისე მოხერხებულად, რომ ძნელი გასაგები იყო, აქებდა თუ აგინებდა თავის ხელმწიფეს. ბოლოს ტინიტომაც გამოიჩინა თავი ფოკუსებით. ჟანდარმები ღვინისა და მხიარულებისაგან გაბრუებულნი იყვნენ, მეგობრები დროდადრო ძილის წამალსაც შეაპარებდნენ ხოლმე სასმელში. ნაშუაღამევს გუშაგებს საბოლოოდ მოსწყდათ კინწი, ტინიტომ და ვინმა ძლივს შეათრიეს გალეშილები საყარაულო ჯიხურში, იქ ერთმანეთის გვერდით დააწვინეს, თბილად დაჰხურეს და სწრაფი ნაბიჯით გასწიეს ამადეოს სამყოფლისაკენ. როგორმე უნდა მოესწროთ გათენებამდე დაბრუნება, ვიდრე ჟანდარმები გონს მოეგებოდნენ.

ასე იყო თუ ისე, მეგობრებმა ძალა არ დაიშურეს, და ნაშუაღამევს გაოცებულ ამადეოს მიადგნენ და პაროლი უთხრეს: „მშვიდობა და მარტოობა“.

სალამსა და გაცნობა–მოკითხვაზე ბევრი დრო აღარ დაუხარჯავთ. მოხუცმა გადმოიღო თეთრი მაგიის ლექსიკონი, გადაფურცლა და 694137 მუხლის გასწვრივ თითი გააყოლა. აი რა ეწერა: „ამ ჯადოს გაბათილება და ნათლისგან ბნელის ძლევა თვით ადამიანისაგან შეიძლება მხოლოდ. ვერც ჯადოქარი და ვერც სხვა რამ ზეციური ძალა ამ ჯადოს ვერ დაარღვევს“. იქვე უფრო წვრილი ხელით ეწერა: „ სხვადასხვა საქმეთათვის იხილე გვერდი სოდ“, ორას სამოცდათოთხმეტიო. სოდ გვერდზე სხვა შემთხვევათა შორის ტყვედ მყოფთა დახსნაზეც ეწერა. ბევრნაირი ტყვე იყო სათითაოდ ჩამოთვლილი: „მტერთაგან შეპყრობილნი“, „ბოროტთა შესმენითა ტყვედყოფილნი“, „მოვალეთაგან შევიწროებულნი“ და სხვანი. ბოლოს კი ცალკე ეწერა „ქვეყნის უსამართლო გამგებელთა ძალადობის მსხვერპლნი“.

– აი, ეს არის! – წამოიძახა ვინმა.

ამადეომ მშვიდად ამოიკითხა: „ამ ტყვეთა დახსნა სიკეთის მეუფების ჟამს მოასწავებს. ბოროტების ტახტი დაემხოს სიკეთისათვის მებრძოლთა ძალით. განახვნეთ ცანი დაბნელებულნი, ახსენით მდინარენი დაგუბებულნი, აუშვით ზარები დადუმებულნი“.

– ეშმაკს ჩემი თავი, თუ რამე მესმოდეს! – თქვა ვინმა.

ვერც ტინიტომ გამოიტანა რამე აზრი.

– ჩაკვირვება სჭირდება, – თქვა ამადეომ, – აქ იგავად არის თქმული, შეფარვით. ბოროტების ტახტი ვისიც არის, ხომ გასაგებია ყველასათვის? რომ მებრძოლთა ძალით ვაპირებთ მის დამხობას, ესეც სწორია. ახლა ცის გახსნასა და ზარების აშვებას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი ცხადად არის ნათქვამი. რა ზარებია დადუმებული ჩვენს სამეფოში?

– ბაზილის კურანტები! – წამოიძახეს ვინმა და ტინიტომ ერთხმად.

– სწორია, აი, ეს გახლავთ თეთრი მაგიის რჩევაც და ჯადოს ახსნის გზაც.

– უნდა ავამუშაოთ ბაზილის საათი! – თქვა ტინიტომ.

– აუცილებლად, – დაუდასტურა მოხუცმა, – ამ დიდებულ ქმნილებაში ოსტატმა ხალხის სული ჩააქსოვა. საათის გაჩერება ხალხის სულის შებოჭვა იყო. იმიტომაც დაადუმა იგი მეფე ჩიგიდმა და აკი კიდეც წაერთვა ხალხს ძალა.

– იმიტომაც იცავენ საათის კოშკს დღე და ღამე ასე ფხიზლად, – ჩაფიქრებით თქვა ვინმა.

– რა თქმა უნდა! საათის ამოქმედება ხალხის გამოღვიძება იქნება. გამოღვიძებულ ხალხს კი წინ ვერავინ დაუდგება.

ახლა უკვე ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მთელი სიძნელე ჯერ წის იყო. როგორ მოდგომოდნენ კოშკს, საიდან შეპარულიყვნენ, როგორ აემუშავებინათ საათი?

განთიადისას მეგობრებმა მშვიდად გაიარეს გალავნის კარი. გუშაგებს მკვდრის ძილით ეძინათ. ხუთიოდე წუთში პაპა პიეტროსთან იყვნენ და გეგმებს აწყობდნენ. ბაზილის კოშკში შეპარვა შეუძლებელი იყო. ორ–ორი გუშაგი ხომ გამუდმებით იცავდა გარედან, შიგ, საკანთან, კიდევ ორი მცველი ედგა დარაჯად.

– ამ კოშკში რამდენიმე საუკუნის წინ მეფე ჩიგიდ XII–ის უმცროსი ქალიშვილი მჯდარა. მამის ურჩ პრინცესას ვიღაც მონადირე შეჰყვარებია, უკვე მეზობელი ხელმწიფის დანიშნული კი ყოფილა. სწორედ იმ დღეს, როცა მამას იგი დიდი ზარზეიმით უნდა გაესტუმრებია სადედოფლოდ უცხო ქვეყანაში, პრინცესა სასახლიდან გაპარულა და მხოლოდ მთელი თვის ძებნის შემდეგ მიუკვლევიათ სადღაც თავის სატრფოსთან ერთად. ქორწილი, რა თქმა უნდა, ჩაშლილა. განრისხებულ მეფეს ჯერ შეყვარებულების კოცონზე დაწვა უნდოდა თურმე, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუმეტებია საკუთარი სისხლი და ხორცი. ერთ თვეში აუშენებიათ ორი კოშკი ერთმანეთის პირდაპირ, ერთი გალავნის თავში, მეორე – ბოლოში, ისე კი, რომ პრინცესასა და მონადირეს შეეძლოთ ერთიმეორისათვის ეცქირათ სარკმლიდან, მათ კი ვერავინ დაინახავდა. ამბობდნენ, ერთი მტრედი შეეჩვიათ და იმას მიჰქონდ–მოჰქონდა სატრფოებს შორის ბარათებიო. მერე მეფის ბრძანებით მტრედი მოუკლავთ. პრინცესას რომ ბარათი აღარ მისვლია, უფიქრია, ალბათ, აღარ ვუყვარვარ ჩემს სატრფოსო და თავი მოუწამლავს. ჭაბუკსაც აღარ უცოცხლია დიდხანს. მას შემდეგ პრინცესის კოშკი საგანგებო ტყვეთა საპყრობილედ აქციეს, მონადირის კოშკში ერთხანს სენ–სენ–ვეის ტელესკოპი იდგა და თავად ვარსკვლავთმრიცხველიც შიგ ცხოვრობდა, მას შემდეგ კი, რაც ჩინელი ოქროს გალიაში ჩასვეს, ბოქლომი ადევს.

– მოიცათ, მოიცათ! – წამოიძახა ინმა, მენაცვალემ მითხრა, ერთხელ ჩინელთან გამაგზავნა პრინცესამ და ობსერვატორიის სარკმლიდან თვალი მოვკარი ბაზილს, ხელიც კი დამიქნიაო. სწორედ მზე პირდაპირ სცემდა მის სარკმელსო. მეც დავუქნიე ხელი, მინდოდა, კიდევ რამე მენიშნებინა, გამემხნევებინა, მაგრამ ჩინელმა ჯოხი ჩამცხო თავში და გამაგდოო.

– მზე, მზე! – ჩაილაპარაკა ვინმა და რაღაც აღტაცებული წამოდგა, ბოლთის ცემას მოჰყვა.

– მზე, ჰმ… ალბათ, ეს ერთადერთი საშუალებაა.

– რა იყო, ვინ? – შეეკითხა პაპა პიეტრო.

– მგონი რაღაც მოვიფიქრე. ახლა ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. ყური დამიგდეთ. რა თვალები დაჭყიტეთ, არ გავგიჟებულვარ! თქვენ არ გაგიგონიათ, რომ სინათლის საშუალებით შეიძლება დიდ მანძილზე გადასცე რამე და პასუხიც მიიღო?

– მე გამიგონია, რომ ძველ ეგვიპტეში გადასცემდნენ მესაზღვრეები მტრის მოახლოებას ან თავდასხმის ამბავს საგანგებოდ დაფერილი ვერცხლის სარკეებიდან არეკლილი მზის სხივის საშუალებით, მაგრამ ვისაც გადასცემ, იმანაც ხომ უნდა იცოდეს შენი ნიშნების ენა?

– ციხეში პატიმრები ერთმანეთს კაკუნით ატყობინებენ ახალ ამბებს, – თქვა ვინმა, – ჩვენც უნდა ვცადოთ. არ შეიძლება, ისეთმა კაცმა, როგორიც ჩვენი ბაზილია, არ იცოდეს კაკუნის ენა.

– მერე, რაზე დააკაკუნებ და როგორ გააგონებ? – იკითხა ამნაირ საქმეებში მიამიტმა ტინიტომ.

– ეჰ, მაესტრო კარლო, მაესტრო კარლო, მაგას შენგან არ მოველოდი! მზის შუქს მივუკაკუნებ, – თქვა ვინმა და ისე გაშალა ხელები, თითქოს რაღაც თავისთავად ცხად, საყველპურო რამეს ამბობდა.

ტინიტო გაიტრუნა ალბათ მართლა სულელი ვარ, ე მანდ ეჭვი არ ავაღებინო ჩემს წარსულზეო. მაგრამ პაპა პიეტროც რომ დაბნეული ჩანდა?!

– ჩემო კარგო, არ შიძლება, რომ უფროო გასაგებად თქვა? – მიუბრუნდა მოხუცი ვინს.

– ახლავე უნდ და როგორმე სარკის ათინათი შევაგზავნოთ ბაზილთან. ესეც ძნელი გასაგებია? პატარაობისას არ ერთობოდით სარკით მზეზე?

– როგორ არა, მე ხშირად ვთამაშობ, – იყვირა ინმა, – ხანდახან ჩემ ამხანაგს ასე ვიძახებ ხოლმე გარეთ, როცა არ მინდა დედამისმა გაიგონოს ჩემი ხმა.

– აი, სწორედ ასე გამოვიძახებთ ბაზილს, – თქვა ვინმა.

– მერე, როგორ უნდა მიუდგე? – მაინც ეჭვობდა პაპა პიეტრო, – ერთადერთი ადგილი, საიდანაც ბაზილის სარკმელი ჩანს, მონადირის კოშკია.

– ჰოდა, სწორედ მონადირის კოშკიდან უნდა შევუჭვრიტინოთ.

– როგორ?! – ერთხმად იკითხა ყველამ.

– ეგ მე და ტოპს მოგვანდეთ.

მეორე დღეს ქალაქის მოედანზე ვეებერთელა აფიშები გამოაკრეს: „პირველად მსოფლიოში ჯერ არ ნახული ატრაქციონი, სახელგანთქმული ტოპი თოკზე“.

დილაადრიან სამეფოს დიდგვაროვნებსა და მეფის მოხელეებს, მათთან ერთად კარის ფარეშ–მსახურებს და, რა თქმა უნდა, მეფე ჩიგიდსაც თავისი მამიდაშვილ–ბიძაშვილებითა და იმათი ნაშიერებით, სასახლის მოედანზე მოეყარათ თავი. გალავანს გადაღმა კი ზღვა ხალხის ჟრიამული ისმოდა.

– ძაღლის თოკზე გავლა გაუგონარი ამბავია, – ამბობდა ერთი.

– მერე რა თოკზე! მონადირის კოშკიდან მთავარ კარიბჭემდე, სულ
ცოტა, ორასი ნაბიჯი მაინც იქნება, – კვერს უკრავდა მეორე.

– არა, მაგ ვინისაგან არ გაგიკვირდეთ. ერთი გაჩვენათ, როგორა ჰყავს გაწვრთნილი ძაღლი, – ჩაურთო მესამემ.

– ო, ტოპი, ძაღლების გენიოსია!

– ვინი ირწმუნება, წერა–კითხვა იცის, მაგრამ არ ამხელს, სამეფო კანცელარიაში წამიყვანენო.

მალე ვინი და ტოპიც გამოჩნდნენ. თავშეყრილნი ტაშით შეეგებნენ მსახიობებს. ტოპი მაშინვე უკანა ფეხებზე შედგა, თავი დაუკრა საზოგადოებას და მხიარულად დაიყეფა.

– ბატონებო, – დაიძახა ვინმა, – ტოპი მოხარულია თქვენი გაცნობით და იმედი აქვს, რომ გასიამოვნებთ!

მისალმება და ტაში რომ დამთავრდა, კოშკის კარი გააღეს. ვინმა არავის თანხლება არ ინება, მხოლოდ ხელს შეგვიშლიან, ტოპი ზედმეტ ხალხს ვერ იტანსო. მხარე კაუჭიანი გრძელი თოკი გადაიკიდა და კიბის საფეხურებს შეუყვა. ტოპი დინჯად მოჰყვებოდა უკან. ხუთიოდე წუთის შემდეგ ვინი სენაკში იყო. კაშკაშა მზემ ერთი წუთით თვალი მოსჭრა სიბნელიდან გამოსულს. მზის შუქით იყო სავსე საბრალო მონადირის საკანი. ვინი თავის გულში ლოცავდა ვარსკვლავთმრიცხველს, ოთხივ მხრივ რომ გააჭრევინა სარკმლები; აღმოსავლეთის სარკმლიდან შემოსული მზის შუქი დასავლეთის კედელს ებჯინებოდა. ძველ სარკმელთან მივიდა, პირისპირ ცეცხლმოდებულივით ელვარებდა ბასილის ფანჯარა. ვინმა მთავარი კარიბჭისაკენ მიმართული სარაკმლის ფანჯარა გამოაღო და კაუჭიანი თოკი ძირს ჩაუშვა. იქ კაუჭზე დაგორგლილი გრძელი თოკის ერთი ბაოლო გამოაბეს. ვინმა დინჯად ამოსწია თოკი, შერკინულ ჩარჩოს გამოაბა და გულდაგულ ჩანასკვა. ძირს საგანგებოდ შერჩეულმა ორმა გვარდიელმა კარიბჭისაკენ გაარბენინა თოკის მეორე ბოლო, რომ იქ გამოებათ.

ტოპი ფანჯრის რაფაზე შეხტა, მერე მეჩხერ გისოსში გაძვრა და რაფის გარეთა ვიწრო კიდეზე უკანა ფეხებზე შემდგარამა სასაცილო ცეკვა გააჩაღა.

– ყოჩაღ, ტოპ!

– მიდი, ტოპ!

– ბის!

ძაღლიც ცდილობდა, რაც შეეძლო. ამასობაში ვინმა ჩანთიდან ორი სარკე ამოიღო. ერთი ისე დააყენა დასავ ლეთის სარკმელზე, რომ მზის სხივი მისკენ აერეკლა, მეორე კი ხელში დაიკავა, დაჭერილი სხივი ნელ–ნელა შემოატრიალა და ბაზილის სარკმელს სტყორცნა. სარკმელს მყისვე მოადგა ვიღაც თმაწვერმოშვებული კაცი. ეტყობოდა მან ადრევე შეამჩნია, მონადირის კოშკში რომ გიღაც ამოვიდა და ახლა თავად უთვალთვალებდა. ვინმა ათინათი ბაზილის სარკმელს კარგად დაუმიზნა, მერე ქუდი მოიხადა და სწრაფად დააფარა სარკეს. სამჯერ სწრაფად მოაცილა და დააფარა, მოაცილა და დააფარა. ეს სამ სწრაფ დაკაკუნებას უდრიდა და ციხის ენაზე ნიშნავდა: „ყურადღება!“ რამდენჯერმე იგივე გაიმეორა და დაელოდა. გული ბაგაბუგით უცემდა. ახლა წყდებოდა ყველაფერი. მოლოდინის ცივი ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. ერთგული ტოპი თავგადადებულად ოინბაზობდა უფსკრულის პირას. ქვევით დიდებულების ბრბო ხარხარით ერთმანეთს აწყდებოდა. იცინოდნენ გალავნის გადაღმაც. ორიოდე წუთი ვინს საუკუნედ ეჩვენა.

უცებ ელვასავით შემოიჭრა მზის შუქი – სამი წყვეტილი და ერთი
ხანგრძლივი, რაც ნიშნავდა: „გისმენ!“.

მოხერხებულ მესაათეს სარკმლის გისოსში ხელი გამოეყო და შემინულ ფანჯრის ჩარჩოს ამოძრავებდა: მიხურავდა და გახსნიდა. მიხურავდა და გახსნიდა. არეკლილი სხივი ლაპლაპით სცემდა თვალებში ვინს.

„როგორ ავუშვათ შენი დაბორკილი საათი?“ – შეეკითხა ვინი და ყურადღებად გადაიქცა.

„დიდი ისარი ექვსზე, პატარა თორმეტზე“, – იყო პასუხი.

ვინმა სწრაფად დაწერა ეს სიტყვები ქაღალდის ნაგლეჯზე, წვრილად დაახვია და ტოპს უხმო. ის იყო წერილი საყელოზე საგანგებოდ მიმაგრებულ მასრაში ჩადო, რომ საკანში პოლიციის უფროსი შემოვარდა. ბაზილის მცველებს შეემჩნიათ სინათლის თამაში და მაშინვე მისთვის შეეტყობინებინათ. გამოცდილი პოლიციელი მიხვდა, მთელი ეს ატრაქციონი იმისათვის იმართება, რომ ბაზილს რაღაც ანიშნონო, და გამწარებული გამოქანდა კოშკისაკენ.

– ტოპ, თოკზე! – იყვირა ვინმა და წუთში ძაღლი თოკზე ახტა.

– ბატონო უფროსო, გთხოვთ, ნუ შეგვიშლით ხელს!

– მე შენ გაჩვენებ ხელის შეშლას! – იღრიალა უფროსმა, – ახლავე მითხარი, რა ანიშნე პატიმარს?!

პოლიციის უფროსმა სარეგვივით მკლავი კეფაში ჩასცხო თავის შესაცოდებლად მოკაკულ ვინს.

– ვიტყვი, ვიტყვი! ყველაფერს ვიტყვი, ოღონდ არ მომკლათ, – იყვირა ვინმა.

ამასობაში ტოპი უკვე შუა გზას გამცდარი იყო. ფრთხილად მიცოცავდა ოთხივე ფეხით თოკზე ჩამოკიდებული. მაყურებლები გასუსული უყურებდნენ ძაღლს.

– ძაღლი! – გაუელვა უცბად თავში პოლიციის უფროსს, ვინს თავიგაანება და თოკს მივარდა. ჯერ უნდოდა ნასკვი გაეხსნა, მაგრამ ვერ შეძლო, არც დანა ჰქონდა; გისოსში თავი გაყო და დაიყვირა:

– დაიჭირეთ ძაღლი! ესროლეთ, არ გაუშვათ, ღალატია!

ქვემოთ სიცილი დაიწყეს. გამწარებულმა პოლიციის უფროსმა დამბაჩა იძრო და ესროლა, მაგრამ დააცილა. წუთიც და ქვეყნის მოღალატედ გამოცხადებული ტოპი ღრენით მიიკვლევდა გზას თაყვანისმცემლებში. აღტაცებული ხალხი ცდილობდა ხელში აეტაცა ძაღლი, მოფერებოდა, გამასპინძლებოდა, მაგრამ გაავებული ტოპი დაუნდობლად იკბინებოდა, წინ მიიწევდა. როცა აქელებული პოლიციელები გამოჩნდნენ და ძაღლს დაუწყეს
ძებნა, მაშინ ყველა მიხვდა, რომ აქ რაღაც საქმეში იყო გარეული ტოპი და კედელივით აღიმართნენ მეძებრების წინაშე.

ტოპმა წერილი ზუსტად დათქმულ ადგილას მიუტანა ტინიტოს, თვითონ კი თავის პატრონის კვალის ძებნას შეუდგა, იპოვა კიდეც და ბოლოს ამ გზაკვალმა ოქროს გალიამდე მიიყვანა. გაავებული ძაღლი ციხის საყარაულოში შევარდა და კომენდანტს ფეხში სწვდა, მერე მორიგეს ეცა და ვიდრე გონს მოვიდოდნენ, საპატიმროს დერეფანში შევარდა.

პოლიციის უფროსს ამცნეს ეს ამბავი. უფროსმა ბრძანა, არ მოკლათ, თავის პატრონთან შეაგდეთო.

ტოპი უკვე მისდგომოდა თავის პატრონის საკანს და მოუთმენლად წკმუოდა. საკნის კარი გააღეს და სიხარულისაგან გადარეული ძაღლი პატრონს მივარდა.

ასე მოხვდნენ ვინი და ტოპი ოქროს გალიაში; ეს ამბავი უძღოდა წინ ჩვენი ტინიტოს საგმირო საქმეს. ასე დასრულდა სიკეთის ხსნის გზა.

გვიანობამდე გუგუნებდა ხალხის ზღვა ქალაქის ქუჩებში და მოედნებზე. ერთმანეთს ულოცავდნენ, ახალგაზრდობას ცეკვა–თამაში გაეჩაღებინა, მოხუცები ტიროდნენ ბედნიერებისაგან. დღევანდელი დღის გმირები ფიცარნაგზე აეყვანათ. სასახლიდან მეფის ტახტი გამოეთრიათ და ზედ ოსტატი ბაზილი დაესვათ, ბაზილის გვერდით ასევე სასახლიდან გამოტანილ მდიდრულ სავარძელში პროფესორი კომპოტინი, სილვიო, ვინი, მენაცვალე, ჭაბუკა, პაპა პიეტრო ჩაესვათ. იქვე იყვნენ ინი, ლასი, მანი.

– აფსუს, რომ ყვავილები გააწყვეს იმ ცოდვიანებმა! – დანანებით თქვა ვიღაცამ, – ჩვენს გმირებს დაშვენდებოდათ.

ამის თქმა იყო და კატის ნახტომიდან მოედნისაკენ მომავალ გზაზ რაღაც უცნაური პროცესია გამოჩნდა. მომავალთ ორივე ხელი შეემართათ, თითქოს რაღაცას მზეს უფიცხებენო. მოახლოვდნენ თუ არა, ხალხში გაისმა:

– ყვავილები, ყვავილები!

კატისნახტომელ ქალებს სადღაც სხვენებზე და ფარდულებში სასოებით გადარჩენილი ყვავილები ბავშვებივით აეტაცათ და მოჰქონდათ, რომ სიხარულის ზეიმი უფრო გაელამაზებინათ.

– ყვავილებს გაუმარჯოს! – იქუხა მოედანმა.

– გმირებს გაუმარჯოს!

ყვავილის ქოთნები ფიცარნაგზე დაალაგეს, ლაღად ყვაოდნენ მიხ–
აკები, ტიტები, იები, შროშანები, საოცარ სურნელებას აფრქვევდნენ ვარ–
დები, პიონები, გიაცინტები.

მზე უკვე ჩასული იყო, რომ საიდანღაც პრინცესა გამოჩნდა. პირდაპირ ფიცარნაგს მიადგა და სილვიოს თვალი თვალში გაუყარა.

– ხომ დამთავრდა ყველაფერი, არა? – ჰკითხა ყოფილ მეზღვაურს, – ხომ დაამხეთ ბოროტების ტახტი?

– დავამხეთ, – მშვიდად მიუგო სილვიომ, – რამე გულს ხომ არ გაკლია?

– დიახაც რომ მაკლია!

– მაინც რასა გვთხოვ?

– განა არ იცით ყველა ზღაპრის ბოლო?! გამარჯვებული ჭაბუკი მეფის ასულს ირთავს და ცხოვრობენ ტკბილად.

– რაო, რაო?! – გაისმა ხალხში, – ტკბილი ცხოვრება მოგენატრა? ჯერ რა ნახე?

– მომენატრა თუ არ მომენატრა, ცოლად უნდა შემირთოს გამარჯვებულმა გმირმა, წესი ასეა.

– ხა–ხა–ხა! – ახარხარდა მოედანი.

– შეირთე, ვინ. კარგი ჯიშისაა!

– კარგი მოუვა, კარგი ეგ იყოს! – უარზე იდგა ვინი.

– მე ცხრამთასიქითელმა უნდა შემირთოს, ეგ იყო ყველაფრის თავი და ბოლო, – განაცხადა პრინცესამ.

– რას იტყვი, ჭაბუკ? ღიმილით მიუბრუნდა ბიჭს სილვიო.

ჭაბუკა წამოდგა, ინთან მივიდა, ხელი მოჰკიდა და წინ წამოაყენა.

– აი, ჩემი პრინცესა. დრო გავა, გავიზრდები და აუცილებლად ვთხოვ ინის ხელს სენიორ სილვიოს. სხვა ცოლი მე არ მინდა.

– მე თანახმა ვარ, – თქვა სილვიომ.

– მე დავიცდი, დასძინა საჩქაროდ ინმა.

– მე მალე გავიზრდები, – დააიმედა საბედო ბიჭმა.

– ვაშა, ჭაბუკას!

– ვაშა, ინს!

– ვაშა, სილვიოს!

გაისმა შეძახილები.

პრინცესამ ტირილი დაიწყო:

– მაშ მე გაუთხოვარი უნდა დავრჩე?!

სილვიო წამოდგა და ხელი ასწია, ყველა გაჩუმდა.

– ხალხო, სენიორ პროფესორი ბრძანებს, ამიერიდან ჩვენს ქვეყანაში ცრემლი აღარ უნდა იღვრებოდესო. ნურც ამას ვატირებთ, რა ვუყოთ, რომ პრინცესაა! იქნებ დიასახლისადაც გამოდგეს, აბა, ვის გინდათ ცოლად პტინცესა?

არავინ ჩანდა მსურველი.

– ძველი დინასტიის ჩამომავალია, სუფთა სისხლის ჩიგიდიანი, – აქებდა საპატარძლოს სილვიო, – ვის გინდათ?!

– მე მომეცით! – გაისმა უცბად სუსტი ხმა, – თუ შეიძლება და თუ არ გენანებათ, მე მომეცით!

ეს გახლდათ ჩვენი ტინიტო. მაშ! ასეთი ამბავი მოხდა.

– სიამოვნებით, მაესტრო კარლო, – თქვა სილვიომ, – მაგრამ მერე არ ინანო.

– არ ინანებს, არა! – იყვირა პრინცესამ. – მე მოვუვლი, ცივ ნიავს არ მივაკარებ

ეჰ, რა ძალიან ჰგავდა ეს მაესტრო კარლო იმ საოცარ მოციგურავეს, ბეჭედი რომ აჩუქა! ასე იყო თუ ისე, ქმარი ხომ იშოვა იმ გაფხორილი გრაფინიების ჯინაზე!

აქვე უნდა გითხრათ, რომ პრინცესა არ აღმოჩნდა ურიგო მეუღლე. ტინიტო მალე დააყენა ფეხზე, მერე ერთი ბუთხუზა ბიჭიც გაუჩნდათ და ცხოვრობდნენ თავისთვის. ტინიტო ქალაქის ცირკში მსახურობდა, პრინცესა დიასახლისობდა.

იმ ღამეს დიდი ნადიმი გაიმართა სასახლის დარბაზებსა და ეზოში. საპატიო, ყოფილ სამეფო სუფრას ჩვენი გმირები უსხდნენ. განთიადამდე გრძელდებოდა ლხინი, სიმღერა, ცეკვა–თამაში, ფოიერვერკი, ვინის სიმღერები, ტოპის ოინები.

ალიონზე ინის გვერდით მჯდარ ჭაბუკას ძილმა თვალი მოსტაცა. წამოდგა და აივანზე გავიდა, გრილ ნიავზე გამოვფხიზლდებიო. იქვე დაწნული სავარძელი იდგა. რაღაც უხილავმა ძალამ ბიჭი შიგ თითქოს ძალად ჩასვა. მოეჩვენა, რომ სადღაც ღრმად იძირებოდა და წამსვე გონებაც დაებინდა…

აქ სრულდება ჩვენი ჭაბუკას საოცარი თავგადასავალი, რადგან, როცა გამოიღვიძა, ისევ იმ თეთრ ქვასთან იდგა ტირიფების ჭალაში. შინაც ისე შეეგებნენ, თითქოს ეს არის ახლა დაეთხოვა დედას ერთი საათით, ითამაშა და, როგორც წესიერ ბიჭს შეჰფერის, დროზე დაბრუნდაო. ახლაც არაფერი უთქვამს არავისთვის, რადგან წარმოუდგენელი იყო, რომ ვინმეს რამე დაეჯერებინა. ისევ მატოს მოუყვა ზოგი რამ ზღაპრად, ძილის წინ, მაგრამ გოგონას ამჯერად ადრე დაეძინა.

ასეთი მოულოდნელად ჩვეულებრივი ბოლო ჰქონდა ამ მოგზაურობასაც. ამის შემდეგ ერთი–ორჯერ ისევ სცადა ჭაბუკამ ტინიტოს შემცვლელის გამოძახება, მაგრამ ამაოდ. აღარავინ გამოეცხადა. ძილში კი სულ იქ იყო, თავის ერთგულ მეგობრებთან. ხანი გავიდა. ჭაბუკა უკვე 15 წლისა გახდა. ახლა თავი სრულწლოვან ვაჟკაცად მიაჩნდა. მატო სკოლაში დადიოდა, მაგრამ ჭაბუკასთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, ჯერ ისევ ისეთი მატრაკვეცა და მაბეზღარააო. იმ გაზაფხულზე ჭაბუკას სადაბო სკოლა უნდა დაემთავრებინა და ახლა მთელი ოჯახის საზრუნავი ის იყო, როგორ დაებინავებინათ იგი ქალაქში.

ზაფხულის ერთ საღამოს, როცა მთელი ოჯახი სუფრას ვახშმად უსხდა, ეზოს კარებთან ეტლი გაჩერდა. ყველანი ფანჯრებს ეცნენ. ვიღაც ჭაღარაშერეული, გრძელმოსასხამიანი კაცი მძიმედ გადმოვიდა ეტლიდან და ჭიშკარს მოადგა. ბებერი დუგო, სახლის უკან თვლემა რომ არ აცალეს, გაავებული ყეფით გაექანა უცნობისაკენ, მაგრამ ღობემდე არც იყო მისული, რომ შეჩერდა და სულმოსწრაფებულად დაიწყო წკმუტუნი. წუთიც და მთელი ოჯახი გარს ეხვეოდა სტუმარს, გულში იკრავდნენ, კოცნიდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ.

თქვენ ალბათ მიხვდით, ვინც იქნებოდა ის უცხო კაცი. დიახ, ეს გახლდათ მეკობრეთა ტყვეობიდან დაბრუნებული ჭაბუკას მამა.

ბევრ რამეს უამბობდა მამა იმ ზამთარს საღამოობით ბუხრის პირას ჭაბუკას: საოცარი ქვეყნებისას, კიდევ უფრო საოცარი ხალხისას. უცნაური იყო მისი გადარჩენის ამბავიც. რამდენჯერმე გამოქცეულა, ბოლოს შეუპყრიათ და სიკვდილით უნდა დაესაჯათ თურმე. მერე ერთ პატარა გოგონას მეგობრების გამოგზავნილი ქლიბი შემოუგდია მისთვის საკანში.

როგორ მოუნდებოდა ხოლმე ბიჭს ყველაფერი ეამბა თავისი მამისათვის, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც იმ პატარა გოგონას ამბავი გაიგო, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა, ბოლოს, გულზე დაწოლილი ტვირთი რომ მოეხსნა, თავის თავის წინაშე ფიცი დადო, სრულწლოვანობამდე, ე. ი. 21 წლამდე არავის არაფერს ვეტყვიო, და მას შემდეგ მართლაც მშვიდად გრძნობდა თავს. ეს კი იყო, რომ ერთხელ მამას უთხრა:

– მე ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი. არ შეიძლებოდა, არ დაბრუნებულიყავ!

– რატომ?! – გაოცდა მამა.

– იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. ნამდვილ მეზღვაურს რომ შეშვენის, ისე ვიქცეოდი, მამა!…

მამამ გაიღიმა. ცოტა არ იყოს კი გაუკვირდა საერთოდ მოკრძალებული შვილისაგან ასეთი თავის ქება.

– რა თქმა უნდა, შვილო! დედაშენმა ყველაფერი მიამბო, როგორ ეხმარებოდი, როგორ უჯერებდი.

– არა, ამიტომ არა… – წამოიწყო ჭაბუკამ, მაგრამ ფიცი გაახსენდა და ამჯერადაც აღარაფერი თქვა იმ მთავარ თავგადასავალზე.

გულის სიღრმეში ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ უკვალოდ არაფერს უვლიდა, რომ მთელ ამ უსაზღვრო ქვეყანაზე ერთი საერთო, განუყოფელი სიკეთით ედგათ სული ადამიანებს.